„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა

„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი წილები დაიბრუნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენის სარჩელზე სასარჩელო განხილვა დაასრულა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით ხილვაშის 7 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დაკმაყოფილდა და მათ შორის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა „რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მაშ ასე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას“ დაუბრუნდება. თუმცა, მას შემდგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ ნორმა გააუქმა, ქიბარ ხალვაში წილების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში ვერ განახორციელებს მანამ, ვიდრე საქმე ყველა ინსტანციას არ მოივლის.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ხალვაშის სარჩელი, ასევე არ დააკმაყოფილა ის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვით ხალვაში ზიანის, კერძოდ, 18 მილიონამდე დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა. თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით. ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაბათილდა ის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმებული იყო.

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაში ადვოკატი პაატა სალიას განცხადებით, იმისთვის რომ ქიბარ ხალვაში რეესტრში კვლავ წილების მფლობელად გატარდეს, საჭიროა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.

„ყველა მოთხოვნა მნიშნელოვანი იყო ჩვენთვის. შვიდი მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ორი. ეს ორი მოთხოვნაა გარიგებების ბათილობა და ხელშეკრულებების ბათილობა შპს „გეოტრანსთან“ და შპს „საქცემენტთან“. ამის შედეგად მეორე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რომლის მიხედვითაც დღევანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება გაუქმდა და საჯარო რეესტრში 60% მესაკუთრე აღირიცხება ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის მესაკუთრედ მისი კომპანია შპს „პანორამა“. ეს მოხდება მაშინ, როცა სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

მოგეხსენებათ სამი ინსტანციაა საქართველოში. მოწინააღმდეგე მხარე დარწმუნებული ვარ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, შემდგომ არის ზემდგომი, უზენაესი სასამართლო, როდესაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვა, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ქიბარ ხალვაშის და შპს „პანორამას“ სახელზე აღირიცხოს წილები საჯარო რეესტრში“, - აცხადებს პაატა სალია.

იქედან გამომდინარე, რომ მოსამართლემ მოსარჩელე მხარის 7 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა, არ არის გამორიცხული მოარჩელე მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა. მას შემდეგ, რაც გავეცნობით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გადავწყვეტთ, ჩვენც ხომ არ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, იმ ნაწილში, რომელიც არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება პროცედურებს სააპელაციო სასამართლოში, ის გაცილებით შემოკლებულია“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ „რუსთავი 2“-ის ადვოკატები. ადვოკატ თამთა მურადაშვილის თქმით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ არ დაკმაყოფილდებოდა მოსამართლის მხრიდან საავტორო უფლებებთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები. ეს ატარებდა ფორმალურ ხასიათს იმისათვის, რათა თავიდანვე გამიზნული იყო, რომ ამ მოსამართლესთან მოხვედრილიყო ეს საქმე და შექმნილიყო იმის ილუზია, თითქოს მოსამართლემ სარჩელი ნაწილობრივ არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აწ უკვე ყოფილი მფლობელების, ძმები ყარამანიშვილების ადვოკატი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა. ადვოკატი მოსამართლესაც დაემუქრა და აღნიშნა, რომ თამაზ ურთმელიძე აუცილებლად აგებს პასუხს იმისთვის, რაც დღეს გააკეთა.

„მოხდა ის, რასაც ველოდით - დღეს საქართველოში გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა. გაფორმდა დიქტატურა, რომელსაც საფუძვლად უდევს უკანონობა, უსამართლობა. ეს არის ძალადობა ურთმელიძის ხელით და ის მოსამართლე არ არის. ის აუცილებლად აგებს პასუხს იმისთვის, რაც დღეს გააკეთა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გამოაშკარავდება ერთხელაც ის კომუნიკაცია, რაც მასა და ხელისუფლებას შორის იყო, ამ შედეგის დადგომისთვის.

დღევანდელი მესაკუთრეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ხალვაშთან, ამოიშალნენ რეესტრიდან, და ქიბარ ხალვაშის გაფორმება მოხდა როგორც მოსაკუთრისა. ცხადია, ჩვენ ამ სასამართლო გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. გამოვიყენებთ ყველა პროცედურულ ნორმას, რომ ეს დიქტატურა, ეს სიბნელე დავამარცხოთ და მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ყველას, რომ პირველ რიგში, შევპირდე ამ მოსამართლეს, რომელმაც უკანონობა ჩაიდინა, რომ ის პასუხს აგებს“, - აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.