„მარგველაშვილი სარბიელზე გამოდის როგორც პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პრეზიდენტი, რომელიც მომავალში შეეცდება გარკვეული პლატფორმის ჩამოყალიბებას. ჩვენ შეიძლება საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიხილოთ გარკვეული კოალიცია, რომელიც მხარდაჭერილი იქნება მარგველაშვილის მიერ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტიკური კონსულტანტი, ვალერიან გორგილაძე, რომელსაც for.ge ესაუბრა.
მარგველაშვილის მიმართვა „რისთავის 2“-ის მოსამართლისადმი, რომ არ მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება, პოლიტიკოსთა ნაწილი სასამრთლოზე ზეწოლად აფასებს. თქვენ რას ფიქრობთ?
- პრეზიდენტის განცხადებამ ძალიან ბვერი გააკვირვა და მათ შორის მეც. პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, სამართლებრივი პროცესი, რომელიც „რუსთავი 2“-თან მიმართებაში მიმდინარეობს პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიყვანა. მარგველაშვილმა, პრაქტიკულად, ჩაანაცვლა სასამართლო. ვიცით, რომ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მკაფიო მესიჯები, რომ ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა, დანარჩენი საზოგადოება ამ პროცესს აფასებს როგორც სამართლებრივ დავას და ამაზე მეტყველებს სხვდასხვა ინტერაქტივებიც.
გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სამართლებრივი დავა გადაყავს პოლიტიკურ სიბრტყეში, მაგრამ რა მიზანი აქვს პრეზიდენტს, რომელსაც კერძო დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაყავს? ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტი არის გამოუცდელი პოლიტიკოსი...
- ჯერ ერთი, გიორგი მარგველაშვილი არის გამოუცდელი პოლიტიკოსი, მას არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდა. მისი გამოცდილება არის მრჩევლობა. ის, რომ მან ფიქრია ჩიხრაძე დანიშნა პოლიტიკურ მრჩევლად, ეს უკვე ნიშნავს, რომ იგი ცდილობს არასაპარლამენტო ოპოზიციის კონსოლიდირებას, რომელთაც პირობითად პროდასავლური ვექტორი აქვთ. ამ ნაბიჯებით და განცხადებებით მარგველაშვილი ახდენს იმის დეკლარირებას, რომ იგი იქნება აქტიური პოლიტიკური ფიგურა და ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. სხვა ახსნა მარგველაშვილის ამ ნაბიჯს არ აქვს, რადგან მისმა ამ ნაბიჯმა პირიქით, უფრო გაამწვავა ვითარება, გაააქტიურა შიდა პოლიტიკური დისკუსია. პრეზიდენტმა აშკარა გახადა, რომ მისი თვალთახედვით „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული პროცესები და ამ პროცესში ქიბარ ხალვაშის დახმარება სტიმულირებულია ხელისუფლების მხრიდან. სხვა როგორ უნდა გავიგოთ მისი მიმართვა მოსამართლის და სასამართლოს მიმართ, რომ ნუ მიიღებს ნაჩქარევ და ხისტ გადაწყვეტილებას?! აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ ცენტრს ქმნის.
ანუ, პრეზიდენტი ემიჯნება სახელისუფლებო გუნდს?
- გამიჯნული ისედაც იყო - თავისი განცხადებებით პრეზიდენტმა გადალახა წითელი ხაზები.
რა ორბიტრაზე ხდება ცალკე პოლიტიკური მოთამაშე მარგველაშვილი?
- დინამიკას თუ დავუკვირდებით, მარგველაშვილის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა აშშ-ის საგარეო უწყების საკმაოდ ხისტი განცხადება, რომ ისინი შეშფოთებით აკვირდებიან პროცესებს, რომ შესაძლებელია ყველაზე პოპულარული არხი დაიხუროს. როდესაც პრეზიდენტი აკეთებს ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს სტიმულს აძლევს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გააკეთონ ასეთი მკვეთრი განცხადებები.
აშშ-ის საგარეო უწების ეს კრიკიტიკული განცხადება მხოლოდ მარგველაშვილს განცხადებით არის განპირობებული? აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხზე საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც...
- რა თქმა უნდა, ალასანიას განცხადებაც შეიძლება იყოს კავშირში, მაგრამ სხვა საქმეა როდესაც ამას ამბობს ქვეყნის პირველი პირი. მისი განცხადების წონა ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ალასანიასი როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის. ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთის ამ კრიკიტიკულ დამოკიდებულებას მთლიანად მარგველაშვილი განაპირობებს, მაგრამ ის, რომ მარგევლაშვილი არის ერთ-ერთი ძირითადი ფიგურა, რომელიც ახდენს ამ განწყობების ფორმირებას, ესეც აშკარაა.
კონსულტაციები არასაპარლამენტო პარტიებთან, შეხვედრები დიპლომატებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან მეტყველებს, რომ მარგველაშვილი სარბიელზე გამოდის როგორც პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პრეზიდენტი, რომელიც მომავალში შეეცდება გარკვეული პლატფორმის ჩამოყალიბებას. ჩვენ შეიძლება საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიხილოთ გარკვეული კოალიცია, რომელიც მხარდაჭერილი იქნება მარგველაშვილის მიერ.
და ამ კოალიციაში ვინ შეიძლება ვიხილოთ, გამორიცხავთ, რომ ეს შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობა“?
-შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობაც“. მაგრამ ეს იქნება იგივე მემარჯვენეები, ეროვნულ დემოკრატები და ა. შ. რომელთა რეიტინგი ჯამში 0,5%-ს თუ შეადგენს, მაგრამ შეიძლება ამ კოალიციას დაემატოს ალასანია და რაც მთავარია, ამ პოლიტიკური კოალიციის პლატფორმა იქნება პროდასვლური ორიენტაცია. თუკი ეს კოალიცია ირიბად მხარდაჭერილი იქნება პრეზიდენტის მხრიდან, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კოალიციამ მარგველაშვილის კანდიდატურა წარადგინოს მეორე ვადით.
გიორგი მარგველაშვილი ხშირად ამბობს, რომ ის არ არის ერთი პოლიტიკური გუნდის პრეზიდენტი და, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი. შესაბამისად, არ თვლით, რომ ლოგიკურია პრეზიდენტის განცხადება ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ წინ გვაქვს გოკა გაბაშვილის განცხადება - „მოხდება სახელმწიფო უწყებების პარალიზება“?
- შეიძლება პირიქით მოხდეს. პრეზიდენტის განცხადება არ არის ესკალაციის საწინააღმდეგო, პირიქით, აღვივებს ესკალაციას. არ ვიცი, ხვდება თუ არა ამას მარგველაშვილი და მისი მრჩევლები, მაგრამ თქვენ კონკრეტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება მოიყვანეთ და, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია შეეცდება ქვეყანაში დესტაბილიზაციას, მაგრამ პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა და არა მისი პროვოცირება. ამ განცხადებით კი მან მოახდინა დესტაბილიზაციის პროვოცირება.
უნდა აღინიშნოს, რომ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელიც ფიქსირდება სასამართლოზე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მცირე აქტივი. ამდენად, თუ ხელისუფლებამ არ დაუშვა რაღაცა კატასტროფული შეცდომა და მისი ქმედებებით არ წაახალისა ეს დესტრუქციული პროცესები, არ მგონია, რომ პროცესები სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ამის რესურსი, მეტიც, მოსახლეობაში მათ მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად ნეგატიურია.
როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, იგი არ შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას?
- პრემიერის განცხადება არ იყო კორექტული და რატომღაც ტრადიციად ჩამოუყალიბდა მას ხისტი განცხადებების გაკეთება. ქვეყნის მთავრობის მეთაური არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, რომ ასეთ პროვოკაციული განცხადებები აკეთოს, მაგრამ როდესაც მარგველაშვილი პრეტენზიას უყენებდა პრემიერს, რომ თურმე აღვივებდა ამ ვითარებას, მან უფრო გააღვივა ეს დაპირისპირება, ვინაიდან დადგა მეორე მხარეს. პრეზიდენტი ზეპარტიულ პოზიციას უნდა იკავებდეს, უნდა იყოს მომრიგებელი და არა პირიქით, სამოქალაქო დაპირისპირების გამღვივებელი. თავისი შინაარსით და შესაძლო შედეგებით, მარგველაშვილის განცხადება ბევრად უფრო დესტრუქციულია.
ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის, მაგრამ ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ არ დაუშვას ქვეყანაში დესტაბილზაცია, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები და ამავე დროს იმოქმედოს კანონის ფარგლებში, თუნდაც იგივე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით?
- ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, ამ აღსრულებაში ხელისუფლებას მართებს მოქნილობა და გონივრულობა. შექმნილი ვათარება ხელსაყრელია ნაციონალებისთვის, ვინაიდან პროვოკაცია და დესტაბილიზაცია გარკვეულ იმედს აძელევს ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინაიდან „რუსთავი 2“-ის როგორც პოლიტიკური ინსტუმენტის დაკარგვა, უზარმაზარი დარტყმაა ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. მათ ესმით, რომ „რუსთავი 2“-ის დაკარგვის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს რიგით ორგანიზაციად, რომლის რეიტინგი შეიძლება 5% იყოს.
ნაციონალებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ყველაფერს შეეცდებიან, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი. თუმცა, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად. რაც მთავარია, ხელისუფლება უნდა შეეშვას პროვოკაციულ ტონს, მაგრამ უნდა აღასრულოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს სასამართლო. არანაიარ დესტრუქციულ ძალას არ უნდა მისცეს ქვეყანაში ვითარების არევის საშუალება, უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური წესრიგი.