სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია ადასტურებს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრები იცავენ. ჯანაშიას განცხადებით, ექს-პრეზიდენტის დაცვის წევრებმა „რუსთავი 2“-ის დაცვაზე ზრუნვა მას შედეგ დაიწყეს, რაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახში ფარული ჩანაწერი აღმოაჩინეს. რაც შეეხება ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონი საუბარის შინაარსს, for.ge-სთან საუბარისას ჯანაშია აცხადებს, რომ მისთვის არავის მიუმართავს.
for.ge თემურ ჯანაშიას ესაუბრა.
ბატონო თემურ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დღეს სააკაშვილის დაცვის წევრები იცავენ?
თემურ ჯანაშია: სპეციალური სამსახურის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი მართლაც მუშოაბს „რუსთავი 2“-ის დაცვაში. ისინი სამსახურიდან დაითხოვეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იცავდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. სინამდვილეში ისინი ასრულებდნენ თავის მოვალეობას და ამის გამო მთელი სამმართველო დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. ზოგმა სად იშოვა სამსახური და ზოგმა სად. მათ შორის რამდენიმე გადავიდა „რუსთავი 2“-ში.
კონკრეტულად რა დროიდან მუშაობენ „რუსთავი 2“-ში?
- მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვეს ტელევიზიიდან, იქ აღმოჩენილი სათვალთავლო კამერების გამო. ისინი არიან პროფესიონალი ადამიანები.
ანუ, სააკაშვილის დაცვის წევრების უმეტესობა გადავიდა „რუსთავი 2“-ში სამუშაოდ?
- ბევრი არაა, მაგრამ რამდენიმე გადავიდა.
დამატებით იგეგმება დაცვის გაძლიერება? რადგან ამ ჩანაწერში ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თქვენ დაგავალებენ დაცვის ორგანიზებას, მიხეილ სააკაშვილი კი ყოფილი სპეცრაზმელების საჭიროებაზე საუბრობს...
- „ვნახე ეს აუდიო ჩანაწერები. ერთმანეთში საუბრობენ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი. მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჩემთვის არავის მოუმართავს - არც ნიკა გვარამიას. ვიმყოფები პენსიაზე, სანამ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ვირგებ დამსახურებულ დასვენებას. ამიტომ, არანაირი კავშირი სხვა თანამშრომლების დაკომპლექტებასთან და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან არ მაქვს.
მაშინ რითი ხსნით გვარამიას განცხადებას, რომ დაცვის ორგანიზებას თქვენ დაგავალებენ?
- არ ვიცი, აქ საუბრობს ორი პიროვნება. რაზე საუბრობენ ისინი და საუბრობენ თუ არა იმ თემაზე, რომ ჯანაშიას რაღაცა უნდა გაეკეთებინა, არ ვიცი. შეიძლება ბევრი რაღაცა ვიფიქრო, მაგრამ არ გავაკეთო. ყოველ შემთხვევაში, მე სხვის ნალაპარაკევზე ვერ ვისაუბრებ, მითუმეტეს იმაზე, რისი დადასტურება თქვენ უნდა მოსთხოვოთ იმ ხალხს.
გასაგებია, მაგრამ მიიღეთ თუ არა ასეთი სახის დავალება სააკაშვილისგან?
- არა. ასეთი სახის დავალება მე პრეზიდენტ სააკაშვილისგან არ მიმიღია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ახლა არ ვმუშაობ, რადგან დამითხოვეს სამსახურიდან.
ის, რომ თქვენ არ მუშაობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ დაგირეკავდათ? სწორედ ამიტომ გეკითხებით, შეიძლება ჩვენ ვიხილოთ მორიგი ჩანაწერი, სადაც თქვენ გაძლევენ ამ დავალებას?
- არ ვმუშაობ, ეს ნიშნავს, რომ ვერანაირ დავალებას ვერავისგან ვერ მივიღებ. მე არ მყავს ზემდგომი, რომელმაც შეიძლება რამე დამავალოს.
რომ დაგავალოთ სააკაშვილმა, საინტერესოა რას გააკეთებდით ბატონო თემურ?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დავალებას გაძლევენ იმ შემთხვევაში, როცა სადმე მუშაობ.
თქვენ ემიჯნებით ამ საუბრების შინაარს სადაც პირდაპირ ძალადობაზეა საუბარი?
- უკაცრავად, თქვენ ხომ იცით ვის ესაუბრებით ახლა და ვინც ვარ?!
ვიცი, ვისაც ვესაუბრები და ამიტომაც მოგმართავთ ამ კითხვით?
- მე ვარ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალ-მაიორი, მე ვხელმძღვანელობდი ამ დაცვის სამსახურს. 18 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ სამსახურში, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ვიღაცა ყაჩაღი, რომელიც ძალადობას ემხრობა. ძალადობის წინააღმდეგი არის აბსოლუტურად ყველა ნორმალური ადამიანი. წლების განმავლობაში მე ვემსახურე ჩემს ქვეყანას და ახლა ვარ ბრალდებული პიჯაკების საქმეზე. თუ ამითაც დაინტერესდებით და სასამართლოზე მობრძანდებით, უფრო მეტს იხალისებთ.