ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტების უკან, რომლის დროსაც 95 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვმა კი 245-ს მიაღწია, თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, „ისლამისტური სახელმწიფოს“ ბოევიკები დგანან. როგორც თურქული მედია იუწყება, არ არის გამორიცხული, თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტები განმეორდეს, ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულ მობილიზებაშია.
მას შემდეგ, რაც რუსეთი ოფიციალურად ჩაერთო სირიის ომში, პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლმა აჯანყებულებმა რუსეთის ტერიტორიაზე „ჯიჰადის“ დაწყების წინააღმდეგ მოუწოდეს ისლამურ დაჯგუფებებს და პირობა დადეს, რომ ისინი კრემლს „ახალ ავღანეთს“ მოუწყობენ. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ხმამაღლა მოუწოდებს დასავლეთს გაერთიანდნენ ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, რადგან არ არის გამორიცხული ტერორისტულმა აქტებმა ჯერ რუსეთის, შემდეგ კი ევროპის ტერიტორიაზეც გადაინაცვლოს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას გამორიცხავს.
„ტერაქტების მოწყობა ორიენტრებულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კონფლიქტში უშუალო მონაწილეობას იღებენ. საქართველო მხოლოდ ავღანეთის ფორმატში მონაწილეობს და იქაც არ ასრულებს მთავარ როლს. მიუხედავად იმისა, რომ სალაფიტების რაოდენობა პროცენტულად საკმაოა, ტერაქტს საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ ამ ეტაპზე არ ვვარაუდობ“, - აცხადებს ექსპერტი For.ge-სთან საუბარში.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიიდან რეგიონში პრობლემების დაძაბვას, არეშიძე მიიჩნევს, რომ რეგიონში მდგომარეობა შესაძლებელია დაიძაბოს ჩრდილოეთ აზერბაიჯანსა და დაღესტანში, სადაც სალაფიტების გავლენა ყველაზე დიდია.
„ჩეჩნეთში ავტორიტარული რეჟიმია, მიუხედავად იმის, რომ იქ ათი დღის წინათაც მოხდა შეტაკება სამთავრობო ჯარებს და ტყეში გასულ მებრძოლებს შორის, ამას მასშტაბური ფორმა ვერ მიეცემა. დაღესტანსა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანში მდგომარეობა შეიძლება დაიძაბოს. საქმე ის არის, რომ ჩრდილო აზერბაიჯანის მკვიდრნი სირიაში და ერაყში საბრძოლველად მიდიან და იქ მათი ბატალიონიც კი არსებობს. ჩრდილოეთ აზერბაიჯანში კავკასიური ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ და, როგორც ამბობენ, დაახლოებით, 40 000 ადამიანია სალაფიტების მხარდამჭერი. დაღესტანში სალაფიტების მოძრაობა მთელ კავკასიაში ყველაზე ძლიერია. ასევე ყაბარდო-ბალყარეთის 120 მოქალაქე იბრძვის ისლამური ხალიფატის რიგებში, მათ შორის რუსეთის მოჭიდავე ნაკრებების წარმოამდგენლები, რომლებიც წარმოშობით ამ რესპუბლიკიდან არიან“, - აცხადებს ექსპერტი და ჩრდილოეთ კავკასიიდან საფრთხეს საქართველოსთვის გამორიცხავს. მისი აზრით, შესაძლებელია საქართველო მხოლოდ ტრანზიტული მოძრაობისთვის იქნეს გამოყენებული.
„საქართველო შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრანზიტული მოძრაობისთვის. ის ადრეც იყო გამოყენებული. „ჰაჯის“ დროს სამიდან ათიათასამდე კაცი გადაადგილდება საქართველოს გავლით ჩრდილოეთ კავკასიიდან. თითოეული ადამიანის ამოცანა ძლიან რთულია და ეს ევროპის ქვეყნების დაზვერვასაც გაუჭირდება. საქართველოს ოთხ რეგიონშია სალაფიტური დაჯგუფებები - კახეთში, პანკისი ხეობაში, აჭარასა და ქვემო ქართლში. საქართველოში შექმნილი მდგომარეობა საკმაოდ არაჯანსაღია. ამას სჭირდება სერიოზული მოკვლევა, ფიქრი და პრობლემის ლიკვიდაციაზე ფიქრი“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
სტრატეგიული გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ტერორისტული აქტივობის საფრთხეს გამორიცხავს, თუმცა, პრევენციული ზომების თაობაზე დაფიქრების და გაანალიზების აუცილებლობას ხედავს. რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტს მიაჩნია, რომ იქ ამის საშიშროება რეალურად არსებობს.
„სირიელი ამბოხებულები ასადის მხარდამჭერებად მოიაზრებიან. „ისლამური სახელმწიფო“ კი მხოლოდ სირია არ არის. ეს საერთაშორისო ქსელია და დიდი ხანია, მის ნაწილად თავი გამოაცხადა ჩრდილოეთ კავკასიურმა ყოფილმა გაერთიანებამ კავკასიის ემირატის სახით. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე, წმინდა ომის საფრთხე უკვე არსებობს. მით უმეტეს, რომ რუსეთი ახლა ღიად ებრძვის ისლამურ ძალებს სირიაში. ამ ტერმინს ვხმარობ იმიტომ, რომ რუსეთის ძირითად სამიზნეს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებული ისლმისტები წარმოადგენენ და მათი მხრიდან რუსეთის საწინააღდეგო აქციების ჩადენის შესძლებლობებიც არის“, - აცხადებს მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში.
რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, ექსპერტის აზრით, ჩვენ მშვიდად ყოფნა არ გვარგებს და სიფხიზლე და მობილიზება უნდა გამოვიჩნოთ.
„რეგიონში საფრთხის შესაძლებლობა გაზრდილია, ამიტომ ჩვენ მშვიდად ყოფნა არ გვარგებს. ყველა, ვისაც ეს ევალება და ეგების, სიფხიზლე და აქტიური მუშაობაა საჭირო. ჩვენ არ ვიცით, საიდან შეიძლება გაჩნდეს კონკრეტული აქციის ჩატარების საფრთხე, ამიტომ ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს მრავალჯერ“, - აცხადებს ექსპერტი.