„როგორ აღმოჩნდა სააკაშვილ-კეზერაშვილის ხელში „რუსთავი 2“ და სად არის მტკიცებულება, რომ ხალვაშისთვის ტელევიზია არ წაურთმევიათ?“

„როგორ აღმოჩნდა სააკაშვილ-კეზერაშვილის ხელში „რუსთავი 2“ და სად არის მტკიცებულება, რომ ხალვაშისთვის ტელევიზია არ წაურთმევიათ?“

ტელეკომპანია „რუსთავი2“- ის გარშემო ატეხილი ხმაური და სამართლებრივი დავა ქიბარ ხალვაშსა და ძმებ ყარამანიშვილებს შორის, აქტუალობას არ კარგავს. „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტები და რედაქცია საზოგადოების თავისუფალი სიტყვის დასაცავად მოუწოდებს და ტელეკომპანიასთან და სასამართლო შენობასთან შეკრებას სთხოვს, ხელისუფლებას კი ივანიშვილის ინტერესების გატარებაში ადანაშულებს. აქვს თუ არა ივანიშვილს რაიმე ინტერესი „რუსთავი 2“-ის მიმართ, ახდენს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მოსამართლე ურთმელიძეზე ზეწოლას და აშანტაჟებს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელი ნიკა გვარამიას?

For.ge საქართველოს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.

თვლით თუ არა, რომრუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესები თავისუფალ სიტყვაზე და მედიაზე ზეწოლაა და ხელისუფლება ამას საგანგებოდ აკეთებს?

- სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხის შესაქმნელად მთავარია ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების ხელყოფა. ჟურნალისტური საქმიანობის დასაცავად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მესაკუთრის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტური საქმიანობა დაცულია, თუ ჟურნალისტი თავისუფალია. ჟურნალისტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მესაკუთრე სააკაშვილი იქნება, კეზერაშვილი თუ ხალვაში.

ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები და ტელევიზიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის უკან თქვენი ხელისუფლება დგას და ხელს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერენ, რომელსაც სიმართლის დათრგუნვა სურს მედია სივრცეში...

- ბიძინა ივანიშვილს შეუძლებელია ინტერესი ჰქონდეს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - თუ ტელევიზია სჭირდება, მას აქვს საკუთარი ტელევიზია და შეუძლია კიდევ ათი ტელევიზია გახსნას. თუ სიხშირეების ხელში ჩაგდების ინტერესები გააჩნია, სიხშირეების კონტროლი უკვე ციფრული მაუწყებლობიდან გამომდინარე, აზრს კარგავს. რეალურად ის, რომ ეს საააკშვილის და კეზერაშვილის ტელევიზია, ეს სააკაშვილს აქვს აღიარებული და საქართველოში ყველამ იცის. თუ დავალაგებთ ამ არგუმენტებს, ლოგიკურად, გამოდის, რომ სააკაშილი და კეზერაშვილი იბრძვიან იმისთვის, რომ უკანონოდ ხელში ჩაგდებულ მედია საშუალებაზე არ დაკარგონ კონტროლი. ეს არის მთელი ამ ისტორიის დედააზრი. მათი წარმომადგენელი ვერავინ ვერ გამოდის და ვერ ამბობს იმას, როგორ აღმოჩნდა მათ ხელში ეს ტელევიზია და თუ აღმოჩნდა, როგორ? მაშინდელი კანონმდებლობით, პოლიტიკოსს აკრძალული ჰქონდა ტელევიზიის შეძენა. აქ ყველაფერი ნათელია.

ერთადერთი, რაც დამატებით განმარტებას საჭიროებს - წართმევის ფაქტია, რასაც მოსარჩელეები მიუთითებენ. თუ წართმევის ფაქტი დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, სასამართლომ უნდა შეაფასოს ობიექტურად.

ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ტელევიზიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მას კონკრეტული პირები აშანტაჟებენ ოჯახის წევრების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. ამ განცხადებაში პრემიერის გვარიც იყო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც მიმდინარეობს თვალთავალი?

- ნიკა გვარამია პირველი დღიდან ემუქრება მთელ საზოგადოებას. მისგან დამუქრებაზე საუბარი, უხერხულია. ის ზოგს აფეთქებით, ზოგს მედიტირებით, ზოგს შურისძიებით ემუქრება, დაწყებული მოსამართლიდან, გაგრძელებული პროკურორით და დამთავრებული ბიძინა ივანიშვილით. ეს ენა მისთვის ძალიან ნაცნობი უნდა იყოს. ეს ვითომ სკანდალური განცხადება ეფუძნება იმ მიზანს, რომ რაც მისთვის ნებადართულია, სხვისთვის აკრძალულად გამოცხადდეს. მე კიდევ ვამბობ, რომ როგორც მისთვის, ასევე სხვისთვის აკრძალული უნდა იყოს. ნიკა გვარამიას მუქარაზე რატომ არ აკეთებს ქართული საზოგადოება რეაგირებას, როცა მორალური პირობების ქვეშ ყავს აყვანილი მოსამართლე და ყველა, ვინც ამ პროცესებშია ჩართული? ოჯახის წევრსაც კი შეეხნენ იმის გულისთვის, რომ თავისი მესაკუთრეების პოლიტიკური და კომერციული ინტერესები დაიცვა.

იმ შემთხვევაში, თუ შანტაჟის ფაქტი გამოძიებით დადასტურდა, წარმოუდგენელია, რაში უნდა აწყობდეს ეს ხელისუფლებას, მაშინ როდესაცრუსთავი 2“-თან დაკავშირებით სიტუაცია ისედაც დაძაბულია?

- ვარაუდების დონეზე ბევრი რამის დაშვება შეიძლება. ვიმეორებ, შანტაჟი და მუქარა ეს გვარამიას ენაა და ახლა ცდილობს, ეს ენა სხვას შეუტრიალოს. რომც დავუშვათ, რომ ამ ფაქტს თეორიულად ადგილი ჰქონდა, არაფერ კავშირში არ არის სააკაშვილ-კეზერაშვილის და ხალვაშის ტელევიზიასთან დაკავშირებით დავასთან. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, იურისტმა იმის მიხედვით დაიჭიროს პოზიცია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. იურისტი ვალდებულია ყოველთვის სიმართლეს ემსახუროს. ჟურნალისტიც ვალდებულია ყოველთვის სიმართლეს ემსახუროს და ხალხს და არა ხელისუფლებას ან ვიწრო პოზიციას. როცა ჟურნალისტი არ ემსახურება ხალხს და სიმართლეს, ის აღარ არის უკვე ჟურნალისტი, ის არის უკვე პროპაგანდის განყოფილება, რაც სამწუხაროდ იყო მრავალი წლის განმავლობაში „რუსთავი 2“-ი თავისი დირექტორის და პირადი მესაკუთრის მიერ განსაზღვრული პოლიტიკით.

რუსთავი 2“-ის ამბების პარალელურად, უკრაინულ საიტზე ვრცელდება წამების ამსახველი კადრები, რამაც ქართულ საზოგადოებაში დიდი აგრესია გამოიწვია და ეს ნაციონალების ოფისებზე თავდასხმებშიც გამოიხატა. ვის აწყობდა ამ კადრების გავრცელება? „ნაციონალური მოძრაობახელს თქვენი ხელისუფლებისკენ იწვდის.

- როგორც ჩემთვის ცნობილია, დანაშაულის ქმდებების შემცველი ვიდეომტკიცებულება გააჩნია დაცვის მხარეს, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატებს და პროკურატურას, მტკიცებულების სახით შენახული. ეს ორი წყაროა -ან ერთმა გაავრცელა, ან მეორემ და მე აქ მკითხაობას ვერ დავიწყებ. თვითონ პროკურატურამ და პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმაც დაადასტურა, რომ პროკურატურას ეს ფირები მტკიცებულების სახით აქვს შენახული, და ეს არის არა პირადი ცხოვრების ამსახველი, არამედ დანაშაულის შემცველი მტკიცებულებები. ასე რომ, ან ერთმა გააკეთა, ან მეორემ.

შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო დაიძაბოს სიტუაცია ან რაიმე პროცესების ესკალაციას ჰქონდეს ადგილი?

- ნაციონალები ამას შეეცდებიან. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. არსებითად არავინ საუბრობს იმაზე, რა კანონით შეიძლება ეს იყოს სააკაშვილ-კეზერაშვილის ტელევიზია. როდესაც ხალვაში ამბობს, რომ წაართვეს, საინტერესოა, რა მტკიცებულებებით აქარწყლებენ მის ამ სასარჩელო მოთხოვნას?

ორი რამ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი - როგორ აღმოჩნდა სააკაშვილ-კეზერაშვილის ხელში ეს ტელევიზია და მეორე, ქიბარ ხალვაშის ბრალდებას, რომ მას ეს ტელევიზია წაართვეს, რითი აქარწყლებენ? ეს დავა არ არის სისხლის სამართლის დავა, სადაც მხოლოდ მოსარჩელე მხარეს გააჩნია მტკიცების ტვირთი, ეს არის სამოქალაქო დავა და ის იმით განსხვავდება სისხლის სამართლის დავისგან, რომ ორივე მხარეს გააჩნია მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება და ორივე მხარეს გააჩნია მოთხოვნის და კონტრმოთხოვნის დამტკიცების ვალდებულება. ხალვაში თუ აცხადებს, რომ წაართვეს და გააჩნია ამის მტკიცებულებები, ამათ უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომ არ წაურთმევიათ და გამოისყიდეს. არავინ არ დავობს იმაზე, რომ ხალვაში იყო მესაკუთრე. მან რომ უარი განაცხადა საკუთრებაზე, ეს იყო ნებით, თუ იძულებითი გამოვლინება? თუ იძულებით გამოვლინებაა, რა თქმა უნდა, სამართლმა პური უნდა ჭამოს, მაგრამ ამის იქით კიდევ არის შეკითხვა - სააკაშვილ-კეზერაშვილის ხელში როგორ და რატომ აღმოჩნდა ეს ტელევიზია. აღარც მალავენ, რომ კეზერაშვილმა ექვსი მილიონი გამოაჩინა, რომ მართვის უფლება შეესყიდა. სამიათასლარიანი ხელფასის მქონე მინისტრ კეზერაშვილს, საიდან აღმოაჩნდა ექვსი მილიონი? - ვსვამ ამ რიტორიკულ შეკითხვას.

ნებისმიერი მინისტრი ან ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც ამ ოდენობის ხელფასი აქვს, ოთხი წლის მანძილზე თუ შეაგროვებს ამ თანხას, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო. მაშ როგორ იშოვა ექვსი მილიონი დოლარი სამიათსლარიანმა მინისტრმა? სულ კაპიკ-კაპიკ რომ შეეგროვებინა, მაინც ვერ იშოვიდა. თუ მოპარული ფულის ვარაუდის საფუძველი არსებობს, რატომ არ უნდა დავუშვათ ის, რომ წილის წართმევასაც დაუშვებდნენ? შერცხვებოდათ თუ მოერიდებოდათ? მე ვუშვებ იმ ვარაუდს, რომ ფულს იპარავდნენ ყველა ერთად და ვუშვებ იმ ვარაუდსაც, რომ ტელევიზიაც წაართვეს. წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ იყიდეს ხალვაშისგან და გადაუხადეს, მაგალითად, ათი მილიონი, რატომ ვერ აკეთებენ ამას? როცა უნდოდათ ოქრუაშვილის ჩვენება საზოგადოებისთვის დაეჯერებინათ, ხომ წარმოადგინეს მისი მონანიების კადრები? როცა უნდათ იღებენ ადამიანებს და იმას ვერ გადაიღებდნენ, რომ ხალვაში მივიდა, მიყიდა თავისი წილი და ხელი ჩამოართვა? კმაყოფილი მხარების გადაღებაზე ადვილი რა არის? მსოფლიოში ყოველდღე მიდის ასეთი გარიგებები, ვიღაც ყიდის, ვიღაც ყიდულობს და ეს ჩვეულებრივი ეკონომიკის წესია. ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გაგვცენ. საიდან აღმოჩნდა სააკაშვილ-კეზერაშვილის ხელში ეს ტელევიზია გადანახული თუ მოპარული მილიონებით და სად აქვთ ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშისთვის წილები არ წაურთმევიათ.