„მოსახლეობაც და ჟურნალისტებიც მხოლოდ ურთიერთობებზე აკეთებენ აქცენტს და არა სტრატეგიებზე“

„მოსახლეობაც და ჟურნალისტებიც მხოლოდ ურთიერთობებზე აკეთებენ აქცენტს და არა სტრატეგიებზე“

საქართველოში ბიძინა ივანიშვილისადმი ინტერესი ყოველთვის დიდია, თუმცა, რაც მან პოლიტიკური თანამდებობა დატოვა, ყოფილი პრემიერი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და კიდევ უფრო ნაკლებად ანებივრებს ჟურნალისტებს. ამჯერად, გამონაკლისი შედგა. ბოლო სამი დღის მანძილზე, ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ტელეკომპანიას და მეორე დღეს, შეხვედრაზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც ვრცლად უპასუხა. რატომ გააქტიურდა დღეს ივანიშვილი, საუბრის რა სტილი აქვს ყოფილ პრემიერს, საზოგადოებას და ჟურნალისტებს და რომელ „ფსიქოლოგიურ ხაფანგებში“ აღმოჩნდნენ მარგველაშვილი და ივანიშვილი?

For.ge ექსპერტ რამაზ საყვარელძეს ესაუბრა.

საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდება ან რაიმე შეცდომებს დაუშვებს, არენაზე მაშინვე ბიძინა ივანიშვილი ჩნდება. ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ვრცელი ინტერვიუს შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა მეორე დღეს კიდევ გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხი. როგორ შეაფასებთ ივანიშვილის გააქტიურებას?

-ივანიშვილს რომ მისი თვალსაზრისით შექმნილი სახელმწიფო სისტემა აწუხებს, უბრალოდ მისასალმებელია. მას ხშირად საყვედრურობდნენ  პასუხისმგებლობის გრძნობაზე - „ჩვენ შენ მოგეცით ხმა და შენ წახვედიო“. როგორც ჩანს, მას ეს პასუხისმგებლობის გრძნობა აწუხებს და არც ტოვებს ამ გუნდს. გაცხადებულიც აქვს, რომ თუკი შეიქმნა კრიზისი, ის პოლიტიკაში დაბრუნდება და არც თვალთახედვის არედან კარგავს ქართულ პოლიტიკურ რეალობას.

ყოფილი პრემიერი ხშირად საუბრობს მის დამოკიდებულებაზე პერსონებთან. რატომ აქვს ასეთი დაპირისპირება მარგველაშვილთან  მის პრეზიდენტის სასახლეში გადასვლასთან დაკავშირებით? „მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო. ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ იმაში, რომ ხმა ამოიღონ“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. ასეთი მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ფიგურა ივანიშვილისთვის, რომ ხალხის აყოლიებასაც აპირებს?

-თუ ნებას მომცემთ, ზოგადი ფორმულირებით შემოვალ თემაში. მემგონი, აქ იმძლავრა ქართული პოლიტიკური რიტორიკის სტილმა. ყველა ეხება პოლიტიკის ერთ მხარეს, კერძოდ, ურთიერთობებს.  რა თქმა უნდა, ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკაში არსებობს სტრატეგიები.  არჩევნების წინაც კი, პოლიტიკოსები იშვიათად საუბრობენ სტრატეგიებზე. ყველა პარტიას ის სხვადასხვანაირი აქვს. შედარება იმისა, რომელ პარტიას აქვს უფრო შედეგიანი სტრატეგია, ამაზე მსჯელობა არ არის და აქცენეტები გადადის ურთიერთობებზე.

ამ სტილით ვცხოვრობთ 25 წელია. და ამ სტილს დამორჩილდა, მგონი, ივანიშვილიც. იმედი მქონდა, რომ ის შეცვლიდა ამას და უფრო მეტ აქცენტს კონცეფციების დამუშავებაზე გადაიტანდა. მას აქვს ეს სურვილი, მაგრამ ძალიან ბევრი მასთან დასმული კითხვა, სწორედ  ურთიერთობებს ეხება და არა კონცეფიცებს. ჩვენ ვაიძულებთ მას, ურთიერთობებზე ილაპარაკოს.

 ვინ ჩვენ - ჟურნალისტები?

-მოსახლეობაც და ჟურნალისტებიც ერთად. ანალოგიურად, სტრატეგიებზე  აღარავინ აკეთებს აქცენტს და გადართულია მხოლოდ ურთიერთობებზე. რომ ჰკითხოთ, ვის რა სტრატეგია აქვს, ამომრჩეველი ვერც გიპასუხებთ. ჟურნალისტიკაც ამისკენ არის წასული და ის მოსახლეობას უყურებს. ის, რომ ივანიშვილიც ძალაუნებურადად ხდება ამ ტიპის დიალოგებში ჩართული, ჩვენი ბრალია. აბა, გაჩნდეს ისეთი პლატფორმა, სადაც კონცეფციებზე იქნება საუბარი...

თქვენ გინახავთ რომელიმე პარტიის კონცეფცია დადებული, თუნდაც არჩევნების წინ?

-ივანიშვილი დღეს არ წარმოადგენს პარტიას და ყურადღება უნდა გადავიდეს კონცეპტუალურ მხარეზე, მის მიერ დადებულ კონცეფციას კი უზარმაზარი ფასი აქვს. საკამრისია, ყურადღება გადავიდეს ამ კონცეპტუალურ მხარეზე - მაგალითად, მას როგორ წარმოუდგენია სოფლის მეურნეობა, მრეწველობა - იქ სხვა დატვირთვის საქმეებზე იქნება საუბარი.

ნებისმიერ სამ-ოთხკაციან ოჯახებშია ურთიერთობის ესა თუ ის პრობლემა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყველა წევრსაც არ ექნება გადასარევი ურთიერთობა ერთმანეთთან. უბრალოდ, ამაზე აქცენტი არ არის, იმიტომ რომ სახელმწიფოზე მსჯელობენ და არა ურთიერთობებზე, რადგან ურთიერთობები გადაივლის და გვარდება  პრობლემებიც ისე, როგორც შეუძლიათ მოგვარება.

მარგველაშვილი შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. „ფსიქოლოგიური ხაფანგის“ თვალსაზრსით, მარგველაშვილი უფრო უძლებს ამ ცდუნებას და ცდილობს, თავის დამოკიდებულებებზე არ ილაპარაკოს. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ სტრატეგიებზე და ნაკლებად - ურთიერთობებზე, ეს ყველასთვის უმჯობესი იქნება.

მოსახლეობა განსაკუთრებით დააინტერესა ერთმა ფაქტმა - ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ხალხში მას ისევ ჭარბი ნდობა აქვს. თქვენც ასე ფიქრობთ?

-იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური ძალების რეიტინგი დაბალია და ცალსახად, ივანიშვილის მიმართაც ნდობის რეიტინგი დაბალი უნდა იყოს,  ასე არ არის. ბევრ პოლიტიკური ფიგურასთან შედარებით,  მას მაღალი რეიტინგი აქვს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, არამარტო ამერიკული, სხვა კვლევებიც არსებობს, რომელებიც მიუთითებენ, რომ მათი რეიტინგი დაწეულია. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ივანიშვილი პრემიერი იყო, ჟურნალისტები და ექსპერტები მიიწვია. მისი კრიტიკულობის საფუძველი, თუ გახსოვთ,  გახლდათ ის, რომ ხელისუფლების რეიტინგი მაღალია და  კრიტიკულები რატომ ხართო. ჩვენ, ექსპერტები ვიყავით ის ჯგუფი, რომლებიც მხარს ვუჭერდით 2012 წლის პროცესებს და მხარს ვუჭერდით ხელისუფლების რაც შეიძლება კარგ მდგომარეობაში ყოფნას. თუ კრიტიკული შენიშვნები გვქონდა, ეს კეთილგანწყობით იყო გამოწვეული. იქ უკვე ივანიშვილი გააღიზიანა ჩვენმა კრიტიკამ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ კრიტიკას საფუძველი ჰქონდა. მაშინ გაკეთებულ კრიტიკაზე ადეკვატური საფუძველი რომ ჰქონოდათ და  არა - დაპირისპირების, დღეს ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა.

რატომ ღიზიანდება კრიტიკაზე ასე ძალიან ივანიშვილი?

-მხოლოდ ივანიშვილი არა - ყველა ხელისუფლება ასეა. აქ უფრო ზოგად მოვლენასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლებას ქვეყანა მის პროდუქტად, შვილად მიაჩნია, რომელშიც უზარმაზარი  ენერგია და ძალისხმევა აქვს ჩადებული. შვილის მიმართ მშობელი ობიექტურია? ამიტომ, კარგად მესმის, რომ  ასეთი უნარი, იმ ადამიანებს, რომლებიც სათავეში არიან, დაკარგული აქვთ.

რამდენიმე მილიონ ადამიანზე თუ ვრცელდება ხელისუფლების ეს დამოკიდებულება?

-სწორედ ამაშია საქმე, რომ შეინარჩუნო ობიექტურობა და ამ ადამიანებზეც იზრუნო. გახსოვთ? მეფეები ხალხში გადაცმულები გადიოდნენ, რომ გაეგოთ რეალურად რა ხდებოდა. ივანიშვილი როცა იყო ხელისუფლებაში, ისიც მოხვდა ამ „ფსიქოლოგიურ ხაფანგში“, როგორც ყველა სხვა ხვდება-ხოლმე. დანარჩენი უკვე გარემოსა და  საზოგადოებაზე არის დამოკიდებული. რამდენადაც კონკურენტულია ეს გარემო, მაშინ ხდებიან ისინი გაცილებით ობიექტურები.

აქვს თუ არა დღეს რეალური კონკურენტული გარემო ხელისუფლებას?

-ყოველ შემთხვევაში, ქართულმა პოლიტიკურმა პუბლიცისტიკამ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ნელ-ნელა, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის რეიტინგი იწევს დაბლა და რომ მომავალ არჩევნებში, ჩვენ ნიჰილიზმის საფუძველიც კი გვაქვს.

ყოველ შემთხვევაში, მოსახლოებისთვის მაშინ მთელი სპექტრი მიუღებელი იქნება და არ მოხდება, რაც მრავალჯერ გვინახავს - ერთ პარტიაზე აქცენტის გადატანა იმ მოტივით, რომ აი, ეს უშველის ქვეყანას. თუ ეს დამოკიდებულება მივიდა იმ ზღვრამდე, რომ საკმარისი ამომრჩეველი არ გამოცხადდა, ან დიდი პროცენტი მოიპოვა პარტიამ,  რომელსაც რეალური მხარდაჭერა არ ჰქონდა და ა.შ, ამ ჩამოთვლილი სირთულეების გარდა, არის კიდევ ერთი პოზიტიური მხარეც იკვეთება - უფრო მეტი შანსია, რომ იქნება უფრო მეტი კონკურენტული გარემო და მაქსიმალურად წარმოდგენილი მთელი პოლიტიკური სპექტრი.

პოლიტიკური დაძაბულობა შეიქმნება არა საზოგადოებასა და იმ ერთ პარტიას შორის, რომელიც ყველაფერს განაგებს, არამედ პარლამენტს შიგნით, პარტიებს შიგნით და ეს უკეთესი იქნება.