აშშ-ში ერთ-ერთი უძვირესი სასახლე იყიდება

აშშ-ში ერთ-ერთი უძვირესი სასახლე იყიდება

აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ალპაინში ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძვირესი სასახლე – „სთოუნ მენშენი“ იყიდება, რომლის ფასიც 68 მილიონი დოლარია.

ეს ხუთსართულიანი სასახლე, რომელიც ამერიკის უძვირესი სახლების ათეულში შედის, ინგლისურ სტილშია აშენებული და მისი ფართობი 2 787 კვადრატული მეტრია.

სასახლეში არის კინოთეატრი, საკალათბურთო მოედანი, ავტოსადგომი 11 ავტომობილისთვის, 12 საძინებელი ოთახი, 19 სააბაზანო, ღვინის მარანი 3 ათასზე მეტი საკოლექციო ღვინის ბოთლით, სპორტდარბაზი და აუზი საშხაპე კაბინებით.

აღსანიშნავია, რომ ალპაინი დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარეობს ნიუ-იორკის მანჰეტენის უბნიდან და ის, ელიტური უძრავი ქონების მხრივ, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. კერძო სახლის საშუალო ფასი ალპაინში 4 მილიონ დოლარზე მეტია.

სასახლე „სთოუნ მენშენი“ ინვესტორმა რიჩარდ კურცმა საკუთარი სახსრებით ააგო, მაგრამ საბოლოოდ, მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ნაგებობა ძალიან დიდი აღმოჩნდა ორი ადამიანისთვის – თავად ინვესტორისა და მისი მეუღლისთვის. სასახლე და მის გარშემო 25 ჰექტარი მიწა კურცმა 2005 წელს ფოლადის მაგნატ ჰენრი ქლეი ფრიკისგან 58 მილიონად შეისყიდა.