"მე არ ვიცავ თამაზ ურთმელიძეს... თქვენი მიზანია სამართალწარმოება აიცილოთ თავიდან“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის სარჩელზე, სასამართლო სხდომა, ჩვეულ რეჟიმში, მოსამართლის აცილების შუამდგომობით განახლდა, ამ საყოველთაოდ ცნობილ შუამდგომლობას დღეს კიდევ ერთი შუამდგომლობა დაემატა, პროცესისი გადადება. „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა პროცესის გადადების მიზეზად პროკურატურის მიერ, ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე, გამოძების დაწყება დაასახელა.

თუმცა, სასამართლოზე ადვოკატებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში, ისინი მონაწილეობას იღებენ, რის გამოც მოსამართლემ პროცესის გადადების შესახებ „რუსთავი 2“- ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აქვე საინტერესოა ერთი გარემოება, რომ გვარამიამ პროკურატურაში დაგვიანებით გამოცხადება იმით ახსნა, რომ მისი ადვოკატი საქართველოში არ იმყოფებოდა და ამ ხნის მანძილზე ის ადვოკატის ძიებაში იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლო პროცესი ისევ ხმაურით დაიწყო. ამის მიზეზი კი, მოსამართლის ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს სასამართლო სხდომის ოფისში სიგნალის მეშვეობით ჩაწერის უფლება არ მისცა. სასამართლოში ტელეკომპანიამ წარადგინა განცხადება, რომ მოხდეს სპეციალური სიგნალით პროცესის ტელეკომპანიაში ჩაწერა, რომელიც არ გავა პირდაპირ ეთერში.

თამაზ ურთმელიძის თქმით კი, ამ უფლებას ვერ მისცემს ტელეკომპანიის ოპერატორს, რადგან წინა სხდომაზე დაუშვა ეს უფლება და მოხდა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. მოსამართლის ამ შენიშვნას ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, ნათია ტრაპაიძემ უპასუხა, რომ პირდაპირი ტრანსლირება არ მომხდარა და ეთერში გავიდა ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟდა.

რაზეც თამაზ ურთმელიძემ მას განუმარტა, რომ არ მიუცია მისთვის პოზიციის დაფიქსირების უფლება და მოსამართლის განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება შეუძლიათ. მოსამართლე ტელეკომპანიის ოპერატორს დაპირდა, რომ პროცესის ჩაწერისას მეხსიერების ბარათის და კვების წყაროს შეცვლაში მანდატურის სამსახური დაეხმარებოდა.

გადრა ამისა, ხმაურის მიზეზი გახდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, - „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ურთმელიძემ წინა პროცესიდან გააძევა, არც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაუშვა.

დაცვის მხარის განცხადებაზე რა გახდა ამის მიზეზი, მოსამართლემ უპასუხა: „გვარამია ვერ შემოვა სხდომაზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და შეგიძლიათ გაასაჩივროთ“.

ამის შემდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას სასამართლო დარბაზში აჩვენეს „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელი სატელევიზიო განცხადება. სასამართლომ დაუშვა დისკი, სადაც აღნიშნულია ჩაწერილი. დისკის დაშვების შუამდგომლობას არც ქიბარ ხალვაშის მხარე შეეწინააღმდეგა. ასევე აჩვენეს ტელეკომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლის მისვლის ამსახველი მასალა, სადაც იგი გვარამიას პროკურატურაში იბარებს.

წარდგენილი მასალის საფუძველზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გვარამიას, რომელიც წინა პროცესიდან გააძევეს, მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება. ასევე იურისტებმა მოსამართლეს განუმარტეს, რომ „რუსთავი 2“- ის დირექტორზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება.

გვარამიას პროცესზე დაშვების აუცილებლობას ვერ ხედავდა მოსარჩელე მხარე. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განმარტებით, გვარამიას 2 ადვოკატი იცავს და მისი დასწრების აუცილებლობა არ არსებობს.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადებით, გვარამიამ მოსამართლეს უვიცი უწოდა და შოუ დადგა. მისი თქმით, პროცესზე არ არის აუცილებელი გვარამიას დასწრება. „მისი მხრიდან გრძელდება სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფა“ - აღნიშნა მოსამართლემ და სწორედ ამ მოტივით გაძევებული გვარამიას სასამართლო პროცესზე დაშვებაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ მოპასუხე მხარემ ისევ დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. ამჯერად შუამდგომლობა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე დააყენა, სადაც საუბარია ურთმელიძის უკანონო გარიგებაზე „თელასის“ იურიდიული სამსახურის უფროსთან. სიუჟეტი სასამართლოს დარბაზშიც აჩვენეს. გარდა ამისა, ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ურთმელიძე იხილავს დავებს კომერციული ბანკების საქმეზე, რომელთანაც თავად აქვს ფინანსური ურთიერთობა. ადვოკატების განცხადებით, ეს ყოველივე იძლევა მოსამართლის აცილების საფუძველს.

მოსარჩელე მხარე შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, ხალვაშმა თავისი საკუთრების დაცვის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.

„იგი იძულებითი გარიგების გზით ჩამორთმეული წილების დაბრუნებას ითხოვს, რაზეც „რუსთავი 2“- ის მენეჯმენტის მხრიდან თავიდანვე დაიწყო განცხადებები, რომ მოსამართლე მიკერძოებულია, თუმცა მას არც ერთი დასაბუთებული შუამდგომლობა არ დაუყენებია. სიუჟეტი, რომელშიც ჩანს მოწინააღმდეგე მხარის სურვილი და მოსაზრება, არ არის აცილების საფუძველი. მე არ ვიცავ თამაზ ურთმელიძეს. ჩემთვის სულ ერთია, ვინ იჯდება აქ მანტიაში. თქვენი მიზანია სამართალწარმოება აიცილოთ თავიდან“, - მიმართა პაატა სალიამ მოპასუხე მხარეს.

მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ სიუჟეტები, რომელიც აჩვენეს, მიკერძოებულია. მისივე თქმით, მოსამართლეს უფლება არ აქვს, ჩაერთოს პოლემიკაში საზოგადოებვრივი ბრალდების ირგვლივ.

„თუ არ დასტურდება და მაღალი ალბათობა არ არსებობს ბრალდებისა, არ უნდა ქვეყნდებოდეს მოსამართლის ავტორიტეტის შემლახავი მასალები“, - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.

თვითაცილების შუამდგომლის არდაკმაყოფილების შემდეგ, ხალვაშის მოპასუხემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, კერძოდ - საქმეში იმ უცხოური კომპანიების ჩართვა, რომლებისგანაც ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის წილები იყიდეს. საქმე ეხება ბრიტანეთსა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს.

ადვოკატების მტკიცებით, თუ ქიბარ ხალვაშის სარჩელი დაკმაყოფილდება, ყარამანიშვილები დაზარალდებიან და მათ რომ მიეცეთ ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა, საქმეში აღნიშნული უცხოური კომპანიები უნდა ჩაერთონ, რათა „რუსთავი 2“-ს მფლობელებს ზარალის მითხოვნისა და წილებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მითხოვნის საშუალება მიეცეთ.

ეს შუამდგომლობა გააპროტესტეს ხალვაშის ადვოკატებმა. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა პროცესის გაჭიანურების და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა დღესვე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენს. კერძოდ, „რუსთავი 2“ ითხოვს ხალვაშის მიერ ყადაღის შემდეგ მიყენებული ზიანის, 700 000 დოლარის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანას. ძმები ყარამანიშვილები კი ზიანის სახით მიყენებული 400 000 დოლარის შეტანას ითხოვენ იგივე ანგარიშზე. ადვოკატების განცხადებით, ამ თანხით სარგებლობა ახლა არ მოხდება. დავის მათ სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში ეს იქნება გარანტი, რომ მათ მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ.

მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე საპასუხოდ მოსარჩელეებმა დრო ითხოვეს რათა ჩამოყალიბდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ოდენობის ზიანი რეალობას არ შეესაბამება. ქიბარ ხალვაშის ადვოკატები აღნიშნულ შუამდგომლობას ორშაბათს უპასუხებენ. მოსამართლის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, ორშაბათს გახდება ცნობილი.

პროცესი ორშაბათს 10:00 საათზე განახლდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მიმოიხილა როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი, რითაც ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულდა. საქმის მოცულობიდან გამომდინარე, უცნობია როდის გახდება თამაზ ურთმელიძის საბოლოო გადაწყვეტილება.