პრემიერ-მინისტრმა თავშეკავებისკენ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებით გამოხატავენ პროტესტს წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს არის უფრო ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე იყო 3 წლის წინ და ის არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციებს, თუმცა აქვე საზოგადოების წევრებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„მინდა კიდევ ერთხელ შევეხო იმ აქციებს, რომლებიც გამოწვეულ იქნა შემზარავი ფაქტების, შემზარავი ვიდეოების გავრცელებით. ჩვენთვის ყველასთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის აღმაშფოთებელია კადრების ხილვა. მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია 2წლის წინ, როდესაც ეს კადრები ვნახე, მაგრამ მინდა საზოგადოებას მივმართო, გთხოვთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არის სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში. გთხოვთ ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე დაინტერესდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების დარბევის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობით. მთავრობის მეთაურმა შს მინისტრს მიმართა, რომ საჯაროდ ეთქვა რა ხდება ამ საქმის გამოძიების ირგვლივ. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განმარტა 22 შემთხვევაში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა სამი ადამიანი, რომელთაც სასამართლომ ჯარიმები შეუფარდა.
„ამასთან, რვა სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გვაქვს გამოძიება და უახლოეს მომავალში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას“, -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
როგორც ცნობილია, ორი კვირაა რაც სექსუალური ძალადობის ამსახველი შემზარავი კადრები ვრცელება. ოპოზიცია თვლის, რომ კადრებს ხელისუფლება მიზანმიმართულად ავცელებს, ბრალდებას უარყოფს ხელისუფლება და აცხადებს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მთავარ თემად კადრების გავრცელების ფაქტი არ უნდა იყოს წამოწეული. „კადრების გავრცელებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამ კადრებთან დაკავშირებით, მარტო ჩვენი ფსიქიკა არ არის მოუმზადებელი -ეს ახალგაზრდებისთვისაც დამაზიანებელია, მაგრამ მთავარ თემად ამის წამოწევა და ის, რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც საშინელებასთან გვაქვს საქმე, არ შეიძლება. ეს არის უბედურება, რომელზეც გაცილებით მკაცრად უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„თავისუფალი დემოკრატების“ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეოკადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას.
„ძალიან მძიმე წარსული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. გვინდა არ გვინდა მასთან ასოცირდება ეს ყველაფერი. ძალიან რთულია შექმნილი სიტუაცია თვითონ მოქალაქეებისთვის, ამიტომ არ შეიძლება ამ კადრების გავრცელება. მე მგონი, არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება -სწორედ, ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს. ამას თვითონ პრემიერ-მინისტრი არ უარყოფს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ბიზნესმენი, ყოფილი პატიმარი გენო აროშიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები ძალათი უნდა აჩვენო.
„თავს ძალიან გაუვიდათ, ბევრს იღებენ უკვე საკუთარ თავზე. თითქოსდა არაფერი მომხდარა, მაგრამ ამ კადრებმა გადაახალისა ყველას მეხსიერება. ყოფილ პატიმრებს, რომლებიც ამ ძალადობის მსხვერპლნი ვართ, არანაირი გადახალისება არ სჭირდება, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება გვემახსოვრება, მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც არ სჯეროდა რა ხდებოდა ციხეში. პირადად მე ცემის შედეგად დამაინვალიდეს გლდანის ციხეში - ოლეგ ფაცაციას ხელმძღვანელობით, რომელიც გლდანის ციხის რეჟიმის უფროსი იყო, ჩამიყვანეს კარანტინში, გამაშიშვლეს და ამ მდგომარეობაში სასტიკად მცემეს. მერე კარანტინის კიბეებზე დამაგდეს. გონს რომ მოვედი, ჩემთვის უცხო გარემოში აღმოვჩნდი, პატიმრებმა მითხრეს, რომ ეს იყო მორგი. ცემისგან დამაყრუეს, მარცხენა ყურში ახლაც არ მესმის, ნეკნები ჩამიმტვრიეს, დაზიანებული მაქვს ასევე თირკმელი“, - ამბობს გენო აროშიძე.
მისივე თქმით, ეს იყო სისტემური დანაშაული, რადგან ანალოგიური ვითარება იყო სხვა დაწესებულებებშიც.
„მაგალითად, ქსანში მიღების პროცესი იყო ასეთი - უნდა დაგეჩოქა მიშა სააკაშვილის სურათის წინ და საქართველოს ჰიმნი უნდა გემღერა. იდეოლოგია იყო ასეთი. დავალება იყო, რომ პატიმრები მოექციათ ასეთ მდგომარეობაში. ეს იყო სისტემური დანაშაული. 24 საათის განმავლობაში გოდება ისმოდა მთელი გლდანის ციხეში. ხან ვის კლავდნენ, ხან ვის აწამებდნენ და ხან ვის აუპატიურებდნენ. პირადად მოვუწოდებ ყველას, რომ ილაპარაკონ და საზოგადოებას უთხრან, რა ხდებოდა ციხეში „რეფორმირებულ“ ქართულ ციხეში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გენო აროშიძემ.