მოდა ისევ მოდურია

მოდა ისევ მოდურია

ცნობილი მოდური საქონლის მწარმოებელი კონცერნები, რომლებიც ბოლო ხანებში პრობლემებს უჩიოდნენ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ისევ შემოსავლიანები გახდნენ.

ამასთან, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა როგორც „ლუქსის“ კატეგორიის პროდუქციის გაყიდვის მხრივ, ასევე „მას-მარკეტის“ მიმართულებითაც.

ექსპერტების აზრით, კომპანიებმა წარმატების მიღწევა მეტწილად საკუთარი რესურსების ოპტიმიზაციისა და აზიაში გაზრდილი სამომხმარებლო აქტიურობის წყალობით შეძლეს.

როგორც საკულტო სამოდელო სახლის „პრადას“ ფინანსურ ანგარიშშია განცხადებული, 2015 წლის პირველი სამი კვარტალი მისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდში კომპანიის საცალო ვაჭრობიდან შემოსავალი მესამედით გაიზარდა.

 ბრიტანული კომპანია „მარკს ენდ სპენსერის“ შემოსავალმა მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 360 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ კომპანიამ სხვადასხვა ქვეყანაში 34 მაღაზია გახსნა. განსაკუთრებულად აქტიური „მარკს ენდ სპენსერის“ სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპის, ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით გახდა.