„შეიძლება ვახანია სხვა პატიმრების მსგავსად, საკანში ზეწრით ჩამომხრჩვალი ვიხილოთ“

„შეიძლება ვახანია სხვა პატიმრების მსგავსად, საკანში ზეწრით ჩამომხრჩვალი ვიხილოთ“

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
უფლებადამცველებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული აკადემიკოსის, ვლადიმერ ვახანიას ადვოკატი, ლალი აფციაური მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას აპროტესტებს. მსჯავრდებულის მოსალოდნელ მკვლელობაზე ეჭვის გამოთქმის საფუძველს კი მას ის ფაქტი აძლევს, რომ ვლადიმერ ვახანია რუსთავის N6 საპყრობილის ე.წ. საერთო საკნიდან განმარტოებით გადაიყვანეს.

ლალი აფციაური: „25 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ვლადიმერ ვახანიამ სხვათაშორის მითხრა, რომ ერთი კვირის წინ ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სხვა კამერაში გადაიყვანეს, სადაც ის მარტო იმყოფება. ანუ, მას შემდეგ, რაც საქმის სასამართლო განხილვა განახლდა. ამ ინფორმაციაზე შევშფოთდი, რადგან არაერთი საზარელი ფაქტი გვახსოვს, თუნდაც იმ დაწესებულებაში მომხდარი, სადაც პატიმრებმა ზეწრით, ან ქამრით თავი ჩამოიხრჩვეს.

ეს ჩემთვის უკიდურესად შემაშფოთებელი სიგნალია და ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ვახანიას თმის ბეწვიც რომ ჩამოუვარდეს, პასუხისმგებლობას მათ დავაკისრებ. საქართველოს ციხეებში მისი ფიზიკური განადგურება მოწმვლის გზით უკვე არაერთხელ სცადეს. ინტოკსიკაციის შედეგები უკვე აშკარაა, მაგრამ მას სამედიცინო დახმარებას, ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არავინ უწევს.

ეტყობა, ხელისუფლება, რომელსაც ვახანია ყელში ეჩხირება, მის სიკვდილს ამის საშიშროებას მე, როგორც ადვოკატი, ვგრძნობ. ეს საფრთხე ვლადიმერმაც იგრძნო, როდესაც მე შეშფოთება გამოვხატე, მან მითხრა, სიკვდილს ჯერ არ ვაპირებო, თუმცა როცა მივუგე, არც იმ პატიმრებს უნდოდათ სიკვდილი, მაგრამ ჩამომხრჩვალი იპოვესო, ძალიან შეწუხდა...“

ის, რომ ვლადიმერ ვახანია ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანია და თვითმკვლელობას არ შეეცდება, ამის შესახებ მისი და, ნანული ვახანია საუბრობს, რომელიც თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ძმის მხარდასაჭერად მეცამეტე დღეა შიმშილობს.

ნანული ვახანია: „ვფიქრობ, რომ ჩემს ძმას ერთადგილიან საკანში გადასვლა იმ პატიმრებმა აიძულეს, ვისთანაც ადრე იჯდა. შესაძლოა ეს პროვოცირებულიც იყოს და ვიღაცამ სპეცდავალება შეასრულა, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი ძმის სიცოცლე საფრთხეშია და მთელ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს ვაკისრებ!“

რუსეთში მოღვაწე ქართველი აკადემიკოსი სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2009 წლის 15 მარტს საკუთარ სახლში დააკავა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის ეს ფორმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება, სხდომათა დარბაზში ვლადიმერ ვახანია კბილებამდე შეიარაღებული ნიღბიანი სპეცრაზმის თანხლებით ჩნდება, რომლებიც პროცესის მიმდინარეობას სრულად ესწრებიან.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება დანაშაულებრივი და კანონსაწინააღმდეგოა, რადგან შეიარაღებული პირები ზეწოლას არამარტო მსჯავრდებულზე, ადვოკატებზე, მოწმეებსა თუ დამსწრეებზე, არამედ მოსამართლეებზეც ახდენენ. ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა ვახანიას დამცველებმა „პრესა.გე“-ს გადასცეს.

ვლადიმერ ვახანიას საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 28 ივნისს განახლდება. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე უნდა დასრულდეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა.