ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით მიმართა. პარალელურად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს მოუწოდებს, მიმართონ ჰააგის სასამართლოს, მოითხოვონ დაკითხვა და მხარი დაუჭირონ პროკურორის შუამდგომლობას ეთნიკური წმენდის გამოძიებასთან დაკავშირებით. თეა წულუკიანის თქმით, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დღესვე გამოქვეყნდება და დაზარალებულებს 30-დღიანი ვადა ექნებათ, ჰააგის მსხვერპლთა დაცვის სამსახურს როგორც პირდაპირ, ისე ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდნენ.
მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო დაზარალებულებისა და ჰააგის პროკურორის ურთიერთობაში პროცედურულად ვერ ჩაერევა, თუმცა მოწმეების დაცვა ერთობლივად განხორციელდება. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ჰააგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის და კიდევ 23 ქართველი სამხედრო ტყვის წამების ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰააგის გამოძიება სრულყოფილად ვერ ჩაითვლება.
თეა წულუკიანმა პირადად აცნობა ფატი ბენსუდას, რომ რუსეთის როლი მის შუამდგომლობაში სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი. რეალურად კი, რუსეთი თავს დაგვესხა და ოკუპაცია დღემდე მიმდინარეობს. მართალია, ჰააგის პროკურორის მოთხოვნაში წერია, რომ ე.წ. ოსურ ჯარში და საჯარო სამსახურში რუსი საჯარო მოხელეები იყვნენ, მაგრამ ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება.
***
აგვისტოს ომის სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო და უკვე მეშვიდე წელია, მიმდინარეობს. უცხოელ გამომძიებლებს საამისოდ ორი წყარო ჰქონდათ-საქართველოდან და რუსეთიდან. მეორე წყარო, რასაკვირველია, აქცენტს იმაზე აკეთებდა, თითქოს ჩვენი ჯარი თავს დაესხა სამშვიდობოებს და მძინარე ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ე.წ. სამშვიდობოებს უკვე დაკარგული ჰქონდათ მშვიდობისმყოფელის სტატუსი. რაც შეეხება პირველ, ანუ ქართულ წყაროს, საქართველოს სახელმწიფომ დახმარება აღმოუჩინა არასამთავრობოებს და მათი მეშვეობით საქართველოდან ეთნიკური წმენდის შესახებ გაგზავნა მასალები.
უკვე დაკითხულია 6 ათასი მოწმე, 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. სხვათა შორის, გამოძიება ზურაბ ადეიშვილის დროსაც მიმდინარეობდა. როგორც წესი, ბევრად უკეთესია, დანაშაულის ფაქტების ცხელ კვალზე გახსნა, თუმცა გაუგებარია ნაცმოძრაობის მესვეურთა საყვედურები ახალი ხელისუფლების მხრიდან აგვისტოს ომის არაჯეროვანი გამოძიების შესახებ მაშინ, როცა საამისოდ ნაციონალებს ოთხწლიანი პერიოდი ჰქონდათ.
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში 2008 წლის ომის გამოძიების მიზნით ჩამოვიდა. ბენსუდას 2008 წლის 1-ლი ივლისიდან მოყოლებული პერიოდი აინტერესებს, თუ როგორ გაჩნდა კონფლიქტი. თუმცა, რეალურად, კონფლიქტი ბევრად ადრე, 90-იანი წლებიდან დაიწყო ოსი სეპარატისტებისა და რუსების ხელშეწყობით.
ჰააგის პროკურორი, სავარაუდოდ, ბრალს დასდებს ინდივიდებს, ეს შეიძლება იყოს მაღალი სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის, ოსებიც, რომლებმაც დახოცეს ქართველები. ზოგადად, ჰააგის პროკურორის კომპეტენციას სცილდება ამ დანაშაულში მხილებულ სახელმწიფოთა დასჯა, რადგან ეს არ არის სტრასბურგის სასამართლო. მართალია, რუსეთი რომის სტატუტის წევრი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გაუჭირდება, რადგან, სამაგიეროდ, რომის სტატუტის წევრი საქართველოა და მნიშვნელობა არ აქვს პიროვნების ეროვნებას, თუკი მან დანაშაული ჩაიდინა.
თუ როგორ აპირებს გამოძიების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებას, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორი დარწმუნებულია, რომ „რაიმე გზა გამოინახება“.
როცა ინდივიდებზეა საუბარი, საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ განსასჯელთა შორის უნდა მოხვდნენ პუტინი, როგორც ამ საქმის სავარაუდო რეალური დამკვეთი, რადგან მედვედევი არაფრის გადამწყვეტი არ იყო. სააკაშვილის სავარაუდო ბრალეულობა კი ქართული სახელმწიფოსთვის ორლესული მახვილივითაა. ზოგადად, ქართველების ნაწილს არ სურს, თუნდაც რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანი ქართველი ჰააგის ციხეში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებაშიც მაინცდამაინც არ უნდა ხიბლავდეთ ეს იდეა, თუმცა, თუკი ჰააგის პროკურორი ქალბატონი დაამტკიცებს, რომ რომელიმე ქართველი სამხედრო დამნაშავეა, მაშინ ვერცერთი ქართველი სამართალდამცავი სფეროს მინისტრი ვერ გადაეფარება ასეთ ადამიანს, რადგან კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს ხელს ვერავინ დააფარებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხრიდან აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიება უკვე ჩიხშია შესული. სანამ დეოკუპაცია არ მოხდება, გამოძიების ახალი რესურსები ქართულ მხარეს აღარ აქვს, რადგან, ზემოთ აღნიშნულისამებრ, ვინც დასაკითხი იყო, ყველა უკვე დაკითხულია. ამდენად, თუკი საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება და ჰააგის პროკურორი ახალ დეტალებს გამოკვეთს, შესაძლოა, ქართული მხარე აგვისტოს ომის შეჩერებულ (და არა დახურულ) საქმეს კვლავაც მიუბრუნდეს.
რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, რომელიც ქართული მხარისათვის მაინცდამაინც ხელსაყრელი არაა, ეს დასკვნა სულაც არ გახლავთ სისხლის სამართლებრივი დოკუმენტი და მაინცდამაინც გასაზიარებელი არ უნდა იყოს ჰააგის პროკურორისთვის. შესაბამისად, ფატუ ბენსუდამ თავად უნდა გადაამოწმოს ფაქტები, მათ შორის, მოწინააღმდეგეთა მხრიდან 26 ქართველი სამხედრო ტყვის წამება და სამი მათგანის მკვლელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის პროკურორთან დაკავშირებით ცალკეული ადამიანები იმედს ამყარებენ, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც მოხდება აგვისტოს ომის გამოძიება, მაინც არის რისკი, რომ გამოძიების საკითხი არ მივიდეს საბოლოო შედეგამდე. მით უმეტეს, ამის პრეცედენტები ჰააგაში არსებობს.
გარდა ამისა, აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოწმეების სიცოცხლის უსაფრთხოება, რომლებიც ამ ომის დროს დაზარალდნენ. იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ოსური მხარის ზეწოლის ან ბავშვების გატაცების შიშით არ გადათქვან პირველად მიცემული ჩვენება, აუცილებელია, ჩვენმა სახელმწიფომ ფინანსური და ადამიანური რესურსით დაიცვას მათი უსაფრთხოება. კერძოდ, ეს ადამიანები სხვა რეგიონში უნდა ჩასახლდნენ ან მათი ვინაობა უნდა შეიცვალოს და ანონიმური გახდეს. ამიტომ ახლა მთავარია, ჰააგის პროკურორმა საქმე ისე გამოიძიოს, რომ ამას ახალი მსხვერპლი არ მოჰყვეს.
***
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჰააგის სისხლის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ აგვისტოს ომიდან 7 წლის თავზე საქმის გამოძიებით დაინტერესება ქართული მხარის უმოქმედობით ახსნა. მისი განმარტებით, ჰააგის სასამართლო დამატებითი პრინციპის საფუძველზე მუშაობს და ის ვერ შეცვლის შიდა სახელმწიფოებრივ ორგანოებს. თუმცა იმის გამო, რომ საქართველომ შეაჩერა შიდა წარმოება, ამ უმოქმედობისა და საქართველოს რომის სტატუტის გამო მიიღეს საქმეში ჩართვის გადაწყვეტილება. მით უფრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაასახელა მიზეზები, რატომ შეაჩერა შიდა სახელმწფოებრივი გამოძიება - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო უსაფრთხოება და, აგრეთვე ის, რომ ცხინვალის რეგიონში სისხლის სამართლის დევნა ვერ აღსრულდებოდა დაზარალებულების დაცვის მოტივით.
„მოგეხსენებათ, მე შევიტანე შუამდგომლობა სასამართლოს პალატაში, რომ მივიღო ნებართვა გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. თუ ეს ნებართვა მივიღე, მაშინ მექნება გაცილებით უფრო სრულყოფილი ინფორმაცია სამივე მხარის ქმედებებზე, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ეს მხარეები. ვფიქრობთ, ჩვენი მხრიდან არ გვქონია არანაირი მცდელობა, რომ რომელიმე მხარის როლი უფრო შეგვემცირებინა ან მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა“,-აღნიშნა ფატუ ბენსუდამ იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არის მისი პროკურატურის შუამდგომლობაში დაკნინებული რუსეთის როლი შესაძლო დანაშაულებზე, მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარე იყო.
ფატუ ბენსუდამ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა მის ხელთ არსებული კონფიდენციალური სიის შესახებ იმ პირების თაობაზე, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ პასუხისმგებელნი სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. მან ვერც ის დააკონკრეტა, არიან თუ არა ამ სიაში რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები?!
მისივე თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია სულ სხვა წყაროებიდან არის მოპოვებული და ეს არ არის უშუალოდ მის მიერ ჩატარებული გამოძიება. იკვეთება თუ არა ამ საქმეში სააკაშვილის, კოკოითის ან პუტინის როლი, ამასთან დაკავშირებით ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ გამოძიება ჯერ არ მიმდინარეობს, ამდენად, ეჭვმიტანილად ჯერ არავინ არ არის სახელდებული.
რაც შეეხება 2008 წლიდან რუსეთში პარალელურად მიმდინარე გამოძიებას, ფატუ ბენსუდას თქმით, სანამ რუსეთში დაწყებულია გამოძიება, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულზე და მათთვის ისიც უცნობია, არის თუ არა რუსული გამოძიება გულწრფელი. ჰააგის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ამ საქმის გამოძიებას 3-4 თვე დასჭირდეს, ან უფრო გვიან ან ადრე დადგეს შედეგი.