„ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ განხილვებს მწვანე შუქი აენთოს“

„ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ განხილვებს მწვანე შუქი აენთოს“

ქართული მხარე ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე აპელირებს და ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების მოლოდინშია, საქართველოს ევროპულ მომავალს კი, გარკვეულწილად, 15 დეკემბერი განსაზღვრავს.

საქართველოში ევროკავშირის შემფასებელი მისია სექტემბერში ჩამოვიდა და ევროკომისიის მიერ ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შეფასება წერილობითი ანგარიშის საფუძველზე მოხდება და დოკუმენტი 15 დეკემბერს გასაჯაროვდება, რის შემდეგაც, ევროკომისია საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს.

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ კოლოსალური სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა შესრულებული ყოფილიყო. შესაბამისად, ხელისუფლება ელის, რომ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ განხილვებს მწვანე შუქი აენთება.

მსგავსი განწყობა აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიგი გიგიაძეს, რომელიც for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ 15 დეკემბერს, ტექნიკური პროცესი დასრულდება, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ მსჯელობა დაიწყოს და მთელი პროცესი პოლიტიკური განზომილებაში დამთავრდეს.

მისი თქმით, მესამე ანგარიშით წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ მაქსიმალური ძალისხმევა განახორციელა. შესაბამისად, ტექნიკური მახასიათებლების შესრულების კუთხით, არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„ყველა მოთხოვნა სრულიად ზედმიწევნით შევასრულეთ. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის მხრიდან დანახული იქნება. ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმა წარმოდგენილი იყო, რომელიც საქართველოს უნდა დაეკმაყოფილებინა. ამ სამუშაო დავალების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირობა იყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ დაყოვნდებოდა. სწორედ იმის იმედი გვაქვს, რომ ტექნიკური სამუშაოს შესრულების გამო, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ დააყოვნებს და ამ პროცესზე სხვა ფაქტორების გავლენა არ იქნება. ტექნიკურ პროცესში პოლიტიკური კომპონენტი გამორიცხული იყო“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გიგიაძე ვერ აკონკრეტებს, საქართველოს უვიზო მომოსვლის მიცემა როდის მოხდება, მაგრამ ის განმარტავს, რომ ეს პროცესი არანაირ სამიტებს არ უკავშირდება.

„ევროკომისიის საბოლოო რეკომენდაციისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციაში შეტანილი იქნება - N539/2001 ცვლილება და საქართველოს მოქალაქებისათვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ამჟამად, ევროკავშირში შექმნილი მიგრაციული კრიზისის გამო, არსებული პოლიტიკური ფონი საკმაოდ არახელსაყრელია, თუმცა, ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ეს მოვლენები საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე ზეგავლენას არ იქონიებს“, - დასძენს გიგიაძე, რომლის მსგავსად, ოპტიმისტურად განწყობილია შერიგებისა და სამოქალაქო ინტერგაციის მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

for.ge-სთან საუბარში ციხელაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ევროკავშირის წინაშე სამუშაო დავალება უკვე შეასრულა. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ კოლოსალური სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა შესრულებული ყოფილიყო.

„ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ შემფასებელი მისიის დასკვნა დადებითი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ განხილვებს მწვანე შუქი აენთება. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი თანამშრომლობის დინამიკიდან გამომდინარე, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ციხელაშვილი საკითხზე საუბრისას აქცენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს და ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა არის ინსტრუმენტი სამშვიდობო პროცესის კარგად წარმართვისთვის და ნდობის მოსაპოვებლად.

„უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საქართველოს პასპორტების მიმართ ინტერესს გაზრდის. ასეთი რაღაც მოლდოვის შემთხვევაში უკვე მოხდა, თუმცა, ეს ექსკლუზივი არ არის. როცა კვიპროსზე იყო საუბარი, კონფლიქტის მოგვარების დინამიკაში ვიზა-ლიბერალიზაციამ გარდამტეხი როლი შეასრულა. ვიზა-ლიბერალიზაცია მიზიდულობის ძალას გაზრდის, როცა ამ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსია ხდება. თუკი ვინმეს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის ან იდენტობის დაცვის ილუზია ჰქონდა, ნათელი უნდა გახდეს, რომ რუსული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ინტერესების დაცვაზე არ არის მიმართული. ისინი იდენტობის დაცვას ვერ შეძლებენ“, - აღნიშნავს ციხელაშვილი.

მინისტრის მოადგილის მოსაზრებით, ევროპაში საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს, რაც პოლიტიკურ კონიუნქტიურაზე მოქმედებს.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები ევროკავშირში გვჭირდება, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოდან და იმედი მაქვს, რომ ობიექტური პირობები გადამწყვეტ როლს ითამაშებს. მიგრანტების პრობლემა პირდაპირი კავშირი არ აქვს იმასთან, საქართველოს უნდა მიეცეს თუ არ მიეცეს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა. კარგი და წარმატებული პარტნიორები ვართ, საშინაო დავალება შევასრულეთ და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს შეეხება“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ციხელაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემა იმ ტვირთს მოხსნის, რომელიც მოქალაქეებს აქვთ.

„ეს ადამიანები წვიმასა და ქარში, საათობით რიგებში დგანან და ზოგჯერ, მათ ვიზაზე გაურკვეველი მიზეზებით უარს ეუბნებიან. ის ნაკადების ნაწილი, რომლის შეჩერებაც ევროპას სურს, ევროკავშირში მაინც არის. ამასთანავე, სახელმწიფო იმ ვალდებულებით იტვირთება, რომ საფრთხეების პრევენცია მოახდინოს“, - დასძენს ციხელაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი.

დეპუტატს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების მოლოდინი აქვს, მაგრამ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის ხელშეშლაში ადანაშაულებს.

 „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ უცხოეთში ამ პროცესს ხელი შეუშალოს. თითქოს, საქართველო ამას არ იმსახურებს. ისინი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვიან, რადგან მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს დიპლომატიური პასპორტები ისედაც აქვთ და ისინი ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ. მათი მოღვაწეობა გამაოგნებელია, რადგან მათი ქმედებები მიმართულია ხალხის წინააღმდეგ“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის კრიტიკას საკუთარ თავზე არ იღებს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

როგორც for.ge-ს ჩიქოვანმა განუცხადა, როცა ხელისუფლება ასეთ რაღაცაზე საუბრობს, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს -

„თავისუფალი დემოკრატების“ არც ერთი წევრი არასოდეს, არსად სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ არ საუბრობდა. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებზე იყო დაფუძნებული. ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ“, - დასძინა ჩიქოვანმა.