...კონსტანტინე ლორთქიფანიძე დასძენს: „გაწვევის მიზანი იყო „გვყოლოდა მრავალრიცხოვანი ლაშქარი უპარტიო მწერლებთან საბრძოლველად“. დღევანდელმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ მაშინდელი პოლემიკის ენაზე „უპარტიო მწერალი“ ნიშნავს ნამდვილ მწერალს. დასკვნა მკაფიოა: მწერალთა რიგებში მუშათა გამრავლებით უნდა მოეკლათ ნამდვილი მწერლობა. ნათლად არის გამოხატული მრწამსი. მწერლობა არ არის ნიჭიერება. არ არის აზროვნება. იგი არის პროპაგანდა. პროპაგანდა კი შეუძლია ყველას, ვინც იცის წერა-კითხვა და ესმის მოცემული დირექტივის აზრი და მიზანი. სიტყვაკაზმულ მწერლობას ენიჭებოდა სკკპ აგიტპუნქტის ფუნქცია.
(აკაკი ბაქრაძე, „მწერლობის მოთვინიერება“)
სხვა ამბებით ვაპირებდი დაწყებას, მაგრამ მე რომ ვბჭობ, ღმერთი იცინის, ვბჭობ - იცინის, ვბჭობ - იცინის... სულ ასე ხდება და ახლაც ასე მოხდა. პროლეტარულ მწერლებზე, პროლეტარულ ჟურნალისტებზე, პროლეტარულ უფლებადამცველებზე და ა.შ. მინდოდა (ახლაც მინდა) ორიოდე სიტყვის თქმა, მეგონა ამ თემით დავიწყებდი, მაგრამ სულ ზევიდან სიცილი შემომესმა, შევხედე ნიუსს, მეც გამეცინა და ვიცი, რომ თქვენც გაგეცინებათ:
„სახალხო დამცველის აპარატმა, ზუგდიდში, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება" მხარდაჭერით, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გენდერული საკითხებისა და ჟურნალისტური ეთიკის გაშუქების თემაზე გამართულ ტრენინგზე განიხილეს გენდერული თანასწორობის, სექსიზმის, სტერეოტიპული დამოკიდებულების და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. დისკუსია გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქების სენსიტიურობასა და პრინციპებზე. ორდღიან ტრენინგს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სხილაძე და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე უძღვებოდნენ. ტრენინგს 20–ზე მეტი რეგიონული მედიის, გამგეობებისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო. სახალხო დამცველისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი პროექტით სამეგრელოს რეგიონში სხვადასხვა ჯგუფებისთვის ადამიანის უფლებების თემაზე და დისკრიმინაციაზე კიდევ რამდენიმე ტრენინგია დაგეგმილი, რომელიც წლის განმავლობაში ჩატარდება“.
ჰა, რავარია? ხომ არის გოჭივით? ორდღიანი ტრენინგი გენდერული თანასწორობის, სექსიზმის, სტერეოტიპული დამოკიდებულების და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე! სენსიტიურობა და პრინციპები! ეკატერინე სხილაძე და ზვიად ქორიძე! და, რაც მთავარია, "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება"!!!
მრავალძახილი, მრავალწერტილი და ქებათა-ქება ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს. რომ არა იგი, სახალხო დამცველის ოფისი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იქნებოდა ჩამკვდარი და უსიცოცხლო. რომ არა ეს საელჩო, ვის ეცოდინებოდა გენდერი, სექსიზმი და დისკრიმინაცია? ვინ შეიგრძნობდა ამ საკითხების მოკრძალებულ და სენსიტიურ ხიბლს და, საერთოდაც, იქნებოდა კი, ჟურნალისტური ეთიკა და სოციალური სამართლიანობა, კანონის უზენაესობა და ტოლერანტობა? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნებოდა ხალხი და ვიღას რაში დაჭირდებოდა სახალხო დამცველი? არ იქნებოდა მედია და, გაფიქრებაც კი მზარავს, რომ არ იქნებოდნენ მედია-ექსპერტები, თავად სიტყვა „ექსპერტიც“ კი არ იქნებოდა. იქნებოდა უსტაბაში, ან მედია-უსტაბაში. თუ მედიას უსტაბაში ყავს, ეს უკვე მედია არ არის, ეს არის მამაძაღლობა და თავის აგდება, ხელობაა, ხელოსნობა, „იყიდე-გაყიდე“ და „გიყიდი, გიყიდი“, თუნდაც ფაჩუჩებს, და „დაგიკოცნი“, თუნდაც, მაგ ტუჩებს.
ბულგარეთის ელჩი სიცილით იხევა, ხოლო საელჩოს მერომელიღაცა მდივანი, ფურშეტზე, ელარჯით ხელში, ცდილობს სერიოზული სახეს შეინარჩუნოს და ირწმუნება, რომ აღნიშნულმა ორდღიანმა ტრენინგმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მიერ ევროკავშირის კარზე ატეხილი კაკუნი, რომელიც მალე ბრახუნში გადაიზრდება, ვითარცა ხანგრძლივი, მქუხარე ტაში ოვაციებში.
ბ-ნ (თუ ქ-ნ) მერომელიღაცა მდივანს მინდა შევახსენო, რომ ბრახუნიდან დედის გინებამდე („გააღეთ, გააღეთ, თქვენი...“) ზუსტად იმდენივე ნაბიჯია, რამდენიც დიადიდან სასაცილომდე.
ანუ - ერთი.
ჩვენ სულაც არ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ სულ რაღაც ერთი ნაბიჯი და ერთი წამი გვაშორებს წარსულს, სადაც იყო პროლეტარული მწერლობა, პროლეტარული მხატვრობა, პროლეტარული კინო და თეატრი, ანუ ვიღაცის მიერ დანიშნული მწერლები, პოეტები, მხატვრები და მსახიობები. ეს ერთი ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხლობს და, ღმერთმა დაგვიფაროს, ამოხეთქავს, თუ კაკუნი ბრახუნში, ხოლო ბრახუნი დედის გინებაში გადაიზრდება.
შემთხვევით არ დამიწყია ამ რაღაცის წერა აკაკი ბაქრაძის ციტირებით. ჩართავ ტელევიზორს, გადაშლი გაზეთს, შეხვალ ინტერნეტში და მუდმივად თვალში გეჩხირებიან ვიღაცის მიერ ჟურნალისტებად, უფლებადამცველებად და ექსპერტებად დანიშნული ვიგინდარები, აგერ, სულ ახლახანს რომ მიიღეს დავალებად „შენ დღეიდან ევროპულ ფასეულობებზე ილაპარაკებ, შენ რუსეთს შეიზიზღებ, შენ ადამინის უფლებებს დაიცავ, შენ უკრაინელ გმირებს ადიდებ... დღეს საქართველო და ქართველები უნდა გიყვარდეთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ ხვალ საწინააღმდეგოს მტკიცება მოგიწევთ. თუ არა და, თქვენი დედები ატყდებიან, თქვენს მამებს მოშივდებათ“.
ეს კი სწორედ ის არის, რაც იმ ბნელ წლებში იყო - ფსევდოთი ნაღდის ჩაკვლა.
ე, ბიჭო, ევროპავ, გაგვიღე კარი და შეგვიშვი, ანაც შენ შემოდი, ჩვენი კარი სულ ღიაა, მაგრამ ვაი, რომ სულ კომკავშირლები მიდი-მოდიან და გადი-გამოდიან.
ზვიად ქორიძის გატანილს და ბულგარეთის საელჩოს მერომელიღაცა მდივნის შემოტანილს რომ გაუარ-გამოუარა არმაგედონის ზანგმა.
ევროპა სულაც არ არის ის, აქაური ენჯეოშნიკი თავს რომ გაყოფს და მერე რომ გვიყვება. არც ის არის, მისი რომელიმე დონორი (აქ უწმაწურმა აზრმა გამიელვა) რომ შემოყოფს თავს და გვამუნათებს. არც ჩვენ ვართ ის ხალხი, როგორადაც ენჯეოშნიკები და მათი დონორები იქ წარმოგვაჩენენ და, საერთოდ, კომუნისტების დროს რომ ხუმრობდნენ „გვეყო მსოფლიოსთვის სენკევიჩის თვალით ყურება“-ო, ახლა სრული სერიოზულობით და ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ არ გვსურს, ევროპაში ჩვენი მიღება-არმიღება ენჯეოშნიკების(თვის) შეყოფა-გამოყოფაზე იყოს დამოკიდებული. ვისაც სურს და... სხვა. ამ „სხვა“-შია მთელი სკაბრეზულ-სენსიტიური კვინტესენცია.
მაგარი ავთენტურ-ადექვატური აზრი დავაბრეხვე.
მაგრამ ეს აზრი რა მოსატანია იმ აზრთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რომ ისროლა ერ2-ის ეთერში - „იმედის“ დახურვას გადაჰყვა საქართველოს მაშინ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურის საქართველოს პრეზიდენტის ვადა და პრეზიდენტ სააკაშვილი იყოიძულებული იმიტომ, რომ მედიის საკითხები იქნა ხელშეხებული, ის გახდა იძულებული გადამდგარიყო. მჯერა, რომ ეს მეხსიერება პოლიტიკოსებში არის. ჩვენთვის პოლიტიკოსებითვის, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც სწორედ ჩვენი დემოკრატიულობის განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა ამ და სხვა ეთერებით შეგვიძლია. ეს ღირებულება უნდა დაფიქსირდეს. კომპანიას და მაუწყებელს საქმიანობაში პრობლემები არ უნდა გაუჩნდეს“.
მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტია, მე კი პურის რიგში გარდაცვლილი თერაპევტი, მინდა მას შევახსენო, რომ სააკაშვილის „ვადა გადაჰყვა“ მანამ, სანამ „იმედს“ დახურავდნენ, რადგან სანამ დახურავდნენ - დაარბიეს, დაამსხვრიეს და გაანადგურეს, ასევე - კი არ გადაჰყვა, უბრალოდ, გადადგა და, თან, კი არ გადადგა, ამერიკის ელჩმა გადააყენა და ვადის გადაყოლაც სისულელეა, რადგან ვადამდელი არჩევნებით ვადა გაიხანგრძლივა, არჩევნები კი - გააყალბა და ყველაფერ ამას კი არ აშუქებდა, არამედ აბნელებდა და ცდილობდა ლამაზად შეეფუთა ერ2, მაგრამ ლამაზად არ გამოუდიოდა - დირექტივები გენპროკურორის მოადგილისგან, ნიკა გვარამიასგან მოდიოდა, ნიკა გვარამიასთვის კი სილამაზე ნოდარ მელაძით იწყება და გიორგი ჯ. გაბუნიათი მთავრდება.
ეროსი კიწმარიშვილის მონათხრობს გავიხსენებ. მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ვსაუბრობდით: „ერთმა ცნობილმა ალპინისტმა მომიყვა. 80-იანების ბოლოს ქართული ექსპედიცია პამირში ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად ემზადებოდა. ექსპედიციის შემდაგენლობაში მარგველაშვილიც იყო. ჰიმალაებში ჩვენ ვინ გაგვიშვებდა, პამირი იყო „პატალოკი“. ჰოდა, დილით მწვერვალის შტურმი რომ უნდა დაგვეწყო, მარგველაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, ერთი ალპინიზმის დედაცო, ზურგჩანთა ჩაალაგა და თბილისში დაბრუნდა“.
ეს ამბავი ცხონებულმა ეროსიმ მიამბო და დასძინა: „ახლა, შენ რომ მადრიდში იყო, ხვალ „რეალი“-„ბარსელონა“ თამაშობენ, „ბერნაბეუს“ ბილეთი ჯიბეში გიდევს და უცებ რომ თქვა, ერთი, ფეხბურთის დედაცო და თბილისში რომ გამოფრინდე... არ არის მარგველაშვილი ის კაცი, ინიციატივა რომ აიღოს, ვინმეს მკვეთრად დაუპირისპირდეს. სათავისო კაცია. ჩაამთავრებს ვადას და დაუბრუნდება ფილოსოფიას“.
აზერბაიჯანულ რესტორანში ვისხედით, ცხვრის ქაბაბს შევექცეოდით და ვიღაც-ვიღაცეებს იარლიყებს ვაწებებდით. ზოგს ვირისას, ზოგს ღორისას, ზოგსაც ქათმისას. ეს ამბავი ეროსიმ მას შემდეგ გაიხსენა, რაც ვუთხარი, ნახავ, მარგველა საკუთარ თამაშს წამოიწყებს-მეთქი. არ დამეთანხმა, ხოლო მე ისევ იმ აზრზე, ვრჩები კი არა და, რაც დრო გადის სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რაც დრო გავა, მარგველაშვილის გარშემო მოიყრიან თავს ყოფილი ნაცები, ყოფილი ქოცები, დედალ-მამალი ენჯეოშნიკები, მედია-ექსპერტები (ასევე დედალ-მამლები), ილიაუნის ლექტორები და, რა თქმა უნდა, წვრილ-წვრილი პოლიტიკური დაჯგუფებების დასუქებული მეთაურები. ყველანი კონჩიტები, ოღონდ ფრენკ ზაპპას ნიღბით.
ფილოსოფოსი, მე, კასრში ვიცი, იმპერატორს გვერდით რომ გაწევს, მზეს ნუ ეფარებიო.
ბიძოს რომ ეთქვა, საქართველო ბაბუაჩემ ასლან სუთიძის გაკეთებულ ტაბურეტკასაც აირჩევდა პრეზიდენტად, მაგრამ ნანა ყეენიშვილს, გუგული მაღრაძეს და სხვებს, ბევრს, ქოცშემადგენლობის ლამის 80 პროცენტსაც იგივეს ვეტყვი - ბიძოს რომ მოენდომებინა, ტაბურეტკებსაც აირჩევდნენ პარლამენტში.
პოლიტიკა ისედაც ბინძური რამ არის, ბინძური ხალხი კი უფრო მეტად აბინძურებს.
„ნინო ბურჯანაძე: განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, დამნაშავე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ ვაპირებთ“ - ამ ნიუსმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ასეთი სათაურების შემდეგ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას - მე მაქვს სკლეროზი თუ მაგათ? ახლაც იგივე მოხდა, ვეცი ინტერნეტს, საძიებო სისტემაში ჩავწერე ნინო ბურჯანაძე, კორტების სპეცოპერაცია, აქციების დარბევა, ტელევიზიების დახურვა, ბიზნესის დატერორება, წილების გადანაწილება... მოკლედ, ერთის მხრივ - ნინო ბურჯანაძე, მეორეს მხრივ - ნაცების გოთვერნობა და ჩათლახობა.
საძიებო სისტემამ შემახსენა, რომ ნაცებს ბურჯანაძის გადადგომამდე თითქმის იმდენივე აქვთ ნაჩათლახარი, რამდენიც ბურჯანაძის გადადგომის შემდეგ.
იმიტომაც არის, 26 მაისს ხშირ-ხშირად რომ იხსენებს, 7 ნოემბრის შეხსენებაზე კი მორცხვად იღიმება და ისევ 26 მაისზე საუბრობს.
ეჰ... დამოუკიდებლობა რომ არა, მხოლოდ 7 ნოემბერზე ისაუბრებდა: „მოაბიჯებენ გლდანის რაიონის მშრომელები. მათ წინ მოუძღვით წითელი დროშის ორდენის კავალრები და ლენინური პრემიის ლაურეატები დავით გოგიბედაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი და ხათუნა გოგორიშვილი. მოაბიჯებს სოციალისტური შრომის გმირი, ცნობილი ასენიზატორი ნუგზარ წიკლაური, რომელმაც ხუთწლედის გეგმა ორ წელიწადში შეასრულა. მას გვერდს უმშვენებენ ახალგაზრდა ასენიზატორები ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია და ნოდარ მელაძე. კომკავშირმა სათანადოდ დააფასა ახალგაზრდა ასენიზატორთა თავდადება და მათ გლდანის რაიონში საერთო ბინა გამოუყო...“
მაგარი ნიუსები იქნებოდა... აბა, ეს არის ნიუსი? – „თესლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს თესლის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ“. ანაც ეს: „მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა იგივე სტიოპამ, ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში, გუბერნატორისგან შეთავაზება მიიღო. სტეფანემ უკრაინული კულტურა უნდა გადაარჩინოს! საქართველოს ექს-ლიდერმა მუსიკოსს მოსაფიქრებლად დრო მისცა და საამისოდ საკმაოდ კარგი გარემო პირობების შექმნა აღუთქვა“.
ასეთ ამბებს - სააკაშვილს ოდესაში რომ აკითხავენ - ხშირ-ხშირად ვეცნობი თუ პრესით და თუ სოციალური ქსელით. აგერ, გასულ კვირაში კიდევ ერთმა ხელოვანმა, ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, დავით გოგიბედაშვილმა დატოვა საქართველო და დიდი ალბათობით, ისიც ოდესაში წავა. კიდევ ბევრს გავიგებთ, ბევრი წავა და ბევრი მიაკითხავს „სააკაშვილს და კომპანიას“ იქ და იმაში და სწორედ მაშინ იქნება მომენტი, რომ ხელმეორედ გავრცელდეს ნიუსი, რომელიც ზემოთ გაგაცანით: „თესლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს თესლის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ“.
მანამდე კი... მანამდე ამით დატკბით: „გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯონ ეში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, მან ჩინელი ბიზნესმენებისგან ჯამში 1,3 მილიონი აშშ დოლარის თანხა აიღო, სანაცვლოდ კი, თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებით, მათთვის სასურველი ინვესტიციების მოზიდვასა და კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა. თანხის გარდა, ჯონ ეშმა "როლექსის" საათი და ძვირადღირებული ავტომობილი მიიღო, მისი სახლის ტერიტორიაზე კი 30 000 დოლარის ღირებულების საკალათბურთო მოედანი ააშენეს“ და „რომის მერი ინიაციო მარინო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდების გამო გადადგა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მერის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან აღნიშნული გადაწყვეტილება "ქალაქის ინტერესების გამო" მიიღო. ბრალდების თანახმად, ინიაციო მარინო მუნიციპალიტეტის კუთვნილ თანხებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა“.
აი, ეს არის ამბები და ეს არის ევროპა, თორემ „თავისუფლება გიგი უგულავას“ არის კვერცხობა და ამ კვერცხობით არიან დაკავებულები ენჯეო-მწერლები, ენჯეო-ჟურნალისტები, ენჯეო-მსახიობები, ენჯეო-პოლიტიკოსები, ენჯეო-უფლებადამცველები და მედია-ექსპერტები, ანუ მედია-უსტაბაშები - ლიბერალ-ნაც-პროლეტარიატი.
ჩვენთან სტუმრად არის უსტაბაში.
სტუმარი ღვთისაა, ოღონდ არა ასეთი და არა ასეთები.
გ.დ. (გაჩერებული დრო) არის დრო, როცა მთელი ერი მიეცემა სასოწარკვეთილებას, აღარავის ჯერა სამართლიანობის, პატიოსნების, კეთილსინდისიერების და მხოლოდ საკუთარ ტყავს უფრთხილდება ადამიანი. ასეთია კომუნისტების დიქტატურის ეპოქა. ამ ეპოქაში გაბატონებულმა ლიტერატურის პარტიულობის პრინციპმა ჩამოაყალიბა მწერლის ახალი ტიპი - მწერალი-ფლუგერი, რომელიც პოლიტიკური ქარის მიმართულებით ტრიალებს და ცხოვრობს დევიზით - ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.
(აკაკი ბაქრაძე, „მწერლობის მოთვინიერება“)