დიტო გელოვანი: გვარამია და ალისტრახო - სიყვარული გაზსადენში

დიტო გელოვანი: გვარამია და ალისტრახო - სიყვარული გაზსადენში

დიდად თავაზიანი გაბრიელი უახლოვდებოდათ, აჰ, როგორ ეცვა. „რაა ახალი, ბატონო ოთო, როგორ მოიარეთ უბადრუკი ადგილსამყოფელი ჩვენი?“ „კარგად, ჩემო გაბრიელ“. „ძალიან კარგი, - თქვა გაბრიელმა, - ენაჭარტალა ხომ არ არის კეთილი თანამგზავრი თქვენი?“ „არა, რას ბრძანებთ“ - წამოიძახა ოთო-ექიმმა, დომენიკომ კი გაიღიმა - ეცინებოდა, როგორ არა, აბა, კი... „სიტყვა ფრინველი კი არაა, - აღნიშნა შავტუხა გაბრიელმა, და ძალიან გრძელი ოქროსფერი თმის ღერი ფაქიზად მოიცილა მხრიდან, ერთხელ გაშვებულს ვეღარ დაიჭერთ“. რაღა თქმა უნდა, რაღა თქმა უნდა, ჩემო გაბრიელ...“ „და ის ანდაზაც არაა სწორი, - თქვა გაბრიელმა, - ორმა იცის, ღორმაც იცისო. არაა ასე, ბატონო ოთო?“ „სიმართლეს ბრძანებთ“.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

არადა, სწორედაც რომ პირიქით გახლავთ - ორმა იცის, ღორმაც იცის. ეს ასეა, ნამდვილად ასეა, მითუმეტეს მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ვისაც არ დაეზარება, ყველა რაღაცას ავრცელებს და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ყველამ ყველაფერი იცის. მთავარი კი ის არის, ვინ რას ფიქრობს, ვის რა დასკვნა გამოაქვს და ვინ როგორ იყენებს - სათავისოდ თუ საზოგადოდ.

და, კიდევ, მერე, დრო რომ გადის, ვინ როგორ იყენებს იმას, რომ ვიღაცამ საერთოდ არ გამოიტანა დასკვნა, ვიღაცამ კი სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტა.

ვიღაც-ვიღაცეებს კი საერთოდ ავიწყდებათ რაღაც-რაღაცეები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

პატიება არ ნიშნავს დავიწყებას, დავიწყება კი ნიშნავს იმას, რომ კვლავ შეიძლება მოხდეს ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. კვლავ მოხდება, უფრო დიდხანს გაგრძელდება და შედეგები იქნება საშინელი.

მაგალითად, შეურაცხყოფის, ცემის, წამების, გაუპატიურების კადრები. ის კადრები, რომლებიც ერთხელ უკვე ვნახეთ დახურულ ჩვენებაზე. გვაჩვენეს, რათა შემდეგ მოგვეყოლა მათთვის, ვისაც ჰქონდა საშუალება, უფრო სწორად - ბედნიერება, არ ენახა და არ განეცადა. მაშინ, ალისტრახო-გვარამიებმა და ლომჯარია-კოჟორიძეებმა პროტესტი გამოთქვეს, რატომ გვაჩვენებთო და პასუხიც მიიღეს - სხვებს რომ მოუყვეთ. ეს იყო პასუხი და ახლა, სამი წლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ეს პასუხი იყო არასწორი.

ალისტრახო-გვარამიებმა და ლომჯარია-კოჟორიძეებმა ისედაც მშვენივრად იცოდნენ ყველაფერი, ახლობლობა და ურთიერთობა კი მხოლოდ მათთან აკავშირებდათ და აკავშირებთ, ვინც ასევე უწყოდა, თუ რა ხდებოდა და რისთვის ხდებოდა. იცოდნენ და დუმდნენ, დუმილი კი, ზოგადად, თანხმობის ნიშანია, ასეთ დროს კი -თანამონაწილეობის.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, ბევრს დაავიწყდა და თავისდაუნებურად თანამონაწილე გახდა თუ არა იმისა, რაც ხდებოდა, იმის მაინც, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა და ყველას თავისი ადგილი არ მიეჩინება.

„მე არ მქონდა ნანახი ეს კადრები. ეხლა ვნახე პირველად და ეხლა მივხვდი, რატომ ჰქონდათ უმძიმესი რეაქცია იმ ჩემს კოლეგებს, ვინც მაშინ დახურულ სხდომაზე ნახა ეს კასრების კადრები...თავი ამტკივდა და გული გამიხდა ცუდად. ვნანობ რომ გავხსენი და ვნახე, აღარ დააშეაროთ, აღარ გაავრცელოთ, ცოდოა ის ნაწამები ხალხი, ვინც ვიდეოშია“, - დაწერა გასულ კვირაში ინგა გრიგოლიამ.

ხოლო მე გირჩევთ და მოგიწოდებთ: გახსენით, გაავრცელეთ, ყველას მოუყევით, დაფიქრდით და დააფიქრეთ სხვები, გაიხსენეთ, რა ხდებოდა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა და მიხვდებით, რა მოხდება, თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებული დამნაშავეთა ბანდა კიდევ ერთხელ მოახერხებს ხალხის გაბრიყვებას, შემდეგ გაჩუმებას, შემდეგ დაჩმორებას და წამებას. იქნება ჩმორთა დუმილი, სისხლიანი ნაკვალევის წაშლა სისხლით და საფასადე საღებავით. და წამების მსხვერპლთა ხმებს შადრევანის ხმაური ჩაახშობს.

ჯერჯერობით კი, ამ ხმების ჩახშობას ასე ცდილობენ: 

„ადამიანის წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს:
„ონლაინმედიით გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით“. ვიდეო, ქართულმა მედიასაშუალებებმა ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდიდან აიღეს. გამოქვეყნებულ კადრებზე ასახულია მამაკაცის წამება, რის შემდეგაც ის გამომძიებელს ჩვენებას აძლევს... ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს მედიასაშუალებებს, მოერიდონ ადამიანის წამების ამსახველი ვიდეომასალის ამგვარი ღირსებისშემლახველი ფორმით გავრცელებას; განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაურკვეველი წარმომავლობისა და ანონიმური წყაროების მიერ ინტერნეტში ატვირთულ მაკომპრომეტირებელ მასალებს. ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს, რომ მომავალი საარჩევნო წლის განმავლობაში, გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გახდება“ - ნათქვამია განცხადებაში“.

ესენი არ არიან ჟურნალისტები, მათ წარმოდგენა არ გააჩნიათ ეთიკაზე. მათთვის ეთიკა არის ის, როცა მხოლოდ მათ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება, მხოლოდ მათი აზრია გასათვალისწინებელი, რადგან სხვა, ყველა, ბოგანო და გაუნათლებელია, ვინც მათთან არ არის, მათი მტერი, კრემლის აგენტი და პუტინის მონაა. მათ ხელშია საპარლამენტო უმცირესობა, საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ჯგუფი, არასაპარლამენტო ოპოზიციის მოზრდილი ნაწილი, ფაქტობრივად ყველა ტელევიზია, ბევრი გაზეთი, უამრავი ვებ-გვერდი, აუდიტის სამსახური, საკონსტიტუციო სასამართლო, სახალხო დამცველის ოფისი, წითელი ინტელიგენცია, შავი სამყარო, ყვითელი პრესა, ყავისფერი გაგება, ცისფერი ელიტა და მწვანე კუპიურები.

მაგრამ ერთი თავისუფალი ადამიანი ბევრად ღირებულია, ვიდრე ვიგინდარათა მთელი ეს გროვა, რომელიც მაშინვე ბუჩქებში იმალება, როგორც კი ერთ კონკრეტულ კითხვას დაუსვამ - „რას ნიშნავს „მაპზე უკეთესი?“

გასულ კვირაში კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდა. ამ ქვეყანაში კითხვებს ისევ ენდიაი სვამს, მაგრამ ის, თუ ვინ სცემს ამ კითხვებზე პასუხს, კვლავ უცნობი რჩება. ბევრი წელი გავიდა, უკვე მერამდენე კვლევას აქვეყნებს აღნიშნული ორგანიზაცია და ჩემს უამრავ მეგობარს, ახლობელს და ნაცნობს შორის ვერავინ ვნახე ისეთი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა ენდიაის მიერ ჩატარებულ კვლევაშ. უფრო მეტიც - ვერავინ ვნახე ისეთი, ვისაც ენდიაის კვლევებში ჩართული ნაცნობი ეყოლებოდა.

დრო გადის, კვლევები ქვეყნდება, ხალხი ღელავს, ქვეყანა ბადეშია.

„ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოების ნდობა და მანდატი არ აქვს, მან ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ამ კვლევამ დაადასტურა ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ის კონკრეტული პარტია, რომელსაც გააჩნია გეგმა, ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და ჩვენ ვაპირებთ ამ გეგმის განხორციელებას", - კვლევის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა აკაკი სიდედრის-ძე მინაშვილმა.

სინამდვილეში კი, არანაირ კვლევა-ძიებას და ჩაკითხვა გამოკითხვას არ საჭიროებს ის, რომ „ქართული ოცნების“ დღვანდელი მაქსიმუმი სწორედაც რომ 12 პროცენტია და რომ პოლიტიკურ გაურკვევლობაში მყოფთა წილი არის უზარმაზარი და ეს გაურკვევლობა მხოლოდ ერთს უკავშირდება - მომავალ არჩევნებში წავიდნენ და ხმა ნაციონალების წინააღმდეგ მისცენ თუ მანამდე, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ნაცების დედებს მიაკითხონ საქმიანი ვიზიტით, საქმის გაიმასქნების შემდეგ კი მეოცნებეებს ეწვიონ და თავში წამოარტყან - „რავა ტყვილა გაჭმევთ პურსა“.

„პარტიები, მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა შეეცადონ თავის მხარეს გადაიბირონ ის ამომრჩევლები, რომლებსაც ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, პარტიებმა ამ კუთხით წარმატებას ეკონომიკასა და დასაქმებაზე საუბრით უნდა მიაღწიონ, რადგან ეს საკითხები მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს“ - რომ არ გაევრცელებინა ჩემს მეგობარ სააგენტოს, ისედაც ვიცოდი, ქ-ნი თორნტონი ასე რომ იტყოდა, რადგან ასე იტყოდა ყველა ტუტუცი, ევროპა კი დიდი ხანია ჩვენთან მხოლოდ ტუტუცებს გზავნის და საკვირველი ის არის, ამდენი ტუტუცის, შტერის და იმბეცილის შემხედვარე, ჯერ კიდევ ევროპისკენ რომ ვიცქირებით. თუმცა, თუ კარგად დაფიქრდები, ეს სულაც არ არის გასაკვირი. ჩვენი არჩევანი ხომ უაღრესად შეზღუდულია - ან დასავლეთი, ან რუსეთი. ლოგიკურია, რომ შტერსა და მტერს შორის ისევ შტერს ვირჩევთ და თავადაც ვშტერდებით.

ერთ-ერთი, რაზეც გასულ კვირაში ვშტერდებოდით თუ თავს ვიშტერებდით, „გაზპრომის“ თემა იყო. ერთ-ერთი, რაც დაგვავიწყდა თუ დავივიწყეთ, ის არის, აგვისტოს ომის შემდეგ ნაცბოზბანდა რუსეთისთვის ენგურჰესის მიყიდვას რომ აპირებდა, ხოლო რუსეთის მოქალაქე კულტურის მინისტრი, მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლოქო  ქინძმარში, გრიგოლ ვაშაძე თავის რუს კოლეგას რომ ევედრებოდა, სუხიშვილებს ჩამოგიყვანთ და კინტაურს ვაცეკვებთ, ნიჟარაძეს გამოვგზავნით და „კალინკას“ ვამღერებთო.

კინტაური ნიკა გვარამიამ იცეკვოს, „კალინკისთვის“ ხათუნა გოგორიშვილმა მოიღეროს ყელი, ხოლო ჩვენ კინტაურისა და „კალინკის“ ფრანგულ ნაზავს გავეცნოთ: "მისტრალის" ტიპის ვერტმფრენმზიდების შესახებ კონტრაქტის გაუქმების მიუხედავად, საფრანგეთს იმედი აქვს, რომ რუსეთს ახალ ხომალდებს მიჰყიდის. როგორც "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. "დალაგდა ურთიერთობა რუსეთთან, რომელმაც კონტრაქტის გაუქმებაზე თანხმობა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ახალი ხომალდების შესახებ შეთანხმებებს მივაღწევთ", - განაცხადა ოლანდმა. საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, იქნება ეს სამოქალაქო თუ სამხედრო ხომალდები. რუსეთმა საფრანგეთთან "მისტრალის" ტიპის 2 ვერტმფრენმზიდის შეძენაზე კონტრაქტი 2011 წელს დადო. პირველი ხომალდი პარიზს 2014 წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა უკრაინის კონფლიქტის გამო საფრანგეთმა გადაწყვეტილება გააუქმა“.

მოკლედ, ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და ეს არის პრობლემა. ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვეკითხებით და ერთმანეთს არ ვუსმენთ - ეს არის რეალობა და როცა ჩვენი ხორცი, კვერცხი და ბუნდღა აღარ იქნება, თითოოროლასთვის იქნება ეს ტრაგედია, თორემ მსოფლიო პრესა დაწერს, ჩვენს თვალწინ დრამა გათამაშდაო.

ამაზე რას იტყვით,  ბატონებო? - "გაზპრომმა" უკრაინისთვის გაზის მიწოდება განაახლა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მილერის თქმით, გაზის მიწოდება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინულმა "ნავთოგაზმა" "გაზპრომს" 234 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა. სექტემბრის ბოლოს უკრაინა, რუსეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში რუსეთი უკრაინას ბუნებრივ აირს მიყიდიდა“.

ძალიან სერიოზული საკითხებია, მნიშვნელოვანი თემებია, მაგრამ ისე როგორ იქნებოდა, რამე სასაცილო არ თქმულიყო? მაგალითად: „გაზპრომის" გაზს აქვს პუტინის სუნი. ვინც ამას ვერ ხვდება, არის ქვეყნის მტერი ან უგუნური. „გაზპრომი“ არის ის სიმსივნე, რომელიც მოვიშორეთ 2006 წლის შემდეგ“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ. აქციაზე მყოფი ნინო დანელიას თქმით კი, საქართველოს, როგორც ქვეყანას "გაზპრომის" პირობებში რუსეთის მხრიდან შანტაჟის საფრთხე ემუქრება. "ჩვენ არ გვინდა, რომ გავხდეთ რუსეთის ხელში შანტაჟის საგანი, არ გვინდა, რომ რუსეთმა ჩვენზე, როგორც ქვეყანაზე გამოიყენოს მისი პოლიტიკური იარაღი, რომელიც არის „გაზპრომი“. 2006 წელს ისტორიული გამოცდილება გვაქვს როგორ გაგვითიშეს გაზი ზამთარში", - განაცხადა ნინო დანელიამ. „ტაბულას“ დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ძალაუფლების უზურპაციას და ქვეყნის საკუთარ ბიზნესად გადაქცევას“. 

ხომ ვამბობდი, ნაციონალური მოძრაობა კრემლის პროექტია-მეთქი? ჯერ კიდევ როდის ვამბობდი - 2004 წელს. ა, ბატონო, ხომ დაამტკიცა გოგა ხაჩიძემ, რომ პუტინში აქვთ თავი შერგული და ნელ-ნელა პუტინის სუნის სპეციალისტებადაც ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხებათ თამარ ჩერგოლეიშვილს და ნინო დანელიას, რამდენიმე წლის წინ გიგა ბოკერიას ვურჩიე, მეტი ცოლი აღარ მოიყვანო-მეთქი და რა ვიცი, რა ვიცი... თუ დამიჯერებს, მისთვის იქნება უკეთესი.

შსს-სთვის უკეთსი იქნებოდა, ჩერგოლეიშვილი არ დაეჭირათ, მაგრამ შსს ისე მოიქცა, როგორც ჩრგოლეიშვილისთვის იყო უკეთესი - დაიჭირა.

ამდენი კვერცხები ერთად როგორ შეიყარნენ?

იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ ჩემ რჩევებს. მახსოვს, ამ სამი თუ ოთხი წლის წინ ბინის კარებთან მე, ჩემ მეზობლებს და ნახევარ თბილისს „ტაბულა“ დაგვხვდა. მაშინ იყო, რომ განვაცხადე, გთხოვთ, ჩემს კარებთან ნაგავს ნუ დაყრით-მეთქი და მართლაც აღარ დაუყრიათ. ახლა, ბიძინა ივანიშვილს უნდა ვთხოვო - პარლამენტში ნაგავს ნუღარ დაყრი, თორემ ენდიაის მიერ გამოკითხულ 40 პროცენტს სრულიად ჩამოყალიბებული ანტინაცბოზბანდური აზრი გააჩნია, უბრალოდ, ოცნების ნაგვიდან ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებული სიმყრალე საარჩევნო უბნამდე მიღწევისთვის და ანტინაცბოზბანდური პოზიციის დაფიქსირებისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.

"ახალი მემარჯვენეები", "ევროპელი დემოკრატები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება", "ლეიბორისტული პარტია", "რეფორმატორები" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - ამ ღრმად (ძალიან ღრმად!!!) პატივცემულმა ორგანიზაციებმა გასულ კვირაში თავისუფალი მედიის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს და რატომღაც „რუსთავი 2“-ს ახსენებდნენ. ანუ, ფიქრია ჩიხრაძე, ბაჩუკი ქარდავა, კახა კუკავა, შალვა ნათელაშვილი, ის რა გვარია, კომკავშირელი როა... ჰო, ღლონტი, და გიორგი თარგამაძე გვარამია-დონაძის თაყვანისმცემლებად მოგვევლინნენ.

თქვენ კი მოგევლინათ არმაგედონის ზანგი და ალისტრახო როხვაძე!!!

როდის აქეთ გახდა „რუსთავი 2“ თავისუფალი ტელევიზია და როდის აქეთ გახდნენ „ახალი მემარჯვენეები“ უმწიკვლოები?

გასულ კვირაში გიორგი მარგველაშვილმა თავის პოლიტიკურ მრჩევლად „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, ფიქრია ჩიხრაძე დანიშნა და „სამანიშვილის დედინაცვალი“ გამახსენა. პლატონიც ეგრე ეძებდა სამჯერ განათხოვარს და უშვილოს, ფაქტობრივად - უმწიკვლოს.

სანდო წყარომ მითხრა, გოგა ხაჩიძემ ფიქრია ჩიხრაძეს უსუნა და ასე თქვა, მამუკა კაციტაძის კომისიის სუნი უდისო.

რაჭველი რომ გამამაძაღლდება...

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თურქი ხალხისა და თურქეთის პროფკავშირების მხარდასაჭერად, თბილისში მდებარე თურქეთის საელჩოსთან აქციაში მიიღებს მონაწილებას. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, დღეს, 12 ოქტომბერს, 17:30 საათზე პროფკავშირების წარმომადგენლები, არსამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" წევრებთან ერთად, სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბებიან და ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას დაგმობენ“ - ესეც იმან შემატყობინა, ძმამ.

თუ არ ვცდები, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონტროლო პაკეტს ამჟამად ირაკლი პეტრიაშვილი ფლობს.

რაჭველი თუ გამამაძაღლდა... და სად არის დავით გამყრელიძე? მის გაუჩინარებასაც კაციტაძის კომისიის სუნი ხომ არ ასდის და ისა... მომავალ საპარლამენტო არჩვნებსაც კაციტაძის კომისიის სუნი ხომ არ აუვა?

საერთოდ, მე, მწვადის სუნი მომწონს, მაგრამ უკვე 36 წელია, ყოველი ოქტომბრის მესამე შაბათ-კვირას ვცდილობ ქლაქში არ გამოვიდე, მწვადი და ქალაქი რომ არ შემეზიზღოს.

ჩ.ქ.ე.ა. (ჩვენი ქალაქის ეგზომი ამბავი) „ოღონდ ეგ გადაგვირჩინეთ, ბატონო ოთო, - თქვა მესამემ და, სადღაც ზურგსუკან გაფაციცებით მიეპყრო მთელი თავისი ყალბი არსება, რაღაცნაირად, ზეპირად ლაპარაკობდა, - თან, სტუმარი იყო და, მოგეხსენებათ ჩვენი ქალაქის ეგზომი ამბავი - ვის დააჯერებ, არ მოწამლესო, და ეგ რომ მიიცვალოს თუნდაც ძალიან მშვიდი გარდაცვალებით, ხომ დაგვჭრეს ყველას კეთილი თავი, მოგვაშთობენ და, გვიშველეთ რამე, ოთო-ექიმო, გთხოვთ გვიწყალობოთ ყოველნაირი განსწავლულობა და ცოდნანი აურაცხელნი თქვენი“.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)