„სანამ პუტინი სირიის ხაფანგიდან არ გამოძვრება, ახალი ფრონტის გახსნის საფრთხე არ არსებობს“

„სანამ პუტინი სირიის ხაფანგიდან არ გამოძვრება, ახალი ფრონტის გახსნის საფრთხე არ არსებობს“

რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით, ნატო-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 სახელმწიფომ მიმართა. რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მიიჩნევს, რომ ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა საჭირო. რუმინეთის გარდა, ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ინიციატივას მხარს უჭერენ ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი.

თავის მხრივ, ალიანსში სულ უფრო ირწმუნებიან, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დაანახებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ნატო საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მზად არის. პარალელურად, გამოცემა The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნატო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხს განიხილავს.

ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში თითო ბატალიონს გააგზავნიან. მეორე გეგმის თანახმად კი, მთელ რეგიონში ნატო-ს მხოლოდ ერთი ბატალიონი - 800-დან 1000 ჯარისკაცამდე განლაგდება და სამხედრო კონტინგენტი უშუალოდ ნატო-ს ოფიციალურ სარდლობას დაექვემდებარება.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გეგმა რუსეთის აგრესიის შეკავებისკენ არის მიმართული და მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოები ამ ინიციატივას მხარს უჭერენ, გერმანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ევროპისგან იზოლირება არ სურთ. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ ბერლინი სავარაუდოდ, მეორე გეგმას დაუჭერს მხარს.

რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ძალების შესაძლო გაფართოებას გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ასეთ „საშიშროებაზე“ მოსკოვი დიდი ხანია საუბრობს.

„ეს არ არის ახალი მოვლენა. ეს არის მოვლენა, რომლის შედეგების საშიშროებაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, ვასილ კაჭარავა თვლის, რომ რუსეთის აგრესიის შეკავებისათვის, საჭიროა ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რადგან რუსეთი კონტროლს გარეთაა.

„რასაც უნდა იმას აკეთებს, გასულია კონტროლიდან. ამის მაგალითია - საქართველი, უკრაინა, სირია და ახლა რა გეგმები აქვთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ეს არავინ იცის. ვხედავთ, რომ ემუქრება ბალტიის ქვეყნებს. ვთვლი, რომ დაგვიანებულიც არის ამ ზომების მიღება. რუსებმა ერთი ენა იციან, ეს არის ძალის ენა. ჰუმანური პოლიტიკა და შეგონება მათ ნაკლედან აინტერესებთ, თუ იციან, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია, მხოლოდ მაშინ ითვალისწინებენ მოწინააღდგის აზრს“, - აცხადებს ვასილ კაჭარავა.

რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, კაჭარავა ამბობს, რომ გერმანია დაინტერესებულია, როგორც რუსული ბაზრით, ასევე ეკონომიკური ურთიერთობებით და სწორედ ამიტომაც სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან ურთიერთობაში.

„ფრთხილობს იმიტომ, რომ ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს, მარტო ენერგეტიკა არ არის, გერმანია დაინტერესებულია რუსული ბაზრით და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობით. გერმანია ძალიან ბევრს იგებს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობით. რასაც ვერ ვიტყვით იგივე პოლონეთზე, რომელიც იმდენად დაპირისპირებულია რუსეთთან, რომ ყველაფერზე მზად არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვასილ კაჭარავა.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ სანამ ვლადიმერ პუტინი სირიის ხაფანგიდან არ გამოძვრება, ახალი ფრონტის გახსნის საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეშფოთება დაკავშირებულია იმასთან, რომ ძლიერდება რუსეთის გავლენა. ცინცაძის განცხადებით, მათ დასამშვიდებლად ამერიკა მიმართავს გარკვეულ ზომებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ალბათ, მინიმალური.

„რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, ვიცით, რომ ევროპაში პირველი ვიოლინო გერმანიაა. როგორც ჩანს, მერკელმა მორიგი სილუეტი გააკეთა და ახლა უკვე პრორუსი გახდა. თავის დროს პირველი პრორუსი იყო, მერე უკრაინასთან დაკავშირებით ანტირუსი გახდა, ახლა ისევ პრორუსი გახდა და ვგულისხმობ არა მხოლოდ ამ განცხდებას. ეს დასტურდება მისი სხვა განცხადებებით და ქმედებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.