ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში ორი პოლიტიკური დაპირისპირებული ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ გარდა, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთნენ. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა უკრაინულ პორტალზე პატიმართა წამების კადრების გამოქვეყნებამ, რომელმაც დაპირისპირება გაზარდა ყოფილ და ახალი ხელისუფლების მომხრეებს შორის. საზოგადოების ნაწილი ყოფილი ხელისუფლების დასჯას და „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას ითხოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის მოთხოვნას ტელეკომპანიის დაბრუნების შესახებ და მიმდინარე სასამართლო პროცესს, „რუსთავი2“-ის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევენ.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი“ სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებობს ორი „რუსთავი 2“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე და პოლიტპატიმარი და ნიჭიერ ჟურნალისტთა და პროდიუსერთა მედია-ობიექტივი. ყოფილი ხელისუფლება კი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.
„ეს ფაქტი დიდი განსჯას არ საჭიროებს. თავისთავად, ვართ მოწმენი ორი „რუსთავი 2“-ის არსებობისა. პირველი გახლავთ ნიჭიერი ჟურნალისტების, პროდიუსერების და სხვა პროფესიების მქონე პირთა მიერ სახელმოხვეჭილი მედია-ობიექტი და არსებობს მეორე „რუსთავი 2“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე, პოლიტმატიმარი. სწორედ ამ მეორე „რუსთავი 2“ -ის ზეწოლა ხდება პირველ „რუსთავი 2“-ზე. ცხადია, ახლა გამიჯვნა ცალკეული სუბიექტების ამ ორ „რუსთავი 2“-ად არ ხდება, რადგან ემოცია ბატონობს პრაგმატულობაზე, მაგრამ ეს არ გახლავთ დაუსრულებლი პროცესი“, - აცხადებს ექსპერტი For.ge-სთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება, თუმცა მეორე „რუსთავი 2“ ვერ გახდება საზოგადოების ფავორიტი.
„ადრე თუ გვიან, ყველაფერი დასრულდება, საზოგადოება დადგება ჩემს მიერ კლასიფიცირებულ პირველი „რუსთავი 2“-ის მხარეს და ეს იქნება მხარდაჭერა, მაგრამ მეორე „რუსთავი 2“, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე, ვერ გახდება საზოგადოების ფავორიტი. „ნაციონალური მოძროაბა“ კი მუდმივად იქნება ასეთი ქვეყნის შემაშფოთებელი აქციების ინკუბატორი“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „რუსთავი 2“-თან და წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებამ არაერთგვაროვნად შეაფასა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ პრემიერ მინისტრის აღსარება გარკვეული თვითილუსტრაციის მანიშნებელია და ხელისუფლებას ურჩევდა ყოლოდა პრესმდივანი, რომელიც პრემიერის ნაცვლად გააკეთებდა განცხადებებს.
„აღსარება მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჩემთვის მიმანიშნებელია გარკვეული თვითლუსტრაციისაა, რაც მიმაჩნდა ცილისწამებად „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებისგან და გული მწყდება. არ ვიცოდი, რომ გამოხატვის თავისუფლება ნიშნავდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციათა შენობებზე წითელ საღებავებს. სახეზეა არა მხოლოდ მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ინტერესი, არამედ საკუთარი ინიციატივით დაწყებულ ბრძოლაში მოუმზადებლობა. ვერა და ვერ მივიღეთ ისეთი მთავრობა, რომელიც დაფიქრდებოდა, ცოტას გადაამეტებდა ბიუჯეტს და იყოლიებდა პრეს-მდივანს. ერთია, პრეს-მდივნისგან გაჟღერებული ნაკლებად სანდო ინფორმაცია და ნამდვილად სირცხვილია, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს პრემიერ მინისტრი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი“ დარწმუნებულია, რომ „პოლიტიკურად გამოუცდელი“ პრემიერ მინისტრის დღეს გაკეთებული გამონათქვამებით აღჭურვილი ტექსტი უკვე ნათარგმნია ინგლისურ ენაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგზავნილია სხავადასხვა კონტინენტზე, ეს ყველაფერი კი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხის წინაშე აყენებს.
„ზოგის მიზანი ეს არის კიდეც. ვგულისხმობ სულ უფრო მეტ საფრთხეს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების აღსრულებისას. ეს მიმდინარე პროცესები მიმაჩნია მხოლოდ ნაციონალურ-მავნებელური პოლიტიკის გამზიარებელთა ქმედებად. დიახ, მათი მხრიდან მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება მსოფლიოში, საქართველოში არსებულ დღევანდელ ვითრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ, მათი პარტნიორები აღმოჩნდნენ პარტია „ქართულ ოცნებაშიც“. წარმოიდგინეთ რა რეაგირება მოჰყვება ამას“, - აღნიშნავს ექსპერტი.
„ჩვენგან ვერ დააფასეს ადამიანური მოპყრობა. დიახ, ჩვენ 2 წლის წინ ისინი დავიცავით, კიდევ ერთხელ გამოვიჩინეთ ადამიანურობა, მაგრამ მათ ეს არ ესმით“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ყოფილი ხელისუფლების მისამართით. სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა - დასჯილიყო დამნაშავე ხელისუფლება, რომ აღესრულებინა დღევანდელ ხელისუფლებას და „კოჰაბიტაციის რეჟიმში“ არ შესულიყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა.
„ასეთი პროცესი 2012 წლის დამლევს რომ განვითრებულიყო ქვეყანაში, სრულიად სხვა შედეგს მივიღებდით. 2013 წელი დაკარგულ იქნა მახინჯი კოჰაბიტაციის რეჟიმის სადიდებლად, რასაც ცხადია, შედეგი არ მოუტანია. 2013 წელი ბატონმა ივანიშვილმა ფაქტიურად, ლაშა ნაცვლიშვილის ადვოკატირების პრიორიტეტობით გაატარა. რის გამოც დაიწყო უსამართლო ქმედებები სამართლდამცავ ორგანოებში, როცა არ იყო პრემიერ მინისტრის სამართლიანი რეაგირება. ეს უსამართლობა დამკვიდრდა და დღეს მთელი ქართული მართლმსაჯულება ჩამოკიდებულია მოსამართლე ურთმელიძის განწყობაზე, რაც ასევე დიდი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსი“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
რაც შეეხება პროცესების ექსკალაციებს, ექსპერტი თვლის, რომ დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი მოვლენებიც იმას მეტყველებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მაღლა აყენებს სურვილს და ოცნებას დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
„ისინი ცდილობენ დაიბრუნონ ყველა სავარძელი საქართველოში, ვიდრე ავლენდნენ რაიმე რეალურ ნებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ამჟამად გაწევრიანებისა. ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ ვრცელდება საზღვარგარეთ, ვნებს არა მარტო დღევანდელ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოს“, -აღნიშნავს ექსპერტი.