მოვუხმოთ „ცოცხლებს“!!!

მოვუხმოთ „ცოცხლებს“!!!

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს პოლიკარპე კაკაბაძის 4-მოქმედებიანი პიესიდან „ყვარყვარე თუთაბერი:“

ტიტე - წარმოვიდგინოთ თავშეყრილი ათი ათასი კაცი; ყოველ მათგანს თითო კაცის ღონე აქვს და, თუ ჩვენ მათ ღონეს შევაერთებთ, ვღებულობთ უზარმაზარ ძალას.... მაგრამ ათი ათასი კაცის ჭკუას თუ შევაერთებთ, ეს იქნება ვირის ჭკუაზე ნაკლები. და, ამიტომაც, ასე ხდება, - გამოდის საუკეთესო ვინმე და თავის ერთი ჭკუით სულ ყველას იმორჩილებს....

ნაცარქექია - ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყესე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება... თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა. (შემოდის რაზმელი)

რაზმელი - იმდენი ხალხი ერთ სარდაფში არ ეტევა, ვინც სუსტი გულისაა, იმ საპყრობილეში მოკვდება.

ნაცარქექია - სუსტი გულის პატრონი პროლეტარიატს რად უნდა?! მეტ ტვირთად დააწვება. ახლა ეს მითხარი: გინდა პროლეტარიატი რომ შეწუხდეს?

რაზმელი - არ მინდა.

ნაცარქექია - აბა, დადექი შენს ადგილზე.

არათუ ათწლეულების, ასწლეულებისა და ათასწლეულების განმავლობაში ტიტე ნატუტარის მსგავსად აი, ასე არწმუნებდნენ ხალხს საკუთარ უმწეობაში და ამით, როგორც ცხვრის ფარას წინაძღოლის ყოლის აუცილებლობას შეახსენებდნენ.

გენიალური ვოლტერი ამბობს: ,,ერი, რომლის ხსნაც ერთ კაცს შეუძლია, მათრახის ღირსია!“ ჩვენც ხომ არაერთხელ დავივიწყეთ ეს შეგონება და ნაძვისხის საახალწლო სათამაშოებივით ჩამოვეკიდეთ ჯერ ერთს, მერე მეორეს, შემდეგ მესამე კაცს. დღესაც ქარიზმატული ლიდერის მოლოდინში ვართ. იქნებ ახლა მაინც მივხვდეთ, რომ სამშობლოს გადამრჩენი გმირი პოლიტიკოსებში, ან შეძლებულ ადამიანებში და ე.წ. ცნობად სახეებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ საკუთარ თავში. თვითორგანიზებით თავად უნდა მივხედოთ საკუთარ თავს და თავადვე გამოვძებნოთ გზები ქვეყნის და ერის გადასარჩენად.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ღმერთები ერთ ადამიანს არ აძლევენ ყველაფერს. ჩვენი ერის სიმდიდრეს ყველა ადამიანის ინტელექტთა ჯამი შეადგენს. ყველა ადამიანის ტვინი კი უნიკალურია. ერთს პრაქტიკოსის ბუნება აქვს, მეორე – შემოქმედისა, ზოგს მდიდარი წარმოსახვა დაამადლა ღმერთმა, ზოგს შთაგონება, ზოგს ირონია და ზოგს დრამატიზმი – ყველაფერი ეს ადამიანების ინტელექტის წახნაგებია.

ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ საქართველოს ოქროს ხანის უდიდესი მონაპოვარი რუსთაველის გენიალური ქმნილება ღვთით კურთხეული მონარქის აპოლოგიის აუცილებლობამ კი არ დაბადა, არამედ კოლექტიური მმართველობის იდეამ.

თუ ჩვენ საზოგადოების გათითოკაცებული წევრის უნიკალურ შესაძლებლობებს სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის სწორად წარვმართავთ, გონების კარნახით აუცილებლად თავს დავაღწევთ არსებულ სიდუხჭირეს. მაგრამ როგორ, რა გზებით და საშუალებით?

გასაგებია, რომ ჭაობიდან ამოსვლა არ აწყობდეთ მის ბინადართ, რადგან თავს კომფორტულად გრძნობენ, მაგრამ მათ, ვისაც ერის ინტელექტუალურ ნაწილად მივიჩნევთ? ან სად გაქრნენ დამოუკიდებლად, საღად მოაზროვნე, სულიერად მობილიზებული მოქალაქეები? სად არის წუხილი, ან მცდელობა არსებული სიტუაციის შეცვლის?

რა ღირს თქვენი დუმილი პატივცემულო ქართულო საზოგადოებავ?

მათ კი, ვისაც არსებული სიტუაციის შეცვლის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ, სხვათა გამოცდილების მოხმობით შევახსენებდი თუ ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს როგორ იქცევიან სულიერად მობილიზებული მოქალაქეები.

მანამდე კი, სანამ მათზე საუბარს დავიწყებდე, მინდა ისიც ვაღიარო, რომ ჩემდა სამწუხაროდ, რატომღაც ყოველთვის ირონიით ვეკიდებოდი ევროპაში უძველეს საკანონმდებლო ორგანოდ ისლანდიის პარლამენტის მიჩნევას. პარლამენტისას იმ ხალხისა, ვის უმრავლესობასაც დღესაც გვარი არა აქვთ, მათ მხოლოდ სახელებით განასხვავებენ, გვარის ფუნქციას კი მამის სახელი ასრულებს. ამის მიუხედავად ისლანდიელებს ჩვენგან განსხვავებით არ ავიწყდებათ საკუთარ საკანონმდებლო ორგანოს ალტინგი უწოდონ, ნაცვლად ფრანგული სიტყვა პარლამენტისა, ამით ისინი შეახსენებენ სხვებს, რომ მათი პარლამენტი ერთ-ერთი უძველესია, რომელიც ჯერ კიდევ 930 წლიდან იღებს სათავეს.

ეს კულტურა და ტრადიცია, რომ ამ ხალხის ორგანული ნაწილია, თუნდაც იქიდან გამოჩნდა, რაც ცოტა ხნის წინ ვიხილეთ. ისლანდიელებმა ფინანსური კრიზისისას, რომელმაც ფაქტიურად გააკოტრა მდიდარი ისლანდია ბანკების სიხარბისა და მთავრობების უუნარობის გამო, საოცარი რამ გააკეთეს: ადგნენ და თვითორგანიზაციის გზით, საერთო სახალხო პროცესის შედეგად, "პოლიტიკოსები" გამოიყვანეს კომფორტის ზონიდან, ჩამოაშორეს პოლიტიკურ ცხოვრებას, თავად მიიღეს კონსტიტუცია და სახელმწიფოს მართვის ახალი მოდელის შექმნით ქვეყანა გადაარჩინეს.

საოცარი დემოკრატიული პროცესის ეს უნიკალური პრეცედენტი, დღემდე არ რეკლამირდება, არ ხმაურდება, რათა არ გახდეს მისაბაძი სხვა ქვეყნებისთვისაც.

ეს ყოველივე კი ხდება მაშინ, როდესაც სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის შვილები, დღენიადაგ ვოცნებობთ პრობლემების მოგვარება ვიღაცის ხელით, განგების მონაწილეობით აღსრულდეს, თავად კი არ გვსურს ამ მიმართულებით ძალისხმევა გავიღოთ. ამიტომაცაა, რომ კვლავაც ვიძინებთ და ვიღვიძებთ ქარიზმატული ლიდერის მოლოდინში. კიდევ კარგი, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელებიც ასე არ ფიქრობენ და სამშობლოს გადამრჩენ გმირს პოლიტიკოსებში, შეძლებულ ადამიანებში ან ცნობად სახეებში კი არ ეძებენ, არამედ საკუთარ თავში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის იმიჯისთვის არ არის საკმარისი გვყავდა თუ არა რუსთაველი და მის ეპოქაში კონსტიტუციონალისტები, ვაშენებდით ბაგრატს და სვეტიცხოველს, თუ ხელგაწვდილ მათხოვრებად დავრჩებით და ჩვენი უსაშველო ეკონომიკური სიდუხჭირით პერმანენტულად ხელს შევუწყობთ ევროპასა და რუსეთში კრიმინალური ბანდების ექსპორტს. ხოლო მათ, ვისაც უკვე არ შეუძლიათ საკუთარი სამშობლოთი იამაყონ, ვისაც საკუთარი ქვეყნის ჰიმნის მოსმენაზე თვალზე ცრემლი არ ეკარებათ უბედური ადამიანები არიან.

არადა ამ ადამიანების ნიჰილიზმიც რომ არცთუ უსაფუძლოა. როცა საუბარია დამოუკიდებლობაზე, თუ საქართველო მართლა სუვერენული ქვეყანაა, გვითხრას ვინმემ, რომელი სფერო გვაქვს დამოუკიდებელი? ერთი სფერო მაინც დაასახელონ! სამწუხაროდ, მთელი საქართველო დამოკიდებულია გარეშე ძალაზე, ქვეყანაში კი რეალური ყოფითი პრობლემები გადაუჭრელი რჩება და საქართველო შაგრენის ტყავივით თვალსა და ხელს შუა პატარავდება.

მსოფლიოში მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა გეოპოლიტიკური მიმართულებებისთვის. ამერიკასა და რუსეთს შორის გამოუცხადებელი ომია. მათი დიდი საჭადრაკო პარტია გადავიდა საბოლოო სტადიაში, რასაც ენდშპილი ეწოდება, ანუ როდესაც დაფაზე უკვე ფიგურების ნაკლებობაა.

საუბედუროდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამერიკის და რუსეთის მიერ განსაზღვრულია, რის გამოც ჩვენი ქვეყანა დენთის კასრზე ზის.

ამ შემთხვევაში ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში რომელი ზესახელმწიფოს გავლენა შესუსტდება ან გაიზრდება თუ ისინი, მათი ქმედებიდან გამომდინარე, არ ითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თუ ერთი ოკუპანტია და აგრესორი, მეორემ მისი პროვოცირება გამოიწვია, რომელმაც ჩაგვითრია საბედისწერო ომში. მაგრამ რომელია მათ შორის უფრო უარესი? ის, ვინც საქართველოში მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს და არა თავად საქართველოს.

21 წელია უთავმოყვარეოდ ნატოს კართან ვართ ატუზული და ვაკაკუნებთ. როდესაც გვეუბნებიან, რომ ნატოს კარი ღიაა თქვენთვის, მაგრამ მიახლოებისთანავე რატომღაც იკეტება, როცა მათ, ვისაც „მეგობრებს“ ვუწოდებთ, ტაშს უკრავენ და იწონებენ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას ანგრევს, ამასობაში კი რუსეთი არათუ არ აპირებს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას, ჩვენი თანამოძმეების დაცვის საბაბით, ნაწილ-ნაწილ აქუცმაცებს საქართველოს, ასეთ შემთხვევაში რა შეუძლია და როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ერი, რომ თავი გადაირჩინოს და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს? ჩვენი პოლიტიკა უნდა გახდეს პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული და არა ამოჩემებული და ისიც ილუზორული. გადის დრო. არ უნდა დავუშვათ ჩვენს ისტორიაში საბედისწერო შეცდომები კვლავაც განმეორდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ პოლიტიკაში უბრალოდ აქტიური მოთამაშეები შეიცვალნენ, მოვლენები კი კვლავაც მეორდება. დღეს სპარსეთის როლში რუსეთია, რუსეთისაში კი - ამერიკა. სულ ესაა .

დღეს ქართველი კაცი დაბნეულია, აქედან მომდინარეობს თითოეული ჩვენთაგანის პროდასავლურობა და პრორუსობაც, რომელიც ისედაც გათითოკაცებულ ერს კიდევ უფრო აბნევს და ერთმანეთის მიმართ მტრულად განაწყობს. ამიტომ ის, რაც გაგვაერთიანებს გახლავთ ის, თუ შევთანხმდებით, რომ საქართველოს შეუძლებელია ჰყავდეს როგორც მარადიული მეგობრები, ისე მტრები, მისთვის მარადიული მხოლოდ ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესებია.

არადა, ჯერ კიდევ როდის მოგვიწოდებდა მერაბ კოსტავა: "ვიწრო პარტიულ, ჯგუფურ ინტერესებს საქართველოს ნუ გადავაყოლებთ, ყველა ქართველისთვის საერთო პარტია, - საქართველო უნდა არსებობდეს."

თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ, როცა გეზარება აზროვნება და სხვის გადაწყეტილებას ბრმად მიყვები, ამას ფსიქოლოგები კომფორმულობას უწოდებენ. თან ბოლომდე კი არა, შუამდეც არ მიგვყავს დაწყებული საქმე. ეს მარტო სიზარმაცის გამოც არ მოგვდის, კიდევ იმიტომ, რომ განწყობილებების ხალხი ვართ. ბავშვივით ხშირად გვეცვლება ხოლმე ხასიათი. ოღონდ, ამას რომ ვამბობთ, ზოგიერთს სიამოვნებს მოსმენა, რადგან ბავშვი დადებითთან ასოცირდება, მაგრამ გვავიწყდება, რომ ბავშვი სწორედ იმის ბავშვია, რომ მას ბოლომდე საქმის მიყვანა არ შეუძლია. ისტორიულადაც ასეთი ხასიათი გვქონდა, რის გამოც ქვეყანა თავზე ბევრჯერ დავიმხეთ.

თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, უდიდესი რეფორმატორი და სამხედრო მოღვაწე - მუსტაფა ქემალ ათათურქი ასე აფრთხილებდა თავის ერს: „ზარმაცი და მძინარე ხალხი ან იღუპება, ან მონად იღვიძებს....მომავალი კი ცაშია.“

მთვლემარე ქართველობას კი შევახსენებდი: დღეს საქართველოში მისი მოსახლეობის 60 %-ზე მეტს შია, ზოგსაც ტანჯვით უხდება ლუკმაპურის შოვნა, ბევრიც გადარჩენისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში კარგავს ღირსებას და სინდის-ნამუსს. ამას ემატება ისიც, რომ თითოეულ ჩვენგანს არსებობის უფლების მოპოვებისათვის გვიწევს იმ რეჟიმში ცხოვრება, როდესაც ყოველდღიურად გვიხდება ბანალური ჭეშმარიტების მტკიცება, თუ რატომ არის ბალახი მწვანე, ყინული - ცივი, ან პლატონი - ბრძენი. მაგრამ ხშირად კლანური მმართველობის პირობებში ესეც არ შველის საქმეს. ამიტომ ამის კეთებას და უიმედობას ჯობია ქვეყნის მართვის ის მახინჯი სისტემა შევცვალოთ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სასიცოხლო ენერგიისგან გვცლის და უსახსროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილებს ქვეყნიდან გაქცევას გვაიძულებს.

დღეს ხომ არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ რატომ არის, რომ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ერების ერთი ნაწილი "კეთილდღეობის ჭაობში“ იხრჩობა, უმრავლესობა კი სიზიფეს შრომით ამაოდ ებრძვის სიღატაკეს. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელიც სახელმწიფოსთვის სწორად ან არასწორად შერჩეულ მმართველობითი სისტემის ფუნქიონირებას უკავშირდება. სწორედ ეს არის ჩემი სიჯიუტის მიზეზიც, რის გამოც სანამ ჯერ კიდევ საკუთარ თავში ძალას ვგრძნობ თავს არ დაგანებებთ, არ მოგეშვებით.

როდესაც XVIII საუკუნის ბოლოს, ფრანგ ანატომსა და ფიზიოლოგს მარი ფრანსუა კრავიეს ჰკითხეს განემარტა თუ რა არის სიცოცხლე, მან უპასუხა: ,,სიცოცხლე არის სიკვდილისათვის წინააღმდეგობის გაწევა.“

აი, რატომ მოგიხმოთ „ცოცხლებს“ უგუნური მმართველობითი სისტემის დემონტაჟისთვის. ეს უნდა შევძლოთ თუნდაც იმ მიზნით, რომ შევაჩეროთ ქვეყნის დატოვების მსურველთა დიდი ნაკადი, შევუქმნათ ადამიანებს სამშობლოში ადამიანური ცხოვრების პირობები, რათა თავისი შესაძლებლობები საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.

ქართველმა ერმა სიცოცხლისუნარიანობა არაერთხელ დაამტკიცა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ათასგვარ წვრილმანებზე არ ვხარჯავდეთ იმდენ ენერგიას, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას მიიყვანდა უბრწყინვალეს შედეგებამდე, ჩვენ კი ხანგძლივი დროის განმავლობაში დამკვიდრებული პარაზიტული მმართველობითი სისტემის წყალობით, კვლავაც არ გავაგრძელოთ გმირული წინააღმდეგობა უბადრუკ ხვედრთან? მაგრამ სადამდე? რომ ერთ დღესაც სასიცოცხლო ენერგიისგან დავიშრიტოთ და უიმედობამ მოგვიცვას. თუ ეს ასეა, მაშინ სრულიად ლოგიკური ყოფილა ის, რაც ჯოჯოხეთის კარებზე წერია: ,,დაივიწყე იმედი ყველა აქ შემომსვლელო!“

დღეს, როდესაც ქვეყნის ცხოვრების უმძიმესი დღეების თვითმხილველთ და მონაწილეთ შესაძლებლობა გვეძლევა, გავიგოთ ჩვენი ფიზიკური გადარჩენის უმთავრესი მიზეზიც, შეუძლებელია აღტაცებაში არ მოგიყვანოს ქართველი ერის სულიერი მხნეობის ძალამ. ასეთ დროს, როდესაც უძლური ხარ სიტყვებით გადმოსცე ყველაფერი, რასაც გრძნობ, განიცდი, უნდა ინატრო იყო ხელოვანი რომ შეძლო ისე თქვა სათქმელი, როგორც ამას დიად ეპოქათა სახელოვანი შვილნი აკეთებდნენ.

ამიტომ კმარა, წელებზე ფეხის დადგმით, თავის შენარჩუნებაზე დაუსრულებელი ფიქრი, ჩვენი ერი, მისი გამორჩეული თვისებების გამო დიახაც რომ იმსახურებს დიდ ერად ქცევას.

მაგრამ როგორ რა გზებით?

გავერთიანდეთ!

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ხომ სწორედ ისაა, რომ აქამდე ვერ მოვახერხეთ საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა და ერის მთავარი ამოცანის განსაზღვრა-ჩამოყალიბება. თუ კონსენსუსი ღირებულებით სისტემაზე შეთანხმებას გულისხმობს, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს თუ არა დემონტაჟი არსებული მახინჯი მმართველობითი სისტემის, რომელიც არის თავი და თავი ყველა უბედურების, რადგან დანარჩენი მისი შეცვლის შემთხვევაში მოგვარებადია.

და თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ დროა, რაღაც ფორმა მივცეთ ჩვენს სულისკვეთებას!

საქართველოში, სადაც 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა, არც ერთ მათგანს არ შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საზოგადოების თითოეულ წევრს შეგვიძლია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩამოვყალიბდეთ ერთიან პოლიტიკურ ძალად, იქნება ეს საზოგადოებრივი მოძრაობა თუ თვისობრივად ახალი ტიპის პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერიც იქნება არა რომელიმე პიროვნება, არამედ კოლექტიური აზრით შეჯერებული რაციონალური თვალთახედვა.

დღევანდელ დღეს, როცა გლობალურ მასშტაბებს იძენს პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში, ცხადია, ყველა, ვინც ფეხს შეაბიჯებს პოლიტიკაში, უნდა დაემორჩილოს მსოფლიო თანამედროვე პოლიტიკის სტანდარტებს, რასაც ჰქვია პოლიტიკური წესრიგი. ამ წესრიგის თავში კი ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან. ამდენად, ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული, როგორც არაფერი, ისე ყველაფერიც, მითუმეტეს თუ ის ლიდერია.

ჩვენ ვნახეთ არაერთი გულანთებული პიროვნება, რომელთაც გულწრფელად სურდათ ეროვნული საქმეების კეთება, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულებს ამ მხრივ ბევრი ვერაფერი მოუხერხებიათ. ასეთ დროს, როცა არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ გავაკეთოთ ის, რაც ქართველ ერის სასიცოცხლო ინტერესებშია, პოლიტიკას კი არ უნდა გავემიჯნოთ, მიზნისკენ მიმავალი გზები უნდა შევცვალოთ.

თუნდაც ამიტომაც, ვფიქრობ, ჩვენს მიერ შექმნილ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას არ ეყოლება და არც არასოდეს დასჭირდება ბელადები და მესიები. პასუხისმგებლობა თვითეულ წევრზე გადანაწილდება, რითაც ვინმეს მიერ მათი მოსყიდვა, გადაბირება ან დაშანტაჟება ყოველგვარ აზრს იქნება მოკლებული.

თავად პოლიტიკური მოძრაობის თითოეულ წევრს ექნება მოტივაცია იყოს უკეთესი და არა ვინმეზე დამოკიდებული მსახური. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ მის ნიჭსა და მონდომებას შეაფასებს არა პარტიის ლიდერი, არამედ თავად ამომრჩეველი.

ასეთ შემთხვევაში, ცხადია ისიც, რომ "პრიველეგირებულთა კასტა" იზრუნებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათთვის უცნობი, თვითორგანიზებული პოლიტიკური ძალა ქვეყნის მართვის სადაავეებთან არ მიუშვან.

მაშინ რა მექანიზმებით, როგორ მივიდეს ასეთი ხალხი სახელმწიფოს მართვამდე, ისე რომ ამ პარტიულ-ბიუროკრატიულ მანქანის წნეხში არ გაიაროს, არ იყოს ვინმეზე დამოკიდებული, არ იქცეს ფსევდო ოპოზიციად, იყოს მხოლოდ უფლისა და ხალხის წინაშე ვალდებული და პირნათელი. ამას კი ერთ შემთხვევაში შევძლებთ, თუ დავაარსებთ ისეთი ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ხალხის ნებით იქნება შექმნილი, ხალხის მიერვე გაკონტროლებული და სრული ნდობით მხარდაჭერილი. მაგრამ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას?

ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ჩვენთაგანის თავში ხომ ერთი და იგივე აზრი ტრიალებს, რომ რაიმე კარგი საქმის დაწყებას და მითუმეტეს სისრულეში მოყვანას დიდი ფინანსები სჭირდება, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. არადა კარგ იდეებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე!

მოდით, ჩვენც ის, რაც ხელისშემშლელი ფაქტორებია, სასიკეთოდ გამოვიყენოთ? თუნდაც ფინანსების არ ქონა, თუ ეს ხელისშემშლელია, ე.ი. ამავდროულად კარგიც არის, რადგან მთლიანად გვანთავისუფლებს ვინმეს წინაშე პასუხისმგებლობისაგან და საკუთარ თავზე დამოკიდებულს გვხდის. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას, თითოეული ჩვენგანისგან უფრო მეტის მიღება სურს, ვიდრე თავად გვსურს მივიღოთ საქართველოსგან.

ასე, რომ მიზნის მისაღწევად გვრჩება მხოლოდ ერთადერთი გზა, თვითორგანიზაციის გზით დავაარსოთ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე არჩევნებამდე თუნდაც ამ მცირე დროში შეძლებს ხალხის ნდობის მოპოვებას და ხელისუფლებაში მოსვლას.

მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს ყოველივე?

ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც ერის შვილად მიაჩნია თავი, ეძვირფასება ყველაფერი, რაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ. ჩემი აზრით, ახლად შექმნილი ახალი პოლიტიკური მოძრაობის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს არა ჩვენი საზოგადოების დაქსაქსვა და დაპირისპირება, არამედ ქართველი ერის კონსოლიდირება საერთო მიზნისთვის - ქვეყნისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და მისი აღორძინება. ხოლო თუ ვინმეს ჩვენს შორის უპატიებელი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე პასუხი მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს და არა რომელიმე ჩვენგანმა.

თქვენთან ურთიერთობაში ბევრი გონიერი მეგობარი შევიძინე, რომელთა აზრიც მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. მათთან ერთად რამდენი კამათის მომსწრე ვარ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე, ამიტომ მჯერა თქვენი და კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით:

ჩვენი სურვილები და ქართული ინტერესები ვიცხოვროთ „გაბრწყინებულ“ საქართველოში ვერ განხორციელდება თუ ეს სისტემა არ დაინგრევა. სისტემა, რომელიც დღეს და გუშინ არ შექმნილა, ის საბჭოური მმართველობითი სისტემის გადმონაშთია, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სრულ მორჩილებაში ჰყავდა მილიონობით ადამიანი. ჩვენმა „უცხოელმა მეგობრებმა“ ის კიდევ უფრო სრულყვეს და ეფექტურად მოარგეს ჩვენს მენტალობას და ეთნოფსიქოლოგიას, რომელიც ჩვენთვის დღესაც თავს მოხვეულია. როდესაც უსამართლოდ დაჩაგრული სამართალს ეძებ და ვერ პოულობ, როდესაც სამუშაო ადგილებს ვერ ან არ ქმნი, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმუშევართა არმია გყავს, გაჭირვებით ძლივს ახერხებ შვილებს განათლება მისცე, რომელსაც მათი სამშობლო ვერ იყენებს, ნაჯაფარ, ცხოვრებისგან გატანჯულ ასაკოვან ხალხს 10 ლარით უზრდი პენსიას, მაშინ, როდესაც სახელფასო პოლიტიკით სახელმწიფო მოხელეებისა და ჩინოვნიკთა ჯიბეების გასქელებას ბიუჯეტში შემოსული უზარმაზარი თანხები ხმარდება....

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ქვეყნის დაკანონებული ძარცვა პრემიებითა და დანამატებით? ესეც ხომ ამ სისტემის მონაპოვარია, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება, სადაც რიგითი მოქალაქე თავს შეურაცხყოფილად არ იგრძნობს.

პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლება უმნიშვნელოდ თუ გამოირჩევა წარმავალი რეჟიმისგან, ამიტომ თუ ეს დროში გახანგძლივდა, არც დღეს და არც მომავალში არანაირი თვისობრივი პოზიტიური ცვლილებები არ იქნება.

ქვეყანა იხრჩობა ვოლუნტარიზმისა და ნეპოტიზმის ჭაობში. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ „სახელმწიფო უწყებებში კადრების შესარჩევი კონკურსები ფორმალობაა.“ ამას კი თავად მოქმედი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, ბ-ნი ნოდარ ჯავახიშვილიც აღიარებს. ასეთივე მდგომარეობაა სხვა სფეროებშიც, მათ შორის განათლებაში, სადაც საუნივერსიტეტო კონკურსები ფასადური დემოკრატიის თვალსაჩინო ნიმუშებია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება ობიექტურად ჩატარებული კონკურსები ქვეყანაში კონკურენტურანიანი გარემოს დამკვიდრებისათვის, რამაც უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის სიმდიდრე და ძლიერება. ამიტომაცაა, რომ გზის გაკვლევა ჩვენს საზოგადოებაში უჭირთ გონიერ და ჭკვიან ხალხს.

შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ბევრი უცოდინარი და არაპროფესიონალი ადამიანი ხვდება საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. დღესაც ისინი არიან წარმოდგენილნი: მთავრობაში, პარლამენტში, თვითმმართველობებში, უნივერსიტეტებში...

ამიტომ ამბობდა ბ-ნი ოტია იოსელიანი: „საქართველოში თუ გინდა რამეს მიაღწიო ან ხელიდან უნდა წახვიდე ან ქვეყნიდან.''

ეს ყოველივე კი წლების განმავლობაში გრძელდება, რასაც კარგა ხანია შეგუებულია ქართული საზოგადოება. საქართველო სინამდვილეში არა მარტო მეტისმეტად დაუმორჩილებელი, მეტისმეტად მორჩილი ხალხის ქვეყანაცაა. ჩვენი მორჩილების ანატომია კი ასეთია: მართალია, ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულება არის ცხოვრება და არა არსებობა, მაგრამ თუ გართმევენ არსებობის შესაძლებლობას ვეღარც ცხოვრებას შეძლებ. ამიტომ დიდი ნაწილი მასისა დუმილის სანაცვლოდ იღებს არსებობის უფლებას და მშვიდ ცხოვრებას დაბრკოლებების გარეშე. კიდევ უფრო „დამჯერებს“ ეხმარებიან კარიერულ წინსვლაში, დაბრკოლებებს შეღავათების მაგიური მკლავით აძლევინებენ. ამიტომ ვიტანთ და ვითმენთ უსამართლობას, თვალს ვხუჭავთ ყველაფერზე, სანამ მორიგი მსხვერპლი თავად არ გავხდებით. ამ სისტემის „წყალობით“ საქართველომ ბევრჯერ დაკარგა თავისი საუკეთესო შვილები, ბევრსაც ცხოვრება დაუნგრია, ან სულაც საუკეთესო წლები დააკარგვინა. ფუჭი ოცნებაა იმედი იმის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. ერთი პოლიტიკური პარტიის შეცვლა მეორეთი, ან პერსონალიების გადაადგილებები ეს მხოლოდ დროის გასაყვანი თამაშია უწიგნური მასისთვის გათვლილი.

ამ სისტემის პირობებში დროებითი წარმატებების მიუხედავად შეუძლებელია საბოლოოდ ბედნიერი დარჩეს რომელიმე ჩვენგანი. მას ან ციხეში მივყავართ, ან უამრავ პრობლემებამდე. სისტემა, რომელიც თავის წიაღში დაუსრულებლად ბადებს დამნაშავეებს, საპყრობილეებში ყოველთვის გვეყოლება ტუსაღები. როგორ შეიძლება ქრისტიანს, ისიც მართლმადიდებელს, კაცის დაჭერა გიხაროდეს? სად ჰყავს ქვეყანას დასაკარგი შვილები? ასეთ დროს ვღუპავთ ადამიანებსაც და ქვეყანასაც. ამიტომ თუ მისი დემონტაჟი არ მოხდა, არაფერი გვეშველება და სახელმწიფოც ვერ გავხდებით, რადგან არსებული სისტემა ხერხემალში ამტვრევს საქართველოს. მაშინ, როდესაც განვლილ ორ ათეულ წელიწადში დავკარგეთ ტერიტორიები და 5,5 მილიონი მოსახლიდან მხოლოდ 3,7 მილიონამდე დავრჩით, ქართულ სახელმწიფოს ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის არავითარი სტრატეგია არ გააჩნია. ეს მაშინ, როცა გაეროს მოსახლეობის კვლევის ფონდი საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, თუ ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვლება, 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა ორ მილიონამდე შემცირდება. არსებული დინამიკის შენარჩუნება კი ნიშნავს იმას, რომ მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ რეგიონში შაგრენის ტყავივით თვალსა და ხელს შუა გამქრალ ქართველ ხალხს ახლო მომავალში უფლებაც აღარ ექნება დარჩეს საკუთარი ქვეყნის პატრონი.

შევინარჩუნოთ სამშობლო, მისი უნიჭიერესი და უმშვენიერესი ხალხით! ამიტომ საქართველო მოელის რომ დღეს ყველამ მის წინაშე მოვიხადოთ ჩვენი ვალი!

კონფუცი ამბობს: „დაინახო ის, რის განხორციელებასაც მოვალეობა გავალებს და არ გააკეთო - სიმხდალეა..“

მეც გავკადნიერდები და მოგმართავთ თხოვნით ძვირფასო მეგობრებო, ყურადღებით წაიკითხეთ ეს წერილი, ცხადია, ველი თქვენს კომენტარებსაც იმედით, მაქვს ჩემი მოწოდება არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. საზოგადოებრივი აზრი დიდი ძალაა, მითუმეტეს თუ ის მოქმედებაში მოდის. ამიტომ ჩვენც მოვუხმოთ ერთმანეთს.

თუ მზად ხართ, რომ ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი, მაშინ სამოქმედო გეგმებზეც ერთად შევთანხმდებით! საკონტაქტოდ ვტოვებ: ტელ.: 555392867 / ელ ფოსტა: mchedo@yahoo.com