„ეს იდიოტი უცხოელები რას შვრებიან?“, – უკრაინული გამოცემა uareview.in.ua-ს მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ დიდი განცხადების გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი. სააკაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დასავლეთს და აშშ პოზიცია არ დაუფიქსირებია.
for.ge–სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის არაკორექტული განცხადების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ კორპუსს ბოდიში უნდა მოუხადოს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
სატელეფონო საუბრიდან ჩანს, რომ სააკაშვილი უკმაყოფილოა უცხოელების რეაქციით. ტერმინი „იდიოტი უცხოელები“ – როგორ შეიძლება აღქმული იქნას ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან?
რამაზ საყვარელიძე: ნათქვამია, გამშველებელს ყველაზე მეტი ხვდებაო. ვინც ცდილობს შუაში გაიაროს, როგორც წესი, ორივე მხარე მისით უკმაყოფილოა. მოგეხსენებათ, ხელისუფლების დამოკიდებულება უცხოელების რეაქციის მიმართ და აღმოჩნდა, რომ სააკაშვილიც უკმაყოფიოა.
იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების მიმართ თავის პოლიტიკურ სტილს გადახედავენ უცხოელები და ეცდებიან, რომ უფრო გარკვეული პოზიცია დაიკავონ. რაც შეეხება იმას, თვითონ რას იზამენ, ვივარაუდოთ, რომ მათ უკვე ჩააყენეს საქმის კურსში თავიანთი ქვეყნის ხელმძღვანელობა და დაელოდებიან ინსტრუქციას.
შესაძლებელია ნაციონალების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს?
– წესით, დიპლომატები ინდივიდუალური გემოვნებით არ მოქმედებენ, მოქედებენ იმ სახელმწიფოს პოლიტიკით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ამ ფრაზის შემდეგ როგორი იქნება იმ სახელმწიფოების პოლიტიკა სააკაშვილის მიმართ, ძნელი სათქმელია, ისევე როგორც ძნელი სათქმელია რატომ იყო მათი პოლიტიკა აქამდე ისეთი, როგორიც იყო.
ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ „სახალხო პარტიის“ იმედად არის? ფაქტია, რომ უკმაყოფილოა დასავლეთის და აშშ–ის პასიურობით...
– რა თქმა უნდა, რადგან მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისგან ითხოვს მკვეთრ და მკვახე შეფასებებს, ისეთს, როგორიც თითქმის გარანიტირებული აქვს „სახალხო პარტიისგან“. ჩვენ ვხედავთ, რომ „სახალხო პარტიის“ პოლიტიკური რიტორიკა ძალიან განსხვავებულია დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების რიტორიკისგან და ამიტომაც ჩავარდა ამასწინათ მათი პროექტი საქართველოს თაობაზე.
ის, რომ დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ რომელიმე მხარის დამცველები არ აღმოჩნდნენ, ამას დიპლომატიური ეტიკეტიც ითხოვს. სააკაშვილი „სახალხო პარტიისგან“ და მსგავსი პოლიტიკური ფიგურებისგან შეეჩვია, რომ ისინი, ხშირ შემთხვევაში, არ არიან ამ ეტიკეტის დამცველები. აბიჯებენ ამ ეტიკეტს და ისე აკეთებენ დადებით შეფასებებს სააკაშვილის გუნდის მიმართ და კრიტიკულს - მმართველი ხელისუფლების მიმართ. ეს არც თუ ისე ზრდილობიანი ფრაზა ნათქვამია იმ დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც არ არღვევენ დიპლომატიურ ეტიკეტს.
დასავლეთის სიფრთხილე ნიშნავს, რომ აცნობიერებენ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და, რომ „რუსთავი 2“–ის გარშემო მიმდინარე პროცესები, ეს არის კერძო პირებს შორის ქონებრივი დავა, რომელსაც კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და მითუმეტეს თავისუფალი სიტყვის დევნასთან?
– რა თქმა უნდა, და მისასალმებელია დასავლეთის ეს სიფრთხილე, ისინი არ იმეორებენ „სახალხო პარტიის“ სტილს. რა თქმა უნდა, ეს სიფრთხილე არ აწყობს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხვირ–პირის დამტვრევა უნდა. ანალოგიური ცხვირ–პირის დამტვრევა უნდა საერთაშორისო არენაზეც, რადგან თუ მას არ მიიღებენ, მაშინ მისთვის „იდიოტები“ არიან.
ფაქტია, რომ საკმაოდ მძიმე ფრაზა იქნა ნათქვამი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, ამიტომ გამართლებული იქნება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოუხადოს ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ეს არის არაკორექტული განცხადება და თუ ამ არაკორექტულობას სიჩუმით აუარე გვერდი, სავარაუდოა, რომ ეს სიჩუმე თანხმობის ნიშნად იქნას აღქმული.
გარდა ამისა, ურიგო არ იქნება დიპლომატებმა შეაფასონ უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის ორგანიზება. ალბათ, კარგი იქნება, რომ უფრო მკვეთრი გახდეს მათი პოზიცია დესტაბილიზაციის მიმართ, რაც ასევე იქნება პასუხი სააკაშვილის მიერ მათი სახელმწიფო ლიდერების მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ შეფასებასთან დაკავშირებით.
ამ შემთხვევაში, ალბათ, ხელისუფლების მოვალეობაა დიპლომატებს გააცნონ დეტალური ინფორმაცია, რას გეგმავდა სააკაშვილი და „ნაციოანლური მოძრაობა“ ქვეყანაში?
– გვევალება კიდევაც, რომ გავაცნოთ ეს ინფორმაცია და ასევე, მათ მიმართ გამოთქმულ ფრაზაზე ოფიციალური პოზიცია გამოთქვას საქართველოს ხელისუფლებამ, რადგან ეს მათი შურაცხყოფაა და სასურველია დაფიქსირებული იქნას ოფიციალური პოზიცია მათ წინაშე, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ემიჯნება სააკაშვილის ამ ფრაზას და ასევე ყოველგვარ ძალადობას.
„რუსთავი 2“–ის ჟურნალიტები ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ საპასუხოდ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ჟურალისტების გადასაწყვეტი არ არის ხელს შეუშლიან თუ არა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ ქმედებას. ნიკა გვარამია კი ვერ ხვდება, როგორ უნდა აზიანებდეს სააკაშვილის გეგმა „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებს. ეს განცხადებები, ალბათ, ცალსახად ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია ნაციონალების ხელში?
– არა მგონია, რომ „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებმა ვერ დაინახონ ის, რომ ბატონი გვარამია იბრძვის როგორც პირველი პირი იმ ინტერესების დასაცავად, რაც ტელევიზიის პირველ პირობას შეესაბამება, ფინანსურ თუ სხვა უფლებების მხრივ. არც ერთ შემთხვევაში გვარამია და მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იბრძვიან ჟურნალისტების ინტერესების დასაცავად.
როდესაც ჟურნალისტებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება არ აქვთ, რა თავისუფალ სიტყვაზე შეიძლება იყოს საუბარი მათი მხრიდან?
– და მათ ექცევიან როგორც იარაღს - ერთი მხივ, როგორც დესტაბილიზაციის საბაბს, მეორე მხრივ იმ საზარბაზნე ხორცს, რომელიც შეშვერილი უნდა იყოს ყველა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკური დაპირისპირების საპასუხოდ. ჟურნალისტების გადასაწყვეტია იქნებიან თუ არა შინაური ცხოველების რანგში, რომელსაც როცა უნდათ მაშინ დაკლავენ. საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში გვახსოვს ჟურნალისტების მიერ გამართული საპროტესტო აქციები, როცა ჟურნალისტები სხვა პოლიტიკას უჭერდნენ მხარს და ხელმძღვანელობა სხვას. მაშინ ნამდვილად სიტყვის თავისუფლებაზე იყო ლაპარაკი, იმიტომ, რომ თავისუფალი სიტყვის ავტორი არის თავისუფალი ჟურნალისტი. რეადაქციის პოლიტიკის ქვეშ მოქცეული ჟურნალისტი უკვე პოლიტიზირებული ჟურნალისტია, მითუმეტეს, თუ ეს პოლიტიკა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. დანარჩენი უკვე „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტების გადასაწყვეტია არიან თუ არა თავისუფალი მედიის წარმომადგენლები. იმედს ვიტოვენ, რომ ჟურნალისტები გადაწყვეტენ, როგორც საკუთარ, ასევე „რუსთავი 2“–ის ბედს.