ირაკლი ქარსელაძე: სამეცნიერო ცენტრის განვითარების პროექტი ქართველ და უცხოელ მეცნიერებს გააერთიანებს

ირაკლი ქარსელაძე: სამეცნიერო ცენტრის განვითარების პროექტი ქართველ და უცხოელ მეცნიერებს გააერთიანებს

ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორი ირაკლი ქარსელაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიების და საინჟინრო მიმართულების განვითარების კუთხით დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

ამის შესახებ ქარსელაძემ For.ge-სთან ინტერვიუში  განაცხადა. For.ge დაინტერესდა იმ პროექტის დეტალებით, რომლის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა, და რომელიც საქართველოს მთავრობისა და ფონდი „ქართუს“თანამშრომლობას ითვალისწინებს ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (ENFN). 

- რა ფორმით დაეხმარება CERN, CNAO და INFN საქართველოს პროექტის განხორციელებაში?

- ამ შემთხვევაში საუბარია პირდაპირ მხარდაჭერაზე, რაც შეეხება როგორც ცენტრის დაფუძნებას, ისე მის ინფრასტრუქტურულ მოწყობას, მის აღჭურვას, თითონ კვლევითი მიმართულებების განვითარებას. ბევრი სხვა ელემენტია გათვალისწინებული, რომელიც პირდაპირ იქნება მიმართული უკვე წარმატებული გზის გამოყენებასა და მის შემდგომ განვითარებაზე.

- გაჟღერებული ინფორმაციით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ჩამოყალიბდება სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი და როგორი იქნება მისი საქმიანობა?

- პერსპექტივაში გათვალისწინებულია, რომ ეს იყოს საინჟინრო-ტექნოლოგიურ-სამეცნიერო მიმართულების უნივერსიტეტი, რომელიც განავითარებს სწორედ ამ მიმართულებებს და შესაბამისად, აქცენტები გაკეთდება როგორც თეორიულ კლასებზე, ასევე რა თქმა უნდა, კვლევითი კომპონენტი იქნება ძალიან მძლავრი. თვითონ, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, იქნება უმთავრესი მიმართულება კვლევის განვითარებაში.

- ჩვენ რომელი ქვეყნის გამოცდილებას გავიზიარებთ პროგრამის განხორციელებისას?

- ჩვენს შემთხვევაში საუბარია იმ ოთხ უკვე არსებულ ცენტრზე, რომელიც არის იაპონიაში, გერმანიაში, ჩინეთსა და იტალიაში. ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიარებთ მათი გამოცდილებების საუკეთესო მხარეებს და გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ეს მიმართულება თავის განვითარებას ჰპოვებს, აქაც ალბათ, ადგილი ექნება რაღაც ქართულის შექმნას ამ მიმართულებაში. ყოველ შემთხვევაში, ცენტრს ექნება თავისი წვლილი ამ მიმართულების გლობალურად განვითარებაში.

- რა ფაზაშია ამ პროექტზე მუშაობა?

 - კონცეფცია არის წარმოდგენილი, გაზიარებული და მიღებული. შემდგომ უკვე გადაიდგმება ის ნაბიჯები, რაც პროექტის განვითარებას თან სდევს. ეს იქნება პროექტირებისთვის შესაბამისი დავალების შექმნა, შესაბამისი პროექტის მომზადება, სამშენებლო სამუშაოები და ა.შ. ამას თავისი გეგმა-გრაფიკი ექნება, რომელიც ამჟამად მომზადების პროცესშია.

- აღინიშნა, რომ ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდება პროექტის განხორციელება. მთლიანად ფონდი „ქართუდან“ მოხდება ამ თანხების მოზიდვა?

- დიახ, საუბარია ნახევარ მილიარდზე, რომელიც მთლიანად დაფინანსდება „ქართუს“ მიერ. ეს შედგება ორი ძირითადი მიმართულებისგან. პირველი არის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, რომლითაც დაიწყება და პარალელურ რეჟიმში ამას მოსდევს საგანმანათლებლო, ანუ უნივერსიტეტის ელემენტი, რომელიც აშენდება და განვითარდება ამ პროექტის პროგრესთან ერთად.

- თუ იგეგმება საზღვარგარეთ წასული ქართველი აღიარებული მეცნიერების დაბრუნება ქვეყანაში, ან მათი ამ პროექტში რაიმე ფორმით ჩართვა?

- პროექტი, მასში მონაწილეობის მისაღებად, გააერთიანებს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, რომლებიც შეიძლება წარმატებულნი იყვნენ.  გია დვალი, თეიმურაზ ლომთაძე გახლავთ სწორედ ასეთი ქართველი მეცნიერები, რომლებმაც უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს უცხოეთში და ახლა თავის გამოცდილებას უკვე ქვეყნის კეთილდღეობას და მის განვითარებას ახმარენ.

ცნობილია, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებენ.  ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გახდა ცნობილი, სადაც პროექტთან დაკავშირებით, 8 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა.

CERN, CNAO და ENFN ქართულ მხარეს ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობასა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ. აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ მხარეს გადასცემენ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე, გამოყოფენ სათანადო გამოცდილების ექსპერტებს, რათა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ეფექტურად დაიწყოს ფუნქციონირება. მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტებისა და მკვლევარების მომზადების ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში.

აქვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შეიტანა, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა დაფუძნდეს. ცენტრის დაფუძნების ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრს თბილისში ფონდი „ქართუ“ ააშენებს. აღნიშნული ორი პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს.