თბილისობის დღესასწაულმა ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ორ ნაწილად გაყო

თბილისობის დღესასწაულმა ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ორ ნაწილად გაყო

თბილისობის დღესასწაულმა შოუბიზნესის წარმომადგენლები კვლავაც დააპირისპირა. იმის გამო, რომ ცალკეულმა მომღერლებმა მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისგან მიწვევა არ მიიღეს, მათმა რეაქციამაც არ დააყოვნა. კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა კონცერტში მისი დაბლოკვისთვის სიის შემდგენელს ოფიციალურ ქსელში აგინა, რეპერმა ძვალმა“ კი სოციალურ ქსელში აღნიშნა, ნარმანიამ არ იცის, თბილისობა რა ხილიაო. „კონცერტზე აღარ ვიტყვი არაფერს, თავისი ორგანიზატორებიანად, მომღერლებიანად შუა ზღვაში უნდა გაიყვანო თავისივე სცენით და დაძირო“,- ასე გამოხატა რეპერმა ნეგატიური დამოკიდებულება კონცერტის ორგანიზატორების მიმართ.

კონცერტმა სხვა სიურპრიზითაც გაანებივრა მაყურებელი. ნიაზ დიასამიძემ საზოგადოებას „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რის გამოც ხალხის ნაწილის აღშფოთება დაიმსახურა. საზოგადოებამ მიიჩნია, რომ თბილისობის დღესასწაულს პოლიტიკური მოწოდებები არ შეეფერებოდა. მართალია, კონცერტის ორგანიზატორებმა არ იცოდნენ, სცენიდან რა განცხადებას გააკეთებდა ესა თუ ის მომღერალი, მაგრამ საზოგადოების ნაწილის აზრით, კონცერტზე მხოლოდ ის მომღერლები უნდა მიეწვიათ, რომლებიც სცენას პირადი მოწოდებებისთვის არ გამოიყენებდნენ.

თავად კონცერტის ორგანიზატორები მერიის კულტურის საქალაქო სამსახურიდან აცხადებენ, რომ „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიების კულტურის ნაწილში არაერთი საავტორო პროექტი იყო წარდგენილი, მუსიკალური პროდუსერების მონაწილეობით. ასე რომ, სასურველი მომღერლები სწორედ პროფესიონალებმა შეარჩიეს. როგორც ირკვევა, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ია მაქაცარია, გვანცა კილასონია და სხვები.

ბევრისთვის ამოუხსნელია, რატომ არ მოხვდა თბილისობის კონცერტზე მომღერალი ირმა სოხაძე, რომელიც ნაციონალების დროს შერისხულ მომღერლებს განეკუთვნებოდა. ეს თავად მომღერლისთვისაც გაუგებარია. ირმა სოხაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს პარადოქსული ფაქტი იყო, რადგან დღესაც ისევ კლანური, მეგობრული თუ რაღაც სხვა ნიშნით ხდება მომღერალთა შერჩევა, რასაც შეუიარაღებელი თვალითაც ხედავს ჩვენი მაყურებელი.

„არ მწყინს, რომ თბილისობის კონცერტზე არ დამიძახეს. თბილისელი ვარ, სხვაზე ნაკლებად არ ვმღერი. მე უფრო ის მწყინს, რომ ძალიან ცუდ შედეგს ვიღებთ, ცუდი კონცერტები იმართება. მიკვირს, რა ნიშნით მბლოკავენ. ადრე ეს გასაგები იყო, ნაციონალების მმართველობის 9 წლის განმავლობაში 8 წელი ნამდვილად დაბლოკილი ვიყავი. მართალია, პირველ წელს ნორმალური ურთიერთობა მქონდა მიშა სააკაშვილთან, მისი მხარდამჭერი კონცერტებიც გავაკეთე, რადგან მიყვარდა, მომწონდა და მისი იმედი მქონდა, მაგრამ შემდეგ რაღაცები რომ არ მომეწონა და კრიტიკული გამოსვლები შემატყო, პირადადაც და ტელევიზიითაც, ძალიან შემომწყრა. კონცერტებზე საერთოდ აღარ ვჩანდი. ამას შევეგუე, თუმცა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გულითა და სულით მხარში ვედექი ამ ხელისუფლებას, დღეს აღარ ვჭირდები?! არ ვამბობ, რომ მარტო იმ ნიშნით უნდა დამიძახონ, რომ მათ გვერდით ვიყავი და მათი ერთგული ვარ, უბრალოდ, როცა კარგი მომღერლები ვართ არა მარტო მე, არამედ სხვებიც, ჩვენი იგნორირება ცოტა გაუგებარია. არ მინდა, ვინმე დავასახელო, რადგან, ვინც მონაწილეობდა მომღერლების შერჩევის პროცესში, ყველას ვიცნობ, ყველა მათგანი პირზე მკოცნის და თითქოს ყველა გიჟდება ჩემზე. ვისაც არ მოვწონვარ, არ ვუყვარვარ, ორგანიზატორებს ვგულისხმობ, ნუ დამიძახებთ, ხალხს მაინც ვუყვარვარ. მე გული მწყდება შედეგზე, იხარჯება თანხები, რესურსი, საეთერო დრო, იქ მისული მაყურებლის ყურადღება და, საბოლოოდ, ცუდია ეს კონცერტები. ჩემი აზრით, მერიის კულტურის სამსახურმა და კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტეს კონცერტში მომღერლების მიწვევის საკითხი. თუ მათ ეს არ გადაწყვიტეს, მაშინ მთლად უარესი. როგორ, მათ დააფინანსეს და სხვებს გადააწყვეტინეს მომღერალთა შერჩევა?! არ მესმის, რატომ არ უნდა შეეძლოთ პასუხისმგებლობის აღება მათ, ვინც ამ კონცერტებს აფინანსებს?“, - აცხადებს ირმა სოხაძე და ყველაზე დიდ სირცხვილად იმას მიიჩნევს, რომ კონცერტის ბოლოს მხოლოდ ხუთი კაცი იდგა მოედანზე და ტელევიზორშიც არავინ უყურებდა ამ ღონისძიებას.

მისი თქმით, მაყურებელი როცა არ გიჩერდება, ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის სახალხო ზეიმი. ზეიმის ნაცვლად, შვიდწუთიანი „ლექცია“ მიმდინარეობდა და ამას მოსდევდა ათწუთიანი კონცერტი. ცხადია, ასეთი ფორმატი საზეიმო კი არა, მოსაწყენი იქნებოდა.

რაც შეეხება წლევანდელ 26 მაისს, რომელიც მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა განახორციელეს, ირმა სოხაძისთვის ეს სავალალო იყო, რადგან სახალხო ზეიმის ნაცვლად, აქაც ჟანრის აღრევა მოხდა.

„ჟანრის შერწყმას იმხელა ფიქრი უნდა, პროფესიონალებიც კი ვერ ჰკიდებენ ამას ხელს, რადგან ეშინიათ. ასე ჰაი-ჰარად აიღო და უცებ თბილისობის კონცერტი ააგო, არ გამოდის. თორემ კარგი რომ ყოფილიყო, პირველი მე ვიტყოდი, გადასარევია, რევაზ ლაღიძე რომ გაცოცხლდეს, ალბათ, გადაირეოდა-თქო. არავისთან სიმღერის წინააღმდეგი არ ვარ, თუ გინდა, ისინი მოიწვიონ, ვინც მიშას აპოლოგეტები, ე.წ. კარის მომღერლები იყვენენ. ალბათ, ამ კომენტარით ვიღაცებს ვაწყენინე, მაგრამ სჯობს, ეწყინოთ, გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, რომ არ შეიძლება, კონცერტის ორგანიზება დაავალო მას, ვინც ეს არ იცის. შემთხვევით კარგი არ გამოდის. შეიძლება, პროფესიონალსაც ერთხელ ცუდი გამოუვიდეს, მაგრამ ხუთჯერ რომ ცუდი გამოუვა, მაშინ მოეშვან იმ ჯგუფს და სხვებს გააკეთებინონ. არის თბილისში ბევრი ადამიანი, ვისაც ეს გაუკეთებია, ჩემი ჩათვლით. გვაცალეთ, ეგებ, ჩვენც შეგვიძლია სახალხო კონცერტების მოწყობა, უფრო მეტი მონაწილით, იუმორით, რითაც უფრო ნაკლებად განაწყენებული ხალხი დარჩება. საეჭვოა, რატომ არ უნდათ, კარგი შედეგი დადგეს“, - აცხადებს ირმა სოხაძე და არ გამორიცხავს შოუ-ბიზნესის ამბების გამო პრემიერსაც შეხვდეს.

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ, მისთვის სრულიად გასაგებია მომღერალთა გარკვეული ნაწილის განაწყენება, მაგრამ ამ ეტაპზე ორგანიზატორებმა, ეტყობა, ჩათვალეს, რომ არ იყო საჭირო, ეს მომღერლები წარმოჩენილიყვნენ და მათ სხვა კონცერტებზე დაუძახებენ.

„ნამდვილად არ ვიცი, თბილისობის კონცერტისთვის რა პრინციპით შეარჩიეს მომღერლები. წინა ხელისუფლების დროს მომღერლების დაყოფა იმიანებად და ამიანებად არავის უკვირდა. ეს ხელისუფლება კი ამას ნამდვილად არ აკეთებს, რადგან ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, ვინც უნდა იმღეროს, ეს გადაწყვიტონ თავად ორგანიზატორებმა და კომპანიებმა, ვინც ატარებს ამა თუ იმ ღონისძიებასო. ბევრჯერ ჩამიტარებია კონცერეტები და სასაცილოა, როცა ჩემზე ამბობენ, ტენდენციური იყოო. ამ საკითხებში „ნაციონალური მოძრაობის“ მრჩეველი არასდროს ვყოფილვარ და, როცა ზურაბ ჟვანია მოკვდა, ჩემთვის მაშინ დამთავრდა ნაცმოძრაობა“.