საქართველოში მომუშავე ფსიქიატრები ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სახელზე პეტიციას ამზადებენ და მინისტრის იმ ბრძანების გადახედვას მოითხოვენ, რომელიც გულისხმობს, რომ ფსიქიატრის კომპეტენციას სხვა
ექიმები შეითავსებენ. ფსიქიატრები მოითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს არსებული ჩანაწერების შესწორება საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოში აღიარებული დაავადებათა კლასიფიკატორების გათვალისწინებით. ზოგადად, ქართველი ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მათი დარგის დისკრიმინაციის მცდელობა შეიმჩნევა, რაც უშუალო კავშირშია პაციენტთა უფლებების დარღვევასა და დაავადების მართვის არასწორ მეთოდებთან.
პეტიციის ავტორი ოთხი ორგანიზაციაა: „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“.
რატომ განესაზღვრათ ფსიქიატრის კომპეტენცია სხვა სპეციალობის ექიმებს?! ამის შესახებ ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ეკა ჭყონიას ინფორმაცია არ აქვს. For.ge-სთან საუბარში ეკა ჭყონია აცხადებს, რომ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში იკითხეს მიზეზი, თუ რატომ გადაულოცეს სხვა სპეციალობის ექიმებს ფსიქიატრების კომპეტენცია, მათ განუმარტეს, რომ ფსიქიატრისთვის მიმართვა სტიგმა (ადამიანის დისკრიმინაცია ან პიროვნული უკმაყოფილება მისი უნიკალური თავისებურების გამო, რომლითაც იგი განსხვავდება გარემოსგან) იყო, ამიტომ პაციენტებს ერჩივნათ, ფსიქიატრების ნაცვლად, სხვა სპეციალობის ექიმებთან მისულიყვნენ.
„არა მგონია, ამ გადაწყვეტილების მიღმა ფსიქიატრების სახლში გაშვება იმალებოდეს. უბრალოდ, ეს ჩვენი დარგის მიმართ ნეგატიური, ზერელე დამოკიდებულებაა, ფსიქიატრებს ზედაპირულად გვიყურებენ. არ აქვთ გაცნობიერებული ის მნიშვნელობა, რაც ფსიქიკურ ჯანდაცვას ახლავს. ამიტომ ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ, თორემ პაციენტები დაბნეულნი არიან, მათ არ იციან, პრობლემის შემთხვევაში, ვისთან მივიდნენ. ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ფსიქიატრიას და ფსიქიატრიის განვითარებას საქართველოში. ჩვენი ეთიკური საექიმო მოვალეობაა, დავიცვათ პაციენტები, რათა არ მოხდეს არასპეციალისტის მიერ მათი მკურნალობის დაკანონება“, - აღნიშნა ეკა ჭყონიამ.
„საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის“ აღმასრულებელი დირექტორი მარინა კურატაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ზოგადად, ფსიქიკური აშლილობები სტიგმატიზირებულია და ავადმყოფს როცა უცხადებთ, ფსიქიატრის კონსულტაცია გჭირდებაო, ის შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, მოგიბრუნდება და გეტყვის, მე გიჟი არ ვარ. მარინა კურატაშვილის თქმით, როგორც წესი, ამის გამო არ მიდიან ფსიქიატრთან, ამიტომ ამ ტიპის პაციენტებს ურჩევნიათ, სხვა სპეციალისტს გაესინჯონ, უროლოგებთან და განსხვავებული პროფილის ექიმებთან მიდიან და ისინიც მათ მკურნალობას საკუთარ თავზე იღებენ, თუმცა შესაბამისი განათლება არ გააჩნიათ.
„ზოგადი განათლება ყველა ექიმს აქვს, მაგრამ ფსიქიატრიას სპეციალური განათლება სჭირდება. ახალი რეგულაციით კი სურთ, სხვა სპეციალობის ექიმებს, ამ შემთხვევაში, ნევროლოგებზეა საუბარი, ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა დაუკანონონ. სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს უკვე შეუძლიათ, შიში, ფობია, აკვიატებული მდგომარეობა, დეპრესია, მანიაკალური მდგომარეობაც კი, რასაც სპეციალური ცოდნა სჭირდება, საკუთარ კომპეტენციად მიიჩნიონ. არადა, არსებობს საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც მიღებულია, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული, რომელი დაავადება რომელი სპეციალობის ექიმის კომპეტენციაში შედის. ნევროლოგს შეუძლია, მეტ-ნაკლებად სწორად დაუნიშნოს წამალი პაციენტს, მაგრამ დაავადების მართვას ნევროლოგი ნაკლებად შეძლებს. წამლის დანიშვნა მკურნალობის მხოლოდ საწყისი ეტაპია, მთავარია, სწორად მართვა. შესაძლოა, ერთმა-ორმა ნევროლოგმა იცის დაავადების მართვა, მაგრამ, ზოგადად, ნევროლოგი არ არის მარტო თბილისში მოღვაწე პროფესორი, ნევროლოგად ითვლება სადღაც პერიფერიაში მჯდომი ადამიანიც, რომელსაც დროც კი არ აქვს, წიგნები წაიკითხოს. ამ დროს კი, ფსიქიატრიასა და ნებისმიერ სფეროში ყოველ წელს სიახლეებია. თუ ჩვენი პეტიცია გაითვალისწინეს, მაშინ სამართლიანობა აღდგება და ფსიქიატრებს დაუბრუნდებათ თავიანთი მკურნალობის არეალი. ეს დადებითად იმოქმედებს პაციენტზეც. იმის გამო, რომ ნევროლოგთან ან სხვა სპეციალობის ექიმთან ნაკლები შედეგით მკურნალობენ, ძალიან ბევრი პაციენტი საბოლოოდ მაინც ხვდება ფსიქიატრთან, რადგან მათი მდგომარეობა გადადის ქრონიკულში და ეს არის გაცდენილი დრო, გაცდენილი სახსრები, ადამიანი ხდება ინვალიდი. ამ დროს თავიდანვე რომ მოსულიყო, შეიძლება, უკეთესი შედეგი დამდგარიყო“,-აღნიშნა მარინა კურატაშვილმა და განმარტა, რომ, თუკი ისე წარმოაჩენენ, რომ ფსიქიატრი მხოლოდ „გიჟების ექიმია“, მაშინ სტიგმის გამო აღარავის მოუნდება ფსიქიატრთან მისვლა.
მისივე თქმით, ნევროლოგები მკურნალობენ ორგანულ დაავადებებს, როცა პათოლოგია შედეგის დონეზე სახეზეა-ნერვის ანთება, სისხლჩაქცევა და სხვა, ფსიქიატრია კი შფოთვას, დეპრესიას, ფობიას და სხვა ფუნქციურ დაავადებებს მკურნალობს, რაც, საერთოდ, სულ სხვა სფეროდანაა.