„რუსთავი 2“-მა ურთმელიძის ქმედებაში ამჯერად სისხლის სამართლის დანაშაული დაინახა

„რუსთავი 2“-მა ურთმელიძის ქმედებაში ამჯერად სისხლის სამართლის დანაშაული დაინახა

„რუსთავი 2“ - ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. პროცესზე „რუსთავი 2“ -ის და მისი მფლობელების ადვოკატები საპაექრო სიტყვით წარდგებიან. დღევანდელ სხდომაზე კი საპაექრო სიტყვა მოსარჩელე მხარემ თქვა. მას შემდეგ, რაც მოპასუხე მხარე საპაექრო სიტყვით წარდგება, მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი მფლობელების მხრიდან ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა. მოსამართლემ მოპასუხე მხარისგან წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა 30 ოქტომბრისთვის მოითხოვა. ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე. სწორედ ამის შემდეგ მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს.

დღეს განიხილეს მოპასუხე მხარის რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის მტკიცებულებათა ნუსხიდან ექსპერტიზის დასკვნის ამორიცხვის შუამდგომლობა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის ადვოკატები მოითხოვენ ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულებაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ექსპერტის მიერ ჩატარებული დასკვნა საქმიდან ამოღებულიყო, თუმცა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაახლოებით 4 საათი იკითხებოდა  ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროს ექსპერტი, შოთა ივანაშვილი, რომელმაც
2005-2006 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილებზე აუდიტორული დასკვნა მოამზადა. ამ საქმეში ივანაშვილი ერთადერთი მოწმეა, რომელიც ამ საქმეზე დაიკითხა. როგორც შოთა ივანაშვილმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რა დოკუმენტაციაც მიაწოდეს, იმის საფუძველზე მოამზადა საექსპერტო დასკვნა.

მოპასუხე მხარემ ექსპერტს სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ დაუსვა კითხვები. ასევე, ექსპერტს „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა ჰკითხეს, შეუფასებია თუ არა მას ოდესმე „ქართუ ბანკის“ აქტივები და წილები, რაზეც ექსპერტმა უარყოფითი პასუხი გასცა. აღნიშნულ საკითხზე მოსამართლემ მოპასუხე მხარეს კითხვების დასმის საშუალება აღარ მისცა და მიზეზად ის დაასახელა, რომ პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადადის.

ხალვაშის მოპასუხე მხარე თვლის, რომ ექსპერტი სრულიად უსუსურია და მის მიერ დადებული დასკვნა არის არაკომპეტენტური. თამთა მურადაშვილის განცხადებით, დასკვნა არ შეესაბამება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელზეც აპელირებს ექსპერტი.

„ეს დასკვნა არის სრულიად უსაფუძვლო, ის ემყარება ყალბ დოკუმენტს. ძალიან ნათელია რას ემსახურება ეს დასკვნა. დასკვნა მომზადებულია დაჩქარებული წესით ერთ სამუშაო დღეში და ორიენტირებულია მოსარჩელის სასარგებლოდ. დასკვნა თქვენ გააკეთეთ“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, არცერთი არგუმენტით ექსპერტის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოზე, არ არის გაქარწყლებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

„ექსპერტმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას. ვთვლი, რომ არც ერთი მტკიცებულებით, არც ერთი გარემოებით და არც ერთი არგუმენტით დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოზე, არ არის გაქარწყლებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. სიტყვა „საორინეტაციოსთან“ დაკავშირებით ჰქონდა „რუსთავი 2“-ს შეკითხვები, „საორიენტაციო“ - ასეთი ტერმინი არის თუ არა ბუღალტერიაში, აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში, მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი. ნორმალურ ენაზე კი გვესმის, რომ ეს არის დაახლოებითი ფასი. საბაზრო ფასის ზუსტი განსაზღვრა ყოველთვის რთულია. სწორედ ამიტომ დაწერა ექსპერტმა დასკვნაში საორიენტაციო ფასი. ამაზე ექსპერტმა დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა“, - განაცხადა პაატა სალიამ.

აქედან გამომდინარე, „რუსთავი 2“-მა ამ  მტკიცებულებებიდან საერთოდ ამოირიცხვის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებებიდან ექსპერტ შოთა ივანაშვილის მიერ მომზადებული დასკვნის ამორიცხვის შესახებ. ამ შუამდგომლობის შემდეგ მოპასუხე მხარის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ განიხილა.

აღნიშნული შუამდგომლობა თამაზ ურთმელიძემ იმ მიზეზით არ განიხილა, რომ არაერთხელ აქვს განხილული. მოსამართლემ განმარტა, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ სასამართლოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. რასაც კამათი მოყვა მოსამართლესა და მოპასუხე მხარეს შორის.

„თქვენ დაინტერესებული ხართ ამ საქმის შედეგით და ან კომპეტენცია არ გაქვთ, ან დავალება გაქვთ მიღებული. თქვენ ჩვენ არ გვისმენთ და მიდიხართ წინასწარ დასახული მიზნისკენ. ამის გამო ვაყენებთ თქვენი აცილების შუამდგომლობას“, - მიმართა „რუსთავი 2“ - ის ერთ-ერთმა ადვოკატმა მოსამართლეს.

რასაც მოჰყვა მოსამართლის პასუხი და მან ადვოკატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სასამართლოს პატივისცემისკენ და აღნიშნა, რომ მათი პათოსი არის პოლიტიკური.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“- ის და მისი მფლობელების ინტერესების დამცველმა, ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ქმედებებში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ხედავს. რადგან, მოსამართლე ფორსირებულ რეჟიმში მართავს სხდომებს და სხვა სამოქალაქო საქმის განხილვა რომ მსგავსი ტემპებით მიმდინარეობს, ამის მაგალითი არაერთია. „თამაზ ურთმელიძე არ ითვალისწინებს ჩვენს შუამდგომლობებს, რომ 2-3 დღით მაინც გადადოს სხდომა. ის თავისი დავალებების შესაბამისად მოქმედებს. ეჭვი მაქვს, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. დღეს სამოქალაქო დავასთან მიმართებაში ხანდაზმულობაზე ვსაუბრობდით და დარწმუნებული ვარ, რომ ხანდაზმულობები აქტუალური გახდება ურთმელიძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ ნაწილში“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პაატა სალია არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მხრიდან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. სალიას განცხადებით, სასამართლომ დღეს განიხილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებების ამორიცხვის თაობაზე, რაც ადვოკატის მოსაზრებით, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

„ვთვლით, რომ არ იყო ეს შუამდგომლობები დასაკმაყოფილებელი. ეს გახდა მოწინააღმდეგე მხარის აღელვების საფუძველი და დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. არ შეიძლება მოსამართლის აცილება იყოს მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს. ჩვენც გვქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი გვეთქვა და ვაპირებთ მათ გასაჩივრებას“, - აღნიშნა პაატა სალიამ.