სასამართლო ჯოყოლოს ყოფილ იმამს ასამართლებს

სასამართლო ჯოყოლოს ყოფილ იმამს ასამართლებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უპრეცედენტო სისხლის სამართლის განხილვა იწყება. საქმე ეხება ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირსა და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ აიუფ ბორჩაშვილს და კიდევ სამი პირს. შსს-ს კონტრტერორისტულმა ცენტრმა 14 ივნისს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად დაკავებული იქნა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი - 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი.

გამოძიების ინფორმაციით, ბორჩაშვილი სირია -ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად ხეობიდან ახალგაზრდების ექსპორტის ხელშეწყობას ახორციელებდა. გამოძების მტკიცებით, სწორედ, სოფელ ჯოყოლოს იმამ ბორჩაშვილის ხელძღვანელობით ხდებოდა სირიაში ახალგაზრდების საბრძოლველად გაგზავნა, მათ შორის იგი აპირებდა იმ 3 პიროვნების გაგზავნასაც, რომლებიც პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

ბორჩაშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წაყენებული, ეს არის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღებისთვის სხვა პირების გადმობირება. რაც შეეხება დაკავებულ 3 პირს, მათ ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები რაოდენობრივად ძალიან ბევრია, თუმცა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა საფუძველს მოკლებულია, რადგან ფაქტიური მტკიცებულება გამოძიებას არ აქვს.

„წარმოადგენილია 6-7 ათასი ფურცელი, აქიდან 95% მაკულატურაა, ასევე წარმოდგენილია 200-ზე მეტი CD და DVD-ის დისკის ჩანაწერები ზოგი ფარული, ზოგი ღია. არის ასევე სატელეფონო საუბრები, მაგრამ არავითარი პირდაპირი მტკიცებულება არ არის. ფაქტიურად არცერთი მტკიცებულება არაფერს ამტკიცებს.

ესენი ისლამის მიმდევრები იყვნენ, ლოცულობდნენ და სარგებლობდნენ გავლენით, ალბათ, ამას თვლიან მტკიცებულებად. ჩვენ ვიდავებთ სასამართლოში და იმედი გვაქვს დავამტკიცებთ, რომ იმ დანაშაულში, რაშიც ბრალი ედება ბორჩაშვილს და 3 პიროვნებას, ბრალი არ მიუძღვით“, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

მისივე განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თვლიან, რომ დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისლამის მიმდევრები არიან. ვინაიდან საქმეში ფაქტიური მტკიცებულება არ არსებობს, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში იკვეთებოდეს პოლიტიკური მოტივი.

„ამერიკა და რუსეთი დაინტერესებულია, რომ არ მოხდეს ახალგაზრდების გაყვანა, აქედან გამომდინარე, ორმხრივი ზეწოლა ხდება საქართველოს ხელისუფლებაზე. რამდენიმე ადამიანი მართლაც წავიდა სირიაში, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, თვითონ ბორჩაშვილი არის თუ არა ამაში ჩართული.

ძირითადად ლაპარაკია ბორჩაშვილზე, თორემ 3 დაკავებულს ქვეყნიდან გასვლა ბრალდება, როცა, სინამდვილეში, ისინი თურქეთში მიდიოდნენ. გამოძიება კი ამტკიცებს, რომ თურქეთიდან სირიაში საომრად მიდიოდნენ და, რომ ეს ბორჩაშვილის ორგანიზებით ხდებოდა. სინამდვილეში ასე არ არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.

როგორც ცნობილია „ისლამურ სახელმწიფოში“ შემავალ ათამდე ბანდფორმირებაში გაწევრიანებულნი არიან საქართველოს, რუსეთის, უკრაინის და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოთა მოქალაქეები. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებში საკმაოდ სოლიდური შემადგენლობითაა წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც მისივე განცხადებით, საკმაოდ სოლიდური სეგმენტი შეიქმნეს ლიდერებში.

როგორც მაისაია აცხადებს, „ისლამური ხალიფატის“ გადაწყვეტილებით გასვლის პროცესი შეჩერებულია, რადგან უკვე არ სჭირდებათ ახალი ძალა, ამ მოტივით იწყება უკან დაბრუნების პროცესი, რაც მისივე თქმით საკმაოდ საშიში პროცესია.

„ისალამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. საჭიროა სპეციფიკური სამუშაოს ჩატარება და იმედია, რომ სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმისათვის, რომ ისინი არ გახდენ საფრთხე ქვეყნისთვის. „ისლამურმა ხალიფატმა“ საპირისპირი მიმართულებაზე დაიწყო მუშაობა, უბრძანა თავის მებრძოლებს, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან და გააგრძელონ ეს იდეოლოგია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გაერიდა სირიაში და ერაყში მიმდინარე პროცესებს, ნაწილი თურქეთში დაბრუნდა, რამდენიმე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაბრუნდა. არეშიძე აცხადებს, რომ მათ თუ ვინმე არ უბიძგებს, სხვა შემთხვევაში ისინი საქართველოსთვის საფრხეს არ წარმოადგნენ.

„ჩემი ინფორმაციით ხეობიდან გასვლა არ მომხდარა. თუმცა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ 2 ახალგაზრდა, რომლებიც დიდი ხანია თურქეთში იყვნენ, სირიაში გადავიდნენ და ისლამისტების რიგებს შეუერთდნენ. ლუპით ვაკვირდებით პანკისის ხეობას, მაგრამ რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონში, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. რამდენი აჭარელი არის გასული და რამდენი იბრძვის ისლამისტების რიგებში, ზუსტად არავინ იცის.

კარგია, რომ ლუპით ვაკვირდებით პანკისის ხეობას, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ქმნის დაძაბულობას ხეობაში და იქაური საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადგილობრივი სალაფიტებს შორის აზრი გაყოფილია, ჯოყოლოს ჯამაათი თვლის, რომ შეიძლება წავიდნენ და მხარი დაუჭირონ „ისლამურ ხალიფატს“, დუისის ჯამაათი ფიქრობს, რომ ახალგაზრდების იქ წასვლა არ შეიძლება“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

როგორც არეშიძე აცხადებს, რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას სასულიერო სასწავლებელი, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ახლაგაზრდები სასწავლებლად გადიან ახლო აღმოსავლეთში.

„იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც სხვადასხვა სასწავლებლებში სწავლობენ ახლო აღმოსავლეთში, პანკისელ ქისტებზე მეტი არიან აჭარლები და ასევე წალკის რაიონიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მართალია ვერავის ვერ აუკრძალავ სასწავლებლად წასვლას, მაგრამ ეს ის საკითხია რომელსაც ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. ექსპერტთა ერთი ჯგუფის მიერ დაყენებული იქნა საკითხი სასულიერო სასწავლებლის გახსნის თაობაზე, რომელსაც ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა. ამის რეალიზება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, - ამბობს მამუკა არეშიძე.