ბერძენმა სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით უცხოელი მოქალაქეების ლეგალურად ყოფნის საკითხის შემოწმება დაიწყეს. საბერძნეთი კი, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოს მოქალაქეები არალეგალურად იმყოფებიან. სწორედ არალეგალურად ყოფნა გახდა ათენში 40 ქართველი ქალის დაკავების მიზეზი. დაკავებულები ათენის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ქართველი ქალები ბერძენმა სამართალდმაცავებმა ადგილობრივ სამედიცინო პუნქტებში არალეგალურად მუშაობისთვის დააკავეს. რამოდენიმე დაკავებულმა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხადა და ახლა განთავისუფლების მოლოდინშია, მაგრამ დაკავებულთა შორის არიან ისეთები, რომლებსაც შესაბამისი საბუთები არ გააჩნიათ, რაც საბერძნეთში მოქმედი კანონმდებლობით დეპორტაციას, თუმცა, მანამდე რამდენიმეთვიან თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაკავებულებს ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუმართავთ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფი მინისტრის აპარატისთვის. საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით 40 ქართველი ერთ დღეში არ დაუკავებიათ, დაკავება ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მოხდა. ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებულმა ქართველმა მიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს.
დაპატიმრებულებს შეხვდა ათენში მცხოვრებ ქართველთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გუნიაშვილი, რომლის განცხადებით, დაკავებულ ქართველებს არავითარი დოკუმენტაცია არ აქვთ.
„ზოგს პასპორტის ვადა აქვს გასული, შესაბამისად ვერც ჯარიმას ვერ გადაიხდიან. ამ შემთხვევაში მათ თვეობით მოუწევთ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნა“, - აცხადებს ავთანდილ გუნიაშვილი.
მისივე განცხადებით, არსებული მდგომარეობა საჭიროებს ათენში საქართველოს საკონსულოს ხელმძღვანელი პირების ჩართულობას და მდგომარეობის ადგილზე გაცნობას. ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი მიმართავს ათენში საქართველოს კონსულს და ვიცე-კონსულს პირადად გაეცნონ მოშიმშილე ქართველების მდგომარეობას და მოახდინონ რეაგირება მათ მოთხოვნებზე.
საბერძნეთში საქართველოს ელჩი, იოსებ ნანობაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის მიღების წუთიდან ვითარებაში ჩართულია კონსული და ვიცე-კონსული. ელჩი ბერძენ სამართალდამცავებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მისივე თქმით, დაკავებულების მიმართ ჩატარდება კანონით გათვალისწინებული პროცედურები და მათ შორის მათი საქართველოში დაბრუნების პროცედურა, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„საბერძნეთში არალეგალურად ყოფნის ბრალდებით 40-მდე ქართველი დააკავეს, თუმცა ისინი ამ ეტაპზე არ შიმშილობენ. ეს ქალბატონები გუშინ არ დაუკავებიათ, არამედ ეს დაახლოებით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში დაკავებულთა საერთო რაოდენობაა. მცირე ინციდენტი იყო გუშინ საღამოს, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ყველა დაკავებულმა საკვები მიიღო. დღეს დილის მდგომარეობით, შიმშილობა არ მიმდინარეობს. გაცემულია ოფიციალური ნებართვა, რომ ჩვენი წარმომადგენელი იქ იყოს და დააკვირდეს პროცესს“, - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.
ელჩის განმარტებით, საკონსულოს დაწყებული აქვს ყველა საჭირო პროცედურა, იქნება ეს უკან დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა და თუ სხვა - რისი საჭიროებაც დადგება. ელჩის განცხადებით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. საკონსულოს დახმარებას სთავაზობს ა-ო „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე, ლალი მოროშკინა, რომლის განცხადებით, საკითხი, რომელიც დაკავშირებულია სამართალთან და პენიტენციალურ სისტემასთან, ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
„ის, რომ ამდენი ქალი მოხვდა საპყრობილეში ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემაა. რადგან ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დროულად ვუშველოთ მათ. თუკი საკონსულო და ოფიციალური პირები ჩათვლიან საჭიროდ, ჩვენი ორგანიზაცია მზად არის მათთან ერთად დაეხმაროს დაკავებულებს“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.