„ისლამისტები რუსეთში საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით შეაღწევენ“

„ისლამისტები რუსეთში საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით შეაღწევენ“

მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთს და ამერიკას „წმინდა ომი“ გამოუცხადა, ორივე სახელმწიფომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაიწყო, ამერიკა კი სამხედრო შენაერთებს ავღანეთში ყოფნის ვადას 2016 წლის შემდეგაც გაუგრძელებს. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთში გამართულ დსთ-ს ქვეყნების შეხვედრაზე განცხადება გააკეთა, რომ ისლამისტი ბოევიკები ცენტრალური აზიიდან შეეცდებიან რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრას.

რუსული მედია კი ახალ მარშრუტს ვარაუდობს- საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით. ამის შესახებ რუსული გამოცემა Лента.ру წერს. ვრცელ სტატიაში გამოცემა კავკასიიდან, კერძოდ კი პანკისის ხეობიდნ აზერბაიჯანიდან სირიაში წასული მებრძოლების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მდგომარეობა კავკასიაში დაიძაბება.

„სირიიდან საქართველოსა და აზერბაიჯანში ბოევიკების დაბრუნების შემთხვევაში, კავკასიაში სიტუაცია მკვეთრად გართულდება. რადიკალებისთვის გზის სრულად გადაკეტვა შეუძლებელი იქნება, თუმცა დღეს „ისლამური რესპუბლიკისთვის“ რეგიონი არა სამხედრო ექსპანსიის, არამედ ახალბედა მებრძლების შევსების წყარო უფროა.

სირიის კონფლიქტიდან მათი გამოსვლა ახლა ფორმირდება, თუმცა შუა აზიის მარშრუტის გარდა, კავკასიის მიმართულებით მარშრუტიც აუცილებლად დაიგეგმება. ჩეჩნეთის ომის დროს, პანკისის ხეობა ერთხელ უკვე იყო ექსტრემისტების თავშესაფარი, მეზობელ აზერბაიჯანში კი რელიგიური რადიკალების რიცხვი სწრაფად იზრდება“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ სირიიდან დაბრუნებული ბოევიკები, არა მარტო რეგიონის სტაბილურობას, არამედ რუსეთსაც შეუქმნის პრობლემებსაც.

როგორც ჩანს, რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უკვე დაიწყო, რადგან რამზან კადიროვმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ტერორისტული ჯგუფების ჩეჩნეთში გადასვლასთან დაკავშირებით, საზღვრების უსაფრთხოებას აძლიერებს და პირობა დადო, რომ ტერორისტებს ადგილზე გაანადგურებს, თუ ისინი რესპუბლიკის ტერიოტორიაზე გამოჩნდებიან.

კადიროვი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, სულაც არ უკავშირდება სირიიდან ბოევიკების შესაძლო გადმოსვლას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.

„ეს ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ იძულებულნი გავხდით გაგვეძლიერებინა საგზაო პატრულირების მუშაობა ავარიების და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით.

ვერ ვიგებ, რატომ იჯერებენ ადმიანები მსგავს ხმებს. ჩვენ ყველგან ვეძებთ და ვერ ვპოულობთ ამ „შაითანებს“. თუ ისინი შემოვიდნენ რესპუბლიკაში, ჩვენ მათ ადგილზე გავანადგურებთ და ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იქნებოდა, მათთან კი, ვინც ასეთ ხმებს ავრცელებს, ახსნა-განმარტებითი სამუშაო უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა კადიროვმა.

ამ დროს კი მსოფლიოს მედიის ყურადღება მოსკოვში პუტინის და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის შეხვედრისკენაა მიმართული. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა შესაძლოა დასავლეთის მიერ სანქციების შემცირების სანაცვლოდ, ასადი გადადგომაზე დაითანხმოს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის ოფიციალური განმარტებით, მხარეებმა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის გზები, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დეტალები და ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები განიხილეს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა ბაშარ ასადის მომავალი, პრეს-მდივანმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

პუტინის განმარტებით, მოსკოვი არ დაუშვებს იმას, რომ სირიაში საბრძოლო გამოცდილება მიღებული ბოევიკები, რუსეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ.

„საერთაშორისო ტერორიზმის მცდელობა, თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანის ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია და რაიონში დესტაბილიზაცია შექმნას, ბევრი ქვეყნის კანონიერ შეშფოთებას იწვევს. ეს გვაწუხებს ჩვენ, რუსეთსაც. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ სირიაში იარაღით ხელში ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან გასული, დაახლოებით 4000-მდე მებრძოლი იბრძვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ტერორისტების წინააღდეგ ბრძოლაში საკუთრი წვლილის შეტანას.