საპროკურორო საბჭო უახლოეს დღეებში შეიკრიბება, სადაც მომავალი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა შეირჩევა. შერჩეული სამი კანდიდატურიდან საპროკურორო საბჭომ თვის ბოლომდე ერთი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. მოქმედი კანონის თანახმად, ნოემბერში იუსტიციის მინისტრი კანდიდატს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, ამის შემდეგ კი მთავარი პროკურორის კანდიდატურა განსახილველად პარლამენტში შევა.
იურისტების შეფასებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველი პროკურორის თანამდებობაზე შეირჩეს ისეთი კადრი, რომელსაც ამ დრომდე შეხება არ ჰქონია ამ უწყებასთან, რადგან მათივე შეფასებით, საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ გამოწვეულია სწორედ პროკურატურის ამ შემადგენლობის არაეფექტური მუშაობით.
ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს მომავალი მთავარი პროკურორის შესახებ, თუმცა როგორც for.ge-სთვის პროკურატურის კულუარებიდან გახდა ცნობილი, მომავალი მთავარი პროკურორი მოქმედი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ირაკლი შოთაძე გახდება.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სამი კანდიდატურიდან ერთ-ერთი სწორედ შოთაძე იქნება, რომლის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი პრემიერს წარუდგენს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად, უკვე მიღებულია. რაც შეეხება მოქმედ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ამავე წყაროს ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში გადაინაცვლებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და საპროკურორო საბჭოს წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპროკურორო საბჭოს კენჭისყრამდე ვერ იტყვის ვინ იქნება მთავარი პროკურორი, თუმცა აქვე ამბობს, რომ დასახელებულთაგან ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, ირაკლი შოთაძე იყოს.
„სავარაუდოდ, სისტემიდან ერთი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და ეს კანდიდატი შოთაძე იქნება“, - აცხადებს ეკა ბესელია.
მომავალი მთავარი პროკურორის შესახებ ინფორმაცია არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. მანანა კობახიძის განცხადებით, პირველად ხდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ყალიბდება ასეთი ტიპის კოლეგიალური ორგანო - საპროკურორო საბჭო.
„პროკურატურის რეფორმა მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ მთავარი პროკურორიც იქნება შერჩეული საკმაოდ გამჭირვალედ, მიუკერძოებლად და მთავარი პროკურორი ნამდვილად უზრუნველყოფს ამ ორგანოს ეფექტურ და დამოუკიდებელ მუშაობას“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
როგორც ცნობილია, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნა გააპროტესტა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, რომელიც დღეს საპროკურორო საბჭოს წევრია. როგორც ჭკადუა აცხადებდა, სწორედ შოთაძემ მოაწერა ხელი „თელასის“ მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია გვიჩიანის განაჩენს, რის საფუძვლეზეც მას უვადო პატიმრობა შეუფარდეს.
for.ge-ს კითხვაზე, ამ შემთხვევაში როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, როგორი იქნება მისი პოზიცია შოთაძესთან დაკავშირებით, ჭკადუა ამბობს, რომ წინასწარ თავს შეიკავებს ყოვლგვარი კომენტარისგან; იმ შემთხვევაში, თუკი საპროკურორო საბჭო შოთაძის კანდიდატურას წარადგენს, ჭკადუას განცხადებით, მას ექნება რეაქცია.
„ამ საკითხზე ძალიან ბვერი მისაუბრია. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემთვის ნამდვილად არცერთი კანდიდატის შესახებ ცნობილი არ არის. ამიტომაც წინასწარ ყოვლგვარი კომენტარისგან თავს შევიკავებ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ბუნებრივია, რომ მე მექნება ჩემი რეაქცია. ასე რომ, ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ. თუმცა, ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს აქვს პოლიტიკური ნება რეფორმა გაატაროს პროკურატურაში, ეს მხოლოდ კანონის ცვლილებით არ უნდა მოხდეს, რადგან მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პერსონას, ანუ რამდენად გაართმევს თავს, რომ შეიცვალოს პროკურატურა. მუხაშავრიას განცხადებით, თუ ამ დებულებიდან ამოვალთ, მაშინ სრულიად წარმოუდგენელი ხდება ისეთი ადამიანის დანიშვნა მთავარ პროკურორად, რომელიც დღეს სისტემაში მუშაობს.
„ვფიქრობ,სრულიად გაუმართლებელია ირაკლი შოთაძის დასახელება მთავარ პროკურორად და მითუმეტეს მისი დამტკიცება. პერსონალურად ამ ადამიანის მიმართ არანაიარი პრეტენზია არ მაქვს; უბრალოდ, პრინციპული საკითხია, რომ რეფორმა უნდა გაატაროს ადამიანმა, რომელიც არ არის დღეს მაღალ თანამდებობაზე პროკურატურაში. ამ კაცისგან წარმოუდგენლად მეჩვენება რეფორმის განხორციელება პროკურატურაში. ძალიან სამწუხაროა და ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციას გაეთვალისწინებინა ეს ამბავი“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.