„რკინის ხელი სხვისთვის მოენატრათ, თორემ საკუთარ ოჯახში სტალინურ რეპრესიებს ვინ ინატრებდა?!“

„რკინის ხელი სხვისთვის მოენატრათ, თორემ საკუთარ ოჯახში სტალინურ რეპრესიებს ვინ ინატრებდა?!“

ზოგი კატეგორიულად ემიჯნება, ზოგიც უსიტყვოდ იზიარებს უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გოგი თოფაძის მოსაზრებას, რომ „სტალინი გენიალური პიროვნება იყო, მალე ყველა მიხვდება ამას და ყველა კაბინეტში სტალინის სურათს დაკიდებენ“.

მიუხედავად იმისა, რომ გოგი თოფაძე უკვე აპირებს, საკუთარ კაბინეტში სტალინის სურათი ჩამოკიდოს, მინისტრი სოზარ სუბარი თვლის, რომ თოფაძეს, უბრალოდ, სიტყვა გაექცა და უფრო მეტად დაკვირვებული განცხადებები უნდა გააკეთოს. სუბარის პროგნოზი კატეგორიულია, „მართლა რომ მოვიდეს სტალინი, პირველ რიგში, თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს, კაპიტალიზმის გადმონაშთს და გააციმბირებენ“.

მართალია, სტალინის ფენომენი ბოლო დღეებში საქილიკოდაც იქცა, მაგრამ საინტერესოა, 21-ე საუკუნეში რატომ უნდა გასჩენოდათ ადამიანებს რკინის ხელის ნოსტალგია? ეს ის ოჯახები ხომ არ არიან, რომელთა თავზეც უშუალოდ არ გადაიარა რეპრესიულმა მანქანამ და სტალინის ეპოქამ ნაიარევი უშუალოდ არ დაუტოვა?!

სხვათა შორის, ერთ-ერთმა პირველმა გიორგი მარგველაშვილმა შენიშნა, რომ, მართალია, სტალინი ტირანი იყო, მაგრამ დროის გასვლის პარალელურად, სულ რაღაც ერთ საუკუნეში, როდესაც სტალინის რეჟიმისგან დათრგუნული ოჯახები დაივიწყებდნენ ამ ტკივილს (მათ აღარ ეყოლებოდათ ბაბუები და ბებიები, რომლებმაც იწვნიეს რეჟიმის ტვირთი), სტალინი აღიქმებოდა, როგორც ერთ-ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი.

ერთი საუკუნის გასვლამდე ჯერ კიდევ შორია, დღეს კი ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტში გოგი თოფაძე ერთადერთი არ არის, ვინც სტალინის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს. მისი თანაპარტიელი, ზურაბ ტყემალაძე არ მალავს, რომ ის და გოგი თოფაძე თანამოაზრეები არიან და სტალინი ისტორიული პიროვნებაა, ისტორიული პიროვნება კი შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც. დეპუტატი თამაზ მეჭიაურიც სტალინში დიდ გენიას განჭვრეტს, ბელადის კითხვის ნიშნების შემცველ ქმედებებთან ერთად. მეჭიაურს ისიც აინტერესებს, რა ჯობდა, ტროცკის გაემარჯვა სტალინზე, თუ პირიქით?

მოკლედ, როგორც იტყვიან, საქართველოს საპარლამენტო დეპუტაცია შემჩნეულია სტალინის სიყვარულში, თუმცა მთავრობა ქართველ კანონმდებლებს სტალინის სიყვარულში სულაც არ ეცილება. კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გოგი თოფაძის განცხადებებს ისევე ემიჯნებიან, როგორც მის პოზიციას „რუსთავი 2“-ის არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით და ამას ევროპული ღირებულებებით ხსნიან, რომელიც პრინციპულად განსხვავდება სტალინური რეჟიმისგან.

სამაგიეროდ, სტალინის სიყვარულში დანაშაულს ვერ ხედავს ყოფილი პრემიერი, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მისთვის სტალინი პოზიტივი არასდროს ყოფილა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, არ შეიძლება, ადამიანები იხვრიტებოდნენ და იხოცებოდნენ იმისთვის, რომ რაღაც წყობას, რაღაც იდეოლოგიას საფუძველი ჩაეყაროს. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს არცერთი იდეოლოგია.

საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში სტალინის სიყვარული ბევრად უფრო ღრმაა და იქ სტალინის წმინდანად შერაცხვის შესახებ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდა. რიგითმა სამღვდელოებამ იოსებ ბესარიონის ძე არაოფიციალურად წმინდანადაც აღიარა. მღვდელმა ევსტატი ჟაკოვმა ეკლესიაში სტალინის ხატიც დადო, დაღუპული უდანაშაულო ადამიანები კი რუსეთისთვის ბედნიერებად მიიჩნია, სიტყვებით: „არცერთი მართლმადიდებლური სახელმწიფო არ არსებობს წამებულების გარეშე“...

იყო თუ არა სტალინი, გოგი თოფაძის სიტყვისამებრ, „სიმბოლო საქართველოსი“, ამის შესახებ For.ge ისტორიკოს ფარნაოზ ლომაშვილს, ერთ დროს ერთგულ სტალინელს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ისტორიკოსის პოზიცია მის ხელთ ჩავარდნილმა უნიკალურმა დოკუმენტებმა შეცვალა, რომლებიც სტალინის ტირანულ სახეს წარმოაჩენდა.

„სტალინი უდიდესი ისტორიული პიროვნება იყო, კარგი აზრებიც ჰქონდა, მაგრამ რაში დახარჯა იმ უბედურმა ტალანტი, რომ ილია ჭავჭავაძის მიმართულება და ეროვნული მოძრაობა სანაგვეში გადაეგდო? იყვირა, ერთად მოვაწყოთ მსოფლიო კომუნიზმიო, ამ დროს კი რუსეთს მსოფლიოს დაპყრობის გეგმა ჰქონდა. სტალინი ჩადგა მათ სამსახურში, მაგრამ ხალხმა წინააღმდეგობა რომ გაუწია, ძია ლენინის გზა გააგრძელა, რეპრესიები და ტერორი განახორციელა. ახლა ქართველ დეპუტატებს ენატრებათ სტალინი, პარალელურად, რუსეთში იწყება სტალინის რეაბილიტაცია, ამას სათავეში უდგას პუტინი, ევროპა და ამერიკა ხელს რომ არ უშლიდეს, დედას გვიტირებდა.

თუმცა, ერთი გენიალური ლოზუნგი ჰქონდა სტალინს - მრეწველობა სჯობს სოფლის მეურნეობასო. მას მიაჩნდა, სოფლის მეურნეობა იზრდება არითმეტიკული პროგრესიით, მრეწველობა კი იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. შესაძლოა, მრეწველობისადმი სიმპათიის გამოც მოსწონდეს გოგი თოფაძეს სტალინი. თუმცა სტალინს მრეწველობის განვითარების გეგმა არ ჰქონია, უბრალოდ, ლოზუნგი ჰქონდა კარგი. სტალინი ვლადივოსტოკში რომ იჯდა 1920-21 წლებში, ის იყო „ვაენნი სავეტის“ წევრი და მისი ძალებით ხდებოდა იარაღის გაცემა. სწორედ მის მიერ გაცემული იარაღი შემოვიდა საქართველოში და მონად გვაქცია. აბა, ნახეთ მაგის ტელეგრამები, ორჯონიკიძეს რომ სწერს „აიღე, ბიჭო, ქალაქი, დასტურია!“ საუბარია თბილისზე, 70 ზარბაზანი ჰქონდა მოშვერილი მახათადან და მეორე მთიდან და უნდა გაესროლათ ქალაქის მიმართულებით, წინააღმდეგობა რომ გაგვეწია. ღმერთმა გაანათლოს გენერალი გიორგი კვინიტაძე და სხვები, რომლებმაც უთხრეს ჟორდანიას, აქ არაფერი გამოვა, წავიდეთ აქედანო.

მოდიოდა ორჯერ და სამჯერ მეტი მშიერი ძალა. თებერვალში რომ შემოვიდნენ, იმავე ღამეს ითხოვდნენ საჭმელს. თებერვლის „პრავდაში“ გამოქვეყნდა სტალინის სტატია, ქართველებს უნდათ, მიითვისონ თურქეთის ტერიტორიები და თურქეთს უნდა მივეშველოთო“, - აცხადებს ფარნაოზ ლომაშვილი.

ამასთან, იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ 1929 წლის სექტემბერს პოლიტბიუროს ინსტრუქცია გამოვიდა - „რასტრელიაც ნა მესტე“. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოეთში შიმშილი იწყებოდა, სტალინს ამ დროს ინდუსტრიალიზაცია სურდა, გასატანი არაფერი ჰქონდა, ხორბლის გარდა. ხორბლის გაცემაზე ყველა ოლქმა უარი რომ უთხრა, გამოსცა ინსტრუქცია, ხალხი ადგილზევე დახვრიტეთო.

„დაიწყო დახვრეტები. ხალხმა დახვრეტის ხმა გაიგო, დედაჩემმა იყვირა, რა არისო და ამ დროს დედაჩემს გამოუდგა და კგბ-დან ვიღაცამ ტყვია ესროლა, მათივე სხვა წევრი რომ არ ყოფილიყო და არ შეეჩერებინა ის კაცი, ახლადაბადებულს დედა არ მეყოლებოდა. გაივლის რამდენიმე ხანი, სტალინი ციმბირის მმართველს სწერს, „აკაზივაეტსა, უ ვას დაჟე პრედსედატელი კალხოზა იმეიუტ პრავო რასტრელივატ ნა მესტე“. ე.ი. თუ არ ჩააბარებდნენ მოსავალს, იმ წუთშივე მიაჭედებდნენ შუბლში ტყვიას. აი, ვინ იყო ეს კარიერისტი კაცი. ახლა ამბობენ, სტალინი წარმომავლობით ქართველი არ იყოო. სინამდვილეში, ქართველი იყო, ბებიაჩემის ბიძაშვილის შვილი გახლდათ, წარმომავლობით მატანიდან. იქ ცხოვრობდნენ ჯუგაშვილები. არის კიდევ ჯუგაანთ სოფელი, სიღნაღში. ესენი „ღ“-ზე გიჟდებოდნენ, ჩვენ „ჯუღები“ ვართ, ქართველებიო. იქ, ჯუგაანში კი ეგონათ, რომ სტალინი იქიდან იყო, მაგრამ მერე ბერიამ ივანე ჯავახიშვილს დაავალა, ბელადის ისტორია უნდა დაწეროო. მანაც დაწერა „ბელადის გვარტომობის საკითხისათვის“. ირკვევა, რომ ჯუგაშვილების ორი შტო მოდის, ერთი - სოფელ მატანიდან, მეორე - ჯუგაანიდან. ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა, მატანი უნდა იყოს ჯუღაშვილების ადგილსამყოფელიო“, - განმარტა ისტორიკოსმა და დასძინა, რომ სოფელ მატანის ისტორია ზუსტად ემთხვეოდა მისი ბებიის ნაამბობს. კერძოდ, სტალინის ოჯახს, ჯუღაშვილებს ჰყავდათ ვიღაც სესია, რომელსაც ღორის ნახირი ებარა. ამ კაცს დაეძინა, ცეცხლი გაუჩნდა, მიწაში გადახურული ჩაინგრა, თვითონ ამოძვრა იქიდან, მაგრამ ღორები ვეღარ ამოვიდნენ და მთელი სოფლის ღორები დაიწვნენ. სოფელს რომ არ მოეკლა და არ დაესაჯა, სესია გადაიკარგა. ორი-სამი წლის შემდეგ მატნელებმა თბილისში იპოვეს სესია, გამოუდგნენ, ის კი კომბლით დაერია, არ ვარ სესიაო. სწორედ სესია იყო სტალინის მამის, ბესარიონის მშობელი და იოსებსაც, ფაქტობრივად, სესიას სახელი დაარქვეს.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში სტალინს დიდ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენიებს, რომელსაც საქართველოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებია.

„სუბიექტური ვარ, ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან ბაბუაჩემი დახვრიტა, მამიდაჩემის ქმარი დახვრიტა; მამიდაჩემი პატარა ბავშვთან ერთად გადაასახლეს, ბებიაჩემის ბიძაშვილი - ევგენი მიქელაძე დახვრიტეს და მისი ოჯახი, პატარა ბავშვებით გადაასახლეს შუა აზიაში. ასეთი ტრაგედია, ალბათ, ყველა ოჯახს შეეხო. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იყოს სტალინის ნოსტალგია საქართველოში. კი ბატონო, გორელებს თუ უნდათ, სტალინის მუზეუმთან ძეგლი დაუდგან, მაგრამ სხვაგან მისი ან ორჯონიკიძის ძეგლები რატომ უნდა იყოს?! ვინც სტალინს აფეტიშებს, შესაძლოა, ისტორია კარგად არ იცის. სტალინისტებში ხშირად გაიგონებთ, სტალინმა არც კი იცოდა, მისი ხელქვეითები რას აკეთებდნენო, მაგრამ ასეთი სისტემა თვითონ სტალინის მიერ იყო აწყობილი. ალბათ, რკინის ხელი სხვისთვის მოენატრათ, თორემ საკუთარ ოჯახში ასეთ რეპრესიებს ვინ ინატრებდა? არადა, ნებისმიერ ოჯახს შეიძლება შეეხოს, ამისგან დაზღვეული არავინაა“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა და განმარტა, რომ სახლში დავით აღმაშენებლის სურათი აქვს, რომელსაც სტალინს ვერანაირად ვერ შეადარებს, რადგან სტალინი სულით სატანას ემსახურებოდა.

ისტორიკოსი ამბობს, რომ სტალინის პერიოდში მთელი მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის დაწყებას გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ელოდა, მაგრამ სტალინმა მოახერხა, რომ გერმანია ევროპისკენ საბრძოლველად განაწყო და მხოლოდ ამის შემდეგ მოუტრიალდა გერმანია საბჭოთა კავშირს. გარდა ამისა, სტალინმა გაპარტახებული ქვეყანა ჩაიბარა და ბევრად უკეთესი ქვეყანა დატოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანების ძვლებზე გააკეთა.

მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სტალინიზმი და სტალინის მიმართ სიყვარული მენტალური პრობლემაა, რომელიც მაინცდამაინც ასაკთან არ არის დაკავშირებული. მისი თქმით, გოგი თოფაძის ასაკის ბევრ ადამიანს იცნობს, რომელსაც სამართლიანად სძულს ის რეჟიმი, რომელიც შექმნა სტალინმა, ლენინთან ერთად და მერე უკვე დამოუკიდებლად.

„სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ ცალკეული თუ რამდენიმე დეპუტატის განცხადება სტალინის შესახებ. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ამგვარი სენსიტივებით გამოირჩევიან საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურის წარმომადგენლები, რომელთაც მეტი წვდომა აქვთ მაღალ ტრიბუნასთან. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს მოეძალათ სიყვარული სტალინის მიმართ და ქადაგად არიან დაცემულნი სტალინთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის გარშემო უამრავი გამოწვევაა. მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობა, უკრაინის კრიზისი, საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება, რომელიც მოცემულ ეტაპზე ცხელი ომის სტადიაში არ გადასულა, ახლო აღმოსავლეთის პრობლემა. ამ საკითხებზე ფიქრის ნაცვლად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე ფიქრის ნაცვლად, ზოგიერთი პარლამენტარი დაკავებულია უაზრო თემებით, მათ შორის, სტალინის გახსენებით. თორემ ერთ დეპუტატს სტალინი მოსწონს თუ არა, ამაზე ვერ გადაერთობა ქვეყანა“,- აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.