არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

თეა წულუკიანმა სტუდენტებს ქართული კანონმდებლობისთვის ინოვაციური პროექტი − „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ გააცნო და ამ კოდექსს იუსტიციის სამინისტროს რეფორმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა.

მისი თქმით, ეს კოდექსი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზეა მორგებული და გამორიცხავს ჩვენს ქვეყანაში წარსულის იმ კულტურას, რაც 14-15-16 წლის ბავშვების მრავალი წლით ციხეში ჩასმას გულისხმობდა, როგორც კი მათ ერთხელ რამე შეეშლებოდათ. ეს კოდექსი არის რეალურად ის, რაც ჩვენს ქვეყანას პირველად აქცევს გაეროს ბავშვთა კონვენციის შესაბამის ქვეყნად და, სადაც ბავშვის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში იქნება დაცული“, - მიაჩნია თეა წულუკიანს.

უფრო კონკრეტულად, 18 წლამდე მოზარდების საქმეების გამოძიების კუთხით არაერთი სიახლე დაინერგა, რისთვისაც აღნიშნულ კოდექსს სპეციალისტები რევოლუციურადაც მოიხსენიებენ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ ჩნდება ახალი მიმართულებები პროფესიებში - კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. სპეციალიზებული კადრები მათთვის საჭირო სწავლებას გაივლიან და განსხვავებულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

ძირითადი პრინციპები, რომელთაც „არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსი“ ეყრდნობა, შემდეგია: არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა; ნასამართლობის გაქარწყლება; ინდივიდუალური მიდგომა; პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში; მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები; პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა; თანაზომიერება და შესაბამისობა.

ამ კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლებრივ დევნასთან შედარებით, უპირატესობით ისარგებლებს განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. აიკრძალება არასრულწლოვნისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. გარდა ამისა, არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ, სასამართლოში დაკითხვის წესი.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი ისევ 14 წლით განისაზღვრება. ახალი კოდექსით, არასრულწლოვანის მაქსიმალური სასჯელი 12 წლით შემოიფარგლება, მაშინ როცა, ძველი კანონმდებლობით, ეს ვადა 15 წელს შეადგენდა. კოდექსის ამოქმედება დაგეგმილია 2016 წლის 1-ლი იანვრიდან.

ზოგადად, მსოფლიოში არსებობს სახელმწიფოები, სადაც დაუშვებელია 18 წლამდე პირების დაპატიმრება. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ახალგაზრდების დაკავება, ისინი უნდა განთავსდნენ გამოსასწორებელ და არა - სადამსჯელო დაწესებულებაში.

ასევე, უცხოეთში ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასრულწლოვნების დაკავება აღიქმება „ქუჩის ბავშვების“ პრობლემის მოგვარების გზად. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ბავშვების დაკავებისას რადიკალურ ხერხს მიმართავენ და პატიმრის ასაკის დადგენისას დაბადების მოწმობის არარსებობას სათავისოდ იყენებენ. ხდება მონაცემების გაყალბება, რათა არასრულწლოვანი მიღებულ იქნას ზრდასრულთა ციხეში.

გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვან პატიმართა მოპყრობის შესახებ კი ასეთია: არასრულწლოვანი პატიმრების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მკაცრად კონფიდენციალური და მასზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს მესამე მხარეს.

რა თქმა უნდა, გაეროს სტანდარტები არ ითვალისწინებს ისეთ აბსურდულ საქმეებს, როცა ნაციონალების დროს არასრულწლოვანი ლიმონათის მოპარვის გამო ციხეში ხვდებოდა.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა იხსენებს, იმ პერიოდში არასრულწლოვანებს ცემდნენ ეკლესიის ზარების პარალელურად, ანუ 12 საათზე, 3 საათზე და ა.შ. საოცარი სადიზმი იყო და შემდეგ ეს ნაცემი ბავშვები უნდა წასულიყვნენ გაკვეთილზე. რა თქმა უნდა, გაკვეთილის თავი არცერთს არ ჰქონდა, არც ის ეტყობოდათ, რომ ნაცემები იყვნენ, რადგან მაისურის ქვეშ ჰქონდათ სილურჯეები და დაჟეჟილობა. როცა ფსიქოლოგი ესაუბრებოდა, ბავშვები უყურადღებოდ იყვნენ და ფსიქოლოგი წერდა ანგარიშში, უყურადღებოდ მოისმინეს გაკვეთილი და გაფანტულები არიანო. ამის გამო მათ კიდევ ცემდნენ.

„პირველ რიგში, ბავშვებმა ამ ფსიქოლოგების გვარები მოგვცეს, რათა ესენი მოგვეშორებინა, რადგან შეიძლება, თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, თუ რას უშავებდნენ ბავშვებს. მე მაშინ დავაყენე საკითხი და იმავე დღეს მოვაშორე ციხის სისტემას ეს გოგონები, რომლებიც იმდენად მცირეწლოვნები იყვნენ, რომ შეიძლება თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, რა ბოროტებას ჩადიოდნენ. ერთადერთი, როდესაც ჩემთან მოვიდნენ სასაუბროდ და მთხოვეს, რომ არ დამეღუპა ისინი, მათი პირადი საქმე არ გამეფუჭებინა, ვუთხარი, რომ ფსიქოლოგებად ისინი არ ვარგოდნენ. როცა თითქმის მათი ტოლი ბიჭები ეჯდათ წინ და ხედავდნენ, რომ ვერ სუნთქავდნენ, რატომ არ ჰკითხეს, რა სჭირდათ, ან მაისური რატომ არ ააწევინეს და არ ნახეს, რა დღეში იყვნენ ისინი. როგორ შეიძლება, არ გაეგოთ, რომ იქ ბავშვებს აწამებდნენ?“, - ამბობს ლალი მოროშკინა.

არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს გლდანის მერვე დაწესებულებაში აყურებინებდნენ, როგორ ცემდნენ ათობით ადამიანს. ზერეკიძის საქმეს საზოგადოება 2006 წლიდან იცნობს, როცა 14 წლის მოზარდი 10-წლიანი სასჯელით ციხეში უმიზეზოდ გაამწესეს. ასევე, დააკავეს გიორგი ზერეკიძის მამა და ის რუსთავის საპატიმროში, ოფიციალური ვერსიით, დენის დარტყმით გარდაიცვალა. როგორც გიორგი ზერეკიძე ამბობს, მისი პროცესის გაყალბებაში მონაწილეობას მაშინდელი პროკურატურის უმაღლესი თანამდებობის პირები - გიორგი ღვინიაშვილი და ზურაბ ადეიშვილი იღებდნენ. მიხეილ სააკაშვილმა კი ერთ-ერთი გამოსვლისას, პირდაპირ ეთერში კრიმინალად და „უბნების გამკონტროლებლად“ მონათლა, თანაც დაამატა, ზერეკიძე თავისუფალი არ უნდა იყოს, რადგან საზოგადოებისთვის საშიშიაო.

14 წლის გვანცა ყუფარაძე კი არარსებული დანაშაულისთვის, თანაკლასელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა იმთავითვე საქმეში ზედმეტად საეჭვო ფაქტები გამოიკვეთა, 14 წლის კაფანდარა გოგონას როგორ შეეძლო დაზარალებული ბიჭისთვის 30 ჭრილობა მიეყენებინა?!

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ნაკლებად უნდა იყოს პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულზე, ვინაიდან როგორც არასრულწლოვანს, მას არ აქვს გაცნობიერებული დანაშაული და მისი სიმძიმე ისე, როგორც სრულწლოვან და გამოცდილ ადამიანს. ამიტომ ნანა კაკაბაძე მიესალმება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს და იმას, რომ ალტერნატივა არსებობს და მაინცდამაინც ციხეში კი არ ჩასვამენ მოზარდს, არამედ განრიდება მოხდება და ალტერნატიული სასჯელს გამოიყენებენ.

„ერთიანად ყველაფრის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ეს კოდექსი უნდა დაინერგოს. ზერეკიძის თემა კარგად გახსოვთ, მანდ უკვე სტანდარტებსა და კანონზე აღარ იყო საუბარი, ეს იყო ანგარიშსწორება იმის გამო, რომ ოჯახმა გადაწყვიტა ეჩივლა იმ უსამართლობისთვის, რაც ხდებოდა ზერეკიძის მიმართ. ამას ემსხვერპლა მისი მამა და სტრასბურგში მოხდა მისი გამართლება“.

For.ge-სთან საუბარში ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა კოდექსის გარკვეული საკითხების დახვეწაში მანაც მიიღო მონაწილეობა და შეუძლია თქვას, რომ ეს ნამდვილად წინგადადგმული, რევოლუციური კოდექსია, რომლის ანალოგიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ალბათ, არც არსებობს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში კითხვის ნიშნები იყო. არადა, ევროპული სასამართლო ითხოვდა, კოდექსი ბავშვზე ყოფილიყო მორგებული. არასრულწლოვანთან მიმართებით როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება, აუცილებელია, იმავე ტიპის განათლება ჰქონდეს მიღებული ადვოკატს, მოსამართლეს და პროკურორს. აქ ძალზე სპეციფიკური მიდგომებია. დაკითხვის სპეციფიკაც იცვლება ასაკთან მიმართებით, ანუ სხვადასხვა ასაკის ბავშვი განსხვავებულად უნდა დაიკითხოს და ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება. წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული პოლიტიკა ამ მიმართულებით მომაკვდინებელი იყო. თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კანონში ცვლილება ბევრს ვერაფერს მოგვიტანს, თუ არ გვექნა შესაბამისი ბაზა, ინფრასტრუქტურა. მოზარდებს უნდა ჰქონდეთ სწავლის ხელმისაწვდომობა, მშობლებთან, მეგობრებთან, და-ძმასთან ურთიერთობის საშუალება. დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი“.