„აბა თქვენ იცით მოსამართლეებო თუ ისეთ განაჩენს არ დადებთ, როგორიც ჩვენ გვაწყობს, მაშინ ვიტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა“, -აი ასეთ სითავხედეს იყვნენ მიჩვეული წლების განმავლობაში, დღეს ეს დაკარგეს და ვერ ეგუებიან ამას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, რომლის განცხადებით, ყველა ის პარტია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგება, პოლიტიკიდან გასვლის კანდიდატი იქნება.
for.ge ზაზა პაპუაშვილის ესაუბრა.
თქვენი კოლეგები უმცირესობიდან აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო ქონებრივ დავასთან, არამედ ხელისუფლება ამ მიზნით დევნის თავისუფალ სიტყვას. ეს თემა შესაძლოა განხილული იქნას, როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვა?
ზაზა პაპუაშვილი: ძალიან ბევრნაირად შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იცით, ახალს ვერაფერს დავამატებ იმას, რაც უკვე ნათქვამია. კერძოდ, ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი გამვლელი არ არის და რაღაცა ისტორია აკავშირებდა ამ ტელეკომპანიასთნ, ირჩევს ყველაზე ცივილურ ფორმას და სასამართლოს გზით იწყებს სამართლებრივ დავას. ბანდიტური პრინციპით ქუჩაში, ან ტყეში არ იწყებს საქმის მოგვარებას, არამედ ცივილური ფორმით მივიდა სასამართლოში.
თურმე, ნუ იტყვით, და ადამიანს, რომელსაც გარკვეული წვლილი აკავშირებდა „რუსთავი 2“-თან, არ შეუძლია დავა აწარმოოს სასამართლოში! თურმე, ნუ იტყვით, და ვიღაცა გალეშილმა „ნაციონალურ-ბოლშევიკური მოძრაობის“ დეპუტატმა უნდა აგინოს პოლიციას და პასუხი არ უნდა მოსთხოვონ! თურმე, ნუ იტყვით, და ვიღაცა მდაბიო დეპუტატმა უნდა შეიგინოს პარლამენტში და პასუხი არ უნდა მოსთხოვო! თურმე, ნუ იტყვით, და ამ ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც იწყევლება უკვე და ლამის ყველაფერი დაიპუტოს, პასუხი არ უნდა გასცე.
იცით, მე უკვე ვამჩნევ, რომ ფიზიკურად მთლად ჯანმრთელად ვეღარ უნდა გამოიყურებოდეს ეს კაცი. ბედავს და აქეთ კარნახობს მოსამართლეს როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - აბა, თქვენ იცით, მოსამართლეებო, თუ ისეთ განაჩენს არ დადებთ, როგორიც ჩვენ გვაწყობს, მაშინ ვიტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა - აი, ასეთ სითავხედეს იყვნენ მიჩვეული წლების განმავლობაში. დღეს ეს დაკარგეს და ვერ ეგუებიან ამას. მათ არც კანონი აინტერესებთ, არც კონსტიტუცია, არავინ არ აინტერესებთ საკუთარი ვიგინდარა ეგოისტი და ამპარტავანი თავის გარდა.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქმის მოსამართლე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, რომელმაც საკუთრების უფლება დააყენა მედიის თავისუფლებაზე წინ...
– დღიდან დამოუკიდებლობისა სასამართლო არასოდეს არ ყოფილა ასეთი პატივცემული და ფასდადებული. ყოველთვის, კანონს და კონსტიტუციას, ვისაც როგორც „მოეხოშებოდა“, ისე ირგებდა. ახლა საკითხი სხვანაირად დგას. თუ კანონს არ დავემორჩილეთ, ისევ ბანდიტებად გადავიქცევით, სხვა ბანდა მოვა და გაგვისწორდება ბანდის კანონებით. არ მინდა ვიყო არც ბანდის წევრი და არც ბანდის ატამანი. დღეს ამ ქვეყანაში შენ გიცავს კანონი და კანონი გთხოვს პასუხს. სწორედ, ეს არის მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა და ამიტომაც ხდება მთელი ეს ალიაქოთი.
თქვენ ამბობთ, რომ „რუსთავი 2“ –ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან. მაშინ რა მოტივით გადაჰყავს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას და თქვენს კოლეგებს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში?
- სხვა არაფერი დარჩენიათ, აგონიაში არიან. დაუკვირდით, იგივე - „არჩევანის“ წამყვანს, როგორ ფინიასავით შესცქეროდა თავლებში პრეზიდენტს და ნერწყვმორეული სთხოვდა – ე, ბიჭო, რაღაცა თქვი ოცნების საწინააღმდეგო და მოგვეცი საშუალება, რომ ნიუსებით გავყიდოთ ჩვენი გადაცემაო. მაგრამ პრეზიდენტმა ეს საკვები არ მისცა და ნახეთ, ალბათ, როგორი ნირწმხდარი იყო. უნდათ, რომ პრეზიდენტი გამოიყენონ რაღაცა შირმად, მხარედ აქციონ, ჩაადენინონ შეცდომა, ამოეფარონ მას და ბოლოს პირდაპირ უთხრან – დაგვიჭერ თუ არა მხარსო. წარმოგიდგენიათ რაზეა ლაპარაკი?!
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, არ შეიძლება ამ მკრეხელი და დამნაშავე „ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის“ რეჟიმით იცხოვრო, რასაც აკეთებს „რუსთავი 2“.
თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ დღეს მმართველ კოალიციას არ გაქვთ არჩევნებში გამარჯვების შანსი და ამიტომაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა დამოუკიდებელი არხის დახურვა...
- საუბრობენ, რომ თურმე, არჩევნების მოახლოების გვეშინია და ამიტომ, თურმე, „რუსთვი 2“–ს ვებრძვით. ვის რა ჯანდაბად სჭირდება „რუსთავი 2“?! არც ერთი მათაგანი არ იმსახურებს ჩემგან პატისვიცემას. ისინი ყოველთვის ატყუებდნენ, აშანტაჟებდნენ და ამცირებდნენ მოსახლეობას. სამი არჩევნები მოვუგეთ ამ მართლა უნიათო და ნირწამხდარ „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“.
ხელისუფლება არც ერთი ტელევიზიას არ აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილმა თავისი კუთვნილი ტელევიზია დახურა. ისეთ მარაზმში არიან გადასული, რომ თუ ვინმე, სადმე, ხეს მოჭრის, დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია. სადღაც, რომელიღაც მაღაზიაში ძეხვს რომ დროზე არ მიიტანენ, დამნაშავე ბიძინა ივანიშვლია. იქამდე მივიდნენ ეს მარაზმატიკები, რომ ახლა იძახიან რატომ იძინებს ბიძინა ივანიშვილი 10 საათზე და რატომ არ იძნებს 11 საათზეო. ყელში აქვთ გაჩხერილი ის სიკეთე, რაც ივანიშვილს აქვს გაკეთებული. ბიძინა როდესაც სიკეთეს ჩადის, აი, მაშინ ხდება მათთვის საშიში. სიკეთის ჩამდენი ადამიანი მათთვის საშიშია.
ამ ადამიანებს არაფერი არ აინტერესებთ. მათ უნდათ რევანში და კვლავ ძალადობა ხალხზე. მთელი ამ 9 წლის განმავლობაში ჩემს მეგობრებთან ერთად რისთვის ვიბრძოდი? – ეს არის სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები და თავისუფალი მედია. დღეს ზოგიერთ ჟურნალისტს უნდა, რომ ჩემგან გამოიყვანოს მონსტრი, რომ თურმე, ჟურნალისტებს ვერ ვიტან - ცდებიან. ოდესმე თქვენთან მქონია რაიმე კონფლიქტი ან გაუგებრობა?
ვერ ვიხსენებ ასეთ ფაქტს, არა...
- მაშინ რატომ მქონია სხვასთან? ვერ ვიტან ზონდერ, დაშპაკლულ, ტუჩებდასიებულ, გაყიდულ და ანგაჟირებულ ჟურნალისტებს, რომლებიც ჟურნალისტების მანტიას ეფარებიან. აი, ვისთან მაქვს მე კონფლიქტები და არა ჟურნალისტებთან, რომლებიც თავის პროფესიულ მოვალოეობას ასრულებენ.
ადამიანები, რომლებიც შევარდნენ სხვა ტელევიზიაში, ამ ადამიანებმა შენ რა უნდა გითხრან? ქიბარ ხალვაში ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი სასამართლოში აწარმოებს დავას და წერტილი. დანარჩენი რა იქნება ფინალი, ვნახოთ სასამართლოს განაჩენი, ეს არის და ეს. „რუსთავი 2“ არ არის სიტყვის თავისუფლების ტრიბუნა!
ერთი სიტყვით ასეა, არანაირი ბრძოლა არ დამთავრებულა, ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შანსი, რომ 2016 წლის არჩევნებში სამარადჟამოდ გაიყვანონ ეს ადამიანები პოლიტიკიდან. ქართველმა ხალხმა მათ ერთხელ უთხრა უარი და გააგდეს პოლიტიკიდან. ახლა უნდათ მობრუნება და ხალხს ეუბნებიან, რომ ისევ ჩვენ უნდა გმართოთო.
ნაციონალები ამტკიცებენ, რომ ეს საზოგადოების მოთხოვნაა...
- რომელ საზოგადოებაზე ლაპარაკობენ, ვინ არის მათი წუხილის ადრესატი? ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა - ეს არის არჩევნებში მონაწილება, სხვა გზა საქართველოში არ განიხილება. პოპულისტური, ტრიპაჩული და ქედმაღლური პოლიტიკის დრო სულ თუ არა, ნელ-ნელა გადის.
თქვენი ოპონენტები ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყეს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. ბატონო ზაზა, შესაძლებელია ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები?
- ჯერ ერთი, რომც ჩატარდეს, ვადამდელ არჩევნებში რა შანსი აქვს ნაცმოძრაობას და ზოგიერთ იმ ხარახურა პარტიებს? ყველა ვინც ნაციონალებს გაეკარება, პოლიტიკიდან გასვლის კანდიდატი იქნება. საქმე შეიძლება არ არის ძალიან კარგად, მაგრამ არა ისე აპოკალიფსურად, როგორც უნდა ამ „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“ და მის ყოვლად სამარცხვინო და უგემოვნო ტელევიზია - „რუსთავი 2“–ს.
ხარვეზები არის, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი, ყველაფერს ხელისუფლებას ნუ გადავაბრალებთ. ჩვენ ვქმნით ხელისუფლებას, ჩვენ ვქმნით ქვეყანას. ასე რომ, პრობლემა ჩვენშია. ნუ ვითბობთ ხელს ქვეყნის უბედურებაზე. ზოგერთი პოლიტიკური პარტია ისეთ პროვინციულ კიკიმორულ მდგომარეობაშია, რომ აღარ ვიცი საით გავიხედო. ყველას თუ არა, უმრავლეს მათგანს ეხება ეს.
არაფერი საპანიკო არ არის, ყველაფერი გამოსწორებადია, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ, რომ ეს არის უძვირფასესი ქვეყანა, რომლის გარეთ ჩვენ ვერ უნდა ვძლებდეთ და არც უნდა ვბედავდეთ მის შეურაცხყოფას. შეგვიძლია მისი მსახურება? - ვემსახუროთ. თუ არ შეგვიძლია, გავიაროთ მაინც, უბრალოდ, გავიაროთ.