დიტო გელოვანი: გვარამია-მარგველაშვილი - სიყვარული კასრებში

დიტო გელოვანი: გვარამია-მარგველაშვილი - სიყვარული კასრებში

ღერბის საქმეს რომ მორჩა, ახლა სამუშაოს იმ ნაწილის მოთავებას შეუდგა, რომელიც მდგომარეობდა გულისამაჩუყებელი წარწერების შედგენაში. ჯიმმა ისეთი წარწერა უნდა გააკეთოს, როგორსაც სხვები აკეთებდნენო. ბევრი რამ მოიგონა, ქაღალდზე ჩამოწერა და ხმამაღლა წაიკითხა: 1. აქ გასკდა ტყვედქმნილი გული; 2. აქ დაასრულა თავისი მწუხარე ცხოვრება ქვეყნისა და მეგობრების მიერ მიტოვებულმა საწყალმა პატიმარმა; 3. აქ ოცდაჩვიდმეტი წლის განმარტოებული პატიმრობის შემდეგ შეწყდა გულისცემა და განისვენა დაღლილმა სულმა; 4. აქ დაიღუპა ოცდაჩვიდმეტი წლის პატიმრობის შემდეგ უსახლკარო, უმეგობროდ დარჩენილი, კეთილშობილი უცნობი, ლუდოვიკო XIV-ს უკანონო შვილი.

(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ე.წ. წამების კადრები არის მისი პარტიის სირცხვილი და დაღი, რომელიც მათ ცხოვრების ბოლომდე გაყვებათ. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც აღნიშნულ კადრებს უკვეთავდა, ვინც იღებდა და ვინც მონაწილეობდა ამ კადრებში, უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. „რაც შეეხება კადრებს, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს იყო ის სირცხვილი და დაღი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ბოლომე გაჰყვება, იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში და რა თქმა უნდა, ყველა, ვინც მონაწილეობდა, ვინც უკვეთავდა, ვინც იღებდა კადრებს, ყველა ეს ადამიანი უნდა იქნეს კანონის სიკმკაცრით დასჯილი. მე არ გავურბივარ არც იმის თქმას, კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ის ძალიან მტკივნეული მონაკვეთი, ეტაპი წარსულისა, რომელიც დიდხანს გაგვყვება, როგორც ტკივილი, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ყოფილი ხელისუფლებას, მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რაც დღეს ხდება. დღევანდელ ხელისუფლებაში საკმარისი რაოდენობით არიან ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ამ სადისტების დაჭერის ნაცვლად, გამოდიან და ქუჩაში, საჯაროდ ახდენენ ასეთი კადრების დემონსტრირებას“, - განაცხადა ბაქრძემ“ - როგორც ხედავთ პირდაპირ ნიუსით დავიწყე.

რატომ დავიწყე ასე? რატომ არა, ვთქვათ, გვარამიას ცრემლებით, ან ნანუაშვილის სლუკუნით, ან, ვთქვათ, მარგველაშვილის შეძახილებით?

იმიტომ, რომ სირცხვილისა და დაღის მაგათ არაფერი ეტყობათ. ეტყობა რამე კვესიტაძეს? ან ეკა გიგაურს თუ ეტყობა რამე? გვარამიას? ბოკერიას და ჩერგოლეიშვილს? ხაბაზს? სიდედრის ძეს?

ეტყობა ვინმეს რამე?

კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ: „დღევანდელ ხელისუფლებაში საკმარისი რაოდენობით არიან ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ამ სადისტების დაჭერის ნაცვლად, გამოდიან და ქუჩაში, საჯაროდ ახდენენ ასეთი კადრების დემონსტრირებას“.

როდის მე ვამბობდი, მარგველა კრისაა-მეთქი და ოეეჰ, ჯერ კიდევ როდის ვიძახდი,  ბაქრაძე ქლიბია-მეთქი!

„ეს იყო ის სირცხვილი და დაღი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ბოლომე გაჰყვება“ - ეს მენიშნა, მაგრამ რა არის იცით? აი, რომ ამბობს, ჩვენს ხელისუფლებასო, მაგით იმის თქმა უნდა, რომ ყველანი ერთად იღებენ პასუხისმგებლობას და ერთობლიობაში ჩვეულებრივი ამბავია, რომ მეტ-ნაკლებობაც მოდის. ქლიბი თავს იზღვევს, ქლიბი ეშმაკობს, ქლიბი თან  ქლიბავს და თან ხერხავს. ქლიბი კეკლუცობს, მაგრამ ქლიბი ქლიბია და ხანდახან წამოცდება ხოლმე ქლიბობები - „ეს იყო ის სირცხვილი და დაღი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ბოლომე გაჰყვება, იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში“.

ის სადისტები ადამიანები არიან, ხოლო ვისაც მაგათი დაჭერა ევალება - ავადმყოფები.

ერთი ქლიბი ყველა გვარში გამოერევაო - ნათქვამია.

ბაქრაძის სიტყვებზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მთელ მაგათ ნაცბოზურ შემადგენლობაში ეგ ითვლება ყველაზე კდემამოსილად, აი, მამალ ბუზს არ დაისვამსო - რომ იტყვიან. ჯერ ეს ერთი, რა უნდა ბუზს ქლიბზე, და მეორეც - ბუზებს კასრები უფრო იზიდავთ, კასრები, სადაც ერთმა მართლა ავადმყოფმა სხვა, თავისნაირ ავადმყოფებზე გადაღებული სიბინძურეები შეინახა.

კომბლე ის კაცი იყო, კომბლებს რომ თლიდა და ჭერში აწყობდა, სააკაშვილი კი, იღებდა იმას, რასაც იღებდა, ალაგებდა იმაში, რაშიც ალაგებდა, ავრცელებს იქ, სადაც ავრცელებს და ელის რეაქციას, რომელი რეაქციაც გასულ კვირაში მართლაც იყო, მაგრამ, კარგად რომ დაფიქრდე, ჯობდა არ ყოფილიყო. ამას ვგულისხმობ: „ქუთაისში აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები დაუშინეს“, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს კვერცხები დაუშინეს“, „ფოთში„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები ესროლეს“, „ლანჩხუთის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი შეადუღეს“...  წითლად შეღებეს, კეთილები მოუხსენიეს დედა აგინეს, უსურვეს მამის შიმშილი და ა.შ.

ცოტაც და, ნაცები შემეცოდებიან... ეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, იმ კადრებზე ადამიანებს სახეები რომ დაუფარა, ასევე იქცევა ისიც, ვინც ამ საზიზღრობას უკრაინაში ავრცელებს, მაგრამ საახოვმა თუ თავზე ხელი აიღო, ქვეყანას მოსდებს და მერე დაივიწყეთ გვარამიას „რა, სად, როდის“, რადგან  ყველას ეცოდინება მაგათი „ვინ, ვის და რაში“.

არავის აინტერესებს, მაგრამ ყველას ეცოდინება. საახოვისთვის... უფრო სწორად, ბიძამისის უფროსებისთვის, სულ ერთია, საახოვი შევარდნაძის უმრავლესობის ლიდერი იქნება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნიდან კუდამოძუებით გაპარული ექს-პრეზიდენტი თუ ოდესის გუბერნატორი. მათთვის მთავარია, აქ იყოს ურთიერთსიძულვილი, ურთიერთდაპირისპირება, ქვად ქცეული კვერცხი და ცეცხლად გარდაქმნილი ნაპერწკალი. მათთვის მთავარია გაუბედურებული, გასაცოდავებული, გასაწყლებული საქართველო, რომელიც ტერიტორიების დაბრუნების ამაო ლოდინში ღირსებას დაკარგავს, ხოლო ვინც ღირსებას დაკარგავს, ის უკვე ვეღარაფერს მოიპოვებს.

ვფიქრობ, კვანძის გახსნა ახლოვდება. გასულ კვირაში დაიწყო ის, რასაც უკან ვეღარავინ დააბრუნებს - თვითლუსტრაცია.

ორშაბათს ჩამოვთვლიდი, სამშაბათს უფრო დიდ დროს მოვანდომებდი ჩამოთვლას, ოთხშაბათს გამიჭირდებოდა, ხუთშაბათის შემდეგ კი, მაგაზე  დროის დაკარგვას აღარ ვაპირებ. დღეს ისევ ორშაბათია და გეუბნებით: გადახედეთ-გადმოხედეთ ნიუსებს, რაღაცეები იცით, რაღაცეები სხვას კითხეთ, რაღაცეები არ დაგავიწყდებათ, რაღაცეები გაიხსენეთ და ეგ იქნება. მაგალითად, ეკა გიგაური იყო ვანო მერაბიშვილის კაპიტანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილიც იქნებოდა ეკა გიგაურის რაღაც, მაგალითად გენერალი. კაპიტნის შემდეგ მაიორია, მაიორის შემდეგ კი პოდპოლკოვნიკი, ანუ, ქართულად, ქვეშპოლოვნიკი.

ვანოს ქვეშპოლკოვნიკობას დანატრებულს როგორ უნდა ენდო?

მამუკა კაციტაძე სააკაშვილის შეკვეთით ამომრჩევლებს ითვლიდა. ენდობით კაციტაძეს? ფიქრია ჩიხრაძე კაციტაძის ადიუტანტი იყო. ენდობით იმის ადიუტანტს, ვისაც არ ენდობით? ენდობით მას, ვის ადიუტანტადაც კაციტაძის ადიუტანტი მუშაობს?

აი, ასე - განსაკუთრებული ჩაღრმავებისა და წიაღსვლების გარეშე: მითხარი, ვინ არის შენი ადიუტანტი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. მითხარი, ვისი ადიუტანტი იყავი და გეტყვი, რა ხარ შენ.

ისე კი, ამ ქვეყანაში, ძირითადად, ადიუტანტების ბრძოლა მიდის. იცვლიან პატრონებს, მაგრამ ადიუტანტებად რჩებიან. ამიტომ არის, რომ ბიოგრაფიებს უბრალოდ წაკითხვა კი არა, კარგად წაკითხვა ჭირდება და თუ ვიღაცეების ბიოგრაფია ვიღაცის მონაყოლით იცი, იმის ბიოგრაფია მაინც წაიკითხე, ვინც გიყვება და ის მაინც გაიგე, თვითონ მას თუ აქვს წაკითხული, ან იცის კი საერთოდ კითხვა?

ახლა აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად. ქუჩაში დავით ბაქრაძემ გაიარა, უკან სირცხვილი მიყვებოდა, მაგრამ ბაქრაძე მას ვერ ამჩნევდა. როგორ შეამჩნევ სირცხვილს, როცა წინ უტიფრობა მიგიძღვება?

"22-ში ყველას მოგიწოდებთ, აქ ვიყოთ, რათა ვნახოთ, როგორ მთავრდება სასამართლო ხელისუფლება და როგორ აპირებენ მედიაც დასრულდეს, რათა არავინ გაიგოს, რომ რეჟიმი გვმართავს. სინამდვილეში ბიძინა იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ჩაატაროს 2016 წლის არჩევნები, რომელსაც აუცილებლად წააგებს. ამას მარტო "რუსთავი 2" არ ამბობს, ამას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც“ - თქვა ნიკა გვარამიამ და მეორე დღეს იტირა. შემეცოდა.

ზემოთ წაკითხვაზე ვსაუბრობდი. ხშირად, უბრალოდ წაკითხვა არ არის საკმარისი, აუცილებელია წაკითხვა ყურადღებით, თორემ ვერ გაიგებ და გაგება რომ მთავარია, ამაზე ყველა თანხმდება. მოკლედ, ყურადღებით უნდა წაიკითხო, უყურადღებობას სავალალო შედეგები მოსდევს. მაგალითად, რუსთაველის სიტყვები „რასაცა გასცემ შენია“ ვიღაცამ ზერელედ ჩაიკითხა და ასე გაიგო - „რასაცა მისცემ შენია“, და ამის შემდეგ მისი უკვე აღარაფერი იყო. გადააღებინეს რაღაც ფილმი, გააპრავებინეს რომელიღაც მედიასაშუალების დარბევა, ხელი მოაწერინეს უამრავი უდანაშაულოს ციხეში ჩაგდებაზე, შემდეგ ეს უდანაშაულოები აწამეს, დაამცირეს... და ახლა ის, უყურადღებოდ წამკითხავი, გამოდის, იმუქრება და ტირის.

ყველაფრის ცოდნაზე რომ დებ თავს, ისიც უნდა იცოდე, რას რა მოსდევს და ისიც უნდა იცოდე, ერთი ჩემი „პროვოკატორი“ მეგობარი „სწორი ნაწლავის სწორად გამოყენებას“ რომ უწოდებს.

ისე, ყველამ თავის ნაწლავებს მიხედოს, თავისია და ვისაც უნდა, იმას მოახმაროს, სხვას ნუ გადააყოლებს. და ბარემ იმასაც ვეტყვი, რომ წაკითხვა რომ აუცილებელია და ყურადღებით წაკითხვა - მით უმეტეს აუცილებელი, ბოლომდე წაკითხვასაც ნუ დაიზარები. მაგალითად „რასაცა გასცემ შენია“ და, შემდეგ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“.

ეს არ მომეწონა: „გიორგი კვირიკაშვილი – გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას არაობიექტურმა სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე ჩვენი პარტნიორების შეკითხვებმა მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით“.

ღმერთო, რა დააშავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სულ ერთმანეთზე უარესებს რომ უგზავნი?! ხან ქლიბი, ხან რუსეთის მოქალაქე ლოქო ქინძმარში, მერე ქათამი, კიდევ ქათამი, სულ ადრე - კაგებეშნიკი, რომელიც ყველას სუკის აგენტად აცხადებდა. რომ ჩამოყვე და ჩამოთვალო, ერთი-ორს თუ იპოვნი ლამაზს, ჭკვიანს, ამოდ მოუბარს, არაქათამს, არაკაგებეშნიკს, კაიოჯახიშვილს, თერაპევტს...

კიდევ ერთხელ მოვითხოვ თქვენს ყურადღებას: „გიორგი კვირიკაშვილი – გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას არაობიექტურმა სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე ჩვენი პარტნიორების შეკითხვებმა მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით“.

კვირიკაშვილს ვეუბნები: ოე, ჩემი ბიჭი, ახლა კარგად მომისმინე. კასრებში დამალული ცოცხები სწორედ „არაობიექტური სარედაქციო პოლიტიკის“ დამსახურებაა, შენ კიდევ,  სანამ პარტნიორების შეკითხვებს აარიდებ თავს, იმაზე იფიქრე, რომ ამომრჩევლებს და გადასახადების გადამხდელებსაც აქვთ შეკითხვები. თუ არადა, დაწერე განცხადება და წადი. ოლიმპიური სისტემაა. ვენაცვალე ოლიმპიურ სისტემას. თუ მართალი ხარ და პასუხი მაინც არ გაქვს, მოშორდი, წადი სახლში. აგერ, გვარამია ყელამდე კასრში ზის, მაგრამ მაინც თავისას უბერავს, მარგველაშვილი ყელამდე ზის მის მიერ გარყვნილების ბუდედ წოდებულ ავლაბრის რეზიდენციაში და ისიც უბერავს, არასამთავრობო ორგანიზაციები ყელამდე სხედან გრანტებში და ისინიც უბერავენ. სახალხო დამცველი იქაც ზის, იქაც და იქაც და, რომ არ უბერავდეს აქამდე გაბერავდნენ.

უბერავს-მეთქი და, აჰა თუ არ უბერავს - დაგვაყადაღესო, დაგვაჩმორესო, მიგვაჩუხანეს და გაგვაფარჩაკესო, ანეტა გეძახისო და, არმაგედონის ზანგი დაგვახვედრესო... დავიხურებით, ფული მაინც არ გვაქვსო და, რუსთაველზე კონცერტს აწყობენ. მერე რა, რომ კონცერტი ძალიან უნიჭო იყო, მერე რა, რომ ხალხი არ მივიდა, მერე რა, რომ მიკროფონი კასრში ჩაუვარდათ... ხარჯი ხარჯია და, დაყადაღებულები თუ ამდენ სიმახინჯეს აფრქვევენ, დაუყადაღებლად რა იქნება?

ყადაღა-მადაღა ჩემი საქმე არ არის. მე სასამართლოს ველოდები და მოსამართლეს ვენდობი. დანარჩენი მერე, ფაქტები, ციფრები და ანალიზი რომ დაიდება. ღმერთმა დამიფაროს და, პაატა დავითაიას კი არ ვგავარ, პლაჟზე საცურაო ტრუსებით ან შორტებით დავდივარ, კაცი ტანგას რომ ჩაიცმევს, ის ჯერ გვარამიას მიუჯდება და მერე დონაძის  გვერდით მიუჩენენ ადგილს.

არ გვაინტერესებს სასამართლო, არ გვაინტერესებს მოსამართლე, გვკიდია ფაქტები, ვერ ვიხსენებთ მოვლენებს,  არ გვაინტერესებს არაფერი, მოვაწყობთ აქციებს, დავცემთ კარავს, დავწვებით, ვიშიმშილებთ...

თქვენ კი გაშიმშილათ არმაგედონის ზანგმა!..

22-ში გამოიტანს გადაწყვეტილებას, 22-ში დასრულდება სიტყვის თავისუფლება, 22-ში აღარ მოგვცემენ ვიზალიბერალიზაციას და 22-ში ვეღარ აღვადგენთ ტერეიტორილ მთლიანობას!

რა დევს ამისთანა იმ კასრებში, თვით ნიკა გვარამია რომ აატირა? იმ კასრებში, ნაცლიდერებთან ერთად, არმაგედონის ზანგი თუ არა, კონან-ბარბაროსი და ივან დრაგო მაინც იქნებოდნენ საუკეთესო წლებში და ფორმის პიკში.

კონცერტზე კი, ზუსტად იმდენი ხალხი მივიდა, რამდენიც გასვენებაში მიდის ხოლმე - ხუთასი-ექვსასი, საიდანაც სამასმა-ოთხასმა, ალან პრაისის სახელით სულ დედა აგინა ნაციონალური მოძრაობის ხელოვნების მუშაკებს.

საერთოდ, მე მიყვარს ხელოვანი ადამიანები, მაგრამ რატომ ხდება, აქაურები, რომ ბერდებიან, თან კვერცხდებიან ხოლმე. როგორ ვინატრო „კლუბი 27“ თავისი ჯიმი ჰენდრიქსით, ჯენის ჯოპლინით, ჯიმ მორისონით, კურტ კობეინით და ემი უაინჰაუსით?! თუმცა, ჩვენც ხომ გვაქვს ეგეთივე კლუბი - ტატო ბარათაშვილი, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი...

პაატა ბურჭულაძეზეა რომ ვდარდობ, თორემ ის ამერიკისდროშიანი ბაბუ, ომარ-კალმარ მარაქველიძე, ერ2 სულ აქეთ-იქით რომ დაარბენინებს, სულაც არ მედარდება, მაგრამ დახეთ ამბავს: ომარ მარაქველიძის იდეა, ჯერ არჩევნები ჩატარდეს და ერ2-ის მფლობელის ვინაობა სასამართლომ შემდეგ დაადგინოსო, მეორე დღესვე აიტაცა პაატა ბურჭულაძემ.

გაიგე ახლა, პაატა ბურჭულაძეა ომარ მარაქველიძედ გადაცმული თუ, ომარ მარაქველიძე მოიღერებს ხოლმე ყელს და არიებს მღერის.

იცით, რას ვიზამ? პაატა ბურჭულაძეს შეცდომად ჩავუთვლი. ვის არ შეშლია? ნოტები გადაშალოს, ყელი მოიღეროს და ის გააკეთოს, რაც კარგად გამოსდის - სიმღერა. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო უნებლიე შეცდომა, ყოველგვარი ცინიზმისა და ირონიის გარეშე. ასეთ, ირონიულ და ცინიკურ შეცდომებს, სხვები უშვებენ. მაგალითად ეს ნიუსი: „ნიკა გვარამია მოსამართლეს - ვწუხვარ, რომ თქვენს დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული, ეს ყველაზე უფრო ცინიკური და ირონიული შეცდომაა, რაც დამიშვია“.

ეს სიტყვები გვარამიამ გასულ ორშაბათს ბრძანა, გასულ ოთხშაბათს კი, იტირა.

გვარამია არ არის ის ჰომო-საპიენსი, ადამიანის უფლებებს, საქართველოს ევროპულ არჩევანს, სიტყვის თავისუფლებას და სასამართლოს დამოუკიდებლობას რომ მისტიროდეს. საკუთარ თავს დასტიროდა, ის შეცდომები გაახსენდა, კასრში ერთ დიდ ფაილში რომ ძევსა.

ეგეთი შეცდომები კიდევ ბევრს გაახსენდება, ოღონდ მაშინ, როცა ოდესის გუბერნატორი ინებებს. გაახსენდებათ ნაცებს, ქოცებს, თავისუფალ დემოკრატებს,  ახალ მემარჯვენეებს, ძველ ბოზებს...

აბა, 21 ათასი ფაილი რა ბედენაა? 21 ათას ეპიზოდს თვეში იღებდნენ და თითოს რამდენიმე ეგზემპლარად ინახავდნენ. რამდენი თვე იყო იმ 9 წელიწადში?

ალექსი ახვლედიანი... ეს სახელი და გვარი პირველად გასულ კვირაში გავიგე. ეგ ყოფილა ახალგაზრდული ოლიმპიადის შეფ-პოვარი. სულ ვფიქრობდი, ვინ ხელმძღვანელობს ამ საქმეს, რატომ არის ამხელა ფულს რომ ეზიდება ერ2-ში მეთქი? თურმე, გვარამიას მეგობარი ყოფილა. ასჯერ მაინც ვარ გვარამიასთან ნამყოფიო.

ჰოოო... მართლაც ცოცხალი ორგანიზმია ენა.

რას წარმოვიდგენდი, თუ „მეგობარი“ და „ყოფნა“ სულ სხვა დატვირთვას შეიძენდა.

გაგიჟდები კაცი!!!

ისა და... „კაცი“ ხომ ჯერ კიდევ კაცს ნიშნავს და არა რამე სხვას? მაგალითად ნიკა გვარამიას, გიორგი ჯ. გაბუნიას, გურამ დონაძეს და მიხეილ სააკაშვილს.

ყოველი შემთხვევისთვის, თავს დავიზღვევ და ასე ვიტყვი: გაგიჟდები ადამიანი!

ჯერ ხომ ადამიანები ვართ? ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია?

ძ.ა. (ძმაო, ალემაო) „არა,  ჩემო დაო, ფელპს, - ამბობდა ის, - ეგ თქვენი ქოხი სულ დავათვალიერე და დავრწმუნდი, რომ თქვენი ზანგი გიჟი ყოფილა. ჩვენს დას, დემრელსაც ასე ვუთხარი... ხომ გითხარი, დაო, დემრელ? გიჟი ყოფილა-მეთქი, სწორედ ეს სიტყვები ვიხმარე. ყველას ესმოდა, როდესაც ვამბობდი: ყველაფრით ეტყობა, რომ გიჟი ყოფილა-მეთქი. შეხედეთ ამ წისქვილის ქვას. განა ვისაც ჭკუა აქვს, წისქვილის ქვაზე დაიწყებს აბდაუბდის ფხაჭნას?! „აქ ამ ადამიანს გული გაუსკდა, აქ ვიღაც ლუის უკანონო შვილი ოცდაჩვიდმეტი წელი წვალობდა“-ო. სულ ასეთი გაუთავებელი აბდაუბდა სწერია. მთლად გიჟი ყოფილა; თავიდანაც ესა ვთქვი, მერეც მაგას ვამბობდი დ ყოველთვის ამას ვიტყვი“.

(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)