ქართველი სამხედრო მოსამსახურე, გივი დუმბაძე უვადო პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ ეს საქმე საქართველოსთვის პრესტიჟის საკითხია, რადგან ნატოს არცერთი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე უკანონოდ სასჯელს არ იხდის აღნიშნული ქვეყნის საპატიმროებში, რადგანაც იქ, კანონთან ერთად, ღირსების შეგრძნებაც მუშაობს.
გივი დუმბაძის დევნა 2008 წელს დაიწყო. მაშინდელი ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე საქართველო-თურქეთის საზღვარზე სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. თავად გივი დუმბაძე აცხადებს, რომ ის თურქეთში იმყოფებოდა დასაქმებული ოჯახის წევრების - დისა და სიძისთვის საზაფხულო ტანისამოსის მისაწოდებლად. სინამდვილეში, დაკავების რეალური მიზეზი ის იყო, რომ გივი დუმბაძეს გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაცია დაავალეს. მისი მხრიდან უარის გამო სასამართლო სხდომები გამოყენებულ იქნა აღნიშნული დავალების სისრულეში მოყვანისთვის თანხმობის მისაღებად, რაზეც გივი დუმბაძე მუდმივად უარს აცხადებდა.
უფრო მეტიც, გივი დუმბაძემ უარი განაცხადა მოსკოვში წასვლაზე და რომან დუმბაძის ჯერ თვალთვალზე, შემდეგ ლიკვიდაციაზე. შესაბამისად, წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებების მხრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მას შემდეგ, რაც გივი დუმბაძის საქმე შეისწავლეს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, გამოხატოს პირადი დაინტერესება და სახელმწიფოებრივი მიდგომა, რათა შეწყალების მორიგი აქტის მომზადებისას ყურადღება დაუთმოს უვადო პატიმრობაში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურის საქმეს.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ანალიტიკოსი სალომე გოგლიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, შეინიშნება, რომ პრეზიდენტი გულისხმიერად არის განწყობილი უვადო პატიმების მიმართ, მან ოთხი უვადო პატიმარი უკვე შეიწყალა და შეუმცირა სასჯელი. ამდენად, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ჩარევით, გადაიხედება გივი დუმბაძის საქმეც და მოხდება მისი შეწყალება, რადგან ჯერჯერობით ამ ადამიანის მიმართ სახელმწიფოს არანაირი მექანიზმი არ აქვს. ასეთი მექანიზმი არ აქვს არც საქართველოს პროკურატურას და არც ძალოვან სტრუქტურებს.
„მართალია, გივი დუმბაძეს ნარკოტიკული დანაშაულის გამო შეუფარდეს სასჯელი, მაგრამ, სინამდვილეში, მისი „ბრალი“ ის არის, რომ ის გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის ნათესავია და უარი თქვა მის ლიკვიდაციაზე, რასაც აძალებდნენ. მის მიერ მიცემული ჩვენებები არ უნდა იქნას სარწმუნოდ მიჩნეული, ვინაიდან იგი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, მას ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვითარება შეიცვალა. მის უკანონო პატიმრობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გივი დუმბაძე შეტანილია პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა 32-კაციან სიაში. მის შესახებ დასკვნა უკვე გააკეთა საქართველოს პარლამენტმა, რომ დუმბაძის საქმეში მართლაც ჭარბობს პოლიტიკური მოტივები, ამიტომ შემდგომი რეაგირებისთვის საქმე გადაუგზავნა პროკურატურას. თუმცა პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა“, - აღნიშნა სალომე გოგლიძემ.
თუ რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა და პრეზიდენტთან არსებულმა შეწყალების კომისიამ თავის დროზე გივი დუმბაძე, სალომე გოგლიძის განმარტებით, ამის მიზეზი იყო ის, რომ გივი დუმბაძეს ჯერ მოხდილი აქვს მხოლოდ შვიდი წელი.
„რეალურად, ჩვენ არ ვითხოვთ მის შეწყალებას, რადგან შეწყალება ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც კანონიერად იხდიან სასჯელს - უვადო პატიმრობას. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი უკანონო პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-12 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. მისი საქმე ექვემდებარება გადახედვას, რაც დღემდე არ მომხდარა. მისი საქმის მასალები საჭიროებს სიღმისეულ შესწავლას, ვინაიდან გამოძიების მეშვეობით უნდა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. ამასთან, შეუძლებელია, გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნას კანონიერ საპატიმრო ვადად“, - აცხადებს „ახალგაზრად ადვოკატების“ ანალიტიკოსი.