ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ იმ მოღვაწეების ვინაობა დაასახელა, რომელთა ნააზრევსაც ყველაზე დიდი წონა აქვს ბიზნესსამყაროში.
ამ ათეულში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში შემავალი სამი მილიარდერი, ექვსი ეკონომისტი და ერთი ჟურნალისტი მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-გურუთა სიაში პირველ ადგილზე მიჩიგანის უნივერსიტეტის აკადემიკოსი სი ქეი პრაჰალადი აღმოჩნდა, რომელმაც უამრავი ნაშრომი მიუძღვნა ბიზნესის პასუხისმგებლობის პრობლემასა და მის როლს მსოფლიოში შიმშილისა და სიღატაკის აღმოფხვრაში.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი, „გურუების“ რეიტინგში მე-7 ადგილზეა.
საქმიანი სამყაროს ყველაზე ავტორიტეტულ მოაზროვნეთა ათეულში კომპანია „ვირჯინ გრუპის“ დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონიც შევიდა. მან არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მასობრივი კოსმოსური ტურიზმის ეპოქის დაწყების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მზადაა, საკუთარი ძალისხმევისა და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვას მოახმაროს.