ყოველი არჩევნების წინ ცხინვალის რეგიონში აურზაური არაფრის გამო იწყება. მართალია, დე ფაქტო არჩევნებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ ოკუპირებულ რეგიონში ამ მხრივ სამზადისი უკვე დაწყებულია.
ცხინვალის რეგიონში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანება „ალონის“ ლიდერი სოსლან კოკოევი მიიჩნევს, რომ დასავლეთი საქართველოს სპეცსამსახურებთან ერთად შეეცდება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევნებში პროქართული ორიენტაციის კაცი დასვას.
„ამ არჩევნებით დასავლეთის დაინტერესება მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰყავთ საკუთარი კანდიდატი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება, საფუძვლიანად შეცვალოს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური კურსი“, - აცხადებს „ალონის“ ლიდერი.
კოკოევის განმარტებით, ამ არჩევნებისთვის დასავლეთი ფრთხილად, დელიკატურად, მაგრამ ძალიან აქტიურად იმოქმედებს.
„ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლეთი დიდი რაოდენობით აპირებს თანხების ჩადებას. ეს თანხა მათი კანდიდატის დაფინანსებას და გამარჯვებას მოხმარდება“, - ამბობს ის.
„ალონში“ მიაჩნიათ, რომ უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილების მიზნით, ახლავე უნდა შეიქმნას პრორუსული კოალიცია, რომელიც საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, რადგან დასავლეთის ჩარევის შედეგად, ამ არჩევნებში უპრეცედენტოდ ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რაც საზოგადოების დაბნევას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, კოკოევი არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის ჩარევის შედეგად ცხინვალში არეულობა დაიწყოს. მისი თქმით, ამის შესახებ რუსმა ექსპერტებმაც არაერთხელ გააკეთეს მინიშნება, რომ დასავლეთი აქაც შეეცდება ვითარების არევას, უკრაინისა და სირიის მაგალითი კი, კოკოევის აზრით, ამის წინაპირობას ნამდვილად ქმნის.
მოსალოდნელ არეულობებს „ალონის“ ლიდერი ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მოხსენებებშიც „განჭვრეტს“, რადგან ამერიკელები მიუთითებენ, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი დაპირისპირების წარმოქმნის რისკს ზრდის. ამდენად, კოკოევი თვლის, რომ ცხინვალი ამ მხრივ შესაძლოა, მოვლენების ეპიცენტრში მოხვდეს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, საიდანაც არ უნდა მივუდგეთ, ცხინვალის რეგიონი მიმზიდველი არ არის უცხოელი ინვესტორისთვის. ზოგადად, ეს რეგიონი არავისთვის არ არის მიმზიდველი, ამიტომ არასოლიდური ტყუილია, როცა „ალონის“ ლიდერი გვარწმუნებს, რომ თურმე ცხინვალის არჩევნებისთვის დასავლეთი ფრთხილად და დელიკატურად ემზადება და ცდილობს, საქართველოს სპეცსამსახურებთან ერთად, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევნებში პროქართული ორიენტაციის კაცი დასვას.
„უბედურება ის არის, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული ორიენტაციის კაცი არ არსებობს. თვითონვე არ გააჭაჭანებდნენ ასეთ კაცს. თავის დროზე, როცა ბაღაფში აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა, მახსოვს, იმდროინდელი ინტეგრაციის, თუ შერიგება-სიყვარულის მინისტრი შემხვდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ბაღაფშს მეუღლე ქართველი ჰყავს და ჩვენთვის ეს შველა არისო. იმ პერიოდში აქ პროვინციულად ბჭობდნენ, ვინ სჯობდა, ბაღაფში თუ ხაჯიმბა. გვარის დასახელება არ მინდა, გარდაცვლილია ის კაცი, მაგრამ მახსოვს, ერთი ჩეკისტი როგორ მეუბნებოდა, „არა, ხაჯიმბა ჩვენი კაცია, ეს კი ჩეკისტია, რასაც ეტყვიან იქიდან, იმას შეასრულებსო“. ასევეა ცხინვალის რეგიონშიც. იქ ყველას ხელფასებს რუსეთი უხდის, რუსეთი აძლევს გაზს, იქაურები რუსეთს კმაყოფაზე ჰყავს აყვანილი, მთელი ცხინვალის ბიუჯეტის 100%-ში რუსული ფულია ჩადებული და რა უნდა იქ ქართული ორიენტაციის კაცს? უბრალოდ, ასეთი ინფორმაციების გავრცელება ცხინვალელ ოს ჩინოვნიკებს შეშვენით. ცხინვალში არეულობის დაწყებაც მორიგი ჭორია. ყოველი არჩევნების წინ ადგილობრივი მოცულობის ინტრიგას ავრცელებენ, ეს ერთი პატარა უბნის ინტრიგაა. საერთოდ, რას წარმოადგენს დღევანდელი ცხინვალის რეგიონი? პოლიტიკურად, დღეს უკვე არავის აინტერესებს ცხინვალის რეგიონი. თუ ვინმეს აინტერესებს, ეს არის მხოლოდ თბილისი და მოსკოვი“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებს არავინ ეკითხება, ვინ იქნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი და რომელ არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს. ასეთი საკითხები კრემლში წყდება და შემდეგ კრემლის გადაწყვეტილებას ფორმალურად ადასტურებს სამაჩაბლოს ოსი ეროვნების მოსახლეობა.
რაც შეეხება ქართული სპეცსამსახურების მცდელობას, ძირძველი სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად პროქართული ორიენტაციის კაცი გაიყვანონ, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ, ბუნებრივია, საქართველოს სპეცსამსახურებს ევალებათ კიდეც საქართველოს იურისდიქციის გარეთ მყოფ ტერიტორიებზე ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკა გაატარონ. ამიტომ, თუ ჩვენს სპეცსამსახურებს ამის მცდელობა ექნებათ და, თუ ამას შეძლებენ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ამაში ცუდი არაფერია. საბოლოო ჯამში, ამით ისტორიული სამართლიანობა აღდგება და ოსებთან ერთად შევქმნით ნორმალურ სახელმწიფოს.
„ალონის“ ლიდერის - სოსლან კოკოევის შიში საფუძველს მოკლებულია, რადგან არავინ ეკითხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ძალებს, არც არჩევნების შედეგებს, არც კანდიდატებს, არც მათ შანსებს. შესაძლოა, სოსლან კოკოევის მიერ მსგავსი მოსაზრებების გავრცელება რუსული ან, უფრო მეტიც, დასავლური სპეცსამსახურების ინიცირებულიც იყოს. თუ ღრმად ჩავხედავთ, შესაძლოა, ჩვენი მოკავშირეების ინტერესებსაც ემსახურებოდეს ასეთი ცნობების გავრცელება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, ვისთან არის ეს ინფორმაცია დაკავშირებული, ჩვენს რეალობას უნდა შევხედოთ. საბოლოო ჯამში, პრობლემა უნდა გადაწყდეს საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას შორის დიალოგით, მარიონეტულ რეჟიმთან დიალოგის ჩათვლით. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში და ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მონაწილეობით“,-აცხადებს ვაჟა ბერიძე.