სააკაშვილი ოდესაში აქციებით იმუქრება

სააკაშვილი ოდესაში აქციებით იმუქრება

ოდესაში კვირას ჩატარებულ მერის არჩევნებს გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება და ოდესაში აქციებს აანონსებს. უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, 25 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ოდესის მოქმედმა მერმა, გენადი ტრუხანოვმა გაიმარჯვა, მას არჩევნებში მონაწილეთა 53%-მა დაუჭირა მხარი. 

გენადი ტრუხანოვის მთავარმა მეტოქემ, ალექსანდრ ბოროვიკმა, რომელიც სააკაშვილის კანდიდატია, ხმათა მხოლოდ 25,7 % დააგროვა. ამის შესახებ იუწყება როგორც რუსული, ისე უკრაინული მედია. censor.net.ua-ს ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგების გაუქმების და მეორე ტურის ჩატარების მოთხოვნით გამოდის.

„ოდესის გუბერნატორმა არჩევნების ფალსიფიკაციის შეახებ გააკეთა განცხადება. როგორც ადგილობრივი გამოცემა „Думская“ იუწყება, სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნის სარჩელი უნდა განიხლოს. სარჩელი მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ბოროვიკმა წარადგინა.

ოდესის გუბერნატორმა კი არჩევნების გამოცხადებისთანავე აღნიშნა, რომ არჩევნები ფალსიფიცირებული და გაყალბებულია და მომხრეებს სასამართლოს შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა“, - წერს გამოცემა.

გამოცემა rusvesna.su ოდესის მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამართალდამცავებმა, სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, ქალაქის ოთხივე რაიონულ კომისიას ალყა შემოარტყეს და ოქმების ამოღება დაიწყეს.

„ადგილობრივი გამოცემის „Южный курьер“-ის ინფორმაციით, ეს მოხდა მაშინვე, როგორც კი საქალაქო კომისიამ სამშაბათს საღამოს გამარჯვებულად ტრუხანოვი გამოაცხადა. მან ხმათა 52, 57%-ი აიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური არ იქნება და ტრუხანოვმა პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სანამ საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების გამოაცხადებდა, სააკაშვილის კანდიდატმა მანამდე დაიწყო არჩევნების გაყალბებაზე ხმამაღლა საუბარი და ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვა“, - წერს გამოცემა.

კიდევ ერთი დეტალი - არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოქმედი მერის გენადი ტრუხანოვს გვერდით კრიმინალური ავტორიტეტი ანგერტი ედგა, რომელიც სიტუაციას არეგულირებდა.

„ოდესაში სპეციალურად ჩამოვიდა კრიმინალური ავტორიტეტი ანგერტი, რომელსაც ტრუხანოვთან კავშირებს მიაწერენ, იმისთვის, რომ არჩევნებთან სიტუაცია დაერეგულირებინა“, - წერს pravda.com.ua

მოგვიანებით ბოროვიკმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ან ჩატრდება მეორე ტური, ან ბათილად იქნება ცნობილი შედეგები.

„ან იქნება მეორე ტური, სადაც „ნათლიების“ ნაცვლად იქნებიან მოხალისეები, ან ყველაფერს თავიდან გადავითვლით და გადავხედავთ პირველ ტურს“, - წერს სააკაშვილის კანდიდატი.