"დროა, გამოფინოს პროკურატურამ "რუსთავი 2" -ის საქმის მასალები"

„რუსთავი 2“ დღეს არის პირადად მიშას ტელევიზია, მის საკუთრებაში მყოფი პარტიული ტელევიზია, რომელიც საზრდოობს ძირითადად მათი ფულით, ასრულებს მათ ამოცანებს, ოღონდაც, დღეს ალბათ უკვე ცუდად ასრულებს ამ ამოცანებს, რადგან, თუკი ადრე ცდილობდნენ, რომ ეს ნაცრისფერი ძაფით მაინც ყოფილიყო ნაკერი, ეს ძაფი გაღიავდა და ალაგ-ალაგ გაირღვა კიდეც. - აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას „რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთი ყოფილი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე.

ჯარჯი აქიმიძე ის ადამიანია, რომელიც დავით დვალთან ერთად 2004 წლამდე „რუსთავი 2“ -ის საკონტროლო პაკეტს ფლობდა. 2004 წელს კი  ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს. როგორც ჯარჯი აქიმიძე „აიპრესთან“ საუბრისას ამბობს, წილების გადაფორმება მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მიხეილ სააკაშვილის დავალებით. მოლაპარაკებები კი ადეიშვილთან და მერაბიშვილთან მიმდინარეობდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯარჯი აქიმიძესთან.

თქვენი და  დავით დვალის ისტორია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე სხვა პროცესები. ტელეკომპანიამ რამდენიმე დამფუძნებელი გამოიცვალა სხვადასხვა პერიოდში, თუმცა ყველამ იცის, რომ ვარდების რევოლუციამდე და მას შემდეგ კიდევ ერთი წელი, ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი თქვენი და დავით დვალის საკუთრება იყო. 2004 წელს თქვენ წილის 60% დათმეთ, მინდა გაიხსენოთ, როგორ მოხდა ეს და როგორ აპირებთ თქვენ ამ პროცესებში ჩართვას დღეს?

ე.წ. ვარდების რევოლუციაში ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ჩვენ გამოვედით მხარე. დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ არასწორი იყო, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ იძულებულები გავხდით, მიგვეღო მონაწილეობა ამ პროცესებში, რადგან  სხვა გზა არ გვქონდა დარჩენილი. მაშინდელი ხელისუფლება ჩვენ განგვიხილავდა, როგორც მხარეს და ავტომატურად აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ალბათ ჩვენ მეტი ძალისხმევა უნდა გამოგვეჩინა, რევოლუციის შემდეგ უნდა შეგვეცვალა ჩვენი ფორმატი. ზუსტად აქ დაიწყო კონფლიქტი მესამე დამფუძნებელთან, ეროსისთან, რომელიც თვლიდა, რომ არ იყო დრო გვეკრიტიკებინა ხელისუფლება და გვერდში უნდა დავდგომოდით და გვეთამაშა მათი თამაში. ჩვენ მივიჩნევდით, რომ ეს ტელევიზიის ფუნქცია არ არის ქება-დიდება და ა.შ. ტელევიზია უნდა იყოს კრიტიკული, სადაც ცუდია უნდა თქვას ცუდი, სადაც კარგი - კარგი. ეროსის ამ პერიოდში იყო დირექტორი. ჩვენ უკვე ბევრი რამ არ მოგვწონდა. მოგეხსენებათ ისტორიული პერიოდი იყო, შემდეგ დაემატა ე.წ. აჭარის რევოლუცია, რომელშიც ინერციით საკმაოდ აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა, გაშუქების და პიარის თვალსაზრისით. აქ უკვე ძალიან დაძაბული იყო ჩვენ შორის ურთიერთობა, ფაქტობრივად აღარც ვკონტაქტობდით. მე და დათო ამ პერიოდში ერთი სართულით მაღლა, „ჯორჯიან ონლნაინში“ ვიყავით და ფაქტობრივად ეროსისთან კონტაქტი არ გვქონია, იშვიათად. თუ გვქონდა სრულდებოდა, როგორც წესი, სკანდალით.

შემდეგ მოხდა ის, რომ ეროსიმ ერთ-ერთი მორიგი სკანდალის წინ შემომითვალა, მიშა სააკაშვილს უნდა ტელევიზიაზე საუბარიო. თუ სწორად მახსოვს, დათოს ელაპარაკა იმიტომ, რომ მე და ეროსი საერთოდ არ ვკონტაქტობდით. ჩვენ აშკარად კომფრონტაციულ მდგომარეობაში ვიყავით.

შედგა თქვენი შეხვედრა სააკაშვილთან?

არა, შეხვედრა სააკაშვილთან არ შედგა იმიტომ, რომ დათო აღელვებული იყო, მე რომ მივედი და ვუთხარი, სალაპარაკო არაფერი არ არის-მეთქი. ამის მერე სიტუაცია შეიცვალა და გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ მთავრობა ხედავდა პრობლემას ჩვენს ურთიერთობაში და უნდოდათ რაღაცნაირად გაგვსაუბრებოდნენ. გვითხრა, რომ ადეიშვილს და მერაბიშვილს უნდოდა ჩვენთან შეხვედრა. ეს შეხვედრა შედგა რიყეზე, სანამ დაანგრევდნენ რესტორან „მეგრელებში“. ჩვენი შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით ნახევერი საათი. იყვნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, მე და დათო. გვითხრეს, მადლობლები ვართ აქტიური მონაწილეობა რომ მიიღეთ რევოლუციის დროსო, გვითხრეს, რომ ისინი მოვიდნენ მინიმუმ 2 ვადით ქვეყნის სამართავად, მათ კარგად იციან რას ნიშნავს ტელევიზია, მათ კარგად დაინახეს მისი როლი, როგორ შეიძლება დაეხმარონ ხელისუფლებაში ყოფნაში და რომ მათ ტელევიზია უნდათ, მოკლედ რომ ვთქვათ. თავიდან ვერ მივხვდით რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, ბოლოს განგვიმარტეს, რომ თქვენი არის საკონტროლო პაკეტი, თქვენი არის 60%. შესაბამისად უნდა გავაკონტროლოდ რა ფორმით და როგორ მოხდება შესყიდვა, თანხაზე არ ყოფილა არანაირი ლაპარაკი, უბრალოდ გვითხრეს, რომ ჩვენ ეს გვჭირდება. მახსოვს ერთი კითხვა დავსვი, ეროსის პოზიცია რა იქნება-მეთქი. ეროსიც გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ, როგორც დირექტორიო. წილთან დაკავშირებით არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ამაზე გონება გადამეკეტა. თავიანთი არგუმენტები ჰქონდათ, ტელევიზიამ როგორ უნდა გააშუქოს მათ მიერ გაკეთებული საქმე, რომ ისინი აპირებენ სერიოზული რაღაცების გაკეთებას. ეს უკვე ლირიული ნაწილი იყო, რის შემდეგაც ავდექით და წამოვედით, ცოტა არ იყოს გაოცებულები დარჩნენ.

საინტერესოა, მათი ხედვით, როგორ უნდა ემუშავა ტელევიზიას, რომელიც მათი საკუთრება უნდა ყოფილიყო?

როგორც იმუშავა 9 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად ტელევიზიისგან გააკეთეს ჯერ პარტიული ტელევიზია, შემდეგ უკვე რაღაც პროპაგანდისტული მანქანა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ამ ყველაფერს რომ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ის, რაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთეთ, ჯიბეში ჩაიდეს. რაც ყველაზე ცუდია, ამ ყველაფრით ცუდი საქმეები აკეთეს.

ამის მერე დაიწყო სტანდარტულად. იმ პერიოდში ეს ძალიან ახალი იყო და არავინ მოელოდა, მითუმეტეს ჩვენ.

გამოდის, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველები, საიდანაც დაიწყო მაშინ წილების ასე დათმობის პროცესი?

ალბათ ესეა. მე მახსოვს, იბერიაში მოხდა შევარდნა და დაულუქეს რაღაცები. ჩემთვის ბუნდოვანია, არ ვიცი, როგორ მოხდა წილების ამბავი. ჩვენთან მოხდა ძალიან ღიად, ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რომ მათ ჭირდებათ ტელევიზია, საკონტროლო პაკეტი და ამის შემდეგ თვითონ იციან როგორ მიხედავენ ამ საქმეს. ამაზე რომ უარი მიიღეს, შემდეგ დაიწყეს გარკვეული სქემების მოძებნა, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი განხორციელებულიყო. ის თანმიმდევრობა, რასაც ისინი აკეთებდნენ საბოლოო ჯამში რითი დამთავრდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო წერტილი იყო ის, რომ ტელევიზია ფაქტობრივად გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანეს, რომლის გაკოტრებაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ვერანაირ მოქმედებას ვეღარ განვახორციელებდით, როგორიც იყო დირექტორის გამოცვლა, გარკვეული მანიპულაციები და ა.შ. საქმე მდგომარეობდა იმაში, რომ ჯორჯიან ონლაინი და ჩვენი ქონება იყო კრედიტის გარანტი, რომელიც რუსთავი 2-ს ჰქონდა აღებული, ეს იყო მილიონ 200 ათასი დოლარი. ეს იყო მედია განვითარების ფონდი, რომელმაც 2 წლის წინ მოგვცა დაბალპროცენტიანი კრედიტი, რომელსაც რუსთავი 2 ნელ-ნელა იხდიდა. იმისათვის რომ უზრუნველყოფა გაკეთებულიყო,  ჩვენი მეორე კომპანიის ჯორჯიან ონლაინის ქონება და ჩვენი პირადი ქონება იყო ბანკში. ერთ მშვენიერ დღეს MDLF-იდან მოდის წერილი, ვინაიდან კომპანია არის გაკოტრების რეჟიმში, კეთილი ინებეთ და სასწრაფოდ დაფარეთ ვალები. ეს ნიშნავდა იმას, რომ სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ან სახლები უნდა გაგვეყიდა, ან ჯორჯიან ონლაინი.  გაკვირვება როცა გამოვთქვით, ესეთ რაღაცებს როგორ კადრულობთ, მითხრეს, რომ დროზე დაამთავრეთ ეს საქმე, თორემ დარჩებით საცვლების ამარაო.

ეს ვინ გითხრათ ?

ეს გადმოგვცეს როგორც პირადად სააკაშვილის შემონათვალი.

ვინ გადმოგცათ, ვინ იყო შუამავალი, შეგიძლიათ თქვათ?

ასე დეტალები აღარ მახსოვს.

მანამდე გქონდათ მერაბიშვილთან და ადეიშვილთან კონტაქტი,  შეხვედრები?

მე პირადად არ მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ წინა სარევოლუციო პერიოდამდე მე ეროსისთან მორიგი დიდი სკანდალი მქონდა, რომლის შედეგადაც რაღაც დროის განმავლობაში პრინციპულად არ მქონდა კონტაქტი და არ მივდიოდი ტელევიზიაში. მერე რაღაც პრობლემები იყო, ისევ დათო შეეცადა, მოეგვარებინა პრობლემები, ისევ შეხვედრა და ისევ მივედი. ეს ორი ადამიანი იყო, რომლესაც ე.წ. რევოლუციურ საბჭოსთან ჰქონდა ურთიერთობები. მე ძირითადად, ვიყავი ტელევიზიაში და შიდა სამზარეულოში რაღაცებს ვაკეთებდი.

ალბათ, ჟურნალისტებსაც აუხსენით სიტუაცია. როგორი იყო მაშინ ჟურნალისტების პოზიცია?

ვერ ავუხსენით იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც. ერთი თვის წინ მომხდარია აჭარის რევოლუცია, ყველა ბედნიერია, რომ შევარდნაძის მმართველობისგან გავთავისუფლდით, ახალ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ყველა არის გადასარევ ხასიათზე და ა.შ. იყო გარკვეული შეკითხვები, მაგრამ ჩვენი სტილი იყო ასეთი ურთიერთობის, როგორც კი რამე პრობლემა იქნებოდა და ეს პრობლემა არაერთხელ მდგარა ტელევიზიაში, ჟურნალისტები ყოველთვის გადადიოდნენ უკანა პლანზე და ძირითადი შემოტევა იქნებოდა თუ ა.შ. ამ ყველაფერს ვიღებდით ჩვენს თავზე. იმ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცით, თუმცა ვერ მივხვდით, რომ დრო იყო სხვა, ამ გადმოსახედიდან რომ შეხედო, შეიძლება უფრო ქმედითი ზომები უნდა მიგვეღო და პრესკონფერენციები და ა.შ. მაგაზე ვმსჯელობდით, თუმცა მივედით იმ დასკვნამდე, რომ რუსთავი 2, რომელიც რევოლუციის აშკარა თანამონაწილეა და უცებ ამ ტელევიზიის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობა გვჩაგრავს. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ მოვძებნეთ სათანადო ძალები, რომ გაგვეწია წინააღმდეგობა.

თქვენ ნანობთ, რომ ვარდების რევოლუციის თანამონაწილე იყავით?

თუ შევხედავთ ვარდების რევოლუციას და იმ პროცესს, რომელიც მიდიოდა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვნანობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ის 9 წელი ქვეყნის მიერ იყო გასავლელი, თუ უკეთ გაივლიდა, უკეთესი იქნებოდა და თუ იმდენ შეცდომას არ დაუშვებდნენ, რამდენიც დაუშვეს. უკეთესი იქნებოდა ალბათ, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით მხარე, თუმცა მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ვყოფილიყავით მხარე.

რეალობა რეალობაა, ფაქტი ფაქტია, რომ ეს ესე უკვე მოხდა. ის არის ყველაზე ცუდი, ჩემი აზრით, რომ ნაცმოძრაობა მიხვდა, რომ ამ ტელევიზიის საშუალებით, ნებისმიერი ტელევიზიის საშუალებით, რომელიც იმ კონდიციაში იყო, როგორშიც „რუსთავი 2“, რომელსაც გამარჯვებული ხალხის ტელევიზია დაერქვა, ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ამ იარაღით, ფაქტობრივად, დატენილი თოფით ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა, როგორც კარგის, ისე ცუდის.

ამბობენ, რომ სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ მაინცდამაინც არც ეროსი კიწმარიშვილს ენდობოდა და კიდევ ჰყავდა საკუთარი მაკონტროლებელი, ხომ არ იცით ვინ იყო ეს ადამიანი და ეროსისთან ერთად ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ უნდა ჩაენაცვლებინეთ?

მე მახსოვს შემონათვალები, რომ მიშა ისტერიკაშია, ყოველდღე იწყებს იმით, რით ვერ დაამთავრეს რუსთავის საქმე, რა გახდა ბოლო-ბოლო ეს ორი კაცი, რა არის ამისთანა, რომ არ დამთავრდა ეს პროცესიო. ეს ამბები მოქონდათ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში. პარალელურად დევნა, თვალთვალი, აშკარა შემონათვალები, აბა რა გეგონათო.

საბოლოო ჯამში, მივადექით ადეიშვილს და ვუთხარით: კი მაგრამ რა უბედურებაა, რა დავაშავეთ ასეთი, ასეთ ტერორში რომ გვამყოფებთქო. ძალიან მშვიდად, წყნარად გაიღიმა და გვითხრა, გააგრძელეთ მოლაპარაკებები და არაფერი აღარ იქნება, დავასრულოთ ეს საქმე ბოლო-ბოლოო. თან პარალელურად რომ გესმის, რომ მიშა ისტერიკაშია და ითხოვს დროზე დასრულდეს ეს საქმე. საბოლოო ჯამში, ეს საქმე დაასრულეს ძალიან მარტივად. გვითხრეს, რომ რეალობა ასეთია, ან კარგავთ აბსოლუტურად ყველაფერს, ან კიდევ მოგვეცით რუსთავი 2 და გაგანებებთ საერთოდ თავსო. დავჯექით და პრაგმატულად ვიმსჯელეთ. მე არ დამიშვია, რომ ესენი რამე უბედურებაზე წავიდოდნენ, თუმცა ყველაფერი მიდიოდნენ იქითკენ, რომ შემდგომი რაღაც უფრო მძიმე ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.

ახლა ძალიან მარტივია იმაზე საუბარი, რომ თურმე ჩვენ ხმალი უნდა გვეშიშვლა და რაღაც ურჩხულს უნდა დავტაკებოდით და შევწიროდით ამ უთანასწორო ბრძოლას. რა არის დასამალი, ალბათ გადაღლილებიც ვიყავით, ამდენი წლის განმავლობაში მუდმივი სტრესი, მუდმივი დაძაბულობა. თან ყველაზე მთავარი რაც იყო, შეიძლება აღარ არის ეს სალაპარაკო, მაგრამ ფაქტობრივად როდესაც მესამე პარტნიორი მოწინააღმდეგის ბანაკშია, ძალიან რთულია. სრული დემორალიზება დაგვემართა ამის გამო.

ერთი წინადადებით რომ გვითხრათ, რის სანაცვლოდ დათმეთ რუსთავი 2, გადაგიხადეს თანხა გონივრული, თუ წაიღეს ეს წილი და მორჩა?

არა, ეს წილი უბრალოდ არ წაუღიათ, რა თქმა უნდა. ე.ი. ძალიან უცნაური რაღაც მოხდა, ჩვენ გვითხრეს გარკვეული თანხა, რა თანხა ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ პროკურატურაში 3 წელია დევს და პირველივე კითხვაზე გვკითხეს ეს და ვუთხარით. კატეგორიულად განგვიცხადეს, რომ ესეთი დეტალები არ გაახმაუროთო, შესაბამისად ჩვენ ვიცავთ პირობას და არ გვაქვს უფლება გავახმაუროთ დეტალები. თუმცა მათ 3 წელია უდევთ ეს საქმე და თუ გაინტერესებს მე შემიძლია ვთქვა, რომ გამოფინოს პროკურატურამ ეს საქმე, აბსოლუტურად ყველა მოწმე დაკითხულია, როგორც ვიცით აბსოლუტურად ყველა იძლევა ჩვენებას. დადონ ქაღალდები და ყველა, ვისთანაც თქვენ საუბარი შეიძლება გაინტერესებდეთ, ყველა ეს ადამიანი საუბრობს. ძალიან მარტივად გაიშიფრება და დალაგდება ეს ისტორია, რომელიც ამდენი ხანია ბურუსით არის მოცული. მაგრამ არ აკეთებენ და რატომ არ აკეთებენ ეგ უკვე აღარ ვიცი. მეტი რაღა უნდა ვქნათ, გვითხრეს ხანდაზმულობის გამო ეს საქმე სასამართლოში ვერ წავა, ამიტომ წავედით პროკურატურაში. წავედით და აგერ შემოდეს და უდევთ იქ და ეტყობა თვითონ კარგად იზეპირებდნენ.

თქვენ იმაზე ნაკლები თანხა მოგცეს, ვიდრე ხელშეკრულებაში ეწერა?

არა, პირიქით, მეტი თანხა მოგვცეს. ჩაწერეს ერთი ლარი, მოგვცეს, ვთქვათ - 3 ლარი და ვუთხარით, 3 ლარი რატომ წერია და გვითხრეს, ასეა საჭირო, კარგად ბრძანდებოდეთო. ამის შემდეგ ასეთი რაღაცა გვთხოვეს, რომ შეხვედრა უნდოდა ადეიშვილს, მერაბიშვილს და ოქრუაშვილს. მივედით, გადაგვიხადეს მადლობა სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისათვის, თუ რაღაც მაგდაგვარისთვის და გვითხრეს, რომ ძალიან უნდოდა სააკაშვილს ჩვენთან შეხვედრა, რათა მასაც მადლობა გადაეხადა. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენთვის თავი დაენებებინათ, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ავდექით და წამოვედით. გზაში გვითხრეს, რომ ამის შემდეგ თქვენთან ყველანაირი პრობლემა მოგვარებულია და შეგიძლიათ ამ ქვეყანაში ნორმალურად გაატაროთ ცხოვრებაო.

როგორ შემოვიდა ამ ამბავში ქიბარ ხალვაში და თქვენ რა კავშირი გქონდათ მასთან?

ქიბარ ხალვაში ჩემთვის იმ გაუგებრობაში, რაც მაშინ ჩვენს თავს ხდებოდა,  იყო ერთადერთი ნათელი წერტილი და ახლა აგიხსნით, თუ რატომ.

ამ მოვლენებამდე ორი წლით ადრე რუსთავი 2-მა მიიღო MDLF-ის მედიასესხი - დიდი თანხა და დაბალპროცენტიანი. ამ სესხის გარანტიად ჩადებული გვქონდა ჩვენი მეორე კომპანია “ჯორჯიან ონლაინი”, ასევე ჩემი და დათო დვალის სახლები. მოგვივიდა წერილი, რომ, რადგანაც კომპანია კოტრდება, სასწრაფოდ ითხოვდნენ ვალის დაფარვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ვკარგავდით.

როცა ყველა წილი გადაგვაფორმებინეს, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბოლოს უკვე საჩვენოდ დავსვით, იყო ის, რომ ეს სესხი,  მილიონ ორასი ათასი, რომელიც ჩვენზე იყო გაფორმებული, მას გადაეხადა, ვინც შემოდიოდა რუსთავი 2-ში.

დავურეკეთ შუამავალს და ვუთხარით. მაშინ გვითხრეს, რომ ამა და ამ დროს, მიხვალთ ნოტარიუსთან და იქ დაგხვდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს ვალებს გადაიბარებსო. მივედით იქ და დაგვხვდა ქიბარ ხალვაში, რომელიც პირველად ვნახე ცხოვრებაში.

გვითხრა - ბიჭებო, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც თქვენი ვალები უნდა გადაიბაროსო. მოაწერა ხელი დოკუმენტებს, გვითხრა, მესმის თქვენი კარგად, ყველაფერიო და იმისათვის, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, თუ გნებავთ, დაგპატიჟებთ ჩემთან სახლში, ვისადილოთო. ჩვენ ჭკუიდან გადასულებს, არ გვესადილებოდა და ვუთხარით, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთქო.

იმის გამო, რომ თვითონ რუსთავი 2-ის სამსახური, ჩვენ ქვემოთ, „ჯორჯია ონლაინის“ ქვემოთ იყო, ქიბართან სულ გვქონდა გარკვეული ურთიერთობა, რაღაცებს გვეკითხებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რაღაცეები ვიცოდით და ის მაშინ ცდილობდა, რომ რაღაცებში გარკვეულიყო. მუდმივად აფიქსირებდა ჩვენ მიმართ პატივისცემას.

რას ითხოვთ პროკურატურისგან, როცა ერთი შეხედვით, ყველაფერი კანონიერადაა შესრულებული: წილში, რომელიც გაასხვისეთ, მოგცეს  უფრო მეტი თანხა, ვიდრე ხელშეკრულებაში იყო, თქვენი ვალები დააფარინეს ქიბარ ხალვაშს და სამართლებრივად,  სად შეიძლება ედავოთ მათ?

არსად. იძულებით დაგვათმობინეს, არ გვინდოდა გაყიდვა და გვითხრეს, რომ უნდა გაყიდოთო. სიტყვაზე, 10 ლარიც რომ ღირებოდა, ჯერ ხომ არ მინდოდა ის 10 ლარიც, მაგრამ  გადამიხადეს ერთი ლარი და მითხრეს, რომ ეს ერთი ლარი აუცილებლად უნდა აიღოო, თუ არ აიღებ, მაშინ ისევ გაგრძელდება ეს თქვენი წარა-მარა უბედურებაო. არ მინდოდა ეს უბედურება და ამიტომ - დავთანხმდი. ჩვენ იქ პროკურატურაში არაფერს ვითხოვთ. გვინდა, რომ ფაქტის შესახებ დაინიშნოს გამოძიება, დაიკითხონ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის მომსწრეები და მხილველები არიან.

გამოიძიეთ ეს ფაქტი, მიეცით კვალიფიკაცია და თუ ეს იყო დანაშაული, მაშინ ეს გამოძიება უნდა წავიდეს სასამართლოში, ხოლო მერე უკვე თავისი პროცედურა აქვს ამას. გამოიძიეს ყველაფერი, მაგრამ არ უთქვამთ, რომ ეს იყო წესიერი, თუ უწესო საქციელი.