„საქართველოში იმპორტირებული სურსათის 70 პროცენტში გენმოდიფიცირებულობა ფიქსირდება“

„საქართველოში იმპორტირებული სურსათის 70 პროცენტში გენმოდიფიცირებულობა ფიქსირდება“

ფრაქცია „მრეწველები“ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული სურსათის აკრძალვას მოითხოვენ. ფრაქციის თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებით, საქართველოში იმპორტირებული სურსათის 70 პროცენტში გენმოდიფიცირებულობა ფიქსირდება. დეპუტატის თქმით, სურსათზე მკაფიო მარკირება უნდა იყოს, რაც არ კეთდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია და სააგენტო მზად არ არიან, სრულყოფილი ანალიზი ჩაატარონ. გედმოდიფიცირებული პროდუქტი მთელმა ევროპამ აკრძალა და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამის ანალიზის საშუალება არ გვაქვს“, - განაცხადა გოგი თოფაძემ და For.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ, სამწუხაროდ, სურსათის ლაბორატორია, რომელიც მან პირადად ნახა, არ შეესაბამება დღევანდელობის მოთხოვნებს. წესით, სურსათის უვნებლობა ამას უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ მათ არ აქვთ სათანადო დანადგარები, რომელიც ამას თავიდან ბოლომდე გაუწევს კონტროლს. ამიტომ გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ სურსათის უვნებლობაზე მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეიძინონ ეს აპარატი და დაიცვას ხალხი უხარისხო სურსათის შემოტანისგან.

შეკითხვის საპასუხოდ, რა გამოსავალს ხედავს, თუკი გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე მკაფიო მარკირება ისევ არ იქნება, გოგი თოფაძემ აღნიშნა, რომ უნდა ვაკონტროლოთ იმპორტიც და საკუთარი წარმოებაც, ამისთვის უნდა გვქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები. ახლა კი გენმოდიფიცირებულ პროდუქციას უგზავნიან იმ ლიცენზირებულ ლაბორატორიებს, რომლებიც არ არიან აღჭურვილნი სათანადო დანადგარებით და დასკვნას წერენ, ჩვენ ლაბორატორიას გავუგზავნეთ და მან გენმოდიფიცირებულობა ვერ შენიშნაო.

ეს მაშინ, როცა, გოგი თოფაძის თქმით, არსებობს უამრავი მასალა, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტიტების, საერთაშორისო ლაბორატორიების დასკვნები, სადაც პირდაპირ ჩამოთვლილია გენმოდიფიცირებული სურსათის შესახებ.

გარდა ამისა, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს მთელი მსოფლიო შეწუხებულია არა მარტო გენმოდიფიცირებული საკვებით, არამედ ალერგენებით, დანამატებით, კონსერვანტებით საღებავებით, რომელიც ჭარბად არის ამა თუ იმ ნაწარმში და ჩვენი პოზიციაა, 21-ე საუკუნეში ქვეყანა ახერხებდეს შემოტანილი იმპორტირებული საქონლის აბსოლუტურ კონტროლს.

დამაჯერებელია თუ არა, რომ საქართველოში შემოტანილი სურსათის 70 % გენმოდიფიცირებულია, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას უფლება არ აქვს ბატონი გოგის კომენტარში ან ინტერპრეტაციაში ეჭვი შეიტანოს, თუმცა ტენდერის საფუძველზე სურსათის კვლევას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ლაბორატორია.

კახა სოხაძის თქმით, აღნიშნული ლაბორატორიული შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში არსებობს, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გენმოდიფიცირებულობა სურსათში ჯერჯერობით არ ფიქსირდება.

„ჩვენს ეროვნულ სააგენტოს საკუთარი ლაბორატორია არ აქვს და ამ მომსახურებას შევისყიდით. ასეთი ლაბორატორია არსებობს, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის საიტზე, სადაც წერია, თუ რომელ ლაბორატორიას რა შესაძლებლობები აქვს ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით და რის გამო აქვს აკრედიტაცია მიღებული. ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში ვიკვლევთ სურსათს გენმოდიფიცირების მხრივ. ეროვნული სააგენტო უკვე მეორე წელია, ამ სახის კვლევებს ახორციელებს. მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვლინდა გნმ-ს შემცველობა სურსათში და ორი პირი 5 ათას-5 ათასი ლარით დაჯარიმდა. ეს ორივე შემთხვევა გენმოდიფიცირებულ სოიოს უკავშირდებოდა“, - გვითხრა კახა სოხაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება „გმ“-ს მითითება სავალდებულო უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც საქართველოში ხდება, ამ პროდუქციის შემომტანებს მარკირების დატანა ნედლეულზე არ გახსენებიათ. არადა, ამ წესის დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით, 5 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და, განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

უკვე სამი წელია, მილიონობით ადამიანი გენმოდიფიცირებული პროდუქციის გავრცელებას აპროტესტებს, დევიზით - „არა მონოპოლისტ და გმო-ს მწარმოებელ „მონსანტოს“, რომლის პროდუქციის მასობრივი წარმოება აშშ-ში 1994 წლიდან დაიწყო. კარგა ხანია, „მონსანტო“ დივერსიაში შემჩნეულია. მეცნიერთა მტკიცებით, ამ პროდუქციის მიღების შედეგად, უჯრედების მუტაცია ხდება, რაც ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის განვითარებას იწვევს და უარყოფით გავლენას ახდენს ცხოველებზეც, რომლებიც ზედმეტი კიდურებით, ან ზოგიერთი ორგანოს გარეშე იბადებიან. ექიმები შეშფოთებულნი არიან, რადგან ჰერბიციდებით დაბინძურებულ გარემოში ჩასახული ბავშვები აუტიზმითა და სხვა დეფექტებით იბადებიან. მათი აზრით, სამწუხაროა, რომ გენმოდიფიცირებული მწარმოებლები აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვთა პროდუქციის წამოებაში, რაც მოზარდის ჯანმრთელობაზე კატასტროფულ გავლენას ახდენს.

თავდაპირველად გენმოდიფიცირებული საკვების შექმნის არგუმენტი აფრიკის კონტინენტის შიმშილისგან გადარჩენა იყო. თუმცა ამ კონტინენტის უღარიბესმა ქვეყნებმაც კი ხუთი წელია, აკრძალეს გმო-ს შემცველი პროდუქტების შეტანა, რადგან ფიქრობენ, რომ მათი გავრცელება შიმშილზე უარესია.