„რუსთავი 2“-ის გამო, ტანკს გადავუდგები წინ, მაგრამ ეს ტელევიზია თავისუფალი აზრის დამცველი როდის იყო?“

„რუსთავი 2“-ის გამო, ტანკს გადავუდგები წინ, მაგრამ ეს ტელევიზია თავისუფალი აზრის დამცველი როდის იყო?“

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის დახურვის საფრთხეს ხედავს და პარლამენტს რეაგირებისთვის საგანგებო განცხადების მიღებას სთხოვს, მმართველი გუნდი კი, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წარსულს ახსენებს და ირწმუნება, რომ ტელეკომპანიის ბედს დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტს.

უმცირესობის მიერ მომზადებული განცხადება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ხუთი მომხრე ხმით 9-ის წინააღმდეგ ჩავარდა, თუმცა, საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტზე მომავალ სასესიო კვირას მაინც იმსჯელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის მხრიდან მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გამო“.

კომიტეტის სხდომის მსგავსად, სავარაუდოდ, სესიაზეც საკითხზე მსჯელობა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართება, რადგან მმართველი გუნდი განცხადების მიღებას არ აპირებს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ პარტიული ინტერესების დამცველია და ის თავისუფალ სიტყვას არ ემსახურება.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ნაციონალები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის დახურვა სურს და ამ მიზნით, სასამართლოს ბერკეტებს იყენებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი გოკა გაბაშვილი „რუსთავი 2“-ზე ზეწოლაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების თაობაზეც ეჭვებს გამოთქვამს.

„არც მედია ექსპერტები ვართ და არც მედია კომენტატორები. შესაბამისად, ჩვენი საქმე ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკის ქება-დიდება, ან კრიტიკა არ არის. განცხადება არ უკავშირდება იმას, რომ ვინმეს „რუსთავი 2“ მოსწონდეს. ივანიშვილის მიზანია, 2016 წლის არჩევნებისთვის მედია ველის მოსუფთავება“, - განაცხადა გაბაშვილმა, რომელმაც სხდომაზე „რუსთავი 2“-თან მიმართებაში ივანიშვილის, კალაძის, თოფაძისა და ბესელიას განცხადებების ციტატები მოიყვანა.

გაბაშვილი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ორკესტრირებულად მიმდინარეობს.

„მთავარი საფრთხე თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა. კრიტიკულ ტელევიზიაზე შეტევა თუ არ შეწყდა, ეს არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სამართლიანად აღარ ჩაითვლება“, - დასძენს გაბაშვილი, რომელმაც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების თაობაზე ეჭვები გამოთქვა.

გაბაშვილის ცნობით, კიწმარიშვილი ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ის წინააღმდეგ ბრძოლა მისი მოშორებით დაიწყებოდა.

გაბაშვილის მსგავსად, „რუსთავი 2“-ის დამორჩილების სურვილზე საუბრობს ნაციონალი ნუგზარ წიკლაური, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ინფანტილური დამოკიდებულებაა, თითქოს, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის დახურვას არ აპირებს.

წიკლაურის მოსაზრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც სასამართლო პროცესები მოსდევს, რაც ტელევიზიის დახურვის სურვილზე მიუთითებს.

„ქვეყანაში რთული ვითარებაა. ხელისუფლების რეიტინგი დრამატულად დაცემულია და სადღაც 20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელი უკმაყოფილებას გამოხატავს და ხელისუფლებას სურს, რომ ტელევიზიაში ეს ყველაფერი არ გავიდეს. მათი ხედვაა, რომ ოპოზიციური არხი აღარ იყოს და პრობლემაც მოგვარდება. თუკი დავა ტელევიზიის მეპატრონეებს შორის მიდის, მაშინ ამ საკითხით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რატომ დაინტერესდა? უმრავლესობა არაგულწრფელია, რადგან მათ ყველაფერი კარგად იციან. ეს ყველაფერი სერიოზულ საფრთხეს გამოიწვევს სამოქალაქო კონფრონტაციის თვალსაზრისით“, - აცხადებს წიკლაური, რომლის სხდომაზე გამოსვლას გამოეხმაურა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე.

კიღურაძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვის საფრთხე რომ არსებობდეს, ის მზად არის პარლამენტიც დატოვოს და ტანკსაც შეუვარდეს, თუმცა, დავა ტელევიზიის მეპატრონეებს შორის ხდება და ამ პროცესში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

კანონმდებელის განცხადებით, ის ტელევიზიის მიმართ ნეგატიურად განწყობილია.

„ოპოზიციაში ყოფნის დროს ვაცხადებდით, რომ მედიისა და სასამართლოს თავისუფლების ერთგულები ვიქნებოდით და ეს ასეც არის. „რუსთავი 2“-ის მიმართ პოზიტიურად განწყობილი არ ვარ. ამ ტელევიზიის მიმართ ანტიპატიით ვარ განწყობილი. ამის მიუხედავად, ეჭვი რომ მქონდეს, მთავრობა თავისი უფლებამოსილებიდან გამოდის და სასამართლოზე გავლენას ახდენს, ამ ფაქტს პირველი მე გავაპროტესტებდი. ამის გონივრული ეჭვი რომ მქონდეს, საქართველოს პარლამენტს დავტოვებდი. როცა თქვენ საუბრობთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შოუ დაიხურა, შეგიძლიათ, ამის თაობაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და ბორდს მიმართოთ. პარლამენტი სამაუწყებლო პოლიტიკაში რატომ უნდა ჩაერიოს, არ მესმის!

„იმედის“ თაობაზე ინა გუდავაძეს მიმართეთ. რატომ უნდა დავუჯერო გვარამიას და არა ირაკლი ღარიბაშვილს? - როცა „იმედი“ დაარბიეს, მაშინ გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და მისი განცხადებები გახსოვთ?“, - მიმართა უმცირესობას კიღურაძემ.

დეპუტატი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკასაც ეხება და ამბობს, რომ ტელევიზია თავისუფალ სიტყვას არასოდეს ემსახურებოდა.

„რუსთავი 2“ თავისუფალი აზრის დამცველი როდის იყო? - მაშინ, როცა უნივერსიტეტი დაარბიეს? ან მაშინ, როცა სასამართლომ მაია ნათაძეს ხულიგნობის ბრალდებით ჯარიმა შეუფარდა? მაშინ ხმა ამოიღეთ? როცა საუბრობთ, რომ საფრთხეში თავისუფალი აზრია, იცით, რომ თავისუფალი აზრის დამცველი „რუსთავი 2“ არ ყოფილა. ტანკს გადავუდგები წინ, რომ ვინმემ კანონი არ დაარღვიოს იგივე „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, მაგრამ ხელისუფლება კერძო დავაში რატომ უნდა ჩაერიოს? მთავრობას რა ვუთხრა, ტელევიზიებს რაიმე უკარნახეთ და სასამართლოზე გავლენა მოახდინეთ-თქო? ბიძინა ივანიშვილისგან რა გინდათ, რომელმაც ქვეყანა წუმპედან ამოიყვანა? - ეს ადამიანი ძალიან მიყვარს და მან ძალიან დიდი ფუნქცია შეასრულა, რომ ქვეყანა წუმპედან გამოიყვანა. პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის“, - განაცხადა დეპუტატმა.

კიღურაძეს მიაჩნია, რომ ნაციონალები პარტიულ ტელევიზიას იცავენ.

„როდესაც ხელისუფლება იყავით, „24 საათის“ და „რუსთავი 2“-ის სახით პარტიული მედია გყავდათ. მედია ისეთი თავისუფალი არასოდეს ყოფილა როგორიც დღესაა. გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის სახელს ახსენებთ და მის ოჯახს გაუფრთხილდით. ხელისუფლებას ბრალს სდებთ და ეს როგორ შეიძლება? - შესწავლილი უნდა იყოს 1994 წლიდან 2004 წლამდე, ტელევიზიის წილების გადანაწილება და ეროსისთვის წილის წართმევა როგორ მოხდა. არ შეიძლება, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს მკვლელობაში ბრალი დასდოთ“, - მიმართა ნაციონალებს კიღურაძემ, რომლის მსგავსად, „რუსთავი 2“-სა და ნაციონალებს მკაცრად აკრიტიკებს უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი.

for.ge-სთან საუბარში პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალების მიზანია, ნიუსების სტუმრები იყვნენ და ხალხს თავი მოაჩვენონ, თითქოს, ისინი პოლიტიკაში გარკვეულ ძალას წარმოადგენენ. დეპუტატის შეფასებით, ნაციონალების მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, რაც არარეალურია.

„რომელ ხალხზე საუბრობენ, რომელთაც უბედურება მოუტანეს და ქვეყანა კრიზისში ჩააგდეს? - ისეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, რომელსაც წლები სჭირდება რომ გასწორდეს. როგორც ჩანს, საუბარს აპირებენ საგარეო პოლიტიკაზე, ვითომ ეკონომიკის ჩამოშლასა და რუსეთის როლზე. ამ ყველაფერზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც „იმედში“ შეიარაღებული ძალებით შევარდნენ. ახალი ხელისუფლების პირობებში, ტელევიზიებში ვინმე შევარდა? - მათ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. მათი მიზანია ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ ეს არარეალურია და ამას თუ ვერ ხვდებიან, პოლიტიკაში არაფერი სცოდნიათ. მოსახლეობამ ნაციონალები პოლიტიკიდან კი არ გაუშვა, არამედ გააძევა და გააგდო“, - აცხადებს პაპუაშვილი.

კანონმდებელის თქმით, პატიმრობაში მყოფი ლიდერები მოსახლეობას ციხედან ემუქრებიან, ინტელიგენციის წარმომადგენლებს ლანძღავენ, მიცვალებულ მწერლებსა და პოეტებს აბუჩად იგდებენ.

„ხელისუფლებაში ამ პათოსით როგორ უნდა მოხვიდე? - ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არჩევნებია და სხვა გზა არც განიხილება. თუკი მათ ისევ ასეთი ღვარძლი და სიძულვილი აქვთ, ხელისუფლებაში ყოფნა რატომ უნდათ? - თუკი მოსახლეობას მეხსიერება კარგ მდგომარეობაში აქვს, ამათ ხმა როგორ უნდა მისცენ? - 2016 წელს, ამომრჩეველს შანსი აქვს, რომ ნაციონალები პოლიტიკიდან საბოლოოდ გაუშვან. ამის შემდეგ ნახავთ, ყველაფერი როგორ შეიცვლება. ხელისუფლება უნიათო და გაბოროტებულ ტელევიზიაზე გალაშქრება რატომ უნდა დასჭირდეს? „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა ვისაც აქვს, არც ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, რომ მეპატრონემ ცივილური ფორმა გამოიყენა და სასამართლოს მიმართა“, - განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის პათოსს იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია.

როგორც for.ge-ს ქანთარიამ განუცხადა, ნაციონალები 2016 წლის არჩევნებისთვის ისეთი ფონის შექმნას ცდილობენ, რომ თითქოს, ვინმე „რუსთავი 2“-ს ხურავს. კანონმდებელის თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში, არცერთი ტელევიზია არ დახურულა და არც დაიხურება.

„მეცხრე არხი დაიხურა, რომელიც ივანიშვილის იყო. ჰოროზინტზე მფლობელები არ ჩანან და დაქირავებული კაცი გამოდის, რომელიც ამბავს ტეხს. ნაციონალები ფაქტებს იმად თვლიან, სხვა არხებზე გადაცემა რატომ დაიხურაო?! ეს გადაცემები ხელისუფლების მიზეზით დაიხურა? - მათ სურთ, რომ ეს ასე იყოს და როგორც ჩანს, მათ საკუთარი საქმიანობა ახსენდებათ. ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის რაიმე ფონი შექმნან - „რუსთავი 2“-ს გვიხურავენო. ეს ტელევიზია არ იხურება და სასამართლოზე ადგილი აქვს ზეწოლას“, - განაცხადა ქანთარიამ, რომლის გამოსვლის შემდეგ საკუთარი პოზიცია გიორგი კანდელაკმა დააფიქსირა და დაინტერესდა, „ერთი წლის შემდეგ, ქვეყნიდან ივანიშვილი რომ წავა, უმრავლესობას რა ეშველება“.

სხდომაზე კანდელაკის გამოსვლას სიცილი მოჰყვა, შოთა ხაბარელმა კი, მას „საცოდავი კაცი“ უწოდა.

„არ შეიძლება, გამოსვლა ისეთი ტექსტით დაამთავროთ, რომ ივანიშვილი არ ახსენოთ? - ძალიან საცოდავი კაცი ხარ!“, - მიმართა ხაბარელმა კანდელაკს.

იმის მიუხედავად, რომ განათლების კომიტეტზე განცხადება ჩავარდა, უმცირესობას უფლება აქვს დოკუმენტი განსახილველად პლენარულ სხდომაზეც გაიტანოს.