„ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანას გამოვადგე, თუ რამით მოვახერხებ ამას“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - გიორგი ანდრაზაშვილმა, რომლის შემოქმედებითი საღამოც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
20 წლის თბილისელი სტუდენტის, გიორგი ანდრაზაშვილის შემყურე იფიქრებდით, რომ ადამიანის შესაძლებლება ამოუწურავია. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და დამთავრებული აქვს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის № 42-ე საჯარო სკოლა, პარალელურად, ხელოვნებასაც უხდის ხარკს. გიორგი შესანიშნავად უკრავს როიალსა და სალამურზე, წერს ლექსებს და მსახიობური ოსტატობითაც აოცებს მაყურებელს.
გიორგი არ მალავდა, რომ საკუთარი შემოქმედებითი საღამოს მსვლელობისას ნერვიულობდა, არც იმას მალავდა, რომ მარტოდმარტო დაკვრა უფრო ხელეწიფებოდა, თუმცა შემოქმედებითი მღელვარების მიუხედავად, მაინც შეძლო, მაყურებლამდე თავისი ემოციის მიტანა და მსმენელიც ბეთჰოვენის, შოპენის, ლისტის მუსიკალურ სამყაროში სამოგზაუროდ განაწყო.
„დაცვის სამსახურის ასეთ თანამშრომელს ვერ შეველევით“,-გვითხრა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ჩვენ კი დავინტერესდით, როგორ აღმოჩნდა მრავალმხრივი შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ბიბლიოთეკის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. როგორც გიორგიმ გვითხრა, მას ჯარისკაცის ცხოვრების გამოცდაც უნდოდა, ამდენად, იგი ამჟამად ჯარისკაცია და სწორედ ჯარიდან მიავლინეს ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. თუმცა ეს სამსახური არანაირად არ უშლის ხელს თვითგანვითარებაში.
რაც შეეხება დღევანდელ შემოქმედებით საღამოს, გიორგი ანდრაზაშვილის ლექსებს ცვლიდა მუსიკალური პაუზა, მის მიერვე შესრულებული ბეთჰოვენის, შოპენის, ლისტის ნაწარმოებებით, ჰაინრიხ ჰაინეს ლექსების მისეული თარგმანი და ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღებიდან“ ფრანც მოორის როლის ემოციური შესრულება გერმანულ ენაზე. შესაბამისად, პოეტის, მუსიკოსის, თარჯიმნისა და მსახიობის ამპლუას ახალგაზრდა ხელოვანი თავისუფლად ირგებდა.
გიორგი ანდრაზაშვილის საღამოს შეუერთდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხალხურ საკრავთა ანსამბლ „საუნჯის“ პედაგოგი ლევან ქორიძეც, რომელმაც თავის ყოფილ მოსწავლე-გიორგისთან და ამჟამინდელ აღსაზრდელებთან ერთად ქართული მელოდიები შეასრულა და გიორგის სალამურზე დაკვრის ოსტატობაც წარმოაჩინა.
„ადრე მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დამავიწყდა, მოგვიანებით უკვე ჩემით გადავწყვიტე, რა ნაწარმოებიც მიყვარდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ისინი შემესრულებინა. განსაკუთრებით, ბეთჰოვენი, ლისტი, შოპენი, რახმანინოვი მიზიდავდა. ყოველთვის მინდოდა „მთვარის სონატის“ დაკვრა, ამიტომ დავიწყე „მთვარის სონატით“, შემდეგ უკვე მიმიზიდა რთულმა, ლამაზმა და მელოდიურმა ნაწარმოებებმა, რადგან ასე უფრო შევდივარ და ვიკარგები მუსიკის სამყაროში. ლისტი ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა, ახლა ლისტის „უნგრული რაფსოდიის“ დამუშავებას ვცდილობ და ვატყობ, რომ იმ ტემპით, რომლითაც მე ვმეცადინეობ, ძალიან რთულია. დრო რომ მქონდეს, ჩემი აზრით, პრობლემა მოიხსნებოდა“, - გვითხრა გიორგი ანდრაზაშვილმა და განმარტა, რომ მომავალში იურისტობაზე ოცნებობს, საკუთარ მოვალეობად თვლის, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა შეისწავლოს, მაგრამ, ამავდროულად, უარს ვერ იტყვის ფიზიკა-მათემატიკასა და პროგრამირებაზე, ისევე, როგორც მუსიკასა და პოეზიაზე...