„ნაციონალებმა თავიანთი კონტაქტების წყალობით შექმნეს სიტუაცია, რომელსაც ხელისუფლება ჯერაც ვერ უმკლავდება“

„ნაციონალებმა თავიანთი კონტაქტების წყალობით შექმნეს სიტუაცია, რომელსაც ხელისუფლება ჯერაც ვერ უმკლავდება“

ლობიზმი და ლობისტური საქმიანობა ბოლო პერიოდში საქართველოში ძირითადად, უარყოფით კონტექსტში განიხილებოდა, რადგან როგორც გახმაურდა, ქვეყნის ბიუჯეტიდან დახარჯული ფული კონკრეტული პოლიტიკური ფიგურებისთვის იმიჯის შექმნას ემსახურებოდა დასავლეთში. ცოტა ხნის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) აშშ-ში საქართველოს ლობისტურ საქმიანობაზე ანალიტიკური მასალა გამოაქვეყნა, ძირითადი შენიშვნა ლობისტურ საქმიანობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობას უკავშირდება. როგორც IDFI-ს კვლევიდან ირკვევა საქართველო ლობისტური მომსახურებით 1991 წლიდან სარგებლობს. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში გაცილებით ნაკლები თანხები იხარჯება.

საჭიროა თუ არა აქტიური ლობისტური საქმიანობა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ამ თემაზე ექსპერტი არჩილ გამზარდია გვესაუბრება.

როგორც აშშ- კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან ირკვევა, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებისა და პარტიების მიერ იმავე პერიოდში დაიხარჯა 5,270,490.09 აშშ დოლარი - მთლიანად დაახლოებით 15 მილიონი. ეს არის ის თანხა, რაც 7 წლის განმავლობაში დაიხარჯა, თუმცა, ამაზე ყოველთვის ხაზგასმით ლაპარაკობენ. არის ეს ის თანხა, რომელის გამო ღირს თემის აჟიტირება?

- ეს არ არის განსაკუთრებით დიდი თანხა, თუმცა გააჩნია, რა შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ და ეს შედეგები რამდენად უღირს სახელმწიფოს.

ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს. ანუ, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრებს 6,6 მლნ აშშ დოლარი დახარჯა ეროვნული უშიშროების საბჭომ. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს აუცილებელი და სასარგებლო იყო საქართველოსთვის?

- გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთის შეფასებები ძალზე მნიშვნელოვანი გახდა საქართველოსთვის, და ეს ყოველთვის არ ეყრდნობა პირად შესწავლას, თუ მხარდაჭერის გამოხატვა სურთ რომელიმე ჯგუფისთვის ან საკუთარი პოზიციის გამოთქმა, ხშირად ეყრდნობიან-ხოლმე ლობისტური კომპანიის მიწოდებულ ინფორმაციას. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, ისეთი განვითარებადი ქვეყნებნისთვის, რომლებისთვისაც აუცილებელია გარკვეული განწყობები დასავლეთის მხრიდან, მიღებულია ლობისტური კომპანიების მომსახურებით სარგებლობა.

არაერთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის მინიჭებული სხვადასხვა ინდექსები სწორედ ლობისტურ საქმიანობასა და გავლენებზე იყო დამოკიდებული. ძალიან ხშირად აუცილებელია საქართველოს შესახებ სხვადასხვა კუთხით სწორი ინფორმაციის მიტანა გარკვეული წრეებისთვის, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მისაღები და საჭირო ფორმაა.

მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობისტური კომპანია ეხმარებოდა პარტიის მოსაზრებების, მიზნების, პოზიციებისა და პროგრამების აშშ- ისეთ აუდიტორიამდე მიწოდებაში, როგორიცაა კონგრესის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები .. IDFI- მონაცემებით, 2014 წელსერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში განხორციელებულ ლობისტური საქმიანობაზე გაწია 42,000 აშშ დოლარის ხარჯი. ამით აიხსნება, რომ ნაციონალებს ცალკეული ლიდერები ჯერ კიდევ უჭერენ მხარს?

- აქ არ არის ლაპარაკი, მთლიანობაში დასავლეთის მხარდაჭერაზე და არც ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მხოლოდ ლობისტურ საქმიანობაზეა დამოკიდებული ან ლობიზმზე დახარჯულ თანხებს უკავშირდება. საკითხი დგება იმის მიხედვით, რომ ზოგადად, ლობისტური ჯგუფების ინტერესები არის გარკვეული საკითხები, კონკრეტული სუბიექტები, ლობიზმი შეიძლება იყოს ქალთა უფლებების მიმართ და ა.შ. ეს პროცესი არის საჭირო გარკვეული საკითხების გასატანად. მაგალითად, ეს იყო საჭირო ასოცირების ხელშეკრულების დროს, ნატოსთან მიმართებაში, ანუ საქართველოს შესახებ ინფორმაცია უფრო ზუსტად რომ იყოს მიწოდებული.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დახარჯული თანხები ამ ეტაპზე ამას ემსახურება. ვიცით, ბოლო წლებში განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა იმაში, რომ სახელმწიფოს იმიჯს ზიანი მიდგომოდა. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მათი ძალისხმევით გახმაურებული საკითხები რეალობისგან შორს იყო. ნაციონალებმა თავიანთი კონტაქტების წყალობით შექმნეს სიტუაცია, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ჯერაც ვერ უმკლავდება ბოლომდე და ამ მხრივ, გარკვეული ორთაბრძოლაც კი არის გამართული - სხვადასხვა ჯგუფების მიერ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოზიცია ფიქსირდება, მაგალითად, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, არასწორი ინფორმაციაა მიტანილი ადრესატამდე. ჩნდება ეჭვი, რომ ასეთ დასკვნებს წინ უძღვის გარკვეული ლობისტური საქმიანობა.

ამჟამად არსებული მონაცემებით, არჩევნების შემდეგ ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯები საშუალოდ 1,5-ჯერ შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ დაგროვდა შენიშვნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, შესაძლებელია თუ არა, ლობისტური საქმიანობის გააქტიურებით დასავლეთისგან შედარებით მეტი მხარდაჭერის და კეთილგანწყობის მოპოვება?

- ბუნებრივია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, პოზიციების გაჯერება ხდება. არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ ევროპელ სუბიექტს სიმართლის დაჯერებაც კი უჭირს რეალური სიტუაციის შესახებ. მაგალითად, მედიის თავისუფლების შესახებ აბსოლუტურად სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ დასავლეთის წარმომადგენლებსა და საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის შესახებ რეალური ინფორმაციის გასატანად ლობისტური კომპანიების მომსახურებით სარგებლობაც.

როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, განაცხადეს, რომ აქტიური ლობისტური საქმიანობის საჭიროებას ვერ ხედავდნენ. თუმცა პირადად მე, კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვი ასეთი პოზიციის მიმართ. დღევანდელი ვითარება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ლობისტური საქმიანობა აუცილებელია ქვეყნისათვის, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ბოლო წლებში კრიტიკული განწყობა იყო შექმნილი ლობისტური საქმიანობის მიმართ. შესაძლოა, ამიტომაც არ ჩათვალა ახალმა ხელისუფლებამ მიზანშეწონილად ამ მიმართულებით რესურსების გათვალისწინება. თუმცა, თუ შევადარებთ იმ ზარალს, რაც ქვეყანამ მიიღო უცხოეთში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შედეგად, როგორ ფიქრობთ, ღირს ხელისუფლება ამ თემაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს?

- გავიხსენოთ, უარყოფითი განწყობა შექმნილი იყო არა საქართველოს მხარდაჭერისთვის დახარჯული თანხების გამო, არამედ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების ლობირებისთვის. 2003-2012 წლებში თითქმის მთელი თანხები ამ მიმართულებით იხარჯებოდა. ამიტომაცაა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ დიდი შესაძლებლობები საზღვარგარეთ.

ამიტომ, ახალ ხელისუფლებას უარი კი არ უნდა ეთქვა, არამედ სწორი მიმართულებები უნდა აერჩია - რეალობამ აჩვენა, რომ ლობისტური საქმიანობით სარგებლობა სახელმწიფოსთვის საჭიროა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ამბობს, რომ აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, რის შესახებ ინფორმაციაც საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. ინსტიტუტი თვლის, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დავის საგანს წარმოადგენდეს, მაგრამ აშშ- იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტები უმეტესწილად არ შეიცავს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ზიანს მიაყენებდა. ანუ, უფრო აქტიურად რომ განვუმარტოთ საზოგადოებას, შესაძლოა, მისგანაც წამოვიდეს ასეთი დაკვეთა?

- ეს უფრო რთული საკითხია, რადგან საზოგადოებრივ განწყობას ასე მარტივად ვერ შექმნი. ამისათვის საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ბევრად მეტი განათლება. სწორედ ამ სირთულის გამოა, რომ სახელმწიფო არჩევს, ასეთ თემებზე დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავოს, რადგან არ გაჩნდეს განწყობა - ხომ არ ხმარდება ეს თანხები არამიზნობრივ ხარჯებს.