ჯენერიკების იმედზე მყოფი სამინისტრო და მოსახლეობის ეჭვი

ჯენერიკების იმედზე მყოფი სამინისტრო და მოსახლეობის ეჭვი

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებაზე მუშაობს და ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას გეგმავს. ხალხში კი გაჩნდა მოსაზრება, რომ ჯენერიკ მედიკამენტები გაცილებით უხარისხო და ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ბრენდული წამლები. არის თუ არა ამ მხრივ პრობლემა?

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს. რამდენად იმოქმედებს გაძვირებულ მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი და ახალი რეგულაცია, ამაზე მინისტრს, დავით სერგეენკოს კონკრეტული მოსაზრება გააჩნია:

„ფარმაინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებული სფეროა. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს დარგი მიშვებულია. სწორედ, ხარისხის კონტროლის სისტემის არარსებობა გვიქმნის პრობლემას, ჩვენთვის უცნობია რა ხარისხის მედიკამენტებს იღებენ პაციენტები. ხარისხის სისტემის არარსებობა ბლოკავს სახელმწიფოს, რათა შევისყიდოთ ჯენერიკები, რადგან ხარისხის ობიექტური დადასტურება არ გაგვაჩნია“, - აცხადებს სერგეენკო.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯენერიკების შემოსვლა წამლებს მნიშვნელოვანდ გააიაფებს.
„საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ქვეყანაში ფასების მატებას ეხება, მათ შორის, წამლებზე, რომელიც მძიმე ტვირთად აწვებათ პაციენტებს და დანიშნული მკურნალობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. საჭიროა ფარმაცევტული ხარჯების რამე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია“, - აღნიშავს ჯანდაცვის მინისტრი.

სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ეს ყოველივე განხორციელდეს, აუცილებელია ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

ამ განცხადების შემდეგ მოსახლეობაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ჯენერიკები გაცილებით უხარისხო და ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ბრენდული წამლები. ისინი შიშობენ, რომ ამ ტიპის მედიკამენტების შეძენით მათ ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, რამდენადაც სიიაფე ავტომატურად ნიშნავს დაბალ ხარისხს.

ასეთი დამოკიდებულების საპასუხოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. განმარტავს, რომ ჯენერიკი არის იგივე მედიკამენტი, რაც ბრენდი, როგორც მას უწოდებენ. მისი შემადგენლობა იგივეა, რაც ბრენდის, უბრალოდ, ჯენერიკის გამოცემის უფლება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბრენდის ნაყიდ პატენტს ვადა გასდის.

„ეს არის ე.წ. პატენტის დაცვის საერთაშორისო მექანიზმი, ანუ ბრენდის ჯენერიკს ვერ აწარმოებს ვერავინ თუ მას არ გაუვა პატენტი. ერთადერთი გამონაკლისი გაკეთდა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც შიდსის მედიკამენტებზე დაუშვეს ჯენერიკები. ამდენად, კარგი ჯენერიკი, რომელიც შესაბამის ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლს გადის, იგივე მოქმედებისაა, როგორც ბრენდული პრეპარატი“, - განმარტავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში შესაბამისი ხარისხის კონტროლის სამსახურის შექმნა, რათა არსებული პრობლემა მოგვარდეს.

„ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ რეცეპტის გამოწერისას იწერება სწორედ ჯენერიკი მედიკამენტები. ამიტომ ამ პროექტზე სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გარკვეული სტრატეგია დაიდება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

რაც შეეხება ზოგადად მედიკამენტების ფასს, სახელმწფიო მოხელეები თვლიან, რომ წამალი არც ერთ ქვეყანაში არ არის და ვერ იქნება იაფი. ცნობილია, რომ ერთი ახალი წამლის შექმნა დაახლოებით მილიარდი დოლარი ჯდება და მას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი - 8-14 წელი.

„პრობლემა სხვა მიმართულებით უნდა დარეგულირდეს. სისტემა უნდა იყოს გამართული და კონტროლირებადი, რომლის ჩამოყალიბებაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს. წამლის ყიდვაზე გაწეული დანახარჯი მოქალაქისთვის არ იყოს კატასტროფული, ანუ ხალხი უნდა იყოს მსყიდველუნარიანი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.