ქიბარ ხალვაში: ყველა, მინუს ერთი

ქიბარ ხალვაში: ყველა, მინუს ერთი

მივმართავ „რუსთავი 2“ –ის უკლებლივ ყველა თანმშრომელს.

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მართლაც შესტკივა გული თავისუფალ სიტყვაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. სწორედ ამიტომ მოგმართავთ და კიდევ ერთხელ  გავიმეორებ, –  „რუსთავი 2“–ის  დაბრუნებასთან დაკავშირებულ დავაში ჩემი გამარჯვება იქნება სწორედ  გარანტია იმისა, რომ  ჩვენი არხი გახდება მიუკერძოებელი მედია-საშუალება და დაიბრუნებს საზოგადოების მხრიდან პატივისცემას.

ტელევიზიის სამართლებრივი გზით დაბრუნების მჯეროდა მაშინ, როცა ამაზე ფიქრიც კი აკრძალული იყო. მჯეროდა მაშინაც, როდესაც ნაციონალური მოძრაობის  ნებაზე მთლიანად დამოკიდებულ სასამართლოში და პროკურატურაში ვცდილობდი ჩემი სიმართლის დამტკიცებას.

გპირდებით, ყველას, –  ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, ტექნიკურ მუშაკებს, ყველას – ტელეკომპანიაში თქვენი მუშაობა გახდება თავისუფალი ნებისმიერი სახის ზეწოლისგან, კომფორტული, დაცული და დაფასებული. თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა დაემყარება მხოლოდ თქვენსავე პროფესიონალიზმს და ჟურნალისტური ეთიკისადმი თქვენს ერთგულებას.

არხი გათავისუფლდება პოლიტიკური ძალების დიქტატისგან და გახდება მაქსიმალურად პლურალისტური. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ დავუშვებ იმას, რომ  გვარამია–სააკაშვილის ტანდემმა „რუსთავი2“  გააკოტროს და არხის 800–ზე მეტი თანამშრომელი აღებული კრედიტების პირისპირ, ულუკმაპუროდ დატოვოს. არ დავუშვებ, ადამიანები, რომლებიც უნდა ემსახურონ თავისუფალი სიტყვის დაცვას ქუჩაში გამოყაროს ვინმემ.

ვაცხადებ ღიად, ვაცხადებ საჯაროდ! არხის ნებისმიერ თანამშრომელი, რომელიც თვლის, რომ მისი უპირველესი მოვალეობა არა პარტიული დავალებებისადმი, არამედ პროფესიონალურად და ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი სიტყვის ერთგულებაა, უმუშევარი არ დარჩება და არ დაკარგავს სამსახურს!

დღეს "რუსთავი 2" არის „ნაციონალური მოძრაობის“ მარწუხებში მოქცეული და  იმართება პოლიტიკური დაკვეთებით. ამ პროცესს ხელმძღვანელობს გვარამია,  რომელმაც სააკაშვილთან,  ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, ახალაიებთან და კიდევ სხვებთან ერთად შექმნა სისტემა, რომელმაც ქვეყანა დესპოტიზმის ჩიხში შეიყვანა.

ერთადერთი, ვისაც ზემოთქმულს არ დავპირდები, ეს სწორედ ტელეკომპანიის  ამჟამინდელი გენერალური დირექტორი და მისი პრინციპების გამზიარებლები არიან.   ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიის გამტარებლები ვერ იქნებიან იმ ორგანიზაციის  ხელმძღვანელები,  რომელსაც პრეტენზია აქვს თავისუფალ სიტყვაზე და მიუკერძოებლობაზე.

ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა, როცა მედია–პლურალიზმზე საუბრობს და ყელყელაობს ადამიანი, რომელმაც ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, „იმედის“ სასტიკ დარბევას მხარი დაუჭირა. ის კეზერაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა საკუთრების უმოწყალო დარბევას, გადაწვას, ოჯახის წევრების მძევლად აყვანას, ტერორს და განუკითხაობას, ათასობით ქართველის უკანონო დევნას.

სწორედ ამიტომ და თუნდაც, მხოლოდ ამიტომ კოლექტიურ გვარამიას არაფერს დავპირდები და არაფრის გარანტიას არ მივცემ! 

ვამბობ ცხადად და გასაგებად, – არხი არ დაიხურება, სამსახურს არავინ დაკარგავს. ტელევიზიაზე ჩემი უფლებების აღდგენის შემდეგ, ამუშავდება პრინციპი – ყველას მინუს ერთი და ეს მინუს ერთი სწორედ კოლექტიური გვარამია იქნება.