ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2016 წელს პენსიების გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუკი ბიუჯეტის პროექტით უკვე გაწერილ ზოგიერთ მიმართულებაზე თანხები შემცირდება. კაკაურიძე ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობისთვის მზად არის.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიესალმება, თუკი ბიუჯეტში მეტი შესაძლებლობა გაჩნდება პენსიების გასაზრდელად.
პერიოდულად, ნებისმიერ ხელისუფლებას არჩევნების წინ უწევს ხოლმე დაფიქრება იმაზე, რამდენად ადეკვატურია პენსიონერთათვის განკუთვნილი თანხები. თავის დროზე „ქართული ოცნების“ დაპირება იყო ე.წ. დაგროვებითი პენსიის საპენსიო სისტემის შექმნა, რაც, ოცნების დაპირებით, ბედნიერი სიბერის გარანტიას იძლეოდა. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ნიშნავდა, რომ დასაქმებული ადამიანი საკუთარი ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას გადაიხდიდა კერძო ან სახელმწიფო საპენსიო ფონდში, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ კი ის ამ დაგროვილი თანხის შესაბამის პენსიას მიიღებდა.
თუმცა ამ სისტემას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, მაქსიმუმ, 45 წლის ან უფრო ახალგაზრდა ასაკის დასაქმებულ ადამიანებს უნდა დაეწყოთ, რათა მათ საპენსიო ასაკისთვის გარკვეული თანხის დაგროვება მოესწროთ. პრობლემა იყო ისიც, რომ დაგროვებითი საპენსიო ფონდის შექმნა 10 ან მეტი წლის შემდეგ გამოიღებდა შედეგებს. საქართველოს შემთხვევაში, საქმეს ართულებდა დასაქმებულ და უმუშევარ ადამიანთა თანაფარდობა.
რაც შეეხება განცხადებას პენსიების სავარაუდო მატების შესახებ, For.ge დაინტერესდა, არის კი ჩვენს ბიუჯეტში გამოთავისუფლებული სივრცე საიმისოდ, რომ პენსიონერებს პენსია რეალურად მოემატოთ?
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პენსიის მატება უნდა იყოს რეალური და არა - საჩვენებელი, როგორც ეს მოხდა სექტემბერში, როცა პენსიონერებს ათი ლარით მოემატათ პენსია, ამ დროს კი გაუფასურებული ლარის კურსი დოლართან მიმართებით მაღალი იყო. შესაბამისად, პენსიის რეალური მატება არც დაფიქსირებულა. ამიტომ, თუ 2016 წელსაც მსგავსი რამ განმეორდება, ეს ცუდი იქნება. არც ის იქნება კარგი, თუ რომელიმე დარგს მოაკლდება თანხები და წავა პენსიაზე, რომლის მსყიდველობითი უნარიც დაბალი იქნება.
თუმცა პაატა აროშიძე ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პენსიების ზრდა, თუნდაც იმიტომ, რომ 2016 წელი საარჩევნო წელია და მათ შეუძლიათ, ეს პიარისთვის გამოიყენონ.
ხელისუფლებამ რომ თქვას, პენსია არ გაიზრდებაო, ამით პენსიონერთა 90 %-ს გადაიკიდებს. მართალია, არანაირ თანხას არ წარმოადგენს ათი თუ ოცი ლარით გაზრდილი პენსია, მაგრამ პენსიონერი ცვლილებებს ელის. მით უმეტეს, სექტემბრის თვეში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი თავის მაქსიმუმს აღწევს და ამ მაქსიმუმიდან შეიძლება პენსიების მატება იყოს გათვალისწინებული.
„გამოსავალი სად არის, როდესაც ბიუჯეტი უკვე გაწერილია და იმთავითვე არ გაითვალისწინეს პენსიების მატება? ეს პრობლემატურია, თანხები არანაირად არ უნდა მოაკლდეს ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯებს, საყოველთაო დაზღვევის პროგრამებს. ასევე, არასწორი იქნება, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხების მოკლება, მაგრამ არის გარკვეული „ლუფტები“ ბიუჯეტში, რომლითაც შეიძლება პენსიის მომატება. თუმცა ჩვენთან პენსიონერთა დიდი რაოდენობაა და 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თავიდან გადაწყობა იქნება საჭირო. ეს არ არის მცირე თანხა და არ არის რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით, ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ოდენობის თანხა და, სამწუხაროა, რომ არ გაითვალისწინეს. მე მაინც იქითკენ ვიხრები, რომ თანხები უნდა მოაკლდეს სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯებს, როგორც პარლამენტის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებზე (სამინისტროები, დეპარტამენტები) ხელფასის, დანამატების, პრემიების გაცემას, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ძირითადად იმპორტული პროდუქცია შემოდის და ლარის კურსი დოლართან მიმართებით დღითი დღე თუ არა, კვირიდან კვირამდე იზრდება, მაშინ ისიც გავიხსენოთ, რომ 2012 წელს 150-ლარიანი პენსია დაახლოებით 90 $-ის ექვივალენტი იყო, დღეს კი ამისთვის 240 ლარია საჭირო, სოციალურად დაუცველი პენსიონერისთვის ამ ცვლადი ფასების პირობებში 240 ლარიც არაფერს წარმოადგენს“,-აცხადებს პაატა აროშიძე და განმარტავს, რომ არ უნდა იყოს დაყვედრებითი დამოკიდებულება, ჩვენ ხომ პენსია 10 ლარით გავზარდეთო?
გარდა ამისა, ექსპერტი თვლის, რომ კარგი იქნება, თუ დაიწყება დაგროვებითი პენსიის პროექტის განხორციელება, რომელიც 2013 წელს გააჟღერა მთავრობამ და, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში პენსიის გარკვეულ ფონდს შექმნის, რომელსაც შემდგომში სახელმწიფო თანხებიც დაემატება. ეს იქნება გამოსავალი, თორემ მმართველ პარტიას ყოველთვის დასჭირდება ფიქრი იმაზე, რამდენით გაზარდოს პენსია.
„უცხოეთში წასული ჩვენი დელეგაცია არ უნდა შეედაროს რომელიმე მაღალგანვითარებულ ქვეყანას. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც ჯერჯერობით უნდა მოიკლოს ფუფუნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაცავად. ჩვენთან კი არავის სურს ხელფასის, დანამატის, პრემიის მოკლება. თუნდაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე, რამდენ თანხას გამოათავისუფლებდა ქამრების შემოჭერა მათთვის, ვისაც შემოსავალი რამდენიმე ათასი ლარი აქვს“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენს ბიუჯეტში გამოთავისუფლებული სივრცე არ არსებობს და პენსიების მატება რამდენჯერმე აღემატება ჩვენი ბიუჯეტის შესაძლებლობებს.
„პენსიების თუნდაც ათი ლარით მომატებას დაახლოებით ასი მილიონი ლარი დასჭირდება. შედარებისთვის, ყველა მინისტრმა და მინისტრის ყველა მოადგილემ უარი რომ თქვას ხელფასსა და დანამატზე, ესეც არ ეყოფა პენსიის მხოლოდ ათი თეთრით მომატებას. სცილასა და ქარიბდას შორის გვიწევს მოძრაობა. საიდუმლოს არ გავამხელ, თუკი ვიტყვი, რომ საქართველოს 1,5-ჯერ მეტი სამინისტროები აქვს, ვიდრე აშშ-ს. რა თქმა უნდა, შეიძლება სამინისტროების გაერთიანება, პენსიების მომატებაც შეიძლება, მაგრამ მაშინ უნდა შეჩერდეს ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია ამა თუ იმ რეგიონში. აქ უკვე დგება საკითხი, რა უფრო პრიორიტეტულია, პენსიის მომატება თუ ის, რომ პენსიონერს უფრო კომფორტულ და დაცულ რეჟიმში უწევდეს ცხოვრება?!“ - აცხადებს სოსო არჩვაძე.
რატომ არ უხარიათ პენსიონერებს პენსიის მატება? For.ge „ლიბერთი ბანკთან“ მყოფ პენსიონრებს ესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ, ხშირ შემთხვევაში, გაჭირვების გამო კუთვნილი პენსია წინასწარ გამოაქვთ და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამით ბანკი სოლიდურ მოგებას ღებულობს. ერთი თვის პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში, ბანკის მიერ წაღებული თანხა 4,8 ლარს შეადგენს და პენსიონერს ხელზე 155 ლარს აძლევენ, თუმცა იმის გამო, რომ მომდევნო თვის პენსიას ბანკი სრულად ეუფლება და, 155 ლარის ნაცვლად, 160 ლარს იღებს, გამოდის, რომ პენსიონერს, მთლიანობაში, 10 ლარს ართმევენ. ასე გრძელდება თვეების განმავლობაში და ბანკი მარტო ერთი პენსიონერის გაჭირვების ხარჯზე მოგებაშია. ეს მაშინ, როცა კომერციულ ბანკები ბევრ ქვეყნაში გაჭირვებულ ადამიანებსა და სოციალური პროექტების განხორციელებაზე ზრუნავენ.
„ბოლო დროს „ლიბერთი ბანკი“ ცალკეულ პენსიონერებს შეღავათს სთავაზობს, ანუ მათ ავანსად ერთი თვის პენსიას უპროცენტოდ აძლევენ, თუკი 5 თვის განმავლობაში წინასწარ არ აუღიათ პენსია. ეს შეღავათი მორგებულია შედარებით შეძლებულ პენსიონერებზე, ვისაც პენსიის გამოტანა წინასწარ არ უწევს, მაგრამ ჩვენ, ვისაც წამლების ყიდვის მიზნით ან მძიმე ეკონომიკური პირობების გამო პენსია თვიდან თვემდე წინასწარ გამოგვაქვს, ისედაც მიზერულ თანხებს გვართმევენ და ამით ჩვენი პირობები კიდევ უფრო მძიმდება“, - აცხადებენ პენსიონერები.