წიწიბურა როგორც მკურნალი

წიწიბურა როგორც მკურნალი

წიწიბურა ის პროდუქტია, რომელსაც, პრაქტიკულად, მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში იცნობდნენ. რა იყო ამის მიზეზი, ღმერთმა იცის, მაგრამ, წიწიბურა რომ უამრავი ვიტამინისა და სასარგებლო მინერალის უნიკალური საბადოა, ამაზე არავინ დავობს.

ყველა სასიკეთო თუ სამკურნალო თვისებასთან ერთად, წიწიბურას დახმარებით ძალიან ადვილი და კომფორტულია წონაში დაკლება. განსაკუთრებით კარგი შედეგი გექნებათ, თუ წიწიბურას დიეტას შემოდგომით დაიცავთ, რადგან ის ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია, მისი მონელების პროცესი ხანგრძლივია (რის შედეგადაც ხანგრძლივდება დანაყრების შეგრძნება), ამასთან, გვავსებს ენერგიით. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ითვლება ბუნებრივ ანტიდეპრესანტად, რის გამოც სწორედ შემოდგომის პერიოდშია სასურველი მისი მიღება. წიწიბურა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და მაგნიუმის ელემენტებს, რომლებიც აძლიერებს და არეგულირებს ნერვულ სისტემას. ეს ბურღული უამრავი დიეტის მთავარი პროდუქტია, რომელთაგან ერთ-ერთს ახლა გთავაზობთ.

წიწიბურას ყიდვისას უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მსხვილი და უხეშია მარცვალი, მით უკეთესია მისი ხარისხი. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული, ეგრეთ წოდებული, „გაუმჯობესებული ბურღული“, რომელიც უფრო სწრაფად მზადდება, ასევე, წინასწარ გაწმენდილი ან თერმულად და ქიმიურად დამუშავებული წიწიბურა. სასურველია, ის მოამზადოთ თუჯის, სქელკედლიან ქვაბში, რადგან ასეთ ჭურჭელში სითბო თანაბრად განაწილდება შიგთავსზე და მარცვლები მაქსიმალურად დაიბერება.

წიწიბურა რთულ ნახშირწყლებს მიეკუთვნება და, როგორც უკვე გითხარით, მისი გადამუშავება ხანგრძლივად მიმდინარეობს, ამიტომ არ შეიძლება, მასთან ერთად სხვა რთული ნახშირწყლები მივიღოთ, რადგან ეს დაარღვევს მონელების პროცესს, ანუ, წიწიბურას მირთმევა არ შეიძლება საქონლისა და ფრინველის ხორცთან და სხვა ბურღულეულთან, ასევე კვერცხთან, პარკოსნებთან, თევზთან ერთად. ის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს მხოლოდ მარტივ ნახშირწყლებთან (კარტოფილის გარდა ნებისმიერ სხვა ბოსტნეულთან) ერთად მიღების შემთხვევაში. არ შეიძლება, ასევე, წიწიბურაზე პურის მიტანება, რძის ნაცვლად კი უმჯობესია, ჩვეულებრივი წყალი მივაყოლოთ.