ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ფიქრობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს, „ომის დანაშაულად“ კი პროკურორი „მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმას“ მიიჩნევს.
„პროკურორს გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათ ობიექტებზე თავდასხმაში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი“, - აღნიშნულია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჰააგის პროკურორის განცხადებას აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. დავნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ის, რაც უნდ გაეკეთებინა წინა ხელისუფლებას - შეეტანა სასამართლოში სარჩელი, არ გააკეთა და ეს გააკეთეს თინა ხიდაშელმა და ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა.
„გახსოვთ, რომ რამდენჯერაც მოვიდა ჰააგიდან მოთხოვნა, როგორ ყვიროდა სააკაშვილი, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთო. და რატომ არ უნდა გავაკეთოთ? არ უნდა დაფიქსირდეს ეთნიკური წმენდა? თუ ჰააგის სასამართლო იქნება პრინციპული, მას არაერთი ქვეყნის პირველი პირი გაუსამართლებია და იგივე ბედი ეწევა ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირსაც“, - განაცხადა სუბარმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განმარტებით, ჰააგის მხარე არავის ადანაშაულებს, არამედ აცხადებს, რომ გამოსაძიებელი და შესასწავლია ეს საქმე და კარგი იქნება, თუ ახალი ხელისუფლება ობიექტურად და არა ოპონენტების სიძულვილით ითანამშრომლებს მათთან.
„მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ ხელისუფლების პოტენციალს, რომ რაიმე ობიექტურობა გამოიჩინოს“, - აცხადებს დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში.
ოფიციალური ცნობით, ფატუ ბენსუდას, ომის გამოძიებასთან დაკავშირებით „საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე“ სურს, რომ 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაცია თავად გამოიძიოს. „იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე, დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო, სანამ 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდოდა სახელმწიფოს სათავეში, აქტიურად თანმშრომლობდა ჰააგის სასამართლოსთან და თავად იძიებდა, რაც გამოსაძიებელი იყო და არანაირი პრობლემა არ შექმნია.
„საქართველოს ხელისუფლება თავის მხრივ იძიებდა, რაც გამოსაძიებელი იყო, მაგრამ არანაირი საშუალება არ ჰქონდა გამოეძიებინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი შემთხვევები, რადგან ქართველ წარმომადგენელთა იქ შესვლა იყო წარმოუდგენელი. ყოველ შემთხვევაში, ყოფილ ხელისუფლებას ჰააგასთან არანაირი პრობლემა არ შექმნია“,-აცხადებს დარჩიაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის თქმით, ვიდრე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არ ექნება დასაბუთებული პასუხი იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში და დანარჩენ მსოფლიოს არ ეცოდინება ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული სიმართლე ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ყოველთვის იქნება ეჭვები ყველა მიმართულებით.
„მე ჩემი პრეტენზია მაქვს საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან, რომელმაც ვერ უზურუნველყო საქართველოს მოსახლეობის დაცვა და ვერ აარიდა საფრთხე, რომ ოკუპანტის მხრიდან მოხდა საერთაშორისო დანაშაულის ჩადენა და ეთნიკური ნიშნით წმენდა და ჩვენ გვყავს დევნილები და გვაქვს მხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მაგრამ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი“, - აცხადებს პარლამენტარი და აღნიშნავს თუ ეს გამოძიება არ იქნება გამყარებული მტკიცებულებებით, ყოველთვის იქნება ბრალდებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ.
„ეს ყველაფერი გამოძიების მიხედვით უნდა გაირკვეს და ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლო დაინტერესდა და აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში. მე პირადად მოვუწოდებდი ყველა მხარეს, ყველა მტკიცებულება და ყველა არგუმენტი იქნეს გამოძიებისთვის მიწოდებული, რათა ნათელი მოეფინოს საქმეს“, - აცხადებს მიროტაძე.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ჯანდიერის განცხადებით, ეს ინფორმაცია მიწოდებულია წინა სასამართლო პალატისთვის და აქამდეც ვრცელდებოდა პროკურორის ანგარიშებში და შედგება ორი ნაწილისგან. პირველი უკავშირდება ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულობებს, მეორე -სამშვიდობობთან დაკავშირებულ ინციდენტს და რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგება - რუსი სამშვიდობოების წინააღდეგ მიმართული ქმედებები და ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
„პირველ ნაწილში არ უნდა გვქონდეს მტკიცებულებების და დადასტურების პრობლემა, რადგან მასიურია შემთხვევები ეთნიკური ქართველების სახლების დაწვის, მათი მასიური დეპორტაციის, მკვლელობის და ა.შ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, იქ, რა თქმა უნდა, სირთულეები შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია დადგინდეს ქრონოლოგია - ქართული მხარე მოქმედებდა თავდაცვით რეჟიმში რუსულ სამშვიდოებებთან ინციდენტისას, თუ რუსეთის ფედერაციის სამშვიდოებოები უკვე იყვნენ საომარ მოქმედებებში ჩართულნი, რათა განისაზღვროს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. შესაძლოა, დღეს არ იყოს გამოკვეთილი გარკვეული გარემოებები იმის გამო, რომ ქართულ მხარეს ეფექტური კონტროლი არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებს ჯანდიერი For.ge-სთან საუბარში.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლო იხილავს მხოლოდ იმ საქმეებს, რომელთა გამოძიება ვერ, ან არ მოახერხა შესაბამისმა მხარემ და ჰააგის სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ქართული მხარის მიერ ძიების წარმოების მოტივაცია და სურვილი ასევე მაღალი იყო და ეს პრობლემები არ იყო დაკავშირებული მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზე.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სავარაუდო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, ჯანდიერის განცხადებით, ჰააგის სასამართლო არის კომპეტენტური განიხილოს საქმე როგორც მაღალჩინოსნების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, თუმცა, აქ ქართული მხარის ინტერესი გამოკვეთილი უნდა იყოს.
„აქ მთავარი და ამოსავალი წერტილი არის, ამ პირების მიმართ ბრალეულობა დადასტურდება თუ არა იმ დანაშაულებებთან დაკავირებით, რომლის განხილვის კომპეტენციაც გააჩნია ჰააგის სასამართლოს. მხოლოდ ფოკუსირება ყოფილ ხელისუფლების წარმომადგენლებზე არასწორია, ვინაიდან ქართული მხარის ინტერესი უნდა იყოს იმ მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა, რომელიც მეორე მხარეს მონაწილეობდნენ ომის დანაშაულებების ჩადენაში“, - აცხადებს ჯანდიერი.