„ის რაც 2007 წელს მოხდა „იმედში“ იმის მეასედი ზეწოლა არ ყოფილა „რუსთავი 2“-ის მიმართ“

„ის რაც 2007 წელს მოხდა „იმედში“ იმის მეასედი ზეწოლა არ ყოფილა „რუსთავი 2“-ის მიმართ“

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ გააგრძელონ ასპირანტი ქვეყნებისთვის უელსის სამიტზე შეთანხმებული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. თუმცა, დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)-ს მიერ მიღებული რეზოლუცია და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის დეკლარაცია.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება პარტნიორობისა და სტაბილურობის გაძლიერებას ნატო-ს ღია კარისა და პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში. რეზოლუციის მთავარი გზავნილია, რომ ნატო-მ უნდა მიიწვიოს მონტენეგრო ალიანსში. რეზოლუცია ასევე აფიქსირებს სრულ და ურყევ მხარდაჭერას ალიანსის გაფართოების, ბოსნია და ჰერცოგოვინას, საქართველოს, მონტენეგროსა და მაკედონიის მისწრაფებებისადმი, გაწევრიანდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

გარდა ამისა, კანონმდებლები ხაზს უსვამენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და პოტენციურ წევრებს შეახსენებენ, რომ მათ უნდა დააჩქარონ რეფორმები, რათა ალიანსის სტანდარტებს შეესაბამებოდნენ. რეზოლუცია მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ ასპირანტი ქვეყნებისთვის უელსის სამიტზე შეთანხმებული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, გააგრძელონ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით.

ამავე თავის მე-12 პუნქტში ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს სრულად განახორციელოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნული რეკომენდაციები და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაციის რეკომენდაციები.

საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაციის რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით დევნა.

„ალიანსში არიან სკეპტიკოსი სახელმწიფოები, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და ეძებენ საბაბს, რომ დაგვიბლოკონ ალიანსისკენ მიმავალი გზა. პოლიტიკური დევნა და მედიის შევიწროვების საკითხი, მშვენიერი მაგალითია ასეთი ქვეყნებისთვის, თქვან, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია.

საინტერესოა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს და მოუწოდებდა ნატოს, რომ დაეჩქარებინა ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის ცდილობად, რომ თვალი დაეხუჭა პატარა დარღვევებზე, მაგრამ ახლა ასამბლეას რეზოლუციაში გაჩნდა კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართ. როგორც ჩანს, აღარ დახუჭა თვალი დარღვევეზე, რადგან ჩათვალა, რომ დარღვევები სერიოზულია და ამაზე თავლის დახუჭვა არ შეიძლება. საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესებს შიდა პოლიტიკურ ოპოზიციასთან ბრძოლას გადააყოლებს, ბუნებრივია, რომ თავზე ხელს არავინ არ გადაგვისმევს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ მოერგოს ნატოს სტანდარტებს. რაც შეეხება ცალკეულ მითითებებს თუ რეზოლუციებს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მიღებული იქნა საქართველოს მიმართ, ცისკარიშვილი სამწუხაროს უწოდებს იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული რეზოლუციები ოფიციალურად არ ყოფილა გაპროტესტებული ქართული სახელმწიფოს მიერ.

„ვწუხვარ, რომ არავინ აღმოჩნდა ჩვენს ხელისუფლებაში, რომელიც თავს ვალდებულებად ჩათვლიდა მოეძია, რა თქმა უნდა, თუ ასეთი ბუნებაში არსებობდა, ანალოგიური კრიტიკული შეფასებები 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დღეს არის საყვედური იმაზე, რომ თურმე მედიას საშინელი დღეები დაუდგა და თურმე თავისუფალ მედიას აღარ ეძლევა საქმიანობის შესაძლებლობა. იქნებ ამ ორგანიზაციებმა გამოგვიგზავნონ იმდროინდელი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველომდე არ მოსულა, კერძოდ კი, 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ის რაც 2007 წელს მოხდა „იმედში“ იმის მეასადი ზეწოლა არ ყოფილა „რუსთავი 2“-ის მიმართ. თუმცა, ასეთი სკანდალის აწევა თავად „რუსთავი 2“-ს ოცნებაა და მიაღწიეს კიდეც მიზანს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოებისთვის ძნელად ასატანია, როდესაც თავისუფალ მედიაზე ზემოქმედებაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც 2007 წელს თავად იყო უმაღლესი თანამდებობის მქონე პროკურორი, რომლის განცხადებები და ქმედებები ტელეკომპანია „იმედთან“ და ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია.

„დღეს, როდესაც ასეთი ადამიანი გვევლინება, როგორც თავისუფალი მედიის მებაირახტე, ასეთი ნაბიჯები მართლაც ვნებს ქართულ მედიას და უპირველესყოვლისა თავად „რუსთავი 2“-ს. რადგან ჩვენი საზოგადოებისთვის „რუსთავი 2“ და მისი დღევანდელი გენერალური დირექტორი, როგორც ძალიან საეჭვო ღირებულებების მქონე მოქალაქე, აბსოლუტურად განსხვავებული თემებია. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იქნებოდა რა რეაგირება ჰქონდათ იმ მოვლენებზე იმ სტრუქტურებს, რომლებიც ახლა ჭკუას გვასწავლიან და ჩათრეული არიან სრულიად ყალბ კამპანიაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.