„მოსკოვის პროსპექტისთვის სახელის გადარქმევა შედეგზე გათვლილი არ იქნებოდა“

„მოსკოვის პროსპექტისთვის სახელის გადარქმევა შედეგზე გათვლილი არ იქნებოდა“

თბილისის საკრებულომ მოსკოვის პროსპექტისთვის სახელის გადარქმევაზე უარი განაცხადა. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აფხაზეთიდან დევნილმა „უპარტიოთა მოძრაობის“ დამფუძნებელმა მამუკა გვაძაბიამ დედაქალაქის თვითმმართველობითი ორგანოსგან მოსკოვის პროსპექტისთვის სახელის შეცვლა და მისთვის აფხაზეთის დარქმევა მოითხოვა.

გვაძაბია ალოგიკურად და შეურაცხმყოფელად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული სახელმწიფოს დედაქალაქის, ანუ თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია დღემდე ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის-მოსკოვის სახელს ატარებდა.

გვაძაბიას მიმართვას თბილისის საკრებულომ უარით უპასუხა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ცვლილების განსახორციელებლად საჭირო რესურსების ხარჯვა დასახელდა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოებს დააწვებოდა და გამზირზე მცხოვრებთათვის დამატებით ფინანსურ დანახარჯებს გამოიწვევდა.

„ნაცმოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, მაშინ, როცა საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოდან დევნილი და ნოსტალგიით დაღუპული ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი ჩამოართვეს ქუჩას და მიანიჭეს ბერი გაბრიელ სალოსის სახელი, ნუთუ სახელის გადარქმევა მაშინ არ იწვევდა ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვას?

სევდია უგრეხელიძე აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქის განცხადებას ლეგიტიმურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თავის დროზე დამპყრობელი ქვეყნის დედაქალაქის სახელი იმიტომ დაერქვა მოსკოვის პროსპექტს, რომ იმ პერიოდში რუსებს მთელი საქართველო ჰყავდათ დაპყრობილი, ახლა კი ქვეყნის 20% მიითვისეს.

„ქაქუცას სახელი გადააგდეს იმ ესტაკადაზე, რომელიც ახლა დატბორილია და წყალს აქვს წაღებული. საერთო პოლიტიკის ნაწილია, რომ ეროვნული გმირების სახელები მიიჩქმალოს. ამით მიეფარისევლნენ საპატრიარქოს, ხოლო თვითონ საპატრიარქომ ბერი გაბრიელის მიმართ რა პროცედურებიც ჩაატარა, ეს სხვა თემაა. კარგია, წმინდანად რომ შერაცხეს, მაგრამ შეეძლოთ, სხვებიც შეერაცხათ წმინდანებად, რომლებიც წამებულის სიკვდილით მოკვდნენ და, რომლებმაც რწმენა გაავრცელეს საქართველოში - ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. მათ ხალხი ბევრად ადრე მიიყვანეს ეკლესიაში. ბერ გაბრიელს პირადად ვიცნობდი, ბავშვები დამყავდა, იქ გალობდნენ. თვითონ ცოცხალი რომ იყოს, მისი სახელით სპეკულირებას არ დაუშვებდა. ბერი გაბრიელი მუდმივად დევნაში იყო თავისი შეხედულებების გამო ეკლესიის მიმართ, თუ ეროვნული საკითხების მიმართ. ბერი გაბრიელის სულიერი ცხოვრების არსი ვინც იცის, ასეთ შეურაცხყოფას არ მიაყენებდა მას, როგორც ნამდვილ სალოსს. ეს იყო ფარისევლობა, სპეკულაცია, ძალდატანებით შეაგროვებინეს ზოგიერთ ადამიანს (ყველას, ალბათ, არა) ხელმოწერები. ამ დროს კი ჩვენ ვამბობდით, რომ სწორედ მოსკოვის გამზირს უნდა ეწოდოს ბერი გაბრიელის სახელი, რადგან ის იყო ეროვნული ადამიანი, ზვიად გამსახურდიას იდეების მომხრე, ანტიოკუპანტი, ეკლესიის ზოგიერთი მოღვაწის ფარისევლური გამოვლინების მოწინააღმდეგე“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე და მიიჩნევს, რომ მოსკოვის სახელის დატოვებას იმ შემთხვევაში გაიგებდა, თუკი ასეთ დიპლომატიას რაიმე კეთილი შედეგი მოჰყვებოდა რუსეთთან ურთიერთობაში.

შეკითხვაზე, ხელისუფლებაში ყოფნისას ნაციონალებმა თავად რატომ არ გადაარქვეს მოსკოვის პროსპექტს სახელი, სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ მათ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას აბრალებდნენ და სწორედ ეს გამწვავება რომ არ მომხდარიყო, ისინი არ შეხებიან ამ სახელს, შეინარჩუნეს მსგავსი სახელები, თუ ისინი არ ეკუთვნოდა სისხლისმელ კგბ-შნიკებს, როგორიც იყო დერჟინსკი და სხვები.

„ვფიქრობ, მოსკოვის პროსპექტის სახელის გადარქმევა მხოლოდ ერთი ადამიანის ხმა არ არის. ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს მოვხსენით პუშკინის, გრიბოედოვის ძეგლები, მაგრამ ასე არ მომხდარა, გრიბოედოვის სახელიც არ არის გადარქმეული გრიბოედოვის ქუჩისთვის, თუმცა გრიბოედივი დიდი ანტიქართველი იყო“.

დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, როგორი ფართომასშტაბიანიც არ უნდა ყოფილიყო 2008 წლის აგრესია, შეუძლებელია, ხალხთა შორის ურთიერთობები პოლიტიკური კონტექსტით გავმსჭვალოთ და ამის გამო გადავარქვათ სახელი პროსპექტს. ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნებოდა. მით უფრო, რომ თვითონ რუსეთშიც არსებობს „ბალშაია გრუზინსკაია ულიცა“, „პლოშჩად გრუზიი“ და „მალაია გრუზინსკაია ულიცა“.

„პოლიტიკოსების გადაწყვეტილება ხალხთა კულტურულ, ადამიანურ ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს. ყველაზე ნაკლებად ნაცმოძრაობის აზრი მაინტერესებს. მათ რაც გააფუჭეს, ისიც საკმარისია მათი აზრის შესაფასებლად. არ გვინდოდა, ემოციურ დონეზე მიგვეღო გადაწყვეტილება. მართლმადიდებლობიდან გამომდინარე, ბოროტებას ბოროტებით არ უნდა ვუპასუხოთ. ეს შედეგზე გათვლილი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მოსკოვის პოლიტიკურ გუნდს, რომელიც საქართველოს მიმართ აგრესიას ახორციელებს, ნაკლებად აინტერესებს ჩვენს დედაქალაქში იქნება თუ არა მოსკოვის გამზირი. დედაქალაქის სწრაფი ტემპით ურბანულმა განვითარებამ უამრავი ახალი ქუჩა წარმოშვა, ზოგიერთი ქუჩა არ არის ახალი, მაგრამ მისი შესახვევი იმდენად ვითარდება, რომ ხანდახან თავად იქცევა ხოლმე დედაქუჩად. ზოგჯერ კომუნისტური ნომენკლატურის სახელების ჩანაცვლებას ვცდილობთ, თუმცა დასაბუთებულად უნდა მოხდეს ამა თუ იმ ქუჩის სახელის გადარქმევა. ძირითადად, უსახელო ქუჩის სახელდებას ვახდენთ და სახელების გადარქმევაზე არ ვართ ორიენტირებულნი“, - აღნიშნა ლია ჯახველაძემ.