ღია ეთერში, ტელედებატების ფორმატში, სასაუბროდ ვიწვევ „რუსთავი 2“–ის ნომინალურ მფლობელებს, ძმებ ყარამაშვილებს, თუ სურთ ორივეს ერთად, თუ სურთ, – ერთ–ერთს. ვფიქრობ, მართებული იქნება სწორედ ამ ფორმატში გავშალოთ დისკუსია და სულ რამდენიმე წუთში გახდება ცხადი, ვის წარმოადგენენ რეალურად ყარამანაშვილები და მათი ტელეკომპანია „საქართველო“.
საკმაო ხანს ვიკავებდი თავს მედია–სივრცეში აქტიურობისგან. მიმაჩნია, რომ ჩემი საკუთრების უფლების საკითხი, მათ შორის „რუსთავი 2“–ის წილებთან მიმართებაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, როგორც ეს, ნებისმიერ ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება.
ფაქტია, „რუსთავი 2“ –ის დღევანდელი მენეჯმენტის მიერ მართული, პროპაგანდისტულ მანქანად ქცეული საინფორმაციო სამსახური სრულად არის გადართული საკითხის ფაქტობრივი გარემოებებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანაზე. სწორედ ამ მიზნით ხდება ყოფით ნიადაგზე მომხდარი სხვადასხვა შემთხვევების ამსახველი მსხვილ–მსხვილი სიუჟეტებისთვის ეთერის დათმობა, სადაც მტკიცებით ფორმაში მიეწოდება მაყურებელს ინფორმაცია, თუ აი თურმე რატომ იღებს სასამართლო „რუსთავი 2“–ის და მისი ნომინალური მფლობელის – ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონების და წილების დაყადაღების გადაწყვეტილებას.
ეს არ არის მთავარი. ეს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი მენეჯმენტის სტილია, რომელსაც იმავდროულად და არანაკლებ აღელვებს კომპანიის ხარჯზე მოწყობილი საკუთარი კეთილდღეობა და მისი დაკარგვის შიში. ამ სტილს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი წლებია იცნობს და მასში იგი ირონიულ ღიმილსღა თუ იწვევს.
მთავარი ის არის, რომ პროპაგანდის „მამები“ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და საკითხის რეალური და ფაქტობრივი გარემოებებიდან მათი ყურადღების გადატანას ყველა ხრიკით და ხერხით ცდილობენ. პარალელურად, ნაპროკურორალი დირექტორი გვარამია აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს, რომ დიახ, იქნება ზეწოლა სასამართლოზე და ბოლოში დასძენს – კანონის ფარგლებში. ალბათ, ოდესმე, იურისტი გვარამია, განმარტავს, რომელი კანონი ითვალისწინებს სასამართლოზე ზეწოლას და რომელი კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს ზღვარს ზეწოლასა და მედიის მიერ ფაქტების მიუკერძოებელ გაშუქებას შორის.
მე მხოლოდ იმას შევახსენებ „რუსთავი 2“–ის ნომინალური მფლობელების მიერ დანიშნულ დირექტორს, რომ სასამართლო არც ჩემია და არც მისი. სასამართლო არის ინსტიტუცია, რომელიც უზენაესია დემოკრატიულ საზოგადებაში და რომელიც, ნორმალურ საზოგადოებაში არც ზეწოლას ექვემდებარება და არც შანტაჟს. არც იმის გახსენება იქნება ურიგო გვარამიასთვის, თუ დამოუკიდებლობის რა ხარისხით სარგებლობდა სასამართლო მისი პროკურორობისას და დამოუკიდებლობის რა ხარისხია დღევანდელ სასამართლო სისტემაში. ნუ იტყვის ხმამაღლა, თავისთვის შეიხსენოს.
თუმცა, მე ნომინალური მფლობელების მიერ დანიშნულ ე.წ. დირექტორთან, საქმე არ მაქვს... თავად ამ ნომინალურ მფლობელებს კი ამ საჯარო განცხადებით ვიწვევ ტელედებატებში, თუნდაც „რუსთავი 2“–ისავე ღია ეთერში. ველი მათ გამოხმაურებას ორი დღის განმავლობაში.
ქიბარ ხალვაში
13 ოქტომბერი, გერმანია.