ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დასტურდება

ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დასტურდება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, თბილისშია. ფატუ ბენსუდა იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგნელებს, არასამთავრობებოს და აგვისტოს ომის დრო დაზარალებულ ადამიანებს შეხვდება. ფატუ ბენსუდა მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა.

ჰააგის სსს-ს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.

„2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში. არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფატუ ბენსუდას აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.

ფატუ ბენსუდას განცხადებას, საგანგებო განცხდებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში 30-ზე მეტი ტომი გადაეცა ჰააგის სასამართლოს, რითაც დასტურდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაული.

„პროკურორის დასკვნებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ოსების მიზანმიმართული მკვლელობები საერთაშორისო გამოძიების საგანი არ გახდება. პროკურატურას აქვს ეჭვები რუს სამხედრო მოსამსახურეებზე და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმასთან დაკავშირებითაც. სამაგიეროდ, გამომძიებლები აცხადებენ, რომ მზად არიან გამოიძიონ ოსი ე.წ. აპალჩენცების ქმედებები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ, ასევე რუსული შეიარაღებული ძალების ქმედებები, რომლებიც, როგორც პროკურატურა მიიჩნევს, „შესაძლოა იყონ“ ამ ქმედებების თანამონაწილეები. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ასეთი ინტერპრეტაცია, რომელიც რეალობასაა მოწყვეტილი და ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ხელს აფარებს, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიმართ ნდობას არ გაზრდის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველომ 2008 წლის აგვისტოდან დღემდე 600 მოწმე დაკითხა, მათ შორის 1000 მოწმე ბოლო თვეების განმავლობაში დაიკითხა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება, რაც კი საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩატარებულა. მისივე განცხადებით, ქართული მხარე აპირებს, რომ მასალები მთლიანად გადასცენ ჰააგის პროკურორს, რათა მას არ მოუწიოს, ხელახლა ჩაატაროს ის საგამოძიებო ქმედებები, რომლებიც უკვე ჩატარდა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ქართული მხარის მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება. მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციაზე მოითხოვა ნებართვა ჰააგის მოსამართლისაგან, რომ ჩაატაროს გამოძიება აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდზე.

„ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მთავარია ეთნიკური წმენდის ნაწილი, სადაც, როგორც მთავარი პროკურორი ამბობს, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 75%-ით არის შემცირებული ეთნიკური ქართველების რიცხვი, ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა ჩატარდა.

ასევე, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა ეთნიკურად ქართველი ადამიანი, იქნებოდა ეს სამოქალაქო პირი, თუ ჩვენი სამხედრო, რომლებიც იყვნენ ნაწამები, ამაზეც ჩატარდეს გამოძიება. ბოლომდე დავიცავთ ქართულ ინტერესს ამ საქმეში და ძალიან კარგია, რომ რომელიმე ერთი ან ორი მიმართულება კი არ გადაეცა გამოძიებას, არამედ მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაცია“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქართული მხარისთვის ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველომ გამოძიების შედეგები წარადგინოს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო აღნიშნულ პროცესზე იმ შედეგებს წარადგენს, რომელიც გამოძიებამ დადო.

„სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენ არ მიგვიწვდება კონფლიქტურ რეგიონებში ინფორმაციებზე ხელი და, ალბათ, ეს კიდევ უფრო გაამყარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორია იქნა ოკუპირებული, მოხდა ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც, 400 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გვაყვს, რომლებსაც 2008 წელს კიდევ დაემატა. რეალობა ამ სიტუაციაში არის ერთმნიშვნელოვანი და ეს რეალობა არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოხდა და რუსეთმა ამ შედეგით ისარგებლა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმომადგენლობა გაზარდა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.