„ცნება სინდისი არ გახლავთ ისეთი რამ, რომ ორშაბათს იყიდო, ოთხშაბათს გაყიდო და პარასკევს გააქირავო. სინდისი ან გაქვს, ან არ გაქვს. საჯარო სივრციდან „რუსთავი 2“-ის დღევანდელი გენდირექტორი შეფასებულია როგორც უსინდისო ადამიანი“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, „რუსთავი 2“- ის დღევანდელი გენერალური დირექტორი მხოლოდ ვნებს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტურ პერსპექტივას.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი წილების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლო დავის დაწყებას, პოლიტიკურ ნაწილში გადაყვანას ცდილობს „რუსთავი 2“ და ხდება ტირაჟირება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. ბატონო სოსო, თქვენ ხართ ერთ-ერთი თვითმხილველი იმ პროცესების, რაც ბიზნესმენის გარშემო ვითარდებოდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გერმანიის სახელმწიფომ ის აღიარა პოლიტიკურ დევნილად. მას არ აქვს უფლება სამართლებრივი დავა დაიწყოს კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად?
სოსო ცისკარიშვილი: მრავალწლიანი საუბარი სამართლიანობის აღდგების შესახებ, შეიძლება ერთხელ მაინც კონკრეტული შედეგით დამთავრდეს. რადგან განახლებული ქართული სასამართლოს იმედი გვაქვს, ვნახოთ რა სიღრმის წვდომას შეძლებს იგი სამართლიანობის მოსაპოვებლად. „რუსთავი 2“ არ გახლავთ ერთადერთი დარტყმა, რომელიც ხალვაშს მიაყენეს. როდესაც ვისმენ საკითხს, რომელიც ეხება ბატონ ხალვაშს, ძალაუნებურად თვალწინ მიდგება ის ხანძრები, რომელიც მთელს მის ქონებას გაუჩინეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამ გზით შეეცადნენ დაესაჯათ ეს ადამიანი.
დიახ, ხალვაში გახლავთ მსხვერპლი იმ პოლიტიკური პროცესების, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, რადგან ის ასოცირდებოდა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და სწორედ ამიტომ გახდა გაუგონარი შურისძიების მსხვერპლი. ყველაზე უმტკივნეულო იყო ხალვაშის გამომშვიდობება „რუსთავი 2“-ის კუთვნილ წილთან, რადგან სხვა უფრო ბევრი მნიშვნელოვანი და სარფიანი თემა იყო დომინირებული და იმ ვერაგულ მართვას ექვემდებარებოდა, რომელსაც არა საკუთარი ინიციატივით ახორციელებდა იმ დროს უმუშევარი დავით კეზერაშვილი. სწორედ ამის შემდეგ გაქრა საქართველოს მედია-სივრციდან ბატონი ხალვაში.
მიუხედავად იმისა, რომ წინ გვაქვს ძალადობრივი გზით ქონების წართმევის ეს მაგალითი, კეთდება განცხადება, რომ ხალვაშს არ ჰქონდა სამართლებრივი დავა დაეწყო „რუსთავი 2-ის დაბრუნების მოთხოვნით?
- სუბიექტი სახელად „რუსთავი 2“ სრულიად მკაფიოდ ჩამოყალიბდა პარტიულ ორგანოდ, რითაც აკნინებს საკუთარ ავტორიტეტს, როგორც მედიასივრცის ერთ-ერთი ლიდერი. ამიტომ, რასაკვირველია, ერთმანეთისგან უნდა განვაცალკავოთ „რუსთავი 2“ როგორც მედია სივრცის ლიდერი და „რუსთავი 2“ როგორც პოლიტიკური ორგანო. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი იქნებოდა ნიჭიერი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული ამ ტელესივრცის დამოუკიდებლობა, მაგრამ ნათქვამია, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო. როგორც ჩანს, ფულის გადამხდელები მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით უკავშირდებიან „რუსთავი 2“-ს და არ აღელვებთ მედიასივრცის წინსვლა ქვეყანაში.
ამ შემთხვევაში ვინ იხდის ფულს? განცხადებები რომელიც ამ თემის გარშემო კეთდება ნაციონალებისგან, ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“ სულაც არ არის დამოუკიდებელი. ეს არის პოლიტიკური ბერკეტი ნაციონალების ხელში და სწორედ ამაში უხდიან ფულს?
- თქვენი შეკითხვა შეიძლება გაიმეოროთ როგორც ჩემი ნათქვამი, რადგან სრულად ვიზიარებ მოსაზრებას, რომელიც გამოთქვით. ამით მხოლოდ ჩვენი ჟურნალისტიკის პროფესიული საქმიანობა კნინდება. ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოება დაჟინებით ითხოვდა გასაჯაროვებულიყო „რუსთავი 2“-ის მფლობელის სახელი და გვარი, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ ვერავის გაეგო ვინ ვისი მეპატრონეა, ან ვინ რა თანხებით აპელირებს.
ხან ვიღაცა ძმები გამოჩნდებობდნენ როგორც მფლობელები, მერე გაქრებოდნენ და მათ ენაცვლებოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაცნობები. ამიტომაც საზოგადოებამ ჩაიქნია ხელი. ახლა სულაც გაერომ ან ნატომ გამოამჟღავნოს „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი, უკვე არ არის საინტერესო. ფაქტია, რა ორიენტაციის არის, რა არის მისი ანი და ბანი. ასეთმა მიკერძოებულმა ტელეკომპანიებმა სერიოზულად დააზარალა ქართული ჟურნალისტიკა.
რასაკვირელია, ვუთანაგრძნობ „რუსთავი“-ის ნიჭიერ ჟურნალისტებს, რომ მათ გენერალური დირექტორის რანგში სათავეში ჰყავთ ადამიანი, რომელიც 2007 წელს ერთ-ერთი მედროშე იყო საქართველოში თავისუფალი მედიის დევნის და დარბევის.
იმდროინდელი ვიცე-პროკურორის და ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელის, ამხანაგი გვარამიას შემოქმედებაა არაერთი ზიზღის შემცველი და თვალსაჩინოდ გაყალბებული მოკლემეტრაჟიანი ტელეფილმები. ვიდრე „რუსთავი 2“ და ეს „ნიჭიერი ჭაბუკი“ არ გაეყრებიან ერთმანეთს, სულ უფრო მეტი იქნება „რუსთავი 2“-ის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ჩვენი მაყურებელი.
ამ წარუსლის მქონე ადამიანისგან რამდენად მართებულია საუბარი სიტყვის თავისუფლებაზე?
- იცით, ცნება სინდისი არ გახლავთ ისეთი რამ, რომ ორშაბათს იყიდო, ოთხშაბათს გაყიდო და პარასკევს გააქირავო. სინდისი ან გაქვს, ან არ გაქვს. საჯარო სივრციდან დღევანდელი გენდირექტორი შეფასებულია როგორც უსინდისო ადამიანი და ვიდრე მას არ გაეღვიძება სურვილი საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმ უზნეო ქმედებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2007 წელს, რასაკვირველია, მის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება. „რუსთავი 2“- ის დღევანდელი გენერალური დირექტორი მხოლოდ ვნებს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტურ პერსპექტივას.
სატელევიზიო სივრცით დაინტერესებულ ჩვენს მოსახლეობას კარგად ახსოვს 2007 წლის ნოემბერში, სწორედ პროკურორმა გვარამიამ, რომელიც დღეს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორია, რიხიანი ქართულით გვამცნო, რომ დაყადაღებულია ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრება. რატომ უკვირს დღეს იმავე ადამიანს, რომ მისი ქცევა შეიძლება სხვასაც გადაედოს?
რაც შეეხება ამ საქმის განმხილველი მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლე ურთმელიძე კორუფციაშია ჩაბმული და აღებული აქვს თანხა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე მიუღებელი გვარამიასთვის?
- გვარამიას ოცნებაა სასამართლო წარმართოს უკვე პენსიაზე გაცილებულმა მოსამართლე ესებუამ, რომელმაც უამრავი ჯაშუში გამოამჟღავნა, უამრავი პოლიტიკური პატიმარი აჩუქა ჩვენს ქვეყანას და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონი იყო 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით. ეს არის დღევანდელი „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ოცნება, მაგრამ ეს არის ოცნება, რომელიც ვერ აუსრულდება ამხანაგ გვარმიას. ვერაფერს გეტყვით იმ მოსამართლეზე, რომელსაც ეს საქმე აბარია, რადგან ურთიერთასაწინააღმდეგო ინფორმაციებია „რუსთავის 2“-ის გამანადგურებელი დირექტორისგან და პროკურატურისგან. ჩემთვის არც ერთი წყარო არ არის სარწმუნო.
თუმცა, ფაქტია, რომ მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა. „რუსთავი 2“-სთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს არ განიხილოს ურთმელიძემ...
- მოსამართლის ადგილას უარს ვიტყოდი ამ საქმის განხილვაზე, რომ ამ პროვოკაციას წერტილი დასმოდა. მაგრამ ფაქტია, ვინც არ უნდა იყოს ამ საქმის მოსამართლე, უსინდისო ადამიანისგან ყოველთვის გავიგებთ მხოლოდ ერთ გვარს, რომ ივანიშვილმა იყიდა ყველა მოსამართლე და პროკურორი. ის რაც მიუღებელია გვარამიასთვის, ყველაფერი ივანიშვილის ბრალია. სრულიად ხელოვნური მცდელობაა იმისა, რომ ყველა იყოს გასვრილი და ანგელოზი იყოს მხოლოდ ამხანაგი გვარამია. მოდით, ის მაინც ვთხოვოთ „რუსთავი 2“-ს, „იმედს“, „მაესტროს“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომ 2-3 საღამო გაგვახსენონ ის ისტორიები, როდესაც ამხანაგი გვარამია აჟღერებდა 2007 წლის 7-8-9 ნოემბრის მოვლენებს. ამის შემდეგ თქვენს მკითხველს და მაყურებელს ბევრი კითხვა არ გაუჩნდება.
თქვენ თვლით, რომ ამ პროცესებს არაფრი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ამ პროცესებით იწყება არჩევნების გაყალბება და პარალელების გავლება ხდება ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან....
- უკაცრავად, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ის აგვიხსნას, რანაირად მოძრაობდა 2007 წლის 7 ნოემბერს და მერე ვილაპარაკოთ ვინ გავს პუტინს. პუტინი, მსგავსად სააკაშვილისა არ შევარდნილა „ენ-ტე-ვე“-ში, მას უფრო დახვეწილი სქმები აღმოაჩნდა ტელეკომპანიის დასამუნჯებლად. ნურც იმით გვემუქრებიან, რომ თუ „რუსთავი 2“ აღარ გავა ეთერში, არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება. ჩვენ ესეც გავიარეთ 2007 წელს, როდესაც აშშ-დან მოვლენილი მთავარი კურატორი მეთიუ ბრაიზა „იმედის“ დარბევის შემდეგ ბრძანებდა, რომ თუ „იმედის“ საინფორმაციო გადაცემები არ აღდგება არჩევნებამდე, მაშინ ეს არჩევნენი არ იქნება ლეგიტიმური. არათუ საინფრომაციო გადაცემა, არამედ საერთოდ ჩაქრა იმედი.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესები დასავლეთში გაყიდოს, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა?
- უკვე გაყიდულიც არის და კიდევ უფრო ძვირად გაიყიდება თუ ჩვენი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები დამუნჯდებიან და გალეჩდებიან. რა ტიპის პოზიტიური შედეგი შეიძლება დააყენოს „რუსთავი 2“-მა მისი პოლიტიკურ ორგანოდ გადამქცევებისთვის, ამას საპარლამენტო არჩევნებზე ვნახავთ.